ქართველი დედაკაცები
ქართველი დედაკაცები
თქმულებებსა და გადმოცემებში ნათლად ირეკლება ძველი საქართველო, ამ ანარეკლში კი იკვეთება სახე ქართველი დედაკაცისა, რომელიც ძალმოსილს ხდიდა და მხნეობას მატებდა ქართველი მამაკაცის წუთისოფელს.

თამარულ ჭინჭარაული. ლეკები დასხმიან თავს ხევსურეთს. ხევსურის ქალი თამარულ ჭინჭარაული თავის სახლში, კარს უკან დამალულა. ლეკები სოფელს აწიოკებდნენ და სახლიდან სახლში გადადიოდნენ. მიაღწიეს თამარულის ეზო-კარსაც. რამდენიც შევიდოდა სახლში, თამარული ხმლით კლავდა. ერთბაშად შეიჭრნენ ლეკები სახლში. ბრძოლა გაჭირდა. თამარული გარეთ გამოვიდა, შეება მომხვდურს და 32 კაციც გაისტუმრა საიქიოს, სამი გაექცა. შეუერთდა მამაკაცებს და მათთან ერთად დაედევნა მტერს.

ბრძოლა რომ დამთავრდა, ხალხმა ჰკითხა თამარულს: - რა გინდა, რომ გაგიკეთოთო?

- მე არაფერი მინდა, - უპასუხა თამარულმა, - ოღონდ გუდანის ხატში ყოველ დღესასწაულზე ერთი ქვაბი ლუდი დაიდგას ჩემთვის და ამით მომიგონებდეს ხალხიო.

მართლაც, ხევსურეთში, გუდანის ხატში, ყოველ დღესასწაულზე დგამენ ხოლმე ერთი დიდი ქვაბით ლუდს და იტყვიან: "თამარულსაო, კარებ უკან დამალულსაო, შაუნდას ღმერთმაო!"

ცხრაწყარო. იმ ადგილას, სადაც ახლა ცხრაწყარო გამოდის, თურმე კარგი შეძლებული ქართველი ოჯახიშვილი ცხოვრობდა. ცხრა ვაჟიშვილი ჰყოლია, ცხრავე ვაჟკაცი. ერთხელ ხეობას ლეკები შემოსევიან. ამ ოჯახიდან ცხრავე ძმა გასულა მტრის დასახვედრად. ბრძოლაში ცხრავე დახოცილა. ცხრა საკაცით მოუსვენეს თურმე დედას ვაჟიშვილები. საწყალ დედაკაცს ცხრავე ამ ფერდობზე დაუმარხავს. მერე ჩამოუვლია და სათითაოდ დაუტირებია. საცა დედის ცრემლი დაეცა, იმ ადგილიდან წყარო გამოსულა. ამიტომ დაერქვა ცხრაწყარო.

ციხე-კოშკები. თამარ მეფეს ხშირად უხდებოდა ქვეყანაში მგზავრობა. თან ყოველთვის დიდი ამალა ახლდა. ჯერ თურმე ცხენოსანი ქალები მიჰყვებოდნენ, მერე - კაცები. სადმე გამგზავრებას რომ დააპირებდნენ, თამარ მეფე ბრძანებდა და თითოეული ქალი ლეჩაქის ყურში ერთ მუჭა კირს გამოკრავდა ხოლმე. თამარს თუ ადგილი მოეწონებოდა, ბრძანებდა: კირი აქ დაყარეთო. დაგროვდებოდა იმოდენა კირი, რომ დიდი ეკლესიის ან ციხის ასაშენებლად კმაროდა. ახლა კაცებს დაამწკრივებდა, რიყიდან ქვას ამოაზიდვინებდა - ერთიმეორეს გადასცემდნენ და ისე აჰქონდათ მთის წვერზე. რა სიმაღლეც ეძლეოდა კედელს, გარედან მიწაც იმდენი ეყრებოდა და როგორც ხარაჩოებზე, ამ მიწაზე ისე ადიოდნენ. მშენებლობა რომ გათავდებოდა, მიადგებოდნენ ამ მიწას და გადაყრიდნენ. გამოჩნდებოდა შენობა. ასე შენდებოდა ციხე-კოშკები მაღალ, მიუვალ მთებზე. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა?! იქ იმოდენა ქვასა და კირს ვინ აზიდავდა?!

უცეცხლოდ ადუღებული ქოთანი. თათარი რომ შემოესია კახეთს და დიდი ბრძოლა შეიქმნა, აიყარა მოსახლეობა. ისე გარბოდნენ, რომ ფეხმძიმე ქალები გზაში მშობიარობდნენ. მტერმა აიკლო სოფლები.

ერთ სოფელში ბებერი დედაკაციღა დარჩა, გაქცევა არ შეეძლო. მტერი მიადგა მის ეზოსაც. ერთმა გაქცეულმა გზიდან დაუყვირა: - არიქა, თავს უშველე, მტრის ჯარი მოდისო. ელდანაკრავმა მოხუცმა ცეცხლის პირას მოჩუხჩუხე ქოთანს დაავლო ხელი და გაქცევა სცადა. კართან არ იყო მისული, რომ მტერი უკვე ეზოში შემოვიდა. შეშინებულმა მოხუცმა ადუღებული ქოთანი იქვე, კარებში დადგა და თვითონ ტახტქვეშ შეძვრა. თათრები მივიდნენ, დაინახეს უცეცხლოდ მოჩუხჩუხე ქოთანი, შეშინდნენ და სახლში რაღა შეიყვანდათ! თქვეს: აქ ეგრე უცეცხლოდ დუღს ქოთანი და ჩვენ რომ შიგ შევიდეთ, რაღა დაგვემართებაო. გამობრუნდნენ უკან და გაიქცნენ.

ასე გადარჩა ეს სოფელი განადგურებას.

ამბად გაგონილი. მეფე ერეკლეს ხლებოდა ერთი ღარიბი მოხუცებული დედაკაცი და მოწყალება ეთხოვნა.

- სხვისო მამავ და ჩემო მამინაცვალო, ერთხელ ჩემკენაც მოიხედეო, - უხუმრია დედაკაცს.

- რა არის, ამდენი ხანი სულ მოწყალებაზე დადიხარ, - ებრძანებინა ხუმრობითვე მეფეს, - განა შვილები არა გყავსო?

- მაშ, რის დედაკაცი ვიქნები, რომ შენთვის ყმა არ გამეზარდოს, შვიდი შვილი გაგიზარდეო!

- არა გრცხვენია, დედი, შვიდი შვილის პატრონი საგლახაოდ დაიარებიო?

- ვიშ, შენი კვნესამე, ნეტავი ერთი მყავდეს და შენისთანაო, - უპასუხია დედაკაცს.

ქალქვა. შაბაშ-ყეინი შემოესია საქართველოს, კახეთი ააოხრა. მიადგა ყვარელსა და სოფელ საბუეს. გოგილაანთ გვარის ქალი გაექცა მტერს. ერთი ბალღი ხელმოკიდებული მიჰყავდა, მეორე კი მხარზე ედგა აკვნით. მოიხედა და ხედავს - საცაა, დაეწევიან ურჯულოები.

ინატრა: ოღონდ მტრის ხელში არ ჩამაგდო და ნეტავ გამაქვავა მაინც ჩემი შვილებიანადო. დაასრულა სიტყვა და იქცა ეს ქალი ქვად.

ამიტომ ეძახიან საბუის ბოლოს ქალქვის მინდორს. გდია წყლის პირას ეს ჭროღა ქვა და ორიც პატარა გვერდს უწყვია, ვერაფრით დაძრავ ადგილიდან.

ქართველი ქალი. მრისხანე აღა-მაჰმად-ხანს საჩუქრად მიჰგვარეს მშვენიერი ქართველი ტყვე ქალი. მეუღლე ბრძოლის დროს დაეღუპა. ძუძუმწოვარა ბავშვი მტრებმა დედის თვალწინ დაანარცხეს ქვას. თვით დედა კი სილამაზემ გადაარჩინა.

"რად მინდა ქალი, ვინ არის ამის მყიდველიო," - იკითხა საჭურისმა შაჰმა. ქალი მდიდარმა ჯაფარ-ბეგმა იყიდა და ნარიყალის ციხეში მიიყვანა. უბრძანა, მაჰმადიანობა მიეღო და მისი გამხდარიყო. ქალმა არაფერი უპასუხა, ჩაფიქრდა, მერე ჯაფარ-ბეგს ხელისგული გაუსინჯა და უთხრა: - შენი ხელისგულის ხაზები მეუბნება, რომ ამაღამ საკუთარი ხანჯლით სიკვდილი გიწერიაო, - მერე ხანჯალი მოსთხოვა, - შევულოცავ და უვნებელი გახდები, სიკვდილი არ მოგეკარებაო.

მაჰმადიანებს სწამდათ, რომ ქართველმა ქალებმა იარაღის შელოცვა იცოდნენ. ჯაფარ-ბეგმა ხანჯალი მოიხსნა და ქალს გადასცა. ქალმა ჯერ შეულოცა, მერე ხანჯლის წვერი გულზე მიიდო და ჯაფარ-ბეგს უთხრა: ხანჯლის ტარს დაჰკარი და დარწმუნდები, რომ არ დავიჭრებიო. ჯაფარ-ბეგმა თხოვნა შეუსრულა და... ტყვე ქალი გულგანგმირული დაეცა მის ფერხთით.

თინა წავკისელი. თინა გაბაშვილის ყმა ყოფილა. მოღალატე ქართველებს სხვა გოგო-ბიჭებთან ერთად ისიც სპარსელებისთვის მიუყიდიათ. გზაზე მყიდველთ მათთვის პატივის აყრა მოუნდომებიათ. თინას შეუტყვია მათი განზრახვა, დაურიგებია ამხანაგები, წაუძრიათ სპარსელებისთვის ხანჯლები და დაუხოცავთ ყველანი. თვითონ შემსხდარან მათსავე ცხენებზე, წამოსულან მეფე ერეკლესთან და ყველაფერი დაწვრილებით უამბიათ. მეფეს გაჰკვირვებია მათი მხნეობა. სხვა ქალები დაუთხოვია, თინა კი სასახლეში დაუტოვებია. თინას კარგად შეუსწავლია თოფის სროლა, ხმლისა და ხანჯლის ხმარება და ცხენზე ჯდომა. ამის შემდეგ აღარ განშორებია მეფეს. ერეკლეს ყველა ლაშქრობაში თან ხლებია თინა. ამ მამაც დედაკაცს არაერთხელ უსახელებია თავი მეფის წინაშე მამაცობით და მხნეობით.

ერთ ომში თინასა და ერთ გლეხს ისე მამაცურად უომიათ, რომ მეფეს ძლიერ მოსწონებია ორივე და მათი შეუღლება უბრძანებია. მათაც აღუსრულებიათ მეფის ბრძანება და დასახლებულან წავკისს. დაქმარშვილებულ თინას მაინც არ მოუკლია ქვეყნისთვის სამსახური: ის ყოფილა თავისი სოფლის მტერთაგან მცველი.

ერთხელ მეფეს აქაური გლეხები მდევრად გაუყვანია. ამ დროს ხმა გავარდნილა - წავკისს დარბევას უპირებენ თათრებიო. თინას შეუტყვია ეს ამბავი, მაშინვე სოფლის დედაკაცები და ბავშვები ერთ კოშკში შეურეკავს, კოშკის კიბის საფეხურებზე სკები დაუწყვია, ჩაუკეტავს ორივე კარი და უბრძანებია: მე მივდივარ თბილისს მეფისთვის შესატყობინებლად. თუ მტერი მოადგეს კოშკს, დაამტვრიოს ძირის კარი და ამოვიდეს კიბეზე, სკიდან ფუტკარი გაუშვით, რომ მტერი ჩვენს მოსვლამდე შეაჩეროსო. გამოფრენილა თინა თბილისს, მეფესთან.

ამ დროს მტერიც მისდგომია კოშკს, შეულეწავს გარეთა კარი, ასულა კიბეზე და აუღწევია ზევითა კარამდე. შიგ შეხიზნულ ქალებს გაუხსნიათ სკები, გამოუშვიათ ფუტკარი, რომელსაც დაუწყია ბნელში საშინელი ბზუილი და დაუკბენია თათრები. ამასობაში თინაც მოსულა ლაშქრით და დაუმარცხებია მტერი.

ამის შემდეგ თინას ქმარი მოჰკვდომია, დარჩენია ორი ვაჟი. მას აღა-მაჰმად-ხანთანაც უბრძოლია. ბოლნისის ახლოს მოუკლავს მტერს და ერეკლეს ბრძანებით, იქვე, ბოლნისის სიონთან, ქმრის გვერდით დაუკრძალავთ. მეფემ საფლავის ქვაზე მათი სახეები ამოაჭრევინა თურმე, მათი ობლები კი სასახლეში წაუყვანია გასაზრდელად.

თამარ ვაშლოვნელი. თამარს დედა ადრე მოუკვდა და მამამისმა მეორე ცოლი შეირთო. მამაც რომ გამოესალმა წუთისოფელს, ბატონმა თამრო გადამთიელს მიჰყიდა, მაგრამ ქალმა თავი თვითონვე დაიხსნა და მამის ოჯახში დაბრუნდა. ცხოვრობდა სოფელ ვაშლოვანში თავისუფლად. ბატონი აღარ ჰყავდა, რადგან ვინც თავს ტყვეობიდან დაიხსნიდა, კანონით, თავისუფალი იყო.

თამრო ყოფილა გაუტეხელი, მეხივით დედაკაცი, მისი სახელი განთქმული იყო საქართველოში. სოფელში უმისოდ არა კეთდებოდა რა.

ერთხელ ვაშლოვანს თათრები შემოსევიან, აუკლიათ სოფელი, დაუნგრევიათ ეკლესიები და ხალხი ტყვედ წაუყვანიათ. თამრო თავისი რაზმით გამოსდგომია თათრებს, დასწევია და საკვირველი გმირობა გამოუჩენია - მტრისგან ამბის წამღები არ დაუტოვებია, ქართველი ტყვეები კი დაუხსნია. ეს ამბავი მეფეს რომ შეუტყვია, დიდი მადლიერებით უთქვამს თამროსთვის: "ოჰ, შვილო, შენ გენაცვალოს ჩემი მოხუცი თავი, რომ შენის მაგალითით კაცებიც გამხნევდნენო". მერე მიუცია მისთვის და მისი რაზმელებისთვის ტყვია-წამალი და ერთ ზარბაზანსაც დაჰპირებია. თამროს თავის რაზმში ბევრი მეომარი ქალი ჰყოლია.

ერთ ღამეს ლეკები დაეცნენ ვაშლოვანს. თამრო თავისი რაზმით მედგრად შეებრძოლა და განდევნა კიდეც. არ გასულა ამ ამბის შემდეგ დიდი ხანი და ხმა გავარდნილა: ვაშლოვანს თათრები უპირებენ დაცემასო. თამროს სოფელი მაშინვე საფარში შეუხიზნავს, თვითონ შეუიარაღებია ხალხი და ჩასაფრებია მტერს ვიწრო ხეობაში. თათრების მოახლოებისას გამოსულა, თავისი ლურჯა ხევის პირას გაუქროლ-გამოუქროლებია. თათრები დასდევნებიან და შესულან ხეობაში. ჩასაფრებულ ქართველებს დაუშენიათ თოფები. ამასობაში თამროც გამობრუნებულა და ერთობლივ მეხად დასცემიან მტერს, დაუხოცავთ და წაურთმევიათ ნაალაფარი. ხალხსა და მეფეს თამროსთვის დიდი მადლობა შეუთვლიათ.

ერთ ავ აზნაურს თამროს დიდება და ქება შეჰშურებია და ქვეყნის ღალატი შეუწამებია. მეფეს პირში წაუყენებია მაბეზღარი თამროსათვის. ქალს დაუმტკიცებია თავისი ერთგულება სამშობლო ქვეყნისა და მტრობა და ღალატი თვით იმ მაბეზღარა აზნაურისა. მაშინ მეფეს უთქვამს თამროსთვის: "წადი, შვილო, ეცადე, შენი მაგალითით მამაკაცებიც გაუერთგულო სამშობლო ქვეყანასო". ამ დროს მეფესთან ყოფილან თავადები და რადგან მოსწონებიათ თამროს ახოვნება, უთხოვიათ, აი იმ ფალავანს დაეჭიდეო. თამროს უარი არ უთქვამს, დასჭიდებია და დაუმარცხებია ფალავანი.

ფალავნობამ თამროს ბევრი მტერი გაუჩინა, ამიტომ დამალულა და არავის ეჩვენებოდა. მაგრამ ერთხელ მეფესთან საჩივლელად მიმავალი მტირალი გლეხი უნახავს. მიჰყოლია ერეკლესთან და შეუჩივლია ხალხის მწვალებლებზე. მეფეს ძლიერ სწყენია სიავკაცე ბატონებისა, დაუბარებია ისინი და ძლიერ დაუტუქსავს. თამრომ გლეხი კი იხსნა, მაგრამ თავს კი ვერ უშველა. ერთ დღეს დაუჭერიათ თავადების მოგზავნილ კაცებს, წაუყვანიათ და მტკვარში ჩაუგდიათ. თამრო წყალს ხიდის ბურჯზე მიუხეთქებია. წვალებით ასულა იმ ბურჯზე, მაგრამ დასუსტებულს ჩამოსვლა ვეღარ მოუხერხებია და მშიერ-მწყურვალს სული განუტევებია.

გასულა ხანი. თამროს ცხედარი ერთ მეცხვარეს უნახავს და შეუტყობინებია სოფლისთვის. ხალხს წამოუსვენებია მისი ყვავ-კაჭკაჭებისგან დაჯიჯგნილი გვამი და დიდი პატივით დაუკრძალავს თრიალეთის ეკლესიაში.

ამაზე არის ნათქვამი ლექსი:

თრიალეთს, დიდსა საყდარსა, თამარი ასაფლავია,
მისებრ ერთგული, მამაცი ჩვენ არ გვყოლია ქალია.
თამარსა ვაშლოვანელსა ვაშლი უდგია თავსაო,
რიგი მწიფს, რიგი ყვავილობს მისი საფლავის გარსაო,
დამტირებელი არა ჰყავს, ნეტარება მის გვარსაო.
ბეჭდვა
1კ1