"ვფიცავ ცეცხლიჯვრის მადლსა, აქედან ფეხს არ მოვიცვლით, სანამ შენის ჯალაბით საქართველოს სატახტო ქალაქში საღ-სალამათს არ დაგაბრუნებ..."
"ვფიცავ ცეცხლიჯვრის მადლსა, აქედან ფეხს არ მოვიცვლით, სანამ შენის ჯალაბით საქართველოს სატახტო ქალაქში საღ-სალამათს არ დაგაბრუნებ..."
ორსაუკუნე-ნახევრის წინ სვეტიცხოველში ქართლისა და კახეთის მეფეებად აკურთხეს თეიმურაზ II და ერეკლე II.

აღმოსავლეთ საქართველოში საუკუნე-ნახევრის წყვეტის შემდეგ ეს პირველი კორონაციის ცერემონიალი იყო, რადგან ამ შუალედში ქართლისა და კახეთის მონარქებად მხოლოდ და მხოლოდ გათათრებული ბაგრატოვანნი ინიშნებოდნენ.

სწორედ ამიტომ ამ მოვლენამ საქართველოში განუზომელი სიხარული გამოიწვია.

მთის მკვიდრნი - სვანნი, ხევსურნი, თუშნი, ფშაველნი, მოხევენი და სხვანი - ტრადიციულად გამოირჩეოდნენ ბაგრატოვანთა ათასწლოვანი დინასტიისადმი ერთგულებით და განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ პატარა კახის, ერეკლე მეორისა, რომელმაც მალევე გაამთლიანა ერთ სამეფოდ ქართლი და კახეთი. თავად ერეკლეც გამორჩეულად ენდობოდა მთიელ თანამოძმეთ, რომელთაც ბაგრატოვანთა სიყვარული გვიანობამდე შემორჩათ.

მთიელთა ერთგულების მადლიანი მაგალითები ისტორიამ მრავლად შემოგვინახა. დღეს ერთ პატარა ამბავს გთავაზობთ მეფე ერეკლეს შთამომავლის, ლიკა მგელაძე-გრუზინსკაიას მოგონებიდან.

მისთვის დედამთილს, თამარ დეკანოზიშვილს, მოგვიანებით გაუმხელია, რომ 1921 წელს, თებერვალში, როდესაც წითლების წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელის სიახლოვეს გააფთრებული ბრძოლები იყო, მის მეუღლეს, პეტრე გრუზინსკის, და მთელ ოჯახს მცირეწლოვანი შვილებითურთ თბილისი დაუტოვებიათ და თავი კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქისთვის შეუფარებიათ, სადაც პეტრეს დედისეული სახლი ჰქონია.

იმხანად მათი უფროსი ვაჟი კონსტანტინე 6 წლის ყოფილა, უმცროსი პეტრე კი - მხოლოდ ერთის.

როგორც კი თბილისში წითლები შევიდნენ, დასავლეთისკენ დაიძრნენ და გზადაგზა არისტოკრატთა ოჯახების ძარცვა-გლეჯა და დახვრეტა იწყეს...

აი, რას წერდა ქალბატონი თამარი ამ საშინელ დროებაზე:

"ასობით ადამიანს პოლიტიკური პოზიციის და წარმომავლობის მიზეზით სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა.

ერთ საღამოს შევნიშნეთ, რომ ჩვენი ეზოს ჭიშკართან უცხო ადამიანები იდგნენ.

ჩემი მეუღლე დაინტერესდა, ვინ იყვნენ და რა მიზეზით შეიკრიბნენ ჩვენს სიახლოვეს და ამის გასაგებად მიაკითხა კიდეც.

როგორც აღმოჩნდა, ჩვენს კარ-მიდამოს ბრგე, ფაფახიან, ჩოხოსან და კბილებამდე შეიარაღებულ მამაკაცთა მრავალრიცხოვანი რაზმი იცავდა.

მათმა თავკაცმა ჩემს მეუღლეს თავი მდაბლად დაუკრა და მიუგო: "დიდო ბატონო, მე ცხავატელი (საისტორიო წყაროებში მთიულნი ასე იხსენიებოდნენ) ხევისბერი ივანე ოგბაიძე გახლავართ. მთიულთ შვილებით ჩამოველ, რომ მეფე ერეკლეს ნატამალნი დაგიფაროთ ურჯულოთა მოხდომისაგან. ვფიცავ ცეცხლიჯვრის მადლსა, აქედან ფეხს არ მოვიცვლით, სანამ შენის ჯალაბით საქართველოს სატახტო ქალაქში საღ-სალამათს არ დაგაბრუნებო".

როგორც გაირკვა, მთიულთა იდუმალი მორიგეობა თურმე კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა. მათი შემადგენლობა დროდადრო იცვლებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი შეუმჩნევლად ხდებოდა. რაზმი ფეხმოუცვლელად იდგა და ამავე დროს იდეალურ სიჩუმეს იცავდა...

ჩემმა მეუღლემ მთიულთ გულითადი მადლობა უთხრა და შინ შემოიპატიჟა.

შემოვიდა მხოლოდ მათი ახოვანი თავკაცი, რომელსაც სახეზე ნაიარევები ჰქონდა. იგი ჩემს მიერ სახელდახელოდ გაშლილ სუფრას მოკრძალებით მიუახლოვდა, თასი ღვინით შეავსო და ოჯახი დაგვილოცა...

ვთხოვეთ, დარჩენილიყო, მაგრამ მოგვიბოდიშა, - ფხიზლად უნდა ვიყოო და კვლავ თავის რაზმს შეუერთდა...

მთიულთა რაზმი ჩვენი ოჯახის თბილისში დაბრუნებამდე წამითაც არ მოგვცილებია.

ახლაც მახსოვს პატარა კახის შთამომავალთა ერთგულ მთიულთა რაზმის ზოგიერთი წევრის ვინაობა: ამირიძე, ბაქაური, ბუთხუზი, ბუჩუკური, კობაიძე, ნადიბაიძე, ნაზღაიძე, სუარიძე, ქავთარაძე, ღუდუშაური და სხვანი... ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ამ რაინდთა სულებს..."
ბეჭდვა
1კ1