საქართველოს ბედი წყდებოდა დიდგორის კალთებთან
საქართველოს ბედი წყდებოდა დიდგორის კალთებთან
მზე ქრისტიანობისა
"ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის რჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართ, არამედ თვით ეშმაკებსაც იოლად დავამარცხებთ... მაშ, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით, ვიდრე გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, ჩვენივე ნებით ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს მტკიცე გულით, დაუნდობლად შევუტიოთ!.."

ვინ იცის, რამდენ მხედართმთავარს მიუმართავს ბრძოლის დაწყებამდე თავისი ჯარისთვის მგზნებარე სიტყვით, რამდენს მოუწოდებია სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკების წინ მამაცობისკენ, მაგრამ იმ საოცარ თავგანწირვას და საკუთარი სიცოცხლის ზვარაკად მიტანის სიდიადეს ღვთისა და სამშობლოს სამსხვერპლოზე, რომელიც ზემოთ მოყვანილ უკვდავ სიტყვებშია მოცემული, ბადალი არ გააჩნია...

ეს სიტყვები ქართველთა მეფემ დავით აღმაშენებელმა წარმოთქვა ომის წინ. იდგა 1121 წლის 12 აგვისტოს სისხამი დილა, საქართველოს ბედი წყდებოდა დიდგორის კალთებთან. დავით აღმაშენებელი ემზადებოდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების მოსაპოვებლად თითქმის ათჯერ აღმატებულ მტერთან...


"მესიის მახვილი"
მას შემდეგ, რაც 16 წლის დავით IV-მ საქართველოს ერთპიროვნული მმართველის მძიმე გვირგვინი დაიდგა, 32 წელი გასულიყო. სამშობლოს იმედად და მტერთა რისხვად ასულიყო ტახტზე ჭაბუკი მეფე.

უაღრესად მისჭირვებოდა დამპყრობთაგან მოძალებულ საქართველოს. განსაკუთრებით თურქ-სელჩუკები "სვამდნენ ქართველთა სისხლს". დაუსრულებლად მოდიოდნენ სამოთხის დარ საქართველოში, წვავდნენ, აოხრებდნენ, ბილწავდნენ და ანადგურებდნენ ყველას და ყველაფერს...

სწორედ დროზე მოევლინა საქართველოს დავით აღმაშენებელი. ამოაგელვა "მესიის მახვილი" ჭაბუკმა მეფემ და შავი დღე გაუთენა თურქებს. სადაც კი მოიხელთა, ყველგან აჩვენა ქართული ხმლის უძლეველობა. 60 ბრძოლა გადაეხადა და ყველა მოეგო. მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე თურქებს სწორედ პატარა საქართველო ედგა შეუვალ ციხე-სიმაგრედ. ვერ იქნა და ვერ გატეხეს "ჯიუტი გურჯების" სიმამაცე თურქ-სელჩუკებმა, ვერავინ გამოჩნდა ქართველთა ხელმწიფის მძლეველი მუსლიმთა შორის...

ამას კი ვეღარაფრით შეურიგდებოდნენ თურქნი და შეიკრიბა საქართველოს ამოსაგდებად აზიის მუსლიმანობა. ერაყის მბრძანებელი მაჰმუდი ჩაუდგა სათავეში ქართველთა წინააღმდეგ საღვთო ომის სამზადისს და მოუწოდა - "სადაღაცა ვინმე იყო, დამასკო და ჰალაბიდან ამოღმართ, ყოველსა მხედრობად შემძლებელსა", გამოსულიყვნენ საქართველოს შესამუსრავად...

წამოვიდა უზარმაზარი ლაშქარი საქართველოსკენ. მთავარსარდლად მოუძღვის ილღაზი ნახევარ მილიონამდე მუსლიმ მეომარს (ფრანგი გოტიეს ცნობით, თურქთა ჯარი 600 ათასს ითვლიდა). მოზღვავდა თვალუწვდენელი ურდო და თრიალეთის კალთებთან დაეყარა მოსასვენებლად. საწკეპელას ქედიდან ხედავდა დავითი, თუ როგორ ივსებოდა იქაურობა მტრის კარვებით, თავი და ბოლო აღარ უჩანდა ურდოს. არც საშველი ჩანდა საიდანმე. ისევ მარტოდმარტო ეგებებოდა საქართველო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვან მტერს...


კიაფობდა ხმლის ვადაზე ვაზის ჯვარი
გათენდა 1121 წლის 12 აგვისტო. გამოვიდა ქართული ჯარის წინ ახოვანი მეფე. სულ 55 ათასი მეომარი ჰყავდა აღმაშენებელს. ბრძოლის სეფე გეგმა მომზადებული ჰქონდა დავითს, მზად ჰქონდა ხეთა ხორგებიც უკან დასახევი გზის მოსაჭრელად. თავადაც იქ იდგა, სადაც ყველაზე დიდი საფრთხე მოელოდა ქართულ ჯარს, იქ, ბრძოლის მეწინავედ...

დემეტრეს ჰკიდა თვალი მეფემ, თავის მამაც ძეს. გულუძვრელად და მხნედ იდგა ჭაბუკი უფლისწული. გამორჩეული მხედრობა ჩააბარა პირმშოს და ოდნავ მოშორებით ბორცვზე აგზავნა. ვერავინ მიხვდა, რა ედო გულში აღმაშენებელს, არც არავის შეუწუხებია ზედმეტი კითხვებით, რადგან ყველამ იცოდა, ბადალი არ ჰყავდა ომის წარმართვაში.

გასრულდა საომარი სამზადისი. გასრულდა მგზნებარე სიტყვაც: "ეჰა, მეომარნო ქრისტესანო!.." ჩაიხერგა უკან სავალიც. მერანი შეატრიალა მტრის ურდოსკენ აღმაშენებელმა და წამით ხმლის ვადაზე ჩამოასვენა მძლავრი მარჯვენა. თრიალეთის მთის წვერზე ამოწვერილი მზის ათინათი დაეცა დავითის საჭურველს. ვაზის ჯვარი აკიაფდა სწორუპოვარი მეფის ხმლის ვადაზე. მახვილი იშიშვლა და ჯვარს ეამბორა აღმაშენებელი...

დიდგორის ომი დაიწყო!..


მოახსენეს ილღაზს, ქართველები მოდიანო...
კარვიდან გამოვიდა მუსლიმთა მხედართმთავარი, ავი ღიმილით გახედა დიდგორის მისადგომებს. ქართველთა მცირე რაზმი მოაგელვებდა ბანაკისკენ ცხენებს. მსწრაფლ გადათვალეს - 200 მხედარი უახლოვდებოდა ილღაზის ურდოს. აღმაშენებლისგან გამოქცეულებად იაზრეს თურქებმა. ანკი სხვა რა უნდა ეფიქრათ? ვინ გაბედავდა 200 მხედრით ბრძოლას ნახევარმილიონიან ჯართან! "შემოუშვითო", ბრძანება ისროლა ილღაზმა. განიხვნა გზა და შემოვიდა 200 მხედარი მუსლიმთა ბანაკში, მთავარსარდლის სადგომისკენ ეჭირათ გეზი. გაკვირვებული თვალებით მიაცილებდნენ თურქნი აუხსნელი მისიით მისულ ქართველთ. უკვე ბანაკის შუაგულში იყვნენ, როცა ილღაზის მცველნი გადაუდგნენ წინ - მთავარსარდალს ქვეითად უნდა წარუდგეთ და იარაღიც ჩაგვაბაროთო...

და მოხდა მოულოდნელი და არგაგონილი: ქართველებმა ხმლები გაიძრეს და დამხვდურებს დაერივნენ. გაშეშდა მუსლიმთა ურდო, ვერ დაეჯერებინათ, რომ ეგზომ მცირე რაზმი შებმას უპირებდა მთელი აზიის მხედრობას. უყურებდნენ და ხელგამოუღებლად ეჟლიტებოდნენ თავზეხელაღებულ ქართველებს...

წამსვე მტვრის ბუღი ავარდა ჰორიზონტზე. გაისმა საბრძოლო ყიჟინა, თითქოს გრიგალი უახლოვდებოდა თურქთა ბანაკს. გრიგალს ახოვანი მხედარი გამოეყო, ვაზის ჯვარი უკიაფებდა ამოწვდილ ხმალზე...

გრიგალი შეიჭრა თურქთა ურდოში...

ვეღარ გაეგო ილღაზს - იმ ორასი მხედრის შემოჭრას რა საერთო ჰქონდა ყოველი მხრიდან წამოსულ ყიჟინასთან. მიასია თურქთა სარდალმა ურიცხვი ჯარი მტერს. ვერ იქნა და ვერ გაიშალნენ თურქნი ვიწრობში. ახოვანი მხედარი კი მოდიოდა და მოარღვევდა მუსლიმთა ჩაგუბებულ რაზმებს...

ჩალის ფასი ჰქონდა ილღაზის ჯარის სიმრავლეს, უმეტესობა უძრავად იდგა ხელშემართული და უცდიდა, როდის წაიწევდნენ წინ მეწინავენი, რომ უკან მიჰყოლოდნენ...

წინსვლა კი არ იყო...

ორასი თავზეხელაღებულიდან ერთ-ერთმა სარდლების კრებულისკენაც გაიწია, მიკაფ-მოკაფა ამალისანი, სარდალთა დიდი ნაწილი აჩეხა, ერთ-ერთს ძვირფასი ოქროს მანიაკიც ააგლიჯა მკერდიდან და გაოგნებულს თავიც წააცალა...

თვალებს არ უჯერებდა კივილით ხმაჩახლეჩილი ილღაზი. უკვე გასაქცევად იბრუნა პირი მუსლიმთა ურდომ. ზურგიდანაც გრიგალი დაეშვა - დემეტრე უფლისწული დაქანებულიყო მთიდან და რჩეული ჯარით სისხლის ტბებს აყენებდა მუსლიმთა კვალდაკვალ...

ერთადერთი გასასვლელი დაეგდოთ ქართველებს - იმ გზას მიაწყდა მტერი...

აღარც ილღაზი იყო მათი შემკავებელი. სანამ დრო იყო, თავადაც გაცლა ურჩიეს თავდასახსნელად...

ბრძოლა დასრულებულიყო...

მშვიდად იღიმებოდა დავით აღმაშენებელი, კაცობრიობის ისტორიაში უმაგალითო გამარჯვების დიდი შემოქმედი...

გადაშენებულიყო თურქთა სახსენებელი საქართველოდან. ახლა სხვა საზრუნავი გასჩენოდა დამაშვრალ მეფეს...

ზეციდან კი თითქოს რეკდა მისი სადიდებელი:

"არარაის იყავ, დავით, მთხოვნელი,

უკვე გქონდა წილად უფლისანი

წყალობანი, წყალობანი ყოველნი,

გალობანიც... სინანულისანი!.."

ღვთაებრივი დიადემა ადგა აღმაშენებელს...

ღვთაებრივი დიადემა - როგორც "მზე ქრისტიანობისა!.."

მოამზადა
ზვიად სეხნიაშვილმა
ბეჭდვა
1კ1