წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი
1902 წლის (N20) გაზეთი"ივერია" მეფე დავით აღმაშენებლის შესახებ გადმოგვცემს:
"თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.
დავით მეფემ აღადგინა ჩვენი ქვეყანა ნანგრევთაგან, ფენიქსებრ განაახლა და მოუმზადა ბრწყინვალე დრო გიორგი მე-III-სა და თამარ მეფისა. ამიტომ ისტორიამ უწოდა მას დავით-აღმაშენებელი.

დავით იყო წმიდა კაცი, ღრმად მორწმუნე და ღვთის მოსავი, მრავალჯერ განსაცდელში ჩავარდნილი ლაშქრობის დროს. ამიტომ შეასხა ამ მეფეს ხოტბა ლექსით მაშინდელმა მგოსანმა და დიდმა პიიტიკოსმა შავთელმა და გმირს თვისის სახოტბო პოემისას, იმავე დავითს უწოდა არაბულის ენით აბდულმესია, ანუ მონა ქრისტესი, ხოლო საქართველოს ეკელსიამ შერაცხა იგი თვისთა წმიდათა შორის და დააწესა მის მოსახსენებელ დღედ 24 იანვარი.

KARIBCHE

მატიანე მოგვითხრობს, რომ შეუძლებელია აინუსხოს და აიწეროს მთლად საქმენი დავითისაო. კაცი ვერ შესძლებს მის მრავალგვარ ღვაწლის აღწერას: ამას დიდი ნიჭი და შეძლება უნდაო. "მან აღასრულნა საქმენი, რომელნი ჩვენ მცირედითა და ყოვლად კნინითა სიტყვითა წარმოგვიჩენია დიდთა მათ და მითხრობად შეუძლებელთა საქმეთა მისთაგან". ან კი რა ქაღალდმა უნდა დაიტიოს აღწერა მისტა საქმეტაო, კითხულობს მემატიანე. "რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად საქმენი მისნი"? დიაღ, თამამად შეიძლება სთქვას კაცმა, რომ დავითისთანა მეფე არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას. საქართველოს გვირგვინოსანთა შორის ვერავინ შეედრება დავითს ვერც ახოვნებითა და უძლეველობით, ვერც სამეფო სიბრძნით და ვერც ადამიანობითა და კაცურის კაცობით. ავნუსხოთ "ყოვლად კნინითა და სიტყვითა" საქმენი მისნი დაუვიწყარნი. მან მოაშორა მტერი-სალჩუკნი ქვეყანას. დაიხსნა ტფილისი, დედა-ქალაქი საქართველოსი მტერთაგან. მან გააერთიანა სამეფო და თავზარი დასცა განდგომილემისა და ცალკე სამთავროების მოტრფიალეთა. დავით მეფემ აღადგინა უშენი ქვეყანა, განაახლა მტრისაგან დანგრეულნი და დარღვეულნი ტაძარნი და ეკლესია-მონასტერნი. ძეგლის წერით რუის-ურბნისში აამაღლა ზნეობა ერისა, წესი და რიგი შემოიღო საეკლესიო ცხოვრებაში, საცა სიმონია და მიტაცება საეკლესიო თანამდებობათა გაბატონებულიყო. მთელის მისის ხანგრძლივის მეფობის დროს უბრალო ქურდობაცკი არ მომხდარა და ერთი ადამიანი არ დასჯილა სიკვდილით ავკაცობისათვის. მან მოიგო გული უცხო ტომთა და უცხო სარწმუნოების აღმსარებელთა თვისის ლმობიერის და შემწყნარებელის ხასიათით. მისი ხშირი სიარული მეჩითში ჰმოწმობს, რაოდენ შემწყნარებელი იყო დავით მეფე სხვათა სარწმუნოებისა. მისი მონაწილეობა საეკლესიო კრებაზედ და ან მისგან დაწერილნი იამბიკონი ჰმოწმობს არა მარტო მის დიდს საღვთისმეტუველო ცოდნას, არამედ იმასაც, რომ დავითს გული სტკიოდა ქრისტეანთა განცალკევებისა და განწვალებისათვის, სცდილობდა მათს გაერთიანებას... სამხედრო სამკურნალო ქენონებში ხშირად დადიოდა დავით, ანუგეშებდა ავადმყოფ მხედართ და "მოწლედ" ემუსაიფებოდა, ხოლო გამოთხოვებისას ამბორს უყოფდა, ვითარცა ძმა და მეგობარი.

აი ასეთი დიდ-ბუნებოვანი იყო ის კაცი, რომელიც მეფობდა საქართველოში ამ 7-8 საუკუნის წინად და რომელიც თავმოსაწონებელი უნდა იყოს ყოვლის ქართველისათვის, მაგრამ გვახსოვს-ღა დრეს ეს საკვირველი, მეფე იმქვეყნის დაბეჩავებულ და გათახსირებულ ძეთა, რომლისათვისაც მან შესწირა თვისი ძალ-ღონე და სიცოცხლე? ან ბევრმა გადაიხადა მისი მოსახსენიებელი წირვა იმ ჩვენის ეკლესიის წარმომადგენელთა შორის, რომელმაც ოდესმე შერაცხა იგი, ამშენებელი გელათის დიდებულის მონასტრისა, თვისთა წმინდათა შორის?! არა გვგონია..."

ბეჭდვა
1კ1