"გაიხსენეთ ეს ყოველივე, გაიხსენეთ!"
"გაიხსენეთ ეს ყოველივე, გაიხსენეთ!"
საბჭოთა სამყარომ უამრავი ადამიანი აქცია ტუსაღად, მათ შორის - სასულიერო პირიც. მამა არსენიც ერთი იმათგანი იყო. ქვემოთ მოყვანილი მასალა მცირე ნაწყვეტია მისი წიგნიდან. გადასახლებაში მყოფი მამა არსენი დანარჩენ პატიმრებს იმ უბედურებათა სულიერ მიზეზებზე ესაუბრება, რომელთა შედეგები საქართველომაც მძიმედ იწვნია.

"იუწყებით, კომუნისტებმა მორწმუნეებს ციხეებში უკრეს თავი, ტაძრები დახურეს და რწმენა შებღალესო...

გარეგნულად ყოველივე მართლაც ასე ჩანს, მაგრამ მოდით, ისტორიას გადავხედოთ და წარსულს ჩავუღრმავდეთ.

ხალხში სარწმუნოება განელდა, ადამიანებმა საკუთარი წარსული დაივიწყეს, ბევრ სათნოებასა და სიკეთეს ზურგი აქციეს... მაგრამ ვინ არის ამაში ბრალეული? ხელისუფლება? ამ ყველაფერში ჩვენც მიგვიძღვის ბრალი, რადგან საკუთარ ნათესს ვიმკით.

გავიხსენოთ, რა მაგალითს აძლევდნენ ხალხს ინტელიგენცია, არისტოკრატია, ვაჭრები, ჩინოსანნი... ჩვენ, სამღვდელოება კი მათ შორის ყველაზე უარესნი ვიყავით... სასულიერო პირთა შვილები მებრძოლი ათეისტები ხდებოდნენ, უღმერთო რევოლუციონერები, რადგან შინ ურწმუნოებას, სიცრუესა და ტყუილს ხედავდნენ.

რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე დაკარგა სამღვდელოებამ უფლება, ხალხის მოძღვარი და მისი სინდისი ყოფილიყო, რადგანაც ხელოსანთა კასტად გადაიქცა. ათეიზმი და ურწმუნოება, ლოთობა, გარყვნილება და ზნეობრივი დაცემა მათ სამყაროში ჩვეულებრივი რამ გახდა.

იმ აუარება მონასტრიდან, რომლებიც ჩვენს მიწას ამშვენებს, მხოლოდ ხუთი თუ ექვსი წარმოადგენდა ქრისტიანობის ჭეშმარიტ ლამპარს, მის სინდისს, სულსა და სარწმუნოების სისრულეს: ვალაამის მონასტერი, ოპტის უდაბნო თავისი უდიდესი ხუცესებითურთ, დივეევო და საროვოს ლავრა. დანარჩენები კი თითქმის რწმენადაცლილ საერთო საცხოვრებლებად გადააქციეს. ხშირად კი მონასტრები ადამიანებს თავიანთი უარყოფითი რეპუტაციით განაცვიფრებდნენ...

ვისთვის უნდა მიებაძა ხალხს? ასეთ მწყემსთათვის? როგორ მაგალითს ვაძლევდით? ჩვენ ხომ თავადვე აღვზარდეთ უკეთურად ჩვენივე ხალხი, რწმენა გავუნელეთ... გაიხსენეთ ეს ყოველივე, გაიხსენეთ! ამიტომაც დაგვივიწყეს ასე იოლად მისი მსახურნი, რწმენა დაკარგეს და ეკლესიების ნგრევას მიჰყვეს ხელი..."
ბეჭდვა
1კ1