აქ შექმნა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი უკვდავი საგალობელი "შენ ხარ ვენახი"
აქ შექმნა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი უკვდავი საგალობელი "შენ ხარ ვენახი"
5 ივნისი წმინდა მეფე დემეტრეს ხსენების დღეა.
შენ ხარ ვენახი ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინებული.
დემეტრე მეფე

1125 წლის თოვლიან ზამთარში "დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა" წარმართვაზე ფიქრობდა თბილისის სასახლეში დაბანაკებული დავით აღმაშენებელი. მართალია, მხოლოდ 52 წლისა იყო, მაგრამ მოულოდნელად სიკვდილზე ფიქრი აეკვიატა თურმე მეფეს. საზრუნავი მართლაც ბევრი ჰქონდა, მაგრამ პირველ რიგში მემკვიდრეზე იზრუნა. დარბაზი იხმო და დიდებულთა წინაშე "დასუა მეფედ დემეტრე და დაადგა გვირგვინი თვით მისითა ხელითა და შეარტყა წელთა ძლიერთა მახვილი".

31 წელი სიბრძნით იმეფა დიდმა დავითმა და არც მემკვიდრის არჩევაში მოსვლია შეცდომა. დემეტრე მისი უფროსი შვილი იყო და მამის სიცოცხლეშივე ჰქონდა მოხვეჭილი უებრო მეომრისა და ჭკვიანი მხედართმთავრის სახელი. ჯერ კიდევ 1117 წელს მეფე დავითმა უსარდლა იგი შარვანს გაგზავნილ ლაშქარს, "ხოლო მან ქმნა ომნი საკვირველნი, რომლითა განაკვირნა მხილველნი და მსმენელნი, გამოიღო ციხე ქალაძორი და ძლევა-მოსილი მოვიდა წინაშე მამისა თვისისა სავსე ალაფითა და ტყვითა ურიცხვითა". დიდგორის ომშიც მამის მხარდამხარ იბრძოდა უფლისწული.

1125 წელს გარდაიცვალა დავით აღმაშენებელი და "იპყრა სამეფო ტახტი და საჯდომი მკლავითა ლომებრივითა" დემეტრე I-მა. სამწუხაროდ, მისი ცხოვრების შესახებ "ქართლის ცხოვრებამ" ძალიან ცოტა ცნობა შემოინახა, მაგრამ იმ ეპოქის ქართველი და სომეხი მოღვაწენი მას სახელოვან გვირგვინოსნად მოიხსენებდნენ. "ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ძესა ღმრთივ-დანერგულსა და ცხებულიანსა", - წერდა მის შესახებ მემატიანე.

დემეტრე მეფეს, ისევე როგორც მის სახელოვან მამას, მრავალი ომის გადატანა მოუხდა. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ კვლავ გათამამდნენ სპარსელები და პირველსავე წელს საქართველოს სამეფოს შემოესივნენ. მეფე დაუყოვნებლივ დაიძრა ქართული ჯარით და "დმანისი და ხუნანი სპარსელებს წაართვა". ამის შემდეგ სპარსელებმა რამდენჯერმე შეუტიეს ანისს. დემეტრემ თავი აარიდა ზედმეტ სისხლისღვრას და ქალაქი ძველი მფლობელის, მანუჩეს, შვილებს დაუბრუნა, რის სანაცვლოდაც ყმობის ფიცი ჩამოართვა. მართლაც, ანისის მფლობელები მთელი სიცოცხლე საქართველოს მეფის მორჩილნი იყვნენ. უფრო მეტიც, როცა 1152 წელს კარნუ-ქალაქის (არზრუმის) ამირა, სალდუხი, ანისს შემოესია, დემეტრე თავისი ყმადნაფიცის დასახმარებლად თურქთა დიდ ლაშქარს შეება. "ნებითა ღმრთისაითა მეფეს გაემარჯვა, დახოცნა და ამოსწყვიტნა" თურქნი, თავად სალდუხი კი დაატყვევა და ერთ ხანს თბილისის ციხეში ჰყავდა ჩამწყვდეული, მაგრამ მერე დიდსულოვნად შეიწყნარა და გაათავისუფლა.

დემეტრე მეფეს გაულაშქრია განძაშიც. ამის შესახებ განძის ქალაქის კარიბჭის წარწერა გვიამბობს, რომელიც მეფე დემეტრეს ალაფად საქართველოში ჩამოუტანია. განძის კარიბჭე დღესაც გელათის მონასტერში ინახება.

"გულადი და ღვთის მოყვარე და ყოვლითურთ თავის მამის დავითის მსგავსი" დემეტრე მეფე ქვეყნის აღმშენებლობისათვისაც ბევრს იღვწოდა. მისი მეფობის დროს აღორძინდა გაუკაცრიელებული "ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაო", რომლებიც დავით აღმაშენებელმა ერთიან საქართველოს შემოუერთა. დემეტრე მეფემ აღასრულა მამის ანდერძი და დაამთავრა გელათის მშენებლობა, მისი ბრძანებით აიგო ბევრი ახალი ეკლესია (მათ შორის უბისის ტაძარი). განსაკუთრებით ზრუნავდა დემეტრე მეფე დავითგარეჯზე, თითქოს წინასწარ განჭვრეტდა, რომ სიცოცხლის ბოლოს ბერად აღკვეცის შემდეგ სწორედ აქ დაემკვიდრებოდა. "გამომთქმელმა სტიხთა მაღალ შაირთა, რომელნიც დღესაც ჩანან აღწერილად" აქ შექმნა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი უკვდავი "შენ ხარ ვენახი", რომელსაც ცხრა საუკუნეა გალობენ საქართველოს ეკლესიებში. გარეჯის მონასტრის კედელზე ერთ დროს ღირსი დამიანეს (ერისკაცობაში დემეტრეს) ფრესკაც ყოფილა, მაგრამ ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი სახე მხოლოდ მაცხვარიშის (ლატალის) ეკლესიის ფრესკამ შემოინახა.

ვერც კეთილმსახური მეფე დემეტრე გადაურჩა შინაურთა გაუტანლობასა და ღალატს. ჯერ კიდევ მისი მეფობის მეხუთე წელს გამჟღავნდა ივანე აბულეთის ძის შეთქმულება, რომლის მიზანიც დემეტრეს დამხობა და მისი ნახევარძმის, ვახტანგის (ცვატას), გამეფება იყო. დემეტრეს ბრძანებით შეთქმულები შეიპყრეს და დმანისის ციხეში დაამწყვდიეს. მეფემ თურმე საკანში ინახულა აჯანყების მეთაური და უთხრა: "აჰა შემიპყარ". ცბიერმა ივანე აბულეთის ძემ თავის დახსნის იმედით ასე უპასუხა: "არა, მეფევ, მე ხელთ მოგეცით თქვენი ძმა, რომელიც თქვენს მეფობას ეძიებსო". მეფემ მკაცრად დასაჯა ამპარტავნობასა და ამბიციებს აყოლილი ამბოხებულები.

დემეტრე I-ს ორი შვილი ყავდა: უფროსი - დავითი და უმცროსი - გიორგი. მეფე მემკვიდრედ გიორგის ამჯობინებდა. ამპარტავნობამ და შურმა დავითი მამის წინააღმდეგ აამხედრა. 1150 წელს იგი დემეტრე მეფის ტახტიდან ჩამოსაგდებად შეთქმულებას ჩაუდგა სათავეში. დემეტრე მეფემ ადრევე შეიტყო შვილის ღალატი, მაგრამ აპატია მას, თუმცა სხვა შეთქმულები მკაცრად დასაჯა "რომელნიმე ექსორია ქმნილნი, რომელნიმე სიკუდილითა და რომელნიმე განპატიჟებითა".

დავით უფლისწულმა კიდევ რამდენჯერმე მოაწყო შეთქმულება მამის წინააღმდეგ და 1155 წელს საწადელსაც მიაღწია. როცა დემეტრე მეფემ "წარვლო ცხოვრება და მიიწია სრულქმნილი სიბერესა", შვილის ღალატით გულგატეხილმა ტახტი დავითს დაუთმო, თავად კი "შეიმოსა ჩოხა და სქემა" და გარეჯის უდაბნოში ბერად აღიკვეცა. მაგრამ მამის ორგულ დავით V-ს დიდხანს არ უმეფია. იგი ექვსი თვის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა. შვილის სიკვდილით შეძრწუნებული მეფედყოფილი ბერი დამიანე იძულებული გახდა, კვლავ სამეფო ტახტს დაბრუნებოდა. ბერულ ცხოვრებას ნაზიარებ მეფე დემეტრეს ამა სოფლის ამაოება აღარ იზიდავდა და უმცროსი შვილი, გიორგი, "აღამაღლა, თავისა თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა".

ამის შემდეგ დემეტრე მეფეს დიდხანს აღარ უცოცხლია. 31 წელი იმეფა მან ბობოქარ მაჰმადიანურ ოკეანეში ჩაკარგულ საქართველოში და დავით აღმაშენებლის უზარმაზარი მემკვიდრეობა უცვლელად ჩააბარა შვილს, გიორგი III-ს. 1156 წელს "დემეტრე მეფე ბელტის ციხესა მიიცვალა და გელათს წარიყვანეს მის-გან-ვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა".

მოამზადა
ერეკლე ბიბიჩაძემ
ბეჭდვა
1კ1