ადონაი ელოენუ ანუ უფალი ერთია
ადონაი ელოენუ ანუ უფალი ერთია
1900 წელს საბა (ალექსანდრე) კლდიაშვილი ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იქვე დატოვეს სამუშაოდ. საბა წერდა: "ერთ აღმოჩენაზე ვმუშაობ... თუ ჩემი მოსაზრება გამართლდა, ეს იქნება უდიდესი მიღწევა, გადატრიალება როგორც მეცნიერებაში, ისე ცხოვრებაში". სამწუხაროდ, მის გეგმებს ხორცშესხმა არ ეწერა... 1905 წლის 20 ოქტომბერს ოდესაში შავრაზმელები უმოწყალოდ დაერივნენ ებრაელობას. არავინ იყო განმკითხავი. სასოწარკვეთილმა ხალხმა ერთადერთ იმედს - ღმერთს მიმართა. დასაღუპად განწირულთ წინ წარუძღვნენ თეთრწვეროსანი, მხრებზე ციცითმოსხმული მოხუცები თორით ხელში და ძველბიბლიური გალობით: "შემაყ, ისრაელ! ადონაი ელოენუ, ადონაი ეხად!" ("ისმინე, ისრაელო! უფალი ერთია, უფალი - ჩვენი ღმერთი!"). ჯალათებმა მლოცველებს ტყვიები დაუშინეს. ხალხს გამოეყო ერთი ახალგაზრდა კაცი და ხელებგაშლილი ებრაელებს წინ აეფარა. ის გახლდათ ოდესის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 32 წლის საბა კლდიაშვილი. მამამისი - გრიგოლი ოფიცერი გახლდათ, დედა - ეფროსინე (ეფრო) - დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, იმ დროის ქართული თეატრის თვალსაჩინო მოღვაწე. ერთ-ერთი ძმა, სვიმონი, თბილისის უნივერსიტეტის ხუროთმოძღვარი, დიდი დავით კლდიაშვილი - ალალი ბიძაშვილი...

ოხრანკის მასალებიდან: "იმ დილით, როცა ებრაელებს დღესასწაული ჰქონდათ და ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მამულიშვილური ვალის აღსრულება, საბა კლდიაშვილმა თურმე შეკრიბა სტუდენტი ქართველი ახალგაზრდობა და მიმართა: "ოდესის ქუჩებში ანტიქრისტენი, რუსი ხალხის შემარცხვენელნი აწიოკებენ ებრაელთა ოჯახებს მხოლოდ იმისათვის, რომ ისინი ებრაელები არიან. მე ბინა ებრაელი კაცის ოჯახში მიჭირავს და ვიცი, მათ არაფრით დაუმსახურებიათ შავრაზმელთა ასეთი გაბოროტება. მოგიწოდებთ, დავიცვათ უიარაღო და დაჩაგრული ხალხი, მე მოგიწოდებთ, როგორც ქართველი, შვილი ჩემი ერისა, რომელსაც არასოდეს ჩაუდენია ასეთი სამარცხვინო საქმე - არასოდეს დაურბევია სხვა ერი".

საბას ტყვია შუბლში მოხვდა...

საბა კლდიაშვილის ცხედარი ოდესიდან ბათუმში გემით ჩამოასვენეს. დავით კლდიაშვილი იგონებს: "გემიდან გადმოასვენეს მიცვალებული. ერთი ჯარისკაცი მოიჭრა კუბოსთან. კარგად მახსოვს მისი აღელვებული სახე, აკანკალებული, ათრთოლებული ხმა, რომლითაც მიმართა მიცვალებულს: - ძვირფასო ადამიანო, შენ ჩვენთვის გასწირე შენი სიცოცხლე, შენი მეცნიერება, ჩვენი საცოდავი ხალხის მისაშველებლად გამოხვედი... შენც იგივე გხვდა, რაც ჩვენებს და ჩვენ არასოდეს არ დავივიწყებთ შენს სახელს, ჩვენთვის ძვირფას შენს სახელს! გმადლობთ, გმადლობთ, ძვირფასო ადამიანო! შეჩვენება შენს მკვლელებს, მტარვალებს!"

ბათუმიდან ცხედარი მატარებლით ქუთაისში გადაასვენეს. იმ დღეს მთელი ქუთაისი დაკეტილი იყო. არ დარჩენილა არც ერთი დაწესებულება, საზოგადოება, მოხუცი თუ ახალგაზრდა, რომელსაც კუბო გვირგვინით არ შეემკო...

ებრაელთა საოპერო დასმა კუბო გვირგვინით შეამკო და ძველებრაულ ენაზე შეასრულა სამგლოვიარო საგალობელი "ჰეილ მოლო რახმიმ".

მიცვალებული დაკრძალეს ქუთაისის მთავარანგელოზის ტაძრის ეზოში, საფიჩხიის სასაფლაოზე.

საბას პანაშვიდს თბილისის სიონის ტაძარში დაესწრო ილია ჭავჭავაძე.

...1971 წელს საქართველოდან ისრაელში ასულმა ებრაელებმა ქ. აშდოდში გაჭრილ პირველ ქუჩას საბა კლდიაშვილის სახელი უწოდეს.
ლეილა ნოდია
ბეჭდვა
1კ1