დიდება სახიერებასა მისსა!
დიდება სახიერებასა მისსა!
მეფე თეიმურაზი და მისი მოძღვარი. თავიდან ის ქართველი მეფე და მისი მოძღვარი ვახსენოთ - კაცთაგან სათანადოდ პატივმიუგებელნი, რომლებიც ღმერთმა განადიდა. მეფემ მტკიცედ დაიცვა მართლმადიდებლობა. არ მოერიდა ანტონ კათალიკოსის სახელს და იგი რჯულის ღალატისთვის კათალიკოსობიდან განაყენა. ზოგი ფიქრობს, რომ ამ აქტს პოლიტიკური სარჩული ედო. მაგრამ ფაქტია, კათალიკოსმა "მტკიცედ აღიარა ქართველთა სარწმუნოებისგან განსვლა და ლათინთა მიმართ მიდრეკა". მისმა წარმომადგენელმა ხუთმა სამღვდელო პირმა უფრო თამამად აღიარა მართლმადიდებლობის ღალატი. თუნდაც მხოლოდ ეს საქციელი თეიმურაზისა განსადიდებელია ქართველთაგან, რამეთუ კათალიკოსის ლათინობა ერსაც ადვილად მიდრეკდა სარწმუნოებისაგან. "რა მშვიდი, რა მართალი, რა მორწმუნე, რა ტკბილი, რა ღვთისმოყვარე", - ამბობს მეფეზე მღვდელმთავარი ამბროსი.

რუსეთში იმპერატორთან დახმარების სათხოვნელად წასული თეიმურაზი პეტერბურგში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ღვთისმშობელს ტირილით შეავედრა თავისი ქვეყანა, - საქართველოს ერს შენი წილხვდომილება განუახლეო. პეტერბურგში მეფის ცხედარი დააბალზამეს და საქართველოში წამოასვენეს. გზაში ცხედარმა გახრწნა დაიწყო, ამიტომ ასტრახანის საკათედრო ტაძარში ვახტანგ VI-ის გვერდით დაკრძალეს. ეს მოხდა 1762 წელს.

გავიდა ორასი წელი. 1973 წელს, ასტრახანის საკათედრო ტაძრის რესტავრაციის დროს, ქართველთა მეფის სამარხის გამოსაკვლევად საქართველოდან მეცნიერთა ჯგუფი გაემგზავრა. ვახტანგ VI-ის სამარხში მხოლოდ ძვლები აღმოაჩინეს. თეიმურაზის აკლდამა გახსნეს. განუხრწნელი დახვდათ როგორც მეფის ცხედარი, ისე მისი შესამოსელი. კეთილსურნელება იფრქვეოდა მეფის სხეულიდან. საღმრთო განგებულებით, ხრწნა შეჩერებულიყო და ვერც ასტრახანის ნესტიან ჰავას დაეკლო მისთვის რამე. საუკუნოდ იყოს ხსენება მეფე თეიმურაზისა.

არ ვიცი, ვინმე ისე თუ გაულანძღავთ ჩვენი ძველი თუ ახალი დროის მეცნიერებს, როგორც მამა ზაქარია გაბაშვილი, "მრისხანებისა ჰუნესა ზედა" ამხედრებულს არ აკმარებდნენ... ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას ანტონმა მეფე თეიმურაზ მეორეს "მიწყალეს" თარგმანი გამოუგზავნა, რომელიც ლათინთა წვალებით იყო სავსე. ეს თარგმანი საქართველოში აიკრძალა. იოსებ კათალიკოსმა ამ წიგნის "აღმსარებელნი და ხელის წარმწერელნი ძლიერად შეაჩვენა და დასწყევნა". კათალიკოსის აზრს ეთანხმებოდა ალავერდელი მიტროპოლიტი ზენონი, ზაქარია ხუცესი და სხვანი. თეიმურაზის სიკვდილის მერე ერეკლე მეფემ ანტონი საქართველოში გამოიწვია. მან კვლავ დაიკავა საპატრიარქო ტახტი და პირველ რიგში მიზნად დაისახა "მიწყალეს" თარგმანი გაემრავლებინა. მის წადილს წინააღმდეგობა გაუწიეს იოსებ კათალიკოსმა და ზაქარია ხუცესმა. მაშინ ანტონმა 1764 წელს კრება მოიწვია, სადაც განკვეთეს და შეაჩვენეს ზაქარია ხუცესი, მასთან ერთად მისი ძე იოსები და მოწაფე ისააკი. იოსებ კათალიკოსი, რომელმაც, გრიგოლ ღვთისმეტყველის მსგავსად, საყდარი დაუტევა, მეტეხში გამოამწყვდიეს. ალავერდელი ზენონი გარეჯის უდაბნოში გაასახლეს.

დიდი განსაცდელი გამოიარეს ზაქარია ხუცესმა და მისმა ოჯახმა, წაართვეს ქონება, უცემეს შვილები. ბოლოს, ცოლ-შვილთან ერთად ურემზე დააგდეს და მთაში გაამგზავრეს. ექვს მთიულს აცემინეს. ორმოცი დღე საპყრობილეში ამყოფეს, წაართვეს რვა შვილი, დიაკვნები, მსახურები. ერთი წიგნიც კი არ დაუტოვეს, ისე გაისტუმრეს რუსეთში. ზაქარიამ დახმარება რუსეთის სინოდს სთხოვა, მაგრამ კაცთაგან მისი შემწე არავინ აღმოჩნდა. ბოლოს, საქართველოში დაბრუნდა და თავი იმერეთს შეაფარა.

გარდაიცვალა იმერეთში 1782 წლის 6 თებერვალს, ლათინთა მამხილებელი წმინდა ფოტი პატრიარქის ხსენების დღეს. მომაკვდავ ხუცესს სახე უბრწყინავდა, ნათლის შარავანდი ადგა. სიკვდილის წინ ნუგეშისსაცემლად ეცხადებოდნენ: წმინდა სპირიდონი, დიდმოწამე გიორგი, მღვდელმთავარნი: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, ორმოცი მოწამე და მოწამენი, რომელთა შორის თავისი ხორციელი ძე იოსებიც იხილა, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა ნინო. ღვთისმშობელმა ასე ანუგეშა: "რამეთუ ადიდე თიხის მიერ თიხისა განმწმედელი და აწ მიგელის შენზედა იერუსალიმი თავისუფალი..." გამოცხადების გვირგვინად თვით უფალმა იესო ქრისტემ ნუგეშისცა, დიდი პატივი და წყალობა აღუთქვა. მამა ზაქარიამ ანდრია მოციქულის ეკვდერის წინამძღვარს, გერასიმეს გარდაცვალება უწინასწარმეტყველა და გელათელი მამები ხილვის ჭეშმარიტებაში დაარწმუნა. როცა გარდაცვლილის ცხედარს ოთხი დიაკვანი ფსალმუნებს უკითხავდა, სამს ჩაეძინა. მეოთხემ კი იხილა, "ნათელი დიდი გარდამოსულიყო წმინდანსა ამასა ზედა და ლამპრებ ეგზნებოდა და სხივთა შარავანდედთა მდიდრად განმტეველობდა". გაოცებულმა დიაკვანმა ნათელს ხელი შეახო, მაგრამ "არღარა იყო სხეულებრივი".

მიტროპოლიტი ზენონი. იმ ღამეს, როცა ზენონ ალავერდელი გარდაიცვალა, ერთ ქრისტიანს უნახავს მისი სახლიდან, "ვითარცა შარავანდედი რაიმე დიდისა ლამპრისა, სახლისა მის სართულისაგან აღმავალი ზეცად..."

ზენონ ალავერდელი უდაბნოს მონასტერში დაკრძალეს. 15 წლის შემდეგ მისი საფლავის სიახლოვეს სეფეწულისთვის საფლავს თხრიდნენ. წერაქვი მღვდელმთავრის კუბოს ფიცარს მოხვდა და ერთი თითის სიგანეზე გატყდა. უეცრად საფლავიდან "ესევითარი კეთილმშვენიერი სურნელება გამოხდა, რომელ გულისა და გონებისა დამატკბობელი იყო". ამის მხილველნი ვერ განძღებოდნენ "სუნნელებითა მით საკვირველითა ჰამოითა" და ადიდებდნენ ღვთის კაცთმოყვარეობას, "რომელმან ესრეთ ადიდნის მადიდებელნი თვისნი აქავე, ხოლო მას საუკუნესა დიდება და პატივი და დიდად შვენიერი ბრწყინვალება გამოუთქმელ არს კაცთა მიერ. დიდება სახიერებასა მისსა!" - ბრძანებს წმინდა გაბრიელ მცირე.

მოწამეთა განდიდება. როცა წმინდა მეფე ლუარსაბს თავი მოჰკვეთეს, იმავე ჟამს გარდამოხდა ზეციდან ნათლის სვეტი და დაადგა იმ სახლს, რომელშიც იყო მდებარე გვამი მოწამისა. ეს სვეტი მრავალჟამს იხილვებოდა დღე და ღამე და ამის მნახველნი ადიდებდნენ ქრისტიანთა ღმერთს.

როცა წმინდა შალვა, ბიძინა და ელიზბარი აწამეს, მათ ცხედრებს დაადგრა ბრწყინვალე ნათელი. გეგონებოდა, უამრავი ლამპარი აუნთიათო, ხოლო მიწაზე, იქ, სადაც ცხებული იყო ქრისტესთვის დანთხეული სისხლი, ყველგან ნათელი კამკამებდა და რომელთა იხილეს, ამბობდნენ, - დიდ არს ქრისტიანთა ღმერთი, რომლისათვისცა ესენი მოიკლენო.

* როცა წმინდა სოლომონ მეფის მოძღვარი წმინდა ილარიონი (ყანჩაიშვილი) ათონზე მივიდა, თქვა, ღარიბი ქართველი ვარო. ბერძნული მან არ იცოდა, ბერძნებმა კიდევ - თურქული. ამიტომაც მამა ილარიონი თავს მყუდროდ გრძნობდა. აღკვეცისას ახალი ტანსაცმელი მოუმზადეს, მან ისევ ძველი, დაკონკილი ირჩია. სხვადასხვა სახის მორჩილებას, ყველაზე მძიმე საქმეს უდრტვინველად ასრულებდა. ორი წელი გაატარა დიონისეს მონასტერში მძიმე მორჩილებაში.

ერთხელ ივერონში ქართული წიგნსაცავის სანახავად წავიდა. ამ დროს მონასტერში სტუმრად ერთი არქიმანდრიტი იყო, რომელიც მან მოსკოვში გაიცნო. არქიმანდრიტმა ილარიონი იცნო, ყველას დასანახად მივარდა, მხრებსა და ხელებზე ეამბორა, თან გაიძახოდა: "ბრე! ბრე! პაპა იესეე, პაპა იესეე! არია პრევმატიკე! პრევმატიკე ვასილიკოს (ეჰეჰე! მამა იესე! მამა იესე! წმინდა მოძღვარი! მეფის მოძღვარი!)! არქიმანდრიტმა ხელი მოჰკიდა, გაოცებულ მამებთან მიიყვანა და უთხრა: "ეს მამა იესეა, მეფის მოძღვარი, რომელიც საბედნიეროდ მოსკოვში, იმერეთის დედოფლის სასახლეში გავიცანი!" ყველა გაოცდა, ეს ხომ ის უპოვარი გლახაკი იყო, ორი წლის წინ მონასტრიდან რომ გაუშვეს. დიონისეს მონასტერში მის დაბრუნებამდე ხმებმა ჩააღწია, უბრალო ბერის სახით მეფის მოძღვარი იმალებაო. ახლა უკვე პატივს მიაგებდნენ, რაც ასე ამძიმებდა წმინდა ილარიონს. ძმები ადრინდელ მძიმე სამუშაოს აღარ ანებებდნენ, ცდილობდნენ, ყველაფერში დახმარებოდნენ. ეს კი იმით დამთავრდა, რომ ილარიონმა დაუტევა იქაურობა და მონასტრის ახლოს მდებარე სენაკში გადავიდა.

დაახლოებით ამგვარივე რამ შეემთხვა მეფის მეორე მოძღვარს მამა ბენედიქტე ქიოტიშვილს. სოლომონ მეფის სიკვდილის მერე იერუსალიმში წავიდა, სადაც ოთხი წელი მაცხოვრის საფლავთან წირავდა, ხოლო როცა ათონის მთაზე მოვიდა, პანტელეიმონის მონასტერში დასახლდა, სადაც ყველაზე უკანასკნელ სამორჩილო საქმეებს ასრულებდა.

ერთხელ იღუმენს იერუსალიმელი არაბი ესტუმრა. როცა ნაკელაკიდებული მამა ბენედიქტე დაინახა, წამოხტა და იღუმენს მიმართა: "ღმერთის როგორ არ გეშინიათ, რომ მეფის მოძღვრისთვის ნაკელი აგიკიდებიათ! მე ის იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე მწირველი ვნახეო". გაოცდა იღუმენი, ბენედიქტეს უსაყვედურა, მღვდლობა რად დამალეო და იქვე კანონი დაადო - ორმოცი დღე ჩაუქრობელი კანდელისთვის უნდა მიექცია ყურადღება.

* მამა გაბრიელის სულიერი შვილი იგონებდა: ერთხელ ჩემს ვერელ მეზობლებსა და მეგობრებს, "ბირჟაზე" რომ დგანან, ვუთხარი, - წამოდით, მცხეთაში წავიდეთ, ერთი წმინდა ბერი უნდა განახოთ-მეთქი. მივუახლოვდით მამა გაბრიელის სენაკს. კარი იღება და მამა გაბრიელი გამოდის, ბარბაცებს, ვითომ მთვრალია, პირზე პურის ნამცეცები აყრია. "მოდი, ზაზა, იქით გამიყვანეთ". უკან მოვბრუნდით. შეგვიძღვა სენაკში, დაჯდა და დაიწყო... მაგრამ რისი ლაპარაკი დაიწყო! ათას რამეს უსაძაგლესს, არაბუნებრივს (მამათმავლობას) იბრალებდა: ამასთან ვიყავი, იმასთან ვიყავიო, თან ბიჭებს ეუბნებოდა, - თქვენ კი არ მოქცეულხართ ასეო. ვეღარ დავითმინე, ავღელდი, გამოვედი გარეთ, სენაკთან ჩავჯექი, თავზე ხელები წავიჭირე და გულში მოვთქვამ, - მამაო, რატომ იქცევი ასე, ამას რატომ ლაპარაკობ-მეთქი. კარგა ხნის შემდეგ სენაკიდან ბიჭები გამოვიდნენ უკუსვლით, თავის დაკვრით და "დაგვლოცე, მამაოს" ძახილით. მთელი გზა უკვირდათ - ეს ვინ არის, რამხელა წმინდა ბერი ყოფილაო.

როდის გაბრწყინდება ივერია? ჩვენს იავარქმნილ, დამცირებულ სამშობლოს რომ უცქერი, ძნელია იოცნებო ერთიან, ძლიერ საქართველოზე. რომ არა ჩვენი პატრიარქის სულიერი შემართება, ალბათ ტკივილი სულს გაგვითანგავდა. ჯერ კიდევ 1985 წელს ჩვენმა პატრიარქმა ქართული ენის დღესასწაული დააწესა (როგორც თვითონ ბრძანებს - აღადგინა), რომელიც ლაზარეს შაბათს ემთხვევა. ჩვენმა უფალმა ჯვარცმამდე მცირე ხნით ადრე თავისი მეგობარი ლაზარე, ოთხი დღის მკვდარი, ხრწნას მიცემული, აღადგინა მკვდრეთით. როცა უფალი მეორე დღეს დიდებით შევიდა იერუსალიმში, პალმის რტოების, შესამოსლების მის ფერხთით დამფენი ხალხი მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს სანახავადაც მოდიოდა. ამიტომაც მაცხოვრის ჯვარცმის მერე ურიები მართალ ლაზარესაც ეძებდნენ მოსაკლავად...

ვინ დაუკავშირა მართალი ლაზარე ქართულ ენას, უცნობია. ღირსი მამა იოანე-ზოსიმე გადამწერი იყო ამ კურთხეული სიტყვებისა. ჩვენმა მამებმა, სულიწმინდის მადლით განმსჭვალულმა მამებმა, უფლის მიერ უწყოდნენ, რა ხვედრი ელოდა ჩვენს ერს. "დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა, რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითო", - ბრძანებს ივერთა ზეობის წინასწარმეტყველი, - და ესე ენაი, შემკული და კურთხეული, სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული - მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისა". შემკული და კურთხეული, მაგრამ დაწუნებული და დამდაბლებული მტრების მიერ - თითქოს თვალნათლივ ვხედავთ წინასწარმეტყველების ნაწილის ასრულებას. აგვისტოს ომის შემდეგ მეზობელ ქვეყნებს საქართველოს განაწილების სურვილი გაუჩნდათ. არ ვიცი, არის თუ არა ეს ლაზარე-ივერიის სიკვდილი... თანაც უფალი სამი დღით დააყოვნებს მოსვლას, მაგრამ ხომ მოვა? ხომ აღადგენს ლაზარე-ივერიას?! გაბრწყინდება კი ივერია, თუ ესეც მითია?! ერთხელ პატრიარქმა ბრძანა, ივერია არ გაბრწყინდება, თუ ერთმანეთს ვუმტრობთ, თუ ამგვარად ცოდვებში გავაგრძელებთ ცხოვრებასო.

როცა ბეთანიაში (სახლი სიგლახაკისა, სახლი მორჩილებისა) ატირებული მართა და მარიამი მიეგებნენ, მათმა უზომო მწუხარებამ საყვარელი ძმის სიკვდილის გამო შეძრა უფალი და ცრემლოოდა იესოც. მართა კეთილი საქმეების სიმბოლოა, მარიამი - ღრმა სარწმუნოებისა, ამიტომაც, თუ გვინდა, რომ უფალმა ლაზარე-ივერია აღგვიდგინოს, უნდა შევიძინოთ ღრმა სარწმუნოება და კეთილი საქმეები. სინანულით და გულისტკივილით შევღაღადოთ მაცხოვარს: "უფალო, აჰა, რომელი გიყვარს, სნეულ არს".
ბეჭდვა
1კ1