გახსოვდეთ გმირები
გახსოვდეთ გმირები
თურმე "მამაოს" ეძახდნენ
"სოხუმში გაგიცანი, მერაბ. 1993 წელი ის-ის იყო, დადგა. მაშინვე მომეწონე. რაინდული გარეგნობა გქონდა. მებრძოლი იყავი, მაგრამ სამხედრო ფორმა არ გეცვა (მაშინ იშვიათად ჰქონდათ სამხედრო ტანსაცმელი). გულზე ვერცხლის დიდი ჯვარი გეკიდა. გამოგელაპარაკე და იმ დღიდან შეგიყვარე. ახლაც თვალწინ მიდგახარ. საბრძოლველად რომ მიდიოდი, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიერ დალოცვილი ხის დიდი ჯვარი გედო უბეში. ღვთის მოშიში და მოთაყვანე იყავი და "მამაო" შეგარქვეს. ყველას უყვარდი, სათნო, კეთილი და უშიშო, შეუპოვარი. რაც მთავარია, შენს სიმამაცეს, საქმისადმი ერთგულებას ამშვენებდა შენი განსწავლულობა და განათლება.

მერაბ, გახსოვს, ლინდა გუდმენის წიგნი რომ მაჩუქე, შენეული თარგმანი?

მე შენი მეორე თარგმანიც წავიკითხე, ლატვიელი ვოლდემარ ბრანკის "პატარა ადამიანი დიდ გზაზე". თითქოს შენ დაგეწეროს, ისე გაქვს გადმოქართულებული.

გავიგე, უნგრელი კლასიკოსი მწერლის ფერენც მორას ისტორიული რომანი გითარგმნია იმ წლებში. ამ რომანს, "ოქროს სარკოფაგი" რომ ჰქვია, მე არ ვიცნობ. გამომცემლობა "ნაკადული" სცემს თურმე. რა თქმა უნდა, წავიკითხავ, მაგრამ ეს არაა მთავარი.

7 სექტემბერი შენი დაბადების დღეა. შენ სადღაც ხარ. ჩვენ გიხსენებთ და შენთან საუბარი გვწყურია. რომ ჩამოხვალ, თარგმნას თავი გაანებე, შენი თავგადასავალი დაწერე, წიგნს მე დაგისურათებ (ალბათ უარს არ იტყვი). მჯერა, ასე იქნება", - ვკითხულობთ აწ უკვე გარდაცვლილი სამხატვრო აკადემიის დეკანის, პროფესორ გივი მიზანდარის მოგონებებში.


ბატონი გივი თავად იბრძოდა აფხაზეთში და მეომარი ბიჭების გვერდით იდგა. "თებერვლის ბოლო რიცხვებში ავღანელთა ბატალიონი თბილისში დაბრუნდა, უფრო სწორად, გამოიძახეს, მეც მათთან ერთად დავბრუნდი. ყველა კრიტიკულ მომენტში ბატალიონი ცეცხლის წინა ხაზზე იბრძოდა, ალყას გაარღვევდა და წინ მიიწევდა. შემდეგ სამშვიდობო შეთანხმება დაიდო, თითქოს მებრძოლები დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებოდნენ. და აი, აფხაზ სეპარატისტთა მზაკვრული ჩანაფიქრი კვლავ ძალაშია, ისევ იღვრება სისხლი, უჭირს სამშობლოს. 1993 წლის 24 სექტემბერს, როცა სოხუმი დაცარიელდა, "ავღანელთა სპეცბატალიონის" ბიჭები სოხუმში ჩაფრინდნენ, მძიმე ბრძოლები გადაიტანეს ანძაზე, შემდეგ კი ის ავადსახსენებელი 27 სექტემბერი გათენდა, როცა ბატალიონი მინისტრთა საბჭოს შენობაში შეიყვანეს, ბიჭები თავგამოდებით იბრძოდნენ, ვიდრე ტყვია-წამალი არ გაუთავდათ. მას შემდეგ 25 მებრძოლი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ავღანელთა ბატალიონის ყველა წევრს კარგად ვიცნობდი, ყველასთან მეგობრობა მაკავშირებდა, სულ ერთად ვიყავით ჭირსა და ლხინში. თუმცა ლხინი იქ არ იყო, ლხინს ვეძახდით, თორემ რა ლხინი იყო: "კრუშკებს" ფსკერს მოვუფარავდით და ამ ორი ყლუპი სასმლით ვიხსენებდით თბილისს, სახლს, სოხუმსა და გაგრაში გატარებულ დღეებს".

***
ბატონი გივი მიზანდარი თითქმის ავღანელთა ბატალიონის ყველა გმირულად დაღუპულ ბიჭზე წერს მოგონებებს. თქვენს ყურადღებას მერაბ ნიქაბაძეზე შევაჩერებთ. ამ დიდებულ პიროვნებას თავადაც ვიცნობდი. ჩემი მეზობელი იყო. ომით დათრგუნვილები გარეთ ნაკლებად ვიხედებოდით. მერაბის აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსვლას ყოველთვის ვიგებდით - ხმამაღალი შეძახილით გვაფხიზლებდა მეზობლებს. ერთ დღეს მისი ომახიანი ხმის მაგიერ დედამისის ტირილმა შეგვძრა. მაშინ ძალიან დიდი მეჩვენებოდა. 33 წლისა ყოფილა. იცით, რამდენი რამ მოასწრო? მთავარი კი მისი მომავალი თაობაა - ლევანი და ქეთევანი. ახლახალ მითხრეს, ლევანმა ბინის გარემონტების დროს მამის ოთახი ხელუხლებელი დატოვაო. სამშობლოსადმი, სარწმუნოებისა და მოყვასისადმი თავდადება შვილებს ცხოვრების წესად დაუტოვა. როგორც მამა - მწერალი ჯანსუღ ნიქაბაძე უნერგავდა პატრიოტულ სულს, თავადაც ამგვარი სულისკვეთების ჩანერგვა მოასწრო შვილებში. თვალცრემლიანი დედა კი მუდამ შვილის მოლოდინშია. დიღმის ძმათა სასაფლაოზე მუზეუმი დააარსეს, იქვე ახლოს ეკლესიაც ააგეს.

ქალბატონმა ჯილდამ მითხრა, მე და მერაბი კარგი მეგობრები ვიყავით, საუბარში რამდენჯერ დაგვთენებია თავსო. იმდენად ყოფილა რწმენაში გაძლიერებული, რომ სოხუმის ეკლესია-მონასტრები შემოუვლია და ბატალიონის ერთ-ერთი არაქართველი წევრიც მართლმადიდებლურად მოუნათლავს. ნაკლებად გამოცდილ მეომრებს ბრძოლის ველზე უფრთხილდებოდა, ბიჭებს თავის ადგილს მიუჩენდა და წინა ხაზზე თავად მიდიოდა. ავტომატზეც კი წმინდა გიორგის ემბლემა ჰქონდა მიმაგრებული. როცა თბილისში ჩამოდიოდა, წილკანში მეუფე ზოსიმესთან დადიოდა. მერაბის დაკარგვის შემდეგ წილკნის ღვთისმშობლის ტაძარს ოჯახის წევრებმა წმინდა გიორგის დიდი ხატი შესწირეს.

"ჩემო დედიკო! ძალიან გთხოვ, არ ინერვიულო. მე ახლა ყველაზე ძალიან შენი კარგად ყოფნა და ლოცვა მჭირდება. დედა, შენი ჭირიმე, მესმის, რასაც განიცდი, მაგრამ შენ ხომ კარგად იცი, რა შვილიც გაზარდე. მე თავს სხვა უფლებას ვერ მივცემ. თუ ჩემი კარგად ყოფნა გინდა, თავს გაუფრთხილდი. მეც გპირდები, შენი ლოცვა-კურთხევით მთელი და უვნებელი ჩამოვალ. მიხედე ჩემებს. ძალიან მინდოდა წასვლისას შენი ნახვა. ვეცდები, შეგატყობინოთ ხოლმე ჩემი ამბავი.

გკოცნი, შენი მერაბი".

მოყვასისთვის თავდადებული
ერთხელ თბილისში მერაბის ოჯახში უცნობი ყმაწვილი მოსულა და უთქვამს, - ცოცხალი რომ ვარ, მერაბს უნდა ვუმადლოდეო. მისი თანამებრძოლი დათო ბექაური ამბობს, - დიდი ბრძოლის წინ მერაბი ახალგაზრდებს მოფარებულ ადგილას დააყენებდა და ეტყოდა, ფეხი არ მოიცვალოთ, ჯერ გამოუცდელნი ხართ, სიფრთხილე გაკლიათ და ყველას ამოგხოცავენო.

ლაბრასთან დიდი ბრძოლის შემდეგ ასეთი რამ მოხდა. აქეთ ქართველები იყვნენ ჩასაფრებული, იქით - ჩეჩნები. ერთმანეთს ლანძღავდნენ და უცებ გაისმა რუსულად, - "მერაბ, შენა ხარ?" მერაბის ჯარის მეგობარი გამოდგა. ჰოდა, ადგა მერაბი, უშიშრად გადავიდა მოწინააღმდეგის სანგრებში და თავგზააბნეულ ჩეჩენს აუხსნა, აქ არაფერი გესაქმება, გიჯობს, შენს სამშობლოში წახვიდეო.

მერე მხატვარი გივი მიზანდარი ჩადის "ავღანელებთან" და სათითაოდ ხატავს ყველას. ხატავს მერაბსაც.

***
მერაბი თბილისში ჩამოდის. დედა შვილის შერყეულ ჯანმრთელობას უჩივის - ორი კონტუზია ჰქონდა მიღებული. თან ფიქრობს, საომრად აღარ წავაო. არადა, ამ დროს სოხუმი ალყაშია. ტელევიზიით აცხადებენ, - სეპარატისტებმა ქართველ ბავშვებს საბურავები გადააცვეს და ისე დაწვესო.

ამის გაგონებაზე მერაბი წამომხტარა და ერთ დღეში შეუკრებია ბატალიონი.

სამ დღეს ვერ მიფრინავდა თვითმფრინავი. მეოთხე დღეს სოხუმში იყო. ამ დროს სოხუმი იბომბება. მერაბს სასიკვდილოდ დაჭრილი მეგობარი გამოჰყავს ცეცხლის ხაზიდან. მცირერიცხოვანი "ავღანელები" სატელევიზიო ანძისთვის იბრძვიან. ამხანაგები თანდათან აკლდებათ. მერე აფხაზთა, ჩეჩენთა, სომეხთა, კაზაკთა რაზმები მინისტრთა საბჭოს აქცევენ ალყაში. ბატონი ჟიული-დავით შარტავა და მისი თანმხლებნი განწირულნი არიან.

ერთნი ამბობენ, - მერაბს გასაქცევი გზა ვუჩვენეთ, მაგრამ არ წამოგვყვა, მისი ყვირილი და სროლის ხმა გავიგონეთ, ამის მერე აღარ გვინახავსო. მეორენი იფიცებიან, სოხუმის დაცემის შემდეგ მერაბი კელასურთან სანგრებს თხრიდაო. მესამენი - სვანეთის გზაზე ვნახეთ "მამაო", ის კაცი, ვისზეც განსაკუთრებით ნადირობდნენ მტრებიო. ისიც თქვეს, როდესაც ჟიული შარტავა გამოიყვანეს, მერაბიც თან ახლდა, ცალ ხელში თავისი ჯვარი ეჭირა, მეორეში - ავტომატი. ავტომატის საკეტი მტერს მიუგდო და ისე ჩაჯდა მანქანაშიო. ასევე გაურკვეველია მისი თანამებრძოლი, მინისტრთა საბჭოს შენობის დამცველი 25 მეომრის ბედი.

უკანასკნელი გამოძახილი
"ხათო! ცოცხალი ვარ. აქ დიდი ომია. წუხელ ეშერა ავიღეთ. ჩემზე ნუ იდარდებთ. შენი ქმარი ჯოჯოხეთიდანაც გამოვა, არ ინერვიულოთ, თუ ხმა ვერ მოგაწვდინეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე შემემთხვა. სხვაგვარად ვერ გიკავშირდები. თუ ვერ დავბრუნდი, მაპატიე, იამაყე ჩემი სახელით. ჯილდას მოუარე.Aარაფერი უთხრა. მიმიხედე ლევანს და ქეთითას. ალბათ, ღვთის წყალობით მალე შევხვდებით. მომიკითხე ჩემი ყველა ახლობელი. გკოცნით და გეხვევით სუყველას! თქვენი მერაბი".

მერაბ ნიქაბაძეზე ჩვენი საუბარი მინდა დავასრული მინდია არაბულის მისადმი მიძღვნილი ლექსით:

"მესიზმრა - სოხუმისაკენ
მე მარტო მიგაცილებდი
და დედაშენის, შავოსან
ქალის დარდს ვინაწილებდი.
დაცემის პირას მისული
როცა სოხუმი გმინავდა,
კბილებით დასწვდი მაოხარს,
დაბადებულო გმირადა!
თურმე "მამაოს" გეძახდნენ
პირშეუღინღლი ბიჭები,
ხელდახელ შებმას ლამობდნენ,
იწევდნენ, მაგრამ იჭერდი!
თქვენ გმირები ხართ ყველანი,
სიკვდილთან შენაჭიდები,
კრძალულად სახსენებელი
და შემოსილი დიდებით!
არა მგონია ჩამქრალი
ბედის ვარსკვლავი კაშკაშა.
მოსვლა რად დაგაგვიანდა,
მერაბ, ნაშობო ვაჟკაცად!"

მერაბ ნიქაბაძეს, გარდაცვალების შემდეგ, ვახტან გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭეს.
ბეჭდვა
1კ1