როგორი უნდა იყოს "რუსული სული"? ჩემი აზრით, ისეთი, სადაც მეტი სიყვარულია, გულმოწყალებაა, სამართლიანობაა, უნაზესი პატივისცემაა სხვა ხალხის წმიდათაწმიდის მიმართ...
როგორი უნდა იყოს "რუსული სული"? ჩემი აზრით, ისეთი, სადაც მეტი სიყვარულია, გულმოწყალებაა, სამართლიანობაა, უნაზესი პატივისცემაა სხვა ხალხის წმიდათაწმიდის მიმართ...
XIX-XX საუკუნეების თბილისში მოღვაწეობდა ერთი რკინიგზის ეკლესიის მღვდელი მამა იონა ბრიხნიჩოვი, რომელიც დაუპირისპირდა საქართველოში რუსული სამღვდელოების შოვინისტური პოლიტიკის გამტარებელს, დეკანოზ სერგი გოროდცევს. გოროდცევმა "Летопись Тифлисского патриотического общества"-ში გამოაქვეყნა იოანე ვოსტორგოვის ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილის) მიმართ ცილისწამებით აღსავსე წერილი: "Голос из Сухуми". ამასთან დაკავშირებით მამა იონას დაუბეჭდავს წერილი (იგი გამოაქვეყნა ჯემალ გამახარიამაც თავის წიგნში "წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი"). მამა იონას რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალი "Встань, спящий". პირველსავე ნომერში დაიბეჭდა მისი წერილი "მოწოდება რუს ხალხს", სადაც მკაცრად არის დაგმობილი ქართველი ერისა და ეკლესიის ჩაგვრის პოლიტიკა. ხოლო წერილის, "რუსული სამღვდელოების წარმომადგენელთა მოქმედებაზე საქართველოში", გამო უწმინდესმა სინოდმა ღვთისმსახურების უფლება ჩამოართვა, ყარსის ციხეში გამოამწყვდია და გლინის უდაბნოში განდევნა. სამწუხაროდ, მამა იონას ცხოვრების შემდგომი დეტალები ჩვენთვის უცნობია.

ფრიად საინტერესოა მისი წერილი გოროდცევის მიმართ, რომელსაც ახლა გთავაზობთ:

"მამაო დეკანოზო, თუ ვიმსჯელებთ თქვენი წერილებით და მათი შინაარსით, რომელთაც საკმაო ადგილი ეთმობა "პატრიოტული საზოგადოების მატიანეში", თქვენ არა მარტო რედაქციის თანამშრომელი, არამედ მისი ხელმძღვანელიც ხართ...

დარწმუნებული ვარ, რომ იცით ბეჭდური სიტყვის უზარმაზარი მნიშვნელობა. და თქვენ, კავკასიაში ასე პოპულარულმა მსახურმა ქრისტეს ეკლესიისამ, დაბეჭდეთ თქვენს გამოშვებაში ისეთი სტატია, როგორიცაა "კოლოკოლიდან" გადმობეჭდილი "ხმა სოხუმიდან"?! ეს ღვარძლიანი და პოლიტიკურად ვერგანმჭვრეტელი პიროვნების მიერ დაწერილი სტატია ყველა პატიოსან რუსში და ჭეშმარიტ პატრიოტში, რომელსაც მართლა უყვარს თავისი ქვეყანა და არ ყოყოჩობს ეროვნული განსხვავებით, გამოიწვევს მხოლოდ ზიზღს - უსიცოცხლო შინაარსის და ათასნაირი ნაგვით აღსავსე გაბღენძილ ფრაზებს რუსულ ხალხურ საფუძვლად ასაღებენ და სავსეა კაცთმოძულებითა და სიცრუით. მე და თქვენ მცნებათა გაგებით განვსხვავდებით - როგორც ჭეშმარიტი რუსი ადამიანი და პატრიოტი...

თქვენი აზრით, პატრიოტი ის არის, ვინც "აკეთებს "რუსულ საქმეს", ვისაც ყველგან შეაქვს "რუსული სული"... ეს როგორ კეთდება, უკვე ვიცით. მაგალითად, ქართველებთან დაკავშირებით (ასევე სხვა უცხოენოვან სკოლაში) ეს ნიშნავს, რომ: ქართული ენა შეძლებისდაგვარად სკოლიდან გააძევოთ (მე თვითონ გახლდით გამგე საეკლესიო სკოლისა და ვიცი, რა ადგილიც აქვს დათმობილი ქართულ ენას ამ სკოლაში). ეკლესიაში კი "რუსული სული" იმით მჟღავნდება, რომ სამრევლოებში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ქართული მოსახლეობაა, ინიშნებიან ქართული ენის სრულიად უცოდინარი რუსი მღვდლები მხოლოდ იმიტომ, რომ რუსები არიან (მე თვითონ დავინიშნე ერთი ასეთ სამრევლოში 1902 წელს). ამასთან არავითარი ყურადღება არ მიქცევია სამრევლოების თხოვნას, ისეთი მღვდლები გამოგვიგზავნეთ, რომლებიც ქრისტეს საქმეს ჩვენს მშობლიურ ენაზე აღასრულებენო...

რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაყოფიც მივიღეთ: ხალხი, რომელიც იფიცებდა, რომ არ გასცემდა ღვიძლ მართლმადიდებელ სარწმუნოებას (გაიხსენეთ რუის-ურბნისის კრების განჩინება, - კ.კ.), ხალხი, რომელიც მრავალი საუკუნე ღვრიდა სისხლს თავისი მართლმადიდებლური რწმენისთვის, ეს მცირე, მაგრამ დიდებული ერი, ხალხი ღირსი ღრმა სიყვარულისა და პატივისცემისა, სარწმუნოებით ჩვენთვის მშობლიური და ჩვენი მოიმედე (რამეთუ თავიანთი სურვილით მოვიდნენ ისინი ჩვენს ოჯახში), ნელ-ნელა გაუცხოვდა რელიგიისგან, ეკლესიისადმი გულგრილი გახდა, სულიერად გატყიურდა, ისე რომ, ბავშვები სკოლაში თოკით უნდა წაიყვანო...

ამაში ხელი დიდად შეუწყვეს "ჭეშმარიტად რუსმა ადამიანებმა"... ასეთ "პატრიოტებზე" და "ჭეშმარიტად რუს" ხალხზეა საუბარი სტატიაში "ხმა სოხუმიდან"... ამ აზრით საქართველოს ყოფილი ეგზარქოსი ალექსიც პატრიოტია, არანაკლები - სემინარიის ყოფილი რექტორი ნიკანდრეც. მაგრამ, მამაო დეკანოზო, რაღაც შინაგანი ასოციაციით მათთან ერთად თვალწინ წარმომიდგა რუსეთში მონღოლთა ბატონობის ეპოქა.

რუსეთში მონღოლები არ ცდილობდნენ მონღოლური სულის შეტანას რუსულ ეკლესიურობაში, რუსულ სკოლაში, ისინი არ შეხებიან რუსი ხალხის წმიდა წმიდათას.

ნუთუ თქვენ, იმის მქადაგებელნი, რომ კავკასიაში "რუსული სული იფრქვეოდეს", გინდათ, მონღოლებზე ნაკლებ კულტურულნი აღმოვჩნდეთ? მაგრამ როგორი სულით გსურთ ისაუბროთ თქვენს სტატიებში, მამაო დეკანოზო?

ლუკას სახარებაში, რომელსაც ხშირად უკითხავთ მრევლს - მოციქულთა სწრაფვაზე, ემოქმედათ ძველებრაული სულით, ქრისტე მწუხარებით ეუბნება: "თქვენ არ იცით, ვისი სულისანი ხართ"... გეკითხებით, რომელი სულით ქადაგებთ? - თქვით განცხადებულად.

არის სული ვიწრო ნაციონალობისა, შეუწყნარებლობისა და არის სული ქრისტიანული გულმოწყალებისა, სამართლიანობისა, ამ სიტყვათა საუკეთესო გაგებით.

თქვენ რომელი უფრო მოგწონთ? თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს "რუსული სული"? ჩემი აზრით, ისეთი, სადაც მეტი სიყვარულია, გულმოწყალებაა, სამართლიანობაა, უნაზესი პატივისცემაა სხვა ხალხის წმიდათაწმიდის მიმართ... ის, ვინც განაპირა მხარეში (იმპერიის), ეროვნულ შუღლს არ აჩაღებს, ვისთვისაც ქართველიც, სომეხიც, თათარიც თანამოძმეა, თანამოქალაქეა, თანასწორია მისი ყველაფერში, ყოველგვარ პირველშობილების უფლების უარმყოფელია, სწორედ ასეთი ადამიანი იქნება პატრიოტი - და თუ ის საზოგადო მოღვაწეა, თავისი ჰუმანური საქმიანობით თითოეულ უცხოტომელს აიძულებს, სიყვარულით წარმოთქვას სახელი: "რუსი", უკანასკნელ დროს ათასნაირ "ჭეშმარიტად რუს" კაცთა მიერ უაღრესად შებილწული...

სწორედ ასეთი საქმიანობა იქნება ჭეშმარიტად რუსული საქმე, ვინაიდან ურთიერთდაჯერებისა და პატივისცემის მტკიცე ჯაჭვები შეკრავს განაპირა მხარეებს რუსეთის ცენტრთან...

ახლა ვნახოთ, როგორები არიან "ჭეშმარიტად რუსი" კაცები რატომღაც თქვენი გამოცემის მიერ გადმობეჭდილ სტატიაში "ხმა სოხუმიდან". არიქა, გუშაგი სად არის, - ყვირის ხსენებული სტატიის ავტორი, - სოხუმის ეპისკოპოსად დანიშნეს ქართველოფილი კირიონი - კაცი, რომელიც ბრმად მიმდევარია მხოლოდ ქართული ინტერესებისა, ყველაზე ნაკლებად შეუძლია იყოს ზომიერი, სამართლიანი, ყურადღებიანი... იქნებ სურთ, ამით რუსული გრძნობები შეურაცხყონ (ნეტავ ეს რას ნიშნავს? იმას ხომ არა, რომ საქართველოში ეპისკოპოსად ქართველი ინიშნება?)? იქნებ სურთ აამხედრონ აფხაზები მათთვის საძულველი ქართველების მიმართ? - ღაღადებს ეს ავტორი და აგრძელებს, - აი, ახლა დაიწყება ამ მხარის ყველა სამრევლოში ქართველთა გაძლიერება...

მეტად აღარ მოვიხმობთ ამ სტატიის ავტორის ნათქვამს - ის იქამდეც კი მივიდა, რომ კირიონის ქართველოფილობად მიიჩნია მეუფის ორიოლში ცხოვრებისას კახური ღვინის მოხმარება - სხვებსაც ურჩევდა, ის ესვათ.

რუსო ხალხო, ღმერთმა დაგიფაროთ, არასოდეს დალიოთ კახური ღვინო, თორემ ამით ქართველოფილები გახდებით!..

ამბობს, ვითომ ქართველოფილი კირიონი ამ მხარეში ქართველებს გააბატონებსო. უცნაურია, რომ წუწუნებს იმაზე, რაც ჯერ კიდევ არ მომხდარა და მეორეც, ნათქვამია, "იცის კატამ, ვისი ხორცი შეჭამა".

განა ცოტა გვაქვს ცინცხალი მაგალითები საეგზარქოსოს საუკეთესო ადგილებში "შინაური კაცების" დანიშვნისა, როგორც ეს ხდებოდა ეგზარქოს ალექსის და რექტორ ნიკანდრეს დროს?

ასე რომ, სტატიის ავტორს შეიძლება სრულიად მივუსადაგოთ მაცხოვრის სიტყვები: "ორგულო, აღმოიღე პირველად დვირე თვალისაგან შენისა და მერმე იხილო აღმოღებად წველი თვალისაგან ძმისა შენისა". ხოლო რომელია მეტი დვირე თუ წველი (მორი თუ ნაფოტი, - კ.კ.)?

თქვენთვის კი, მამაო დეკანოზო, ძმური სამღვდელო რჩევა მაქვს: ნუ დაბეჭდავთ თქვენს გამოცემაში რუსული საქმისთვის აშკარად მავნებელ სტატიებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ძმათმოყვარე რუსი ხალხის მგრძნობიარე სინდისს.
ტფილისის რკინიგზის ეკლესიის მღვდელი ი. ბრიხნიჩევი, 1906 წ.
19 მარტი"
ბეჭდვა
1კ1