მოხუც მეფეს კრწანისის ომში 3000 მეომარი მოუვიდა მხოლოდ, მაშინ როცა მის ცხედარს თელავიდან მცხეთისკენ 30 000 მხედარი მიაცილებდა
მოხუც მეფეს კრწანისის ომში 3000 მეომარი მოუვიდა მხოლოდ, მაშინ როცა მის ცხედარს თელავიდან მცხეთისკენ 30 000 მხედარი მიაცილებდა
წმინდა ილია მართალი ამბობდა: "ერის დაცემა და გადაგვარება მაშინ იწყება, როდესაც იგი თავის ღირსეულ წინაპრებს ივიწყებსო". სამწუხაროდ, მიწაზე მყოფი ადამიანები საკადრის პატივსა და საზღაურს ვერ მივაგებთ ჩვენს გმირებსა და მამულიშვილებს, რომელთაც ღმერთის, სამშობლოს, მოყვასის სამსახურში გალიეს ცხოვრება და მსხვერპლადაც მიიტანეს თავი. მართალია, ასეთ ადამიანებს ღმერთი ჰპირდება ყველაზე დიდ საზღაურსა და ჯილდოს - ზეციურ სიხარულსა და შვებას, მაგრამ მათი მოხსენიება და მათდამი მადლიერების გამოხატვა ამქვეყანაზე ჩვენვე გვჭირდება ჩვენი დაცარიელებული სულების საოხად და გადასარჩენად, უკეთესი გრძნობების გასაღვიძებლად, თუნდაც სინდისის ქენჯნის დასამშვიდებლად, რადგან "ნაასალი მადლიც" თუკი არ გვცხია იმ დიდბუნებოვანი ადამიანების სულისა, სინანული მაინც აღგვეძრას ჩვენი უსუსურობის გამო და გვტკიოდეს, ილიასავე სიტყვებით, ის, რომ "ნახევარკაცნი ვართ და უკეთესი ნახევარი მოთლილი გვაქვს". მოდით, თვალი გადავავლოთ ჩვენს ისტორიას.

ორას წელზე მეტი გავიდა კრწანისის შემაძრწუნებელი ტრაგედიიდან და ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან. მისი გარდაცვალების დღე ქართველი ერისათვის უსაზღვრო გლოვის, მწუხარების, გულის სიღრმეში შემწყვდეული მამულიშვილური გრძნობების მოჭარბების დღე იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოხუც მეფეს კრწანისის ომში 3000 მეომარი მოუვიდა მხოლოდ, მაშინ როცა მის ცხედარს თელავიდან მცხეთისკენ 30 000 მხედარი მიაცილებდა.

საყურადღებოა ილია ჭავჭავაძის წერილი "ასი წლისთავი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან". ილია თავისი პირუთვნელი და მკაცრი სიტყვით სასტიკად ამხელს თბილისის იმდროინდელ მესვეურებს, რომელთაგან ერეკლეს სულის მოსახსენებელ წირვა-ლოცვაზე არც ერთმა არ ინება მობრძანება. ესეც ერთ-ერთ შავბნელ ფურცლად დარჩა ისტორიაში ჩვენი ერისა, რომელიც უკვე წყვდიადისაკენ მიექანებოდა. სწორუპოვარი გმირების მოხსენიების დღე იყო და არის ყველა ერისთვის უდიდესი ეროვნული ზეიმის დამტევი დღე. მეტადრე ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ქართველი ერია. მაგრამ იმ ყიამეთ დროშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მავნედ "მოღვაწეობდნენ", ძალას და ღონეს არ იშურებდნენ იმისათვის, რომ პატარა ეროვნებათა ისტორია მიეჩქმალათ, სძულდათ ყოველივე ქართული. ილია დაუძინებლად ებრძოდა ასეთ ანტიეროვნულ ელემენტებს, რომლებიც ერეკლე მეფისა და სრულიად საქართველოს მტრებიც იყვნენ. დამპყრობლებისადმი მორჩილებისა და კომპრომისის შხამით გულგაჟღენთილნი, "ძმობა, ერთობა, თავისუფლების" იდეებს ამოფარებულნი, ქალაქის "მამები" შიშისგან ძრწოდნენ; მათ თავზარს სცემდათ ერთი რამ - ეროვნული გმირების ხსოვნისადმი პატივის მიგება ქართველ ხალხს მამულიშვილურ გრძნობებს უფრო მეტად გაუღვივებდა. ეს მღელვარება კი ეროვნულ პროტესტში და ვინ იცის, იქნებ სახალხო მღელვარებაშიც კი გადაზრდილიყო. ამავე წერილში მოყვანილია პოეტ გრიგოლ ორბელიანის სიტყვები, რომელიც მან მეფე ერეკლეს მიმართ გამოთქვა: "დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს". საქართველოს დიდება უწინარესად მისი ისტორიის აღდგენაა. საქართველო მაშინ აღდგება, როცა ჩვენი ერი თავის ღვაწლმოსილ მამულიშვილებს ღირსეულ პატივს მიაგებს, თავისი გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით ისულდგმულებს. ერთ-ერთ წერილში ილია წერს: "ისტორია ის დიდებული ტაძარია, სადაც ერის ერთიან სულს უწირავს, სადაც თავის დიდებულ და დიდბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი აღუმართავს და მათზე, ვით საშვილიშვილო ანდერძი, დიდთა საქმეთა მოთხრობანი წარუწერია. ერი, რომელსაც ახსოვს ეს თავისი ერთიანი სულის წირვა, თავისი დიდბუნებოვანნი კაცნი, დიდთა საქმეთა ამბავნი, კეთდება, მხნევდება, გულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირსა თუ ლხინში. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარ ზედმოსულ უბედურებასა და განსაცდელს. იგი გულგაუტეხელად იბრძვის და იღვწის, თავისი მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძით გამხნევებული".


მოგვყავს ფრაგმენტი ამ წერილიდან:
"ასი წლისთავი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან"
ტფილისი, 12 იანვარი, 1898

11 იანვარს, როგორც მოეხსენებათ ჩვენს მკითხველებს, წირვა და პანაშვიდი იქმნა გარდახდილი საქართველოს მეფის ერეკლეს მოსახსენებლად ლოცვითა და კურთხევითა. დიდძალი ხალხი მიაწყდა ამ დღეს სიონის სობოროს, ასე რომ შიგ ეკლესიაში ტევა არ იყო. გარეთ მთელი სიონის ქუჩა ორპირად დაჭერილი იყო ხალხითა და პოლიცია ძლივს ამაგრებდა, რადგანაც ყველა ეკლესიაში შესასვლელად იწევდა და ეკლესიაში კი ადგილი არ იყო. ამ საუკუნოდ სახსენებელ დღეს მეფე ერეკლეს მიცვალებისას დაესწრნენ მისი ბრწყინვალება მთავარ-მართებელი თავადი გოლიცინი, ტფილისის გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი, გუბერნიის მარშლის მოადგილე, მარშლები, ჩვენი დიდკაცობა, ქალი თუ კაცი, ქართველთა დაწესებულებათა წევრნი და თითო-ოროლა რუსთა მოხელეობის წარმომადგენელნი და მრავალნი სხვანი.

ამ სახით ამ ქართველებისთვის ღირს-სახსოვარს დღეს მეფე ერეკლეს გარდაცვალებისას პატივი სცეს მისმა ბრწყინვალებამ მთავარ-მართებელმა თავადმა გოლიცინმა და უმაღლეს მოხელეობის წარმომადგენელთა, დიდი და პატარა ქართველობისა მოვიდა, რომ ლოცვა-კურთხევით მოიხსენოს განსვენებული მეფე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული ჰპატრონობდა და თავგამომეტებით, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ინახავდა ყველა მილეთის და თესლის კაცს, ვინც კი შემოკედლებულნი იყვნენ მისს საფარველ ქვეშ, რომელმაც ზედ შეაკლა ტფილისს თვისნი შვილნი, თვისნი ქართველნი, რომ ტფილელნი გადაერჩინა ძარცვა-ტაცებასა და ტყვეობისაგან, რომელმაც, თუმც უკანასკნელ დროს ვერ იხსნა ტფილისი წახდენისაგან, მაგრამ თავისი უკეთესი ძალ-ღონე ხომ შეალია, უკეთესი მამულიშვილნი ხომ შეაკლა და მტლად დაუდო. სხვა არა იყოს-რა, ერეკლე ბრწყინვალე მეფე იყო საქართველოსი და ტფილისი მისი სატახტო ქალაქი!..

რით გადაუხადა ესეთი ღვაწლი ტფილისმა მართლა-და მისთვის ღვაწლითმოსილ მეფეს იმ დღეს, როცა ქართველობამ მისდა საოხად და სახსენებლად წირვა-ლოცვა გადაიხადა? მით, რომ ტფილისის საბჭომ და გამგეობამ არც კი იკადრა, წირვასა და პანაშვიდზედ დასწრებოდა. თუ მთელი კრებული საბჭოსი და გამგეობისა მეტის-მეტი პატივი იქნებოდა, მათის გაკადნიერებული აღმატებულობის ფიქრით, ერთი ორი წევრი მაინც გამოეგზავნათ!.. ვთქვათ, არც ეს იკადრეს და არ დაიმდაბლეს აღვირაშვებული თავი, თვით ქალაქის მოურავის მოადგილემ რატომ არ დაინახა საჭიროდ, რომ ამისთანა დღეს პატივი ეცა ქართველებისთვის და მობრძანებულიყო ეკლესიაში! რას შეუფრთხა? ნუთუ მომავლინებელთა თვისთა? მოვლინებულმა არ უღალატა განა თვისთა მომავლინებელთა და მათის უმართებულობის წინაშე დაივიწყა მოვალეობა ქალაქის მოურავის თანამდებობისა!..

ეხლა ვკითხოთ იმათ, ვინც ყურები გამოგვიჭედა ძმობისა და ერთობის ქადაგებითა და ღაღადით: რის მომასწავებელია ასეთი უმართებულო საქციელი მთელის იმ წყობისა, რომელთაც დღეს ხელთ უჭირავს პატრონობა ჩვენის ქალაქისა? ნუთუ ეს დღე იმისთანა დღე იყო, რომ ასე ყურები გამოიჭედეს ბამბითა და სამარცხვინოდ თვალი დაიხუჭეს, მითამ და აქ არაფერიაო? ნუთუ ამას იქითაც იტყვით, რომ ეხლანდელი "მამანი ქალაქისა" მართლა ქალაქის წარმომადგენელნი არიან და მისის სურვილების გამომეტყველნი და არა მარტო ერთგვარ წყობისა, რომელსაც მეორე ნაწილთან, ქართველობასთან არავითარი კავშირი და ერთობა არა აქვს, და არც სურს რომ ჰქონდეს? განა ესე ექცევიან ძმები ერთმანეთს? განა ერთის ძმის სადიდებელი მეორისათვის პატივსაცემელი მაინც არ უნდა იყოს, სადიდებელს ნუღარ ვიტყვით? სიტყვით რომ ძმობას იძახით, საქმით რათა ხართ ეგრე შორს? ძმობა განა ჭირისა და ლხინის გაზიარება არ არის? ესეც თქვენი მოწონებული და მრავალთათვის თვალებასაფარებელი "კლასოვაია ბარბა"-ა? ნუთუ აქაც ეგ "ბარბა" ჰლაპარაკობს, და არა გულჩახვეული, უტყვი ავგულობა იმათ მიმართ, ვინც ძმობასა და ერთობას ეგრე ებღაუჭებიან და ვის სადიდებელს და ღირს-სახსოვარს დღეს ეგრე უკადრისად, უმართებულოდ და უზრდელად ექცევიან!.. ვისაც გქონან ყურნი სმენად, ისმინეთ!..
ბეჭდვა
1კ1