კაცებად იმიტომ დავიბადეთ, სამშობლოს თუ დასჭირდება, უნდა ვიომოთ
კაცებად იმიტომ დავიბადეთ, სამშობლოს თუ დასჭირდება, უნდა ვიომოთ
დედის გულში დრო კარგა ხანია უდროოდ გაჩერდა
სამშობლოსათვის თავდადებულმა ვაჟკაცებმა ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე ისე შესწირეს მამულის კეთილდღეობას, რომ არსაიდან და არავისგან ელოდნენ რაიმე საზღაურს. საზღაურს მხოლოდ უფალი მოგვაგებს ჩვენი ამქვეყნიური საქმეების მიხედვით.

ამჯერად მინდა გიამბოთ ქალბატონი ბელა წიკლაურის, იმ გულდამწვარი, შავოსანი დედის შესახებ, რომელმაც ორი ვაჟი - თემური და ზურაბ ზალდასტანიშვილები და ტყუპი ძმა - ვასიკო და ნუკრი წიკლაურები აფხაზეთის ომს შესწირა. აფხაზეთის ომის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დედის გულში დრო კარგა ხანია უდროოდ გაჩერდა.

- შვილებო, ძმებო... თემურ, ზურა, ვასიკო, ნუკრი... ცაში აფრენილო მართვეებო, აუსრულებელი ოცნებებითა და სურვილებით ავსილნო, მეგობრებისა და სიყვარულისათვის გაჩენილნო, საქართველოს ერთიანობისთვის დაფერფლილნო, თქვენთან სიკვდილს რა უნდოდა, ბიჭებო, სადა ხართ, ჩემო დაუცალებელო შვილებო, შვილებივით გაზრდილო ძმებო?! უერთმანეთოდ თბილისში ვერ ძლებდით და "სიკვდილმისჯილი" ქალაქის დასაცავად ერთად გაემგზავრეთ ყველანი, - ასეთია დედის გულის ხმა.

საოცრად ზრდილობიანი და სიყვარულით სავსე ბიჭები მყავდაო, - ახსენა დედამ, - თემო... ზურა... რომ გადავძახებდი ეზოში სათამაშოდ ჩასულებს, მეხვეწებოდნენ ხოლმე - ოღონდ მეორედ აღარ დაგვიძახო, დედილოო, და მაშინვე ამოუყვებოდნენ კიბეს.Mმეზობლის სალამზე ღაწვებზე ალმური ეკიდებოდათ, კედელს აკრულნი გზას დაუთმობდნენ. ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ - თემური დინჯი და ჩაფიქრებული იყო, ზურიკო - ხმაურიანი და მხიარული. ლევან ზალდასტანიშვილის სტუმართმოყვარე ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ მეგობრები და ახლობლები. შვილებს უყვარდათ მშობლები, ახლობლები, უბნელები, მეგობრები, საქართველო. მათთვის შორს იყო შური და ორგულობა, ღალატი და გაუტანლობა. იმ საბედისწერო დღესაც, ომში გამგზავრების წინა საღამოს, დედა ამღერეს. თვალები ცრემლით ევსებოდა, მაგრამ შვილები სიმღერით გააცილა ომის გზაზე. ომი ომიაო, - უთხრეს ბიჭებმა წასვლის წინ, - იქ საქართველოს, ქართველებს, ჩვენს მეგობრებს ეომებიან, რაღა ქართველები ვიქნებით, თუ გაჭირვებაში გვერდით არ დავუდექითო, როგორღა უნდა შევსვათ დაღუპული მეგობრების შესანდობარი, თუ არ მივეშველეთ იმედს ამოფარებულ ბიჭებსო, კაცებად იმიტომ დავიბადეთ, რომ თუ სამშობლოს დასჭირდა, თავიც უნდა შევწიროთო. მართლაც, ძმებიც და შვილებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

თემურ ზალდასტანიშვილის სამუშაო ოთახში თითქოს პატრონს ელოდება საღებავშემხმარი ფუნჯი და ახალგაზრდა მხატვრის დაუმთავრებელი ტილოები. თემო სამხატვრო აკადემიის მეექვსე კურსის სტუდენტი იყო.Mმისი ნამუშევრების გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი სიცოცხლე მისსავე ნახატებში გრძელდება. ზურა ზალდასტანიშვილი აგროინჟინერი უნდა გამოსულიყო. ტყუპი ძმა, ვასიკო და ნუკრი წიკლაურები რამდენიმე წლით უფროსები იყვნენ დისშვილებზე, მაგრამ ერთმანეთთან განუყრელი მეგობრობა და ძმობა ჰქონდათ. ვასიკო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, ნუკრი - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. მორაგბეებიც იყვნენ, კარგი თბილისელები და მამულიშვილები. თითო ქალიშვილი დარჩათ და გმირის სახელი...

***
სამხედრო სამსახური კალინინგრადის ოლქში მოიხადეს. ჯარიდან გამოგზავნილ ყველა წერილს თემური ფერადი ყვავილებით უმკობდა დედას, ხან იების კონებს უხატავდა, ხანაც ენძელებს და ყოჩივარდებს... 9 აპრილის ტრაგედიას ერთიანად შეუძრავს ბიჭების სული. აი, რას წერდნენ დედას: "ლიტველი კორესპონდენტის სტატია წავიკითხე, დე, კინაღამ გავგიჟდი, ყველაფერი დაწვრილებით ეწერა, როგორ დახოცეს ჩვენი ბავშვები და ქალები. სურათები იყო ჩვენი დახოცილი ხალხის და ჯარისკაცების, როგორ იცინოდნენ... რუსები მეუბნებიან: - ჩვენ გადაგარჩინეთ, ჩვენ დაგაყენეთ ფეხზე, ჩვენ ჩაგაცვით და ახლა გამოყოფა გინდათო? მომწერე, დე, რა მოხდა, ნურაფერს დამიმალავ". ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ორივენი დაოჯახდნენ. მალე აფხაზეთის ომიც დაიწყო. კომისარიატიდან დაბრუნებულებმა დედას უთხრეს: - დიაცის კაბას ვერ ჩავიცვამთ, ომში უნდა წავიდეთო.

- აეროპორტში ერთადერთი ქალი ვიყავი, ვინც შვილებს ომში აცილებდა, მამა მაშინ ცოცხალი აღარ ჰყავდათ, - იხსენებს ქალბატონი ბელა.

გაგრა ცეცხლის ალში იყო გახვეული, ბიჭები საომრად რომ ჩავიდნენ. იცოდნენ დედის ამბავი და თითქმის ყოველდღე უკავშირდებოდნენ, პოზიციაზე გასვლის წინ ურეკავდნენ და უმალავდნენ, პოზიციიდან უვნებლად დავბრუნდითო. როცა ვასიკომ და ნუკრიმ გაიგეს, თემური და ზურიკო ომში წავიდნენო, მათაც გაგრას მიაშურეს.Aასე დაწყვილდნენ ფრონტის ხაზზეც! გაგრა დაეცა და 5 ოქტომბერს ოთხივენი თბილისში დაბრუნდნენ. ომი გრძელდებოდა. ბიჭებს არ შეეძლოთ მშვიდი ცხოვრება მაშინ, როცა მტერი გვიტევდა.

1993 წლის მარტში ოთხივენი საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო სამსახურში ჩაირიცხნენ და ისევ აფხაზეთს მიაშურეს. ბრძოლა უწევდათ ცხელ წერტილებში. თბილისში რომ ჩამოვიდნენ, კარგა ხანს შფოთავდნენ, საზეიმო სუფრას სწრაფად ტოვებდნენ. უკვირდათ: ცეცხლის ალშია გახვეული აფხაზეთი, იქ ბიჭები იხოცებიან და აქ რა ეზეიმებათო. დაღუპული თანამებრძოლების ოჯახებს აკითხავდნენ, ეხმარებოდნენ, ლუკმას უყოფდნენ და... ისევ აფხაზეთისკენ მიდიოდნენ. დატოვეს დედა, მეუღლეები, პატარა შვილები და სამშობლოს დასაცავად წავიდნენ...

სექტემბრის ავბედითი თვე იდგა. სამშვიდობო ხელშეკრულება დაირღვა და აფხაზური მხარე შეტევაზე გადმოვიდა. სოხუმი განსაცდელში აღმოჩნდა. ვერც ახლა მოისვენეს ბიჭებმა, ვერ გაჭრა დედის ხვეწნა-მუდარამ.

- 21 სექტემბერს სოხუმში მიფრინავდნენ, მაგრამ არაფერი უთქვამთ ჩემთვის, - მიამბობს ქალბატონი ბელა, - უფროსმა შვილმა ზურიკომ მთხოვა წინა დღეს, პიანინოზე დამეკრა და მემღერა მისთვის - დაისის შესავალი დამიკარი, დედი და "თავო ჩემო" მიმღერეო.Mმისმენდა და ცრემლები მოსდიოდა. რა იყო, შვილო, რამე ხომ არ მოხდა, ნუ დამიმალავ-მეთქი. არაფერიო და წავიდა. იმ დღის მერე ჩემი ინსტრუმენტი აღარ ახდილა.

მეორე დღეს, 21 სექტემბერს, მომატყუეს - კრწანისის დასაცავად მივდივართ ორი-სამი დღითო. წავიდნენ და მთელი დღე არც დაურეკავთ. ღამის 11 საათი იქნებოდა, ზურიკომ დამირეკა, - ბებიას და პაპას გააგებინე, ცოცხლები რომ ვართ, თვითმფრინავი, რომელიც ჩამოაგდეს, სოჭისა იყოო. თურმე ჩემს მშობლებს უთხრეს ჩემმა ძმებმა, რომ სოხუმში მიფრინავდნენ. მაშინვე აეროპორტში გავვარდი. ჩემებს დაჭრილები გადმოჰყავდათ და იმ ღამეს ვეღარ გაფრინდნენ. შინ წამოვედით. ბიჭები უგუნებოდ იყვნენ, ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ - არა, შენ დარჩი, ნუ წახვალ, არა, შენ დარჩიო. ეს იყო ჩვენი ბოლო ერთად ყოფნა. მეორე დილით ადრე წავიდნენ აეროპორტში, არ წამიყვანეს გასაცილებლად - ჩვენ კაცებად იმიტომ დავიბადეთ, რომ სამშობლოს თუ დასჭირდება, უნდა ვიომოთო. ვეხვეწებოდი, წამოვალ, გაგაცილებთ და თვითმფრინავი რომ აფრინდება, დაგლოცავთ მაინც-მეთქი. ყოველთვის ვაცილებდი, იმ დღეს არ წამიყვანეს. ახლა ვხვდები, რატომ. მერე მათ სამსახურში რომ მივედი, მითხრეს, თურმე ბიჭებისთვის უთქვამთ, - იქ ძალიან საშიში მდგომარეობაა, ერთი პროცენტი თუ არის გადარჩენის შანსი, თვითმფრინავებს აფეთქებენ და ვინ წახვალთო. თერთმეტი ბიჭი ამდგარა - ჩვენო. აეროპორტში რომ გავყოლოდი, შეიძლება გამეგო ეს ამბავი...

იმ ღამეს, 22 სექტემბერს, ვერ დავიძინე, აფორიაქებული ვიყავი, ტელევიზორიც ჩართული მქონდა. უეცრად მოვისმინე, - სოხუმში თვითმფრინავი ააფეთქეს და შიგ უშიშროების თანამშრომლები ისხდნენო. არ ვიცი, როგორ გადავრჩი ცოცხალი. მერე მატყუებდნენ - შენები გადარჩნენ, რადგან თვითმფრინავში წინ ისხდნენო. ასე მატყუებდნენ ორი კვირა, შემდეგ კი მითხრეს სიმართლე - არც ერთი აღარ არისო... იმ თვითმფრინავში, როგორც ჩვენ გამოვთვალეთ, 150 კაცი იქნებოდა - 30 მხედრიონელი, 110-120 კახეთის სამხედრო მილიციელი, 5 ექიმი, ჟურნალისტები, ერთი ამერიკელი ჟურნალისტიც ყოფილა. ჩემი ძმა, ვასიკო იმის გვერდით მჯდარა. ჩემი უფროსი ბიჭი თემური კი საერთოდ არ მჯდარა, დადიოდა თვითმფრინავში და ბიჭებს ამხნევებდა. ეს ამბავი ერთმა გადარჩენილმა ექიმმა მითხრა. ჩვენს 11 ბიჭზე თქვა, ყველასაგან განსხვავებულები იყვნენ ჩაცმულობით თუ იარაღით. იმათი იმედი გვქონდაო. თემურს მათარით არაყი გავატანე და სოხუმში რომ შესულან, მათარის ხუფით ასმევდა ბიჭებს, - ჩვენი გადარჩენისა იყოსო. სკამის სახელურზე ჩამომჯდარა, პირით თვითმფრინავის ბოლოსკენ. უცბად იყვირა თურმე, - ზურაო და თვითმფრინავის ბოლოსკენ გავარდნილა, მაგრამ ვეღარ მოასწრო ძმასთან მისვლა.Mმერე კვამლი შემოვარდა და რა მოხდა, აღარაფერი მახსოვსო...

ღმერთს ვევედრები, - მანამდე ნუ მომკლავ, ვიდრე ჩემს ბიჭებს აქ არ ჩამომიყვან-მეთქი... ზურიკომ აფხაზეთში წასვლის წინ დამიბარა, - დედი, თუ რამე მომივიდეს, იქ არ დამტოვოო... ბიჭებმა ისიც დამიბარეს, თუ ვერ დავბრუნდებით, ჩვენს ცოლებს მიხედე და შვილები გაგვიზარდეო. ოთხივეს თითო პატარა გოგო დარჩა. მეუღლე ომის დაწყებამდე გარდამეცვალა ინფარქტით... ვცოცხლობ, რომ ამათ მოვუარო.

ჩემი შვილები და ძმები გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოეს.

პოეტმა ჯანო ჯანელიძემ სამშობლოსათვის დაღუპულ ბიჭებს ლექსი მიუძღვნა, რომელიც ქალბატონი ბელას გულის გამოძახილად უნდა ჩაითვალოს:

სისხლის თარიღები
თქვენ დაეწყვილეთ სისხლის თარიღებს,
თუმც რაც გელოდათ, კარგად იცოდით.
ჩემი სიკვდილი - ეს თქვენ წაიღეთ და
მე კი ვცხოვრობ თქვენი სიცოცხლით.
ვტირი და ცრემლი ჭრილობას მიხსნის,
ვტირი და ამ ცრემლს მალამო ჰქვია,
და ისიც ვიცი, რომ სისხლს ავიღებ,
ეს სულერთია, - ადრე თუ გვიან.
რა უცაბედად გაცუდდა ბედი
და ჰგავს ეს ყოფა მოცელილ კარებს,
ირწევა ქარში არწივი ბედის,
ქარი ალაყაფს აწყდება გარეთ.
ეს მე ვარ, დედი, კარი გამიღე,
ეს მე ვარ, დედი, ჭრილობა ღია,
ტკივილებს, როგორც ვარდებს, ვარიგებ
და სიკვდილს თქვენსას სიცოცხლე ჰქვია.
ისე, ვით გამხმარ ფოთლების გროვას,
ქარი მიხვეტავს ფერფლსა და ჩეროს,
ჩვენ ისევ მოვალთ, ჩვენ ისევ მოვალთ,
ჩვენ ისევ მოვალთ, მამულო ჩვენო.
მოვალთ, რომ ისევ გითხრათ სათქმელი,
ეს ჩვენ ვართ შენი ჭრილობა ღია,
ეს მრავალთ შორის ჩვენ ვართ ქართველნი,
რომელთა სიკვდილს სიცოცხლე ჰქვია...


ბეჭდვა
1კ1