"ამ რაოდენობის ეპისკოპოსთა არსებობა პოლიტიკურად საშიშია..."
"ამ რაოდენობის ეპისკოპოსთა არსებობა პოლიტიკურად საშიშია..."
საიდუმლო არქივებიდან
ეკლესიის ისტორია სავსეა დევნით მოწამეობის მარგალიტებით. დროსთან ერთად იცვლებოდა და იხვეწებოდა ბრძოლის ხერხები და რაც მეტად ებრძოდნენ ქრისტეს სამწყსოს, მით უფრო ძლიერდებოდა უფლის შეწევნით...

ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტები საბჭოეთის საიდუმლო არქივებიდანაა ამოკრებილი. ისინი იღუმენმა დამასკინმა (ორლოვსკიმ) მოიპოვა მრავალი წლის შემდეგ. ფაქტების კონსტატაცია, თავისთავად, საგულისხმოა, მაგრამ - არასაკმარისი; ისტორიის ეს ახალი გაკვეთილები იმისთვის გვჭირდება, რათა უკეთ გავიაზროთ რეალობა და გავფრთხილდეთ.

ვისაც ზედაპირული წარმოდგენა მაინც აქვს საბჭოური რეპრესიების მეთოდებსა და მასშტაბებზე, დარწმუნდება, თუ რა ძალები ჩართო ბრძოლაში ბოლშევიზმმა აშკარად თუ ფარულად და რამდენად მზაკვრული და მრავალმხრივი იყო ეს მეთოდები.

ხელისუფლებამ არც სახსრები დაიშურა საამისოდ და არც კადრები, უმაღლესი ეშელონებიდან უხმო დამკვეთებს და ისინი, ფაქტობრივად, "შავი საქმის" შემსრულებლებად აქცია.

მსგავსი სცენარითა და ინსტრუქციით მოქმედებდა ხელისუფლება საქართველოშიც - იმ დროს ყველანი ერთ დიდ "საბჭოთა ოჯახში" ვიყავით. ამიტომაა ასე საგულისხმო ეს მასალა თანამედროვე ისტორიისთვის.

ნაწყვეტი ძერჟინსკის მიერ ლაცისისადმი წერილიდან:
"ეკლესია იშლება. ამას ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ, ამავე დროს, იგი არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა აღვადგინოთ განახლებული სახით, ამიტომ ნგრევის საეკლესიო პოლიტიკას უნდა აწარმოებდეს მხოლოდ ჩეკა და არა სხვა რომელიმე ორგანო. ჩვენი მიზანია, რელიგია კი არა, კომუნიზმი. რელიგიის ლიკვიდაცია ჩეკას ხელეწიფება".

სრულიად საიდუმლოდ!
პოლიტბიურო - ცეკა-ს ყველა წევრს, ასლი - გაზეთ "პრავდას" და გაზეთ "იზვესტიას" რედაქციას, აგრეთვე ამხანაგ ლენინს:
"სამღვდელოების ლოიალური ჯგუფის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომელსაც ეპისკოპოსი ანტონი ხელმძღვანელობს, "პრავდაში" უმნიშვნელო შენიშვნაა დაბეჭდილი, "იზვესტიაში" კი - სრულებით არაფერი.

ვშიშობ, რომ პრესა ჯეროვან ყურადღებას არ მიაქცევს ხსენებულ დოკუმენტს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ეკლესიის დემოკრატიულ, "განმაახლებლურ" ნაწილსა და მონარქისტულ კონტრრევოლუციურ ელემენტებს შორის განხეთქილების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

ამ დროისთვის ჩვენ, რაღა თქმა უნდა, მთლიანად ვართ დაინტერესებული, მონარქისტული ელემენტების აღმოსაფხვრელად ეკლესიის "განმაახლებლები" წავახალისოთ და მხარიც დავუჭიროთ.

ამჟამად ჩვენი უმთავრესი პოლიტიკური ამოცანაა, "განმაახლებელ" სასულიერო პირებზე ძველმა იერარქებმა ტერორი არ განახორციელონ.

სახელმწიფოსგან ეკლესიის ერთხელ და სამუდამოდ გამოყოფა სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის სულერთია, რა ხდება ეკლესიაში.

პ.ს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: "პრავდასა" და "იზვესტიას" რედაქციები ჯეროვან ანგარიშს არ უწევენ იმ პროცესებს, რაც ეკლესიაში და მის გარშემო ხდება".
ლ. ტროცკი, 14.05.1922წ.

სრულიად საიდუმლოდ!
ცენტრალური კომიტეტის საიდუმლო დეპეშიდან:
"საჭიროა განხეთქილების ჩამოგდება, უფრო ზუსტად, სამღვდელოებაში უკვე არსებული განხეთქილების გაღრმავება და გამწვავება...

აგიტაცია უნდა ვაწარმოოთ იმ მიმართულებით, რომ მღვდლებს რომელიმე რელიგიის მსახურებად კი არ მივიჩნევთ, არამედ მოქალაქეთა ჯგუფად, რომელსაც სახელმწიფომ გარკვეული პირობებით მიანდო ფასეულობა.

მოქალაქეთა ამ ჯგუფში განხეთქილებაა. მათი ერთი ნაწილი, მიუხედავად ცრურწმენისა (რომელიც ჩვენთვის ამჟამად საინტერესო არ არის), აუცილებლად მიიჩნევს ამ ფასეულობის მშიერთა დასაპურებლად გადაცემას, მეორე ნაწილი კი - "ეკლესიის თავადები" - ხარბნი, მტაცებელნი, გარყვნილნი (მოგვიტევოს უფალმა ამის გამეორება! - ავტ.), ხალხის მტერნი, მდაბიოთა ე.წ. ქვედა ფენების ტერორის მეშვეობით ყოველ ღონეს ხმარობს მათ წინააღმდეგ.

ჩვენი აგიტაციის მიზანია, მდაბიოთა საბჭოთა ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა მაღალი ფენების წინააღმდეგ გამოვიყენოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მაღალ ფენებს ჩვენი სახელმწიფო უფლებას არ მისცემს, დაბალი ფენები დაატეროროს. კიდევ ერთი პოლიტიკური ამოცანა ის არის, რომ ეკლესიის მეთაურნი იზოლაციაში მოვაქციოთ, მოვახდინოთ მათი კომპრომეტირება მშიერთათვის ეკლესიის განძეულობის გაუცემლობის მიზეზით და ვაგრძნობინოთ საბჭოთა, მშრომელთა სახელმწიფოს სასტიკი ხელი, რომელიც ყველას სჯის, ვინც მის წინააღმდეგ სვლას გაბედავს".
რკპ-ის ცეკა-ს მდივანი მოლოტოვი

"ამოცანა, რომელიც 5 თვის წინ სამღვდელოების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს მუშაობას დაედო საფუძვლად, იყო: "ბრძოლა ტიხონის მომხრე რეაქციულ სამღვდელოებასთან", პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უმაღლეს იერარქებთან - მიტროპოლიტებთან, მთავარეპისკოპოსებთან, ეპისკოპოსებთან და ა.შ.

ამ ამოცანის აღსასრულებლად შეიქმნა ჯგუფი "ცოცხალი ეკლესია", რომელიც უმეტესწილად თეთრი სამღვდელოებისგან შედგებოდა. ამით საშუალება მოგვეცა, მღვდლები ეპისკოპოსებთან დაგვეპირისპირებინა, ისე, როგორც ჯარისკაცები - გენერლებთან...

უამრავი მოწოდების, სტატიის, საჯარო გამოსვლისა და სხვა საშუალების გარდა, რომლებშიც დაიგმო ტიხონისა და მის მომხრე ეპისკოპოსთა პოლიტიკა, მღვდლები, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლება, აღნიშნული ამოცანის განხორციელებას შეუდგნენ.

ხსენებული ამოცანის შესრულების შემდეგ (როდესაც განადგურდება დღემდე გაბატონებული ტიხონოვშჩინა), ლოგიკურია, უნდა ვიფიქროთ, რომ დადგება ეკლესიის პარალიზების დროც, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს საეკლესიო კრებაზე. ვგულისხმობთ ეკლესიის დაყოფას რამდენიმე ჯგუფად, რომელთაგან თითოეული საკუთარი რეფორმის გატარებას შეეცდება".
ჰპუ-ს მე-6 საიდუმლო განყოფილების უფროსი ე. ტუჩკოვი,
30 ოქტომბერი, 1922 წ.

სრულიად საიდუმლოდ!
ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის დეკრეტის განმახორციელებელი კომისიის მეორე სხდომის ოქმიდან:

"ვადგენთ:

ა) უფრო ძლიერი აქცენტი გაკეთდეს ცოცხალი ეკლესიის დაჯგუფებაზე;

ბ) გაძლიერდეს ბრძოლა საეკლესიო იერარქების წინააღმდეგ;

გ) "დამკვრელური" წესით გატარდეს უმაღლეს იერარქთა გადაყენება;

დ) ამხანაგ კრასიკოვის მეშვეობით პროკურატურას შევთავაზოთ, მთავარ პოლიტიკურ სამმართველოს ყოველგვარი შემწეობა აღმოუჩინოს ეკლესიასთან ადმინისტრაციულ ბრძოლაში:

ა) მთავარ პოლიტიკურ სამმართველოს ვურჩიოთ, ეფექტურად წარმართოს სასულიერო პირთა კომპრომეტაცია აქ და ადგილზე;

ბ) მოსკოვში მოღვაწე ეპისკოპოსები რომელიმე შორეულ მონასტერში გაიგზავნონ".

სრულიად საიდუმლოდ!
საბუთი #1
რკპ-ს ცეკა-ს პოლიტბიუროს მოხსენებიდან, რომელიც ანტირელიგიური კომისიის მუშაობას ეხება:
"სპეციალურად შექმნილი ქვეკომისიის მიერ გაანალიზდა იმ ეპისკოპოსთა, მღვდელთა და ერისკაცთა საქმე, რომლებიც დაუმორჩილებელნი არიან. მათ რამდენიმეწლიანი გადასახლება უნდა მიესაჯოთ.

გადასახლების ადგილებად შეირჩა, პირველ რიგში, ზირანსკის ოლქი და ხივა, რომლებიც, გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული თავისებურებების გამო, სამღვდელოების გადასახლებისთვის საუკეთესო ადგილია".

დაპატიმრებული სამღვდელოების მეორე ნაწილი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა ტიხონის სინოდთან და ძველ უმაღლეს საეკლესიო მმართველობაში, ყოფილ პატრიარქთან ერთად სასამართლოს უნდა გადასცემოდა...

მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩისათვის
საბუთი #2
"მიღებულ ღონისძიებათა შედეგად შესაძლებელი გახდა, დროებით მაინც შეგვეჩერებინა დაპირისპირება "განმაახლებელთა" ჯგუფებს შორის, რათა ეკლესიის წინააღმდეგ საერთო ფრონტი შექმნილიყო.

ამ ღონისძიებათა მიზანი საეკლესიო განხეთქილების გაღრმავებაა. ეკლესიის გახლეჩისათვის გაწეული მუშაობა სახსრებს მოითხოვს".

საბუთი #3
"ანტირელიგიური" კომისიის თავმჯდომარის მოხსენებიდან:
"მას შემდეგ, რაც ძველი ეკლესიის თავი - ეპისკოპოსები მოვიშორეთ, საეკლესიო კონტრრევოლუციას ორი საყრდენიღა დარჩა - თეთრი სამღვდელოების რეაქციული ნაწილი, რომელიც რეფორმას ეწინააღმდეგება, და საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამოქალაქო-საეკლესიო ბიუროკრატია სამრევლო საბჭოს წევრთა სახით...

კომისიას მიაჩნია, რომ აუცილებელია საეკლესიო კონტრრევოლუციონერთა გამოაშკარავება.

საამისოდ დაურიდებლად უნდა გამოვიყენოთ ყოველგვარი საშუალება, თვით ყველაზე სასტიკი რეპრესიებიც...

გარდა ამისა, როგორც წინა ანგარიშში მოგახსენეთ, ადგილებზე გავეცით დირექტივები მრევლში განხეთქილების დასათესად.

ახლო მომავალში ჩვენს მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა შედეგად შესაძლებლობა მოგვეცემა კონტრრევოლუციის აქტიური ქომაგების მნიშვნელოვანი ჯგუფის ეკლესიიდან გამოდევნისა.

ტიხონის საქმის გამოძიება გრძელდება. ყოფილი პატრიარქი ამ დღეებში დაიკითხება".

საბუთი #4
ეკლესიის დაშლის შესახებ
1925 წლის 11 ნოემბრის ოქმიდან:
"ა) პატრიარქის სიკვდილთან დაკავშირებით შემდგომი საეკლესიო პოლიტიკის შესახებ;

ბ) დაევალოს ამხანაგ ტუჩკოვს, დააჩქაროს ტიხონის მომხრეთა შორის დაგეგმილი განხეთქილება;

გ) "იზვესტიაში" გამოქვეყნდეს პატრიარქის თანამოსაყდრის, პეტრეს მაკომპრომეტირებელ სტატიათა სერია".

1922 წლის 3 ივლისის ოქმიდან:
"მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვისა და გუბერნიების რელიგიურ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად დადგინდა 5 შტატი, მხოლოდ მოსკოვში 50-მდე ეპისკოპოსი შეგროვდა. ამ რაოდენობის ეპისკოპოსთა არსებობა პოლიტიკურად საშიშია და დაევალოს ამხანაგ ტუჩკოვს - გაგზავნოს ისინი ჩეკას მიერ შერჩეულ მონასტრებში..."
ბეჭდვა
1კ1