პასუხად პირჯვარი ისახა და საქართველო დალოცა გმირმა
პასუხად პირჯვარი ისახა და საქართველო დალოცა გმირმა
XII საუკუნის მიწურული...
საქართველო გადაჭიმულია "ნიკოფსიიდან დარუბანდამდის და ოვსეთიდან არაგაწამდის..."
დავით აღმაშენებლის მტკიცე ხელით გაერთიანებული სამეფო ისევ ზეობს წინა აზიაში და არც სადმე ჩანს ძალა მისი დამმარცხებელი.

ტახტზე ზის მეფეთ მეფე, ღვთაებრივი თამარი...

ჭეშმარიტად, ოქროს ხანა უდგას საქართველოს!..

შამქორი
ქართველთა ლაშქარი დევგმირთა კრებულია, რომელიც შიშის ზარს სცემს მტერს, მაგრამ მათ შორისაც გამოირჩევა სწორუპოვარი მეომარი და უბადლო სარდალი შალვა ახალციხელი. ელვასავით კრთის მისი მახვილი ბრძოლების რკალში. მუდამ მეწინავე მესხთა ჯარის თავკაცია უმამაცესი მხედარი, ზეაღმატებულ ქართველ გმირებს შორისაც მზესავით მოკაშკაშე...

...დიდი ხმალთაკვეთების ჟამი უდგას თითქმის საუკუნის მანძილზე დაუმარცხებელ საქართველოს. ერან-ერაყის თვალუწვდენელი სამფლობელოები ამირა აბუბაქარმა მიისაკუთრა და შირვანს "შემოენთო" ცეცხლითა და მახვილით. შირვანშაჰ აღსართანმა თამარს სთხოვა მფარველობა. ბრძანა მისი შველა შვიდმნათობიერმა, სალაშქრო აღლუმზე დადგა მხედრობა...

გორგასლიან-დავითიანი დროშა ჩააბარა თამარმა თანამეცხედრეს - დავით სოსლანს, დალოცა და გაუშვა მტერთან საომრად, თავად მეტეხის ტაძარს მიაშურა ფეხშიშველმა და "დადგა მუნ ლოცვად და ცრემლად..."

შამქორს მისვლისთანავე დაეტაკა მტერს ქართველთა ჯარი. ურჯულოთა ურიცხვ არმიასთან ერთხანს შეუნივთდა ბრძოლა დავით სოსლანს, ციხის კარიბჭესთან აურაცხელი ლაშქარი მოაყარა ქართველობას აბუბაქარმა. ამასობაში დავით სოსლანმა შემოვლითი მანევრით ზურგიდან დაარტყა მტერს. მისვლისთანავე დაეტაკა მუსულმანთა მხედრობას მეფის მარქაფა ჯარი. შალვა ახალციხელი დაწინაურდა, სასტიკი ხმალთაკვეთებით გაკაფა მტრის შუაგული და ლაღად მოქანავე ხალიფას დროშისკენ გაიწია გაალმასებულმა. მედროშეები იქვე დაასამარა მესხმა ვაჟკაცმა, მათი თავკაციც მხარიღლივ აჩეხა და ცხენდაცხენ დაითრია ხალიფას დროშა!..

გატყდა მუსულმანთა ჯარი და უგზო-უკვლოდ დაიფანტა... შევიდა დავით სოსლანი შამქორში, შევიდა განძაშიც, "აღვიდა და დაჯდა ტახტსა სულტანისასა!.."

დაბრუნდა თამართან გამარჯვებული ლაშქარი. ურიცხვ ტყვესა და აუწონავ ალაფთან ერთად ხალიფას დროშაც ფერხთით გაუფინა მეფეთ მეფეს ახალციხელმა.

ბასიანი
...ისევ აღდგა ქართველთაგან დამიწებული თურქული სამყარო. 400 ათას მუსლიმ მეომარს სათავეში ჩაუდგა რუმის სულთანი რუქნ ად-დინი და წამოემართა საქართველოს დასაქცევად.

ისევ ბრძანა ლაშქრად წვევა თამარმა, კვლავ დავით სოსლანს გადასცა სამეფო დროშა, თავად ისევ ლოცვად დადგა ოძრხეს და ვარძიას.

მეწინავე ქართველთა ჯარს ისევ შალვა ახალციხელი სარდლობს...

დაეტაკნენ მტერს ქართველები და პირველივე მისვლაზე აოტეს თურქთა ურდო. მაინც იძალა რუქნ ად-დინმა, შემოაბრუნა მხედრობა და რიცხობრივი უპირატესობით გულმიცემულმა სამკვდრო-სასიცოცხლოდ შემოუტია ქართველებს. მთელი დღე იბრძოლეს და ბოლოს მაინც თავისკენ შემოაბრუნეს ომის ჩარხი ქართველებმა, უმაგალითო სიმამაცის წყალობით სამი მხრიდან სიკვდილის სალტე შემოარტყეს სელჩუკებს. სწორედ ამ ჟამს შალვა ახალციხელი შეიჭრა მტრის შუაგულში, მედროშეებს დაერია, სასულთნო დროშა ხელთ იგდო და რუქნ ად-დინს მიეტია მძლავრი ყიჟინით. იკადრა გაქცევა "მაღალმა სულთანმა", ბეწვზე გაასწრო მესხი ვაჟკაცის შემოტევას. მიჰყვა დაზაფრული ლაშქარიც...

ისევ დიდების მწვერვალზე იდგა საქართველო.

თამარის შემდგომ
თამარის გარდაცვალების შემდგომ მისი უწვერული ძე ავიდა საქართველოს სამეფო ტახტზე. დრო მოიცეს მტრებმა - "ჭაბუკ მეფეს ვითარ ექნებაო დედისეული ძალმოსილება..." ოთხივ კუთხით სვიანად ილაშქრა ლაშა-გიორგიმ და აგრძნობინა მტერსაც და მოყვარესაც, რომ საქართველოს წაქცევა ჯერ კიდევ არ ძალუძდა დედამიწის ზურგზე არც ერთ საომარ ძალას. ყველა ბრძოლაში თან ახლდა მეფეს შალვა ახალციხელი, "რომელ არა ყოფილა კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი". ერთი ომიც არ ჩაივლიდა მესხი ვაჟკაცის ნიშანდაუსმელად. შალვა ახალციხელის სახელი განეფინა ქვეყნიერების კიდით კიდემდე.

მაგრამ საქართველოს საზღვრებს უკვე უახლოვდებოდა სისხლიანი ბედისწერა. აღმოსავლეთიდან მონღოლები აღძრულიყვნენ მსოფლიო ბატონობისათვის...

ბედისწერა საქართველოსი
1220 წელი იდგა. ქართული სამანები პირველად გადმოელახათ თათარ-მონღოლებს. მძიმე ბრძოლაში თანაბარი ძალებით შეეტაკა ერთმანეთს ქართველთა და მონღოლთა ჯარი. პირველ ჯერზე განდევნეს მტერი ლაშა-გიორგის მებრძოლებმა, მაგრამ თავად მეფე მძიმედ დაიჭრა და მოკლე ხანში აღესრულა 28 წლისა...

სამეფო ტახტი მისმა დამ რუსუდანმა დაიკავა.

ისევ იდროვეს და შემოუტიეს საქართველოს მტრებმა. ამჯერად ყივჩაღები მოდიოდნენ მახვილშემართულნი. გაეგებნენ ქართველები მომხდურთ. შალვა ახალციხელი სარდლობდა მხედრობას. შეიბნენ და სასტიკად დაამარცხეს მტერი ქართველებმა, ისე დააწიოკეს, მოამბეც აღარ გაუშვეს...

1225 წელს ახალი დამპყრობელი მოიჭრა საომარი წვევით. ამჯერად ხვარაზმის შაჰის, მუჰამედის ძე ჯალალ ად-დინი აღძრულიყო საქართველოს ხელში ჩასაგდებად. 200 ათასი მუსლიმანით წამოვიდა და გარნისთან დასცა ბანაკი ხვარაზმშას ძემ. 60 ათასი მეომარი შეჰყარა რუსუდანმა, მთავარსარდლობა ივანე მხარგრძელ-ათაბაგს უბოძა. ისევ მესხთა ლაშქარი ედგა მეწინავედ ბრძოლისთვის აღკაზმულ ქართველობას, ყველაზე წინ კი ისევ შალვა ახალციხელი იდგა მტრის რისხვად.

დაიძრა ჯალალ ად-დინი. ივანე მხარგრძელმაც უბრძანა მეწინავეს: ჩაეგებეთო მტერს! - და დაეშვა მთიდან შალვა ახალციხელი, მაგრამ თვალი ჰკიდა თუ არა ჯალალის ლაშქარს, მაშინვე შიკრიკი აფრინა მხარგრძელთან: მტერი უთვალავი მოდის, ჩვენ მეტად მცირენი ვართ, გთხოვთ, ისწრაფოთ და დაუყოვნებლივ ჩამოგვეშველოთო...

ვიდრე პასუხი მოაწევდა, ახალციხელი ლომივით ეკვეთა მტერს, მაგრამ როგორ შეაკავებდა ერთი მუჭა რაზმი ურიცხვ არმიას... ისევ აფრინა მაცნე შალვამ ამირსპასალართან.

არც მაშველი ჯარი ჩანდა მხარგრძელისგან, არც პასუხი.

მტერი კი მოდიოდა და მოდიოდა.

ეცემოდნენ უკანასკნელი მესხი მეომრები. იბრძოდა მარტოდმარტო დარჩენილი, ყოველი მხრიდან სასიკვდილო რკალში მოქცეული შალვა ახალციხელი...

შემოემსხვრა ხელში ყველა იარაღი. ხმლის ვადაღა შერჩენოდა. მკერდი შეუნგრია მომხდურს და... შეიპყრეს უიარაღო და ეულად დარჩენილი გმირი თურქმანებმა...

4000 მესხი და ორი ამდენი თურქმანი იწვა ბრძოლის ველზე. ივანე მხარგრძელს უკან გაებრუნებინა 56-ათასიანი ქართული ჯარი და შალვა ახალციხელი შურითა და ბოღმით ტყვედ ჩაეგდო ნაჩუქარი გამარჯვებით გალაღებული ხვარაზმ-შასთვის...

შავლეგ, შენი შავი ჩოხა...
ხელი ვერ შეჰბედეს მოსაკლავად, მოწიწებით მიჰგვარეს ჯალალ ად-დინს და აუწყეს მისი გმირობა. ან კი რად უნდოდა შუამავლობა შალვას, - მისი სახელი ისედაც გრგვინავდა ყველგან, სადაც კი საქართველოს ახსენებდა მტერი თუ მოყვარე...

ბრძანა ჯალალ ად-დინმა: პატივი მიეგოს შალვა ახალციხელს და სამართავად ებოძოს "ქალაქნი ადარბადაგანისანი".

ღირსეული სიამაყით მიიღო ქართველმა "უცნაური წყალობა", არც მადლობა დასცდენია, არც ქედი მოუდრეკია.

მისი ფიქრები საქართველოს დასტრიალებდა.

1225 წლის დეკემბერში ჯალად ად-დინი ტფილისისაკენ დაიძრა. სწორედ გზაში ამცნეს, შალვა ახალციხელის ფაიქები შეიპყრესო მსტოვრებმა - ქართველებს ჩვენს სალაშქრო გეზსა და გეგმებს ატყობინებდა და აფრთხილებდაო...

კიდევ ერთხელ მიჰგვარეს ჯალალ ად-დინს ქართველი გმირი. დიდხანს იბორგა და იღრიალა ჯალალმა, მერე მოკლედ მოჭრა: "სიკვდილი!"

ვერ იქნა და ნირი ვერ შეაცვლევინეს ახალციხელს. იდგა ამაყი და ქედგამართული.

მერე, "ყოველი შემთხვევისათვის", ესეც ასმინეს: - სიცოცხლეს გაჩუქებთ, თუ ისლამს აღიარებო.

პასუხად პირჯვარი ისახა და საქართველო დალოცა გმირმა.

მოიქნია მახვილი ჯალათმა...

გაწყდა ფიქრი ღვთაებრივი კაცისა ღვთაებრივ სამშობლოზე...

გამოემართა მუსლიმთა ურდო საქართველოს ამოსაგდებად.

დაცემულიყო მოძმეთაგან ნაღალატევი შალვა ახალციხელი.

დაცემის პირას მისულიყო ქართველთა საუკუნოვანი ჰეგემონობაც...

დამდგარიყო ავი ბედისწერა...

მოამზადა
ზვიად სეხნიაშვილმა
ბეჭდვა
1კ1