"არა რაი არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვდილისა"
"არა რაი არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვდილისა"
ძლევაშემოსილი ქართველი გმირი წმინდანები
"მართლმადიდებელი სარწმუნოება არის ჩვენი ერის ისტორიული არჩევანი. სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა".

საქართველოს ისტორია გასხივოსნებულია ისეთთა (წმინდანთა) ღვაწლით, რომელთაც ცხადყვეს ადამიანის თავისუფალი ნებისა და ღვთის განგების თანაარსებობის შესაძლებლობა.

ადამიდან მოყოლებული, კაცობრიობის ისტორია თავისუფალი ნებით დაჯილდოებული არსებების ქმედებებზეა დაფუძნებული. თავისუფლების, არჩევანის გაკეთების ნიჭის გამოყენების შესაბამისად წარმოაჩენს ან თრგუნავს ადამიანი ღვთის ხატს თავის არსებაში. საქართველოს ისტორიაში იყვნენ ადამიანები, რომელთაც მოიპოვეს ძლევა, უპირველესად, საკუთარ ვნებებზე, შემდეგ კი - გარეშე მტრებთან ბრძოლაში ერს წარუძღვნენ წინ და გამარჯვებულები წარდგნენ ღვთის წინაშე.

***
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი ქვეყნის იმდროინდელი უბედურების მიზეზად მარტო გარეშე მტრებს კი არ თვლიდა, არამედ უმეტესად ქვეყნის მკვიდრთა მრავალ ნაკლოვანებას, სჯულის ღალატს, ზნეობის დაცემას და სხვა. როდესაც იგი 15 წლის გახდა, შეკრიბა ყველა წარჩინებული და "ვითარცა მოხუცებულმან და ბრძენმან და ვითარცა აღზრდილმან ფილოსოფოსთა თანა", განაცხადა: "მეფეთა და ერთა ზედა მოიწევის განსაცდელი და ჭირი ღმრთისა მიერ ცოდვათა მათთაგან: ოდეს მორწმუნეთა აკლონ მსახურება ღმრთისა და გარდაჰხდენ მცნებასა, მოაწევს ჭირთა ესევითართა ზედა, ვითარცა რა მამა კეთილი წვრთნის შვილსა კეთილთა ზედა საქმეთა და უკუეთუ არა კეთილად აღასრულებდეს სწავლისა მამისა თვისისა, გვემს იგი გვემითა და სწავლითა, რათა ისწავლოს ყოველი კეთილი და იქმნას სახმარ კეთილისა, ეგრეთვე გვწვრთნა ჩვენ ღმერთმან, დამბადებელმან ცისა და ქვეყნისამან. ამისთვის გვიხმს ჩვენ, რათა ვმადლობდეთ მოწყალებათა მისთა". წმინდა მეფის შემდგომ მოღვაწეობაში, მის დიდ ჭკუასა და ნიჭთან ერთად, გამოჩნდა მისი სიმამაცე, განგების მორჩილება, ღვთის ნების მინდობა. ყოველი ბრძოლისა და გადაწყვეტილების მიღების წინ იგი ღვთის კურთხევას და შეწევნას ითხოვდა.

სპარსელებთან ბრძოლის დაწყების წინ მან პეტრე კათოლიკოსს უთხრა: "უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მოცემისათვის გვბრძვიან, არამედ ქრისტეს დატევებისათვის. აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკვდილი უმჯობეს არს სახელსა ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გვაქვნდეს, აღთქმული მათ თანა, რომელთა ეტყვის: "რომელმან წარწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი". დაუვიწყარია მისი ანდერძი: "აწ გამცნებ თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა და სახელსა ზედა მისსა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ". ამრიგად, მეფემ აირჩია და მთელი ერის გულში ღრმად დაამკვიდრა იდეალი - ღვთის სასუფეველი მიწიერი სამეფოს ნაცვლად. ამგვარი იდეალი ეკლესიაში ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ახლა უკვე ხალხის პოლიტიკურ აზროვნებაშიც გაბატონდა.

***
VIII საუკუნეში, როგორც ვიცით, საქართველო არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი. ამ დროს გამობრწყინდნენ სარწმუნოებისა და მამულისათვის შეწირული ძმები, არგვეთის მთავრები - დავით და კონსტანტინე მხეიძეები. მემატიანე მათ შესახებ წერს: "იყვნეს წმიდანი ესე ქალწულ ხორცითა და მეცნიერ ძველისა და ახლისა სჯულისა... ორნივე სავსე სულითა წმიდითა..." ძმებმა, როგორც კი მესხეთში არაბთა შემოსევის ამბავი შეიტყვეს, "შეიმოსეს ძალი ღვთისა, ვითარცა ჯაჭვი, და შეკრიბეს ლაშქარი ამის ქვეყნისა. და ხადოდეს სახელსა ღმრთისასა და განაძლიერებდეს ერსა მორწმუნეთასა ლოცვითა და ღამისთევითა". როდესაც დავითი და კონსტანტინე მტრებმა შეიპყრეს და მურვანს წარუდგინეს, გახარებულმა მტარვალმა ხელები აღაპყრო და ამ გამარჯვებისთვის მუჰამედი და მისი სჯული განადიდა. წმინდანებმა მაჰმადიანების მიერ ქართველთა მიმართ გამოვლენილი სისასტიკე და საშინელება ღვთის მიერ ჩვენი ცოდვებისთვის მოვლენილი სამართლიანი სასჯელით ახსნეს და უსჯულო მურვან-ყრუს მიუგეს: "არა ღირსებისა შენისათვის იქმნა ძლევაი შენი ჩვენ ზედა, არამედ ცოდვათა ჩვენთათვის, რომელ გარდავხედით მცნებასა ღმრთისასა. იქმნა ფლობა თქვენი ჩვენზედა, რათა გვწვართნეს ღმერთმან ხელითა თქვენ უსჯულოთა და უღმრთოთა". წმინდანები ქრისტეს აღსარებისთვის ეწამნენ და მრავალი სატანჯველი დაითმინეს, რისთვისაც მადლობდნენ ღმერთს და მხოლოდ მასზე სასოებდნენ. ვერც ამსოფლიურმა დიდებამ, საბოძვარისა და ფუფუნების შეთავაზებამ აცდუნა ისინი და ვერც ტანჯვა-წამების შიშმა შეაკრთო. მტკიცედ აცხადებდნენ: "ვერარამან ჭირმან და არცა დიდებამან ამის საწუთროსამან ვერ განმაშორეს ჩვენ სიყვარულსა და სარწმუნოებასა იესუ ქრისტესა, არამედ მზა ვართ სახელისა მისისათვის შიმშილსა და წყურვილსა, ცეცხლსა და მახვილსა და წყალსა და ამის ყოვლისა შემდგომად სიკვდილსა სასუფევლისათვის ცათასა". მურვან-ყრუს გადაეწურა მათი მოქცევის იმედი და გადაწყვიტა წმინდანთა საბოლოო ბედი. ისინი რიონის პირას გაიყვანეს, ხეზე ფეხებით დაკიდეს და გვემეს. შემდეგ ჩამოხსნეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე მძიმე ლოდები დააკრეს და ტბაში გადაყარეს.

მოწამე ძმების არჩევანმა საზოგადოებას ზნეობრივი იდეალი დაუსახა. მათმა მაგალითმა განამხნო უბედურებებისგან დაშინებული, დაბრკოლებული, რწმენადაშრეტილი და ძალაგამოცლილი ქართველობა, რწმენისა და გამარჯვების იმედი დაუბრუნა.

ცხებულნი ღმრთისანი
როდესაც წმინდა მეფე დემეტრე თავდადებული არღუნ ყაენის კარზე დაიბარეს, იგი მიხვდა, რასაც ნიშნავდა ეს ხმობა. მეფეს სამკვდრო-სასიცოცხლო გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ამ დროს მის გვერდით დგანან კათოლიკოსი, "ეპისკოპოსნი, მონასტერთა და უდაბნოთა გარეჯისა მღვდელ-მონაზონნი"... მეფე დემეტრე წუხს იმის გამო, რომ ყაენთან მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში... "რავდენი სული ქრისტიანე სიკვდილს მიეცემის და ტყვე იქმნების და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, ხატნი და ჯვარნი მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან". შემდეგ იტყვის: "აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე". ამით მეფე გამოხატავს საკუთარ თავისუფალ ნებასაც და ღვთის ნებისადმი მორჩილებასაც, რაც გვირგვინდება ღვთის წმინდა ნების აღიარებით: "იყოს ნება ღვთისა!"

დარბაზის სხდომაზე წარმოთქმული სიტყვები, დემეტრე მეფის პოზიციის ურყევობა, მისი აღსასრული და ჟამთააღმწერლის შეფასება წმინდა წერილის სულითაა გაჯერებული: "უკუეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომ ქვეყანა უვნებლად დარჩეს... მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა..." ეს სიტყვები განმსჭვალულია საკუთარი ხალხისადმი მამობრივი სიყვარულითა და ზრუნვით: "მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი, კვლად უღონო არიან და არარა აქვნ ნუგეშისცემა. დემეტრე არად აგდებს მიწიერ სამყოფელს, "ყოველ სოფელს" და ზეციურ სასუფეველს, ზესთასოფელს მიელტვის: "რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო?" მეფის არჩევანს განამტკიცებს სამღვდელოების შეგონება: "უკეთუ ერთისა მოყვასისათვის სულის დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხვთა სულთა ცხოვრება ეგოდენ სარგებელ არს".

უსჯულოები დემეტრეს ხელებს შეუკრავენ, არგნებით სცემენ და საპყრობილეში ჩააგდებენ, როგორც ერთ უპატიოთაგანს. აღსასრულის წინ იგი ილოცებს, ეზიარება და მშვიდად მოუდრეკს მახვილს ქედს.

მაცხოვრის ჯვარცმისას ჩამომდგარი წყვდიადი მეორდება ჟამთააღმწერლის თხზულებაში: "მზემან შარავანდედი თვისი უჩინო ჰყო სრულიად და იქმნა სიბნელე დიდი. და ყოველნი წარმართნი გაკვირდეს. იყო ჟამი მეათე და მწუხრამდე შეიმოსა ბნელი, ვითარ იგი ყოვლისა სოფლისა ცხოვრებისა მეუფისასა, ეგრეთვე ამის ნეტარის და საქართველოს წამებულის მეფისასა. რათა საცნაურ იქმნეს, რამეთუ პატიოსან არიან ცხებულნი ღმრთისანი". მაშასადამე, თავდადებით, განგებისადმი მორჩილებით, ღვთის ჭეშმარიტებისათვის მოწამეობის არჩევანით ცნაურდებიან "ცხებულნი ღმრთისანი".

***
ტანჯული მაცხოვრისა და ტანჯული ქვეყნის მეფობის მძიმე ჯვარი ატარა თავისი ერის ჭირისა და ლხინის მოზიარე ქართველმა გვირგვინოსანმა, იმერეთის მეფე სოლომონ მეორემ. მეფე ძალზე ახალგაზრდა - 42 წლისა გარდაიცვალა. მისი ცხოვრება მამულის ერთიანობისათვის ბრძოლაში გაილია და ბოლოს სამშობლოდან ლტოლვილმა უცხო მიწაზე განუტევა სული.

1801 წლიდან რუსეთის იმპერიამ დაიწყო ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის განადგურება. რუსეთმა ჯარები იმერეთში ჩააყენა. სამშობლოდან ლტოლვილი მეფე წერილებით ამხნევებდა იმერელ ხალხს.

მეფე არ კარგავდა იმედს, რომ იმერეთის ტახტს ოდესმე ისევ დაიბრუნებდა. მალე გადმოვიდა იმერეთში და აჯანყებულებმა მის გარშემო მოიყარეს თავი. რუსეთის მთავრობამ დიდძალი ჯარი გამოიყვანა აჯანყების ჩასაქრობად. ოთხთვიანი ბრძოლების შემდეგ სოლომონი დამარცხდა. მას არასოდეს დაუხევია უკან. მეფის უკომპრომისო ცხოვრებამ, პირადმა მაგალითმა ქართველი ერის შეგნება და პასუხისმგებლობა - ღმერთამდე, მის წმინდა მცნებამდე, ყოველი ადამიანის სულის სიღრმეში ღვთის მიერ შთადებულ სინდისამდე და პატრიოტიზმის ბუნებრივ გრძნობამდე აამაღლა.

ზეცათა მეფის მონანი
საქართველოს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა ჟამი, როცა თითქოს ცოდვა-მადლი არ განირჩეოდა, როცა ცეცხლის კალოდ ქცეული ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. სწორედ ასეთ დროს გამეფებულ სულიერ წყვდიადსა და ბოროტებაში მნათობებივით ბრწყინავდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი რწმენის, იდეალების, სიმართლის გულისთვის თავისუფლად ირჩევდნენ სიკვდილს. ქართველ მოწამეთა სისხლის წვეთებიც ჩვენი ქვეყნის იმედის, ხსნისა და მომავალი გაბრწყინების თესლებად იქცნენ.

XVII საუკუნეში საქართველოს მძიმე განსაცდელი მოუვლინა ღმერთმა - იგი სპარსელთა სათარეშოდ იქცა. მაგრამ "სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფროს გარდაემეტოს მადლი ღვთისა". ამ საუკუნეში შეუერთდნენ ზეციურ სასუფეველს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, წმინდა მოწამე ლუარსაბ მეფე, წმინდა 6 000 გარეჯელი ბერი, წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათალიკოსი, წმინდა მღვდელმოწამე თევდორე კველთელი. ამ საუკუნეში აღესრულა ღვთისა და ერის სადიდებლად ცხრა ძმა ხერხეულიძე და მათთან 9 000 მხედარი მარაბდის ველზე, ამავე საუკუნეში მოუვლინა უფალმა ქვეყანას ხსნად და იმედად კახეთის გმირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.

შაჰ-აბასმა ქართველი დიდებულები სპარსეთში დაიბარა და სელიმ-ხანი გააფრთხილა: "ეგენი კარგი მებრძოლები არიან. ეცადე, რჯული შეაცვლევინო. თუ დაგიჯერეს, პატივით შეიწყნარე, თუ არადა მწარე სატანჯველით დასაჯეო". თავიდან ლიქნით ცდილობდა შაჰი მათ გადაბირებას: "დიდ ნიჭსა და პატივს მოგაგებთ სანაცვლოდო". Mმაგრამ ქართველებმა სპარსეთის მბრძანებელს შეუთვალეს: "ჩვენ ნიჭთა და პატივთა თქვენთათვის არა გული გვითქვამს. არცა ვეძიებთ საბოძვართა თქვენთა, რამეთუ ჩვენ ზეცათა მეფის მონანი ვართ და მხედრად ქრისტესა განწესებულნი..."

ვერანაირმა დაპირებამ ვერ მოხიბლა ქრისტეს ერთგული მსახურები, "განკვირდნენ თათარნი სიმხნესა და ახოვნებასა მათსა და კადნიერებით სიტყვის გებასა".

განრისხებულმა სულიმ-ხანმა გადაწყვიტა, წმინდა ბიძინას შესაშინებლად მის თვალწინ თავი წარეკვეთათ წმინდა ელიზბარისა და შალვასთვის. "არა რაი არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვდილისა", - თქვა წმინდა ბიძინამ.

ქსნის ერისთავებმა მახვილს "სიხარულით წარუპყრნეს ქედნი". თანამებრძოლთა სიკვდილს ოდნავადაც არ შეუშინებია წმინდა ბიძინა. ყიზილბაშებმა გადაწყვიტეს, შეურაცხყოფით გაეტეხათ მისი სიმხნევე. ახოვან გმირს ჩადრი ჩამოაფარეს, ვირზე უკუღმა შესვეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს. დასცინოდნენ მას, წმინდა ბიძინა კი მადლობდა ღმერთს იმის გამო, რომ, მსგავსად უფლისა, ისიც ვირზე მჯდომი შედიოდა ზეციურ იერუსალიმში.

ამის შემდეგ ჯალათებმა გადაწყვიტეს, ცოცხლად აეჩეხათ წმინდანი. "აღიღეს მახვილი და დაიწყეს ჭრად და კვეთად". სხეულის ყოველი ასოს მოკვეთის დროს წმინდა ბიძინა მრწამსს იმეორებდა დაუცხრომლად. უხმობდა ქრისტეს და ტკივილს აღიმსუბუქებდა. უფალი ანუგეშებდა და განაძლიერებდა მას. ბოლოს დარჩენილ ტანზე თავიღა დარჩა უვნებელი. ბაგეების მოძრაობით ჩანდა, რომ გული ჯერ კიდევ ფეთქავდა და წმინდანი ლოცულობდა. მაშინ ერთმა ჯალათმა შუბი უგმირა და წმინდანის გული გაჩერდა.

ისტორია შეიცავს როგორც კეთილისმყოფელთა, ასევე ბოროტისმოქმედთა საქმეებს, რომელიც, როგორც ხორბალი ღვარძლისგან, ისე განირჩევა ისტორიულ პროცესთა მდინარებაში. "მეორედ მოსვლისას სიკეთის მოქმედნი გამობრწყინდებიან, როგორც მზე, ანგელოზებითურთ საუკუნო ცხოვრებისათვის უფალ იესო ქრისტესთან, მჭვრეტელნი მისნი და ჭვრეტილნი მისგან, რომლის დაუსრულებელ სიხარულსაც მოინაყოფებენ" (წმინდა იოანე დამასკელი).

თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია უფლისა და ერის წინაშე და ასევე საკუთარი სულის წინაშე. ბოროტ ძალებს ყველაზე დიდ დარტყმას აყენებს აზროვნება და მოქმედება, რომელიც წარიმართება სულის განწმენდის წყალობით. საღვთო გამოხსნის საქმეს ისტორიაში ახორციელებენ საღვთო მადლის "ჭურნი რჩეულნი". ისინი თავდადებით, განგებისადმი მორჩილებით, ღვთის ჭეშმარიტებისათვის მოწამეობით უფლის კეთილგანწყობასა და მოწყალებას მოიზიდავენ, ეს მოწყალება მთელ ერზე განცხადებულად ვლინდება. ყოველმა ადამიანმა გამოხსნის საქმე თავისი თავიდან უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში გახდება ერი ძლიერი და ბოროტებასთან ბრძოლისუნარიანი.
ბეჭდვა
1კ1