იმ დილით სიონის ტაძარში წირვის დაწყებას სასიხარულო ზარის რეკვა არ იუწყებოდა
იმ დილით სიონის ტაძარში წირვის დაწყებას სასიხარულო ზარის რეკვა არ იუწყებოდა
21 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენიდან, რომელიც ერის მეხსიერებაში დარჩა, როგორც 9 აპრილი. დიდმარხვის დღეები იყო. იმ დილით სიონის ტაძარში წირვის დაწყებას სასიხარულო ზარის რეკვა არ იუწყებოდა, ამიტომაც ნელა ჩამოჰკრეს ზარებს, ხალხი ქვითინებდა... მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენს უახლეს ისტორიას; ამ თემაზე გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული.

- როდიდან დაიწყო, რას ნიშნავდა და ნიშნავს ქართველი ხალხისთვის ეროვნული მოძრაობა?

- ქართული ეროვნული მოძრაობა არ შეწყვეტილა მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1921 წლის თებერვალ-მარტი). ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა თავისი ეტაპები. ერთ-ერთი ეტაპი იყო, მაგალითად, 1924 წლის აჯანყება. ამის შემდეგ ის თანდათან ჩაცხრა, საბჭოთა ხელისუფლებამ შეძლო მისი ლიდერების ლიკვიდაცია. ზოგი ფიზიკურად გაანადგურეს, ზოგმა ემიგრაციაში მოახერხა წასვლა, ზოგიც ციხეში გამოკეტეს. 30-იანი წლებისთვის მდგომარეობა ისე გამოიყურებოდა, რომ საბჭოთა იმპერიის მესვეურებმა თითქოს სრულიად გაანადგურეს ეროვნული მოძრაობა, მაგრამ ასე არ იყო. ეროვნული მოძრაობა არსებობას განაგრძობდა ემიგრაციაში. 1941 წელს შეიქმნა არალეგალური ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო საქართველოს განთავისუფლება. მასში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი სასტიკად დაისაჯა, მაგრამ რეპრესიები საქმეს ვერ შველოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავ შეიქმნა არალეგალური ორგანიზაცია. ეროვნული მოძრაობის აღმავლობა განსაკუთრებით იწყება 1956 წლის 9 მარტის შემდეგ. თვითონ ეს მოვლენა ეროვნული მოძრაობის გამოვლინება არ ყოფილა, მაგრამ როდესაც თბილისში ამდენი უდანაშაულო ხალხი დახვრიტეს, უკვე იმ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებებიც კი, რომლებიც სიმპათიით ანდა ნეიტრალურად იყვნენ განწყობილნი საბჭოთა წყობილების მიმართ, საგრძნობლად შეიცვალა. ამის შემდეგ უკვე ნელ-ნელა დაიწყო ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპის მოსამზადებელი პერიოდი. XX საუკუნის 70-იან წლებში შედეგი უკვე სახეზე იყო. შეიქმნა ჯერ ჰელსინკის ჯგუფი, შემდეგ ჰელსინკის კავშირი, რომლის სათავეებთანაც იდგნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის კიდევ რამდენიმე ცნობილი მოღვაწე. ამ დროიდან საბჭოთა ხელისუფლება უკვე ვეღარ ახერხებს ეროვნული მოძრაობის ალაგმვას. ეროვნული მოძრაობა თანდათან მასობრივი ხდება, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ერთვება მასში და რწმუნდება, რომ საბჭოთა წყობილების დღეები დათვლილია.

- როგორც ცნობილია, ამასთან დაკავშირებით არსებობდა საზოგადოების არაერთგვაროვანი აზრი: ერთნი ამტკიცებდნენ, რომ იმპერია აუცილებლად უნდა დაინგრეს, მეორენი კი - დასაშვებად მიიჩნევდნენ მის მოდერნიზებას ისე, რომ საქართველოს არსებობა საბჭოთა სახელმწიფოს შემადგენლობაში ქართველებისთვის არ ყოფილიყო საშიში. ჩვენთვის რომელი გზა იყო ყველაზე მომგებიანი?

- საბჭოთა იმპერიის მოდერნიზებას ძალიან კარგ პიარს უკეთებდა კრემლი. თვითონ მოსკოვშიც ხვდებოდნენ, რომ იმპერიის შენარჩუნება წინანდელი სახით არ შეიძლებოდა. XX საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებისთვის საბჭოთა კავშირში დაიწყო, საკმაოდ დემაგოგიური, ე. წ. "გარდაქმნის" ("პერესტროიკის") პროცესი. საბჭოთა კავშირის მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს. სურდა მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიის შენარჩუნება, რომელიც ქართველი ერისათვის ისევე საშიში იქნებოდა.

- როგორც ცნობილია, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებმა დიდი სტიმული მისცა ეროვნულ მოძრაობას...

- XX საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებიდან მთელ სსრ კავშირში დაიწყო ანტისაბჭოთა პოლიტიკური ორგანიზაციებისა და პარტიების შექმნა. საბჭოთა ხელისუფლება უკვე ვეღარ ახერხებდა ამ პროცესებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ეროვნული მოძრაობა თანდათანობით ლეგალურ ნიადაგზე დგებოდა. მოსკოვში უკვე იყო მომწიფებული განწყობილება, რომ რაღაც ეტაპზე ზღვარი დაედოთ ეროვნული მოძრაობისთვის. გადაწყდა, რომ ერთი რომელიმე რესპუბლიკა სხვათა დასაშინებლად სამაგალითოდ დასჯილიყო. მოსკოვში კიდევ იყვნენ ისეთი ტვინგაყინული პოლიტიკური მოღვაწეები, რომელთაც მართლა ეგონათ, რომ ერთ რესპუბლიკაში მანიფესტაციის დარბევით, ხალხის დახოცვით, ეროვნული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრებითა და დახვრეტით რაღაცას მიაღწევდნენ. ასეთ რესპუბლიკად საქართველო შეირჩა.

- პირველად, 1988 წლის ნოემბერში, სწორედ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო მიტინგები რუსთაველის პროსპექტზე...

- ასეთ ნაღმს წარმოადგენდა მოსკოვის მიერ ინსპირირებული სეპარატისტული მოძრაობა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. ქართველები კარგად ხედავდნენ, რომ ოსი და აფხაზი სეპარატისტების უკან იდგა მოსკოვი, რომელიც მართავდა ამ სიტუაციას. 1988 წლის ნოემბერში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინ მიტინგები და დემონსტრაციები დაიწყო აფხაზი სეპარატისტების თავხედური მოქმედებების გამო. 1989 წლის გაზაფხულზე კი ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ წამოაყენა საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფის ლოზუნგი. ეს, რაღა თქმა უნდა, არ ყოფილა ომით გამოყოფის მოწოდება. ყველაფერი დაიწყო ძალიან კარგად, მშვიდობიანად, სამართლებრივი საფუძვლების მოძიებით.

- რა პრეტენზიას უყენებდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები და მონაწილეები საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას?

- პრეტენზია იყო ასეთი: 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ანუ ის ქვეყანა, რომელიც ძალზე ცოტა ხნის წინ, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით დე ფაქტო და დე იურე აღიარა და სცნო მისი ტერიტორიული მთლიანობა. მეორე, რაზეც ჩვენი ეროვნული მოძრაობა ყურადღებას ამახვილებდა, იყო ის, რომ მართალია, საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ უცვნია ქვეყნის დაპყრობა, კაპიტულაციის აქტზე ხელი არ მოუწერია. 1921 წლის მარტში იგი წავიდა ემიგრაციაში და იქედან აგრძელებდა ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად (ეს ბრძოლა ფაქტობრივად არც 1989 წელს იყო შეწყვეტილი). ასე რომ, საქართველო იყო უკანონოდ ოკუპირებული. ხელისუფლება, რომელიც იმ დროს საქართველოში არსებობდა, იყო სამართალმემკვიდრე 1921 წლის თებერვალში შექმნილი საქართველოს რევკომისა. აქედან გამომდინარე, ისიც უკანონო იყო. ასევე ყურადღება ექცეოდა იმას, რომ საქართველო ქართველი ერის ნების წინააღმდეგ 1922 წლის დეკემბერში გააერთიანეს ამიერკავკასიის ფედერაციაში, შემდეგ კი - საბჭოთა კავშირში. ეს არავის უკითხავს ქართველი ერისთვის. ეს საკითხი გადაწყვიტა სატელიტმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სერგო ორჯონიკიძის წინამძღოლობით. ქართული ეროვნული მოძრაობა მოითხოვდა, რომ მომხდარიყო ქვეყნის დეოკუპაცია და ქართველ ერს მისცემოდა იმის საშუალება, რომ თვითონ აერჩია ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავად უნდოდა. ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ასე გადაწყდებოდა ქვეყნის მომავალი ბედი.

- ვინ მიიღო კონკრეტულად 1989 წლის აპრილში მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის გადაწყვეტილება?

KARIBCHE- გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. ყველაფერი შეთანხმებული იყო საბჭოთა კავშირის პრეზიდენტთან, მიხეილ გორბაჩოვთან. გადაწყვეტილების უშუალო შესრულება დაევალა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს (მინისტრი იაზოვი) და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს (თავმჯდომარე კრიუჩკოვი). რა თქმა უნდა, დავალების შესასრულებლად მზად იყო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროც. თბილისში ჩამოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ დარბევისა გახლდათ შემდგომში ვითომდაც ცნობილი რუსი დემოკრატი, გენერალი ალექსანდრ ლებედი, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტობაზეც კი ჰქონდა პრეტენზია. იმ პერიოდში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი იყო გენერალი იგორ როდიონოვი, რომელიც უშუალოდ ემორჩილებოდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრ იაზოვს. მთავრობის სახლის წინამდებარე ტერიტორიის გაწმენდა-განთავისუფლება სპეცრაზმს, რა თქმა უნდა, უმტკივნეულოდაც შეეძლო (მაგალითად, წყლის ჭავლით და ა. შ.) მაგრამ სპეციალური მითითება არსებობდა: მიტინგი სასტიკად უნდა დარბეულიყო. უნდა გამოეყენებიათ ცივი იარაღი - ორლესული მესანგრის ნიჩაბი და ქიმიური გაზი, რომლის შემადგენლობა დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო.

- საზოგადოების რაღაც ნაწილი დღესაც სვამს კითხვას: რა საჭირო იყო ეს სისხლისღვრა, საბჭოთა კავშირი ხომ ისედაც დაინგრეოდა. ამას ხელს უწყობდა დასავლური სამყარო და აშშ; რატომ ყველა ერი არ შეასკდა შიშველი ხელებით რუსების ტანკებს. ხომ არ გავუსწარით მოვლენებს წინ? რა მოგვიტანა 9 აპრილმა?

- ჯერ ერთი, სისხლისღვრა ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერებს არ დაუგეგმავთ, მოსკოვმა დაგეგმა. მიტინგები რომ მშვიდობიანად დამთავრებულიყო აპრილში, ეს მაინც არაფერს შეცვლიდა, რადგან სხვა დროს მაინც შეძლებდა მოსკოვი მიზნის მიღწევას. დარბევას ვერ ავიცილებდით თავიდან, რადგან საბჭოთა იმპერიას დიდი ძალა გააჩნდა და ყოველთვის მონახავდა პროვოკაციის საფუძველს და მაინც ჩაგვითრევდა მასში. ეროვნული მოძრაობის მხრიდან უკან დახევა კი ნიშნავდა ეროვნული მოძრაობის პერსპექტივის ლიკვიდაციას. თუკი ჩვენ უარს ვიტყოდით ეროვნული მოძრაობის იდეალებზე, მაშინ უარვყოფდით მთელს ჩვენს წარსულს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევისთვის იბრძოდა დასავლური სამყარო და აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის წინამძღოლობით, მაგრამ საკითხავი ეს არის: საიდან გაჩნდა დასავლურ სამყაროსა და ამერიკაში აზრი, რომ სსრ კავშირის დანგრევა შეიძლებოდა? რატომ არ გაჩნდა ეს აზრი XX საუკუნის 50-იან ან თუნდაც 70-იან წლებში? - ეს იმიტომ, რომ დასავლურმა სამყარომ კარგად დაინახა, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრება აღარ უნდოდათ სხვა რესპუბლიკებს. ანუ ქვეყნის შიგნით რომ არ დაწყებულიყო დამანგრეველი პროცესები, დასავლური სამყარო ვერ აიღებდა თავის თავზე საბჭოთა კავშირის დანგრევის საქმეს. თუკი ყველა ერი გულზე ხელს დაიკრეფდა და დაელოდებოდა საბჭოთა კავშირის გარედან დანგრევას, მაშინ იმპერიას შეიძლება კიდევ დიდხანს ეარსება. ასე რომ, დასავლური სამყაროს მხარდაჭერა პირდაპირპროპორციული იყო ეროვნული მოძრაობის სიძლიერისა. 1989 წლის 9 აპრილით ჩვენ მივიღეთ ის, რომ სულ მალე მოვიპოვეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმისი მტკიცება, რომ საბჭოთა კავშირი 9 აპრილმა დაანგრია. იგი დაანგრია მრავალმა შინაგანმა და გარეგანმა ფაქტორმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მძლავრი - სწორედ ეროვნული მოძრაობა იყო. ამ ეროვნული მოძრაობის ავანგარდში მივდიოდით ქართველები. ასე რომ, 9 აპრილი არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში. იმ ადამიანების უმანკო სისხლი ტყუილად არ დაღვრილა. ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ თავისი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დანგრევაში.
ბეჭდვა
1კ1