"უკვდავად გადამაქცია ჩემი სამშობლოს ტრფობამა"
"უკვდავად გადამაქცია ჩემი სამშობლოს ტრფობამა"
ვაჟა-ფშაველა ერთგან ამბობს:
"დამბადა ხელმეორედა
სიყვარულმა და ნდობამა,
უკვდავად გადამაქცია
ჩემი სამშობლოს ტრფობამა".


მართლაც, არის რაღაც მისტიკური სამშობლოს სიყვარულში. როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს, სამშობლოს სიყვარული სამკუთხედია, რომელსაც წვერი ყოველთვის ზეცაში, ღმერთთან უძევს.

თუ სამშობლოსთვის იღვწი, ალბათ უკვე უკვდავების გზას ადგახარ, ძალზე ახლოს ხარ სასუფეველთან, ქართველ წმინდანებთან, რომლებიც მუდამ ჩვენთვის ლოცულობენ.

ზუგდიდში მცხოვრები მიურატების ოჯახის მამის მამა საქართველოდან რომ მიდიოდა, ქართული მიწის წაღება მოისურვა. არ გაატანეს. მაშინ ასეთი რამ მოიფიქრა: თავი მოიმთვრალიანა, ტალახში წაიქცა და ამ სახით წაიღო ქართული მიწა. ხომ საოცარი მაგალითია სამშობლოს სიყვარულისა!

წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე საინტერესოდ საუბრობს იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენას ახდენს ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბებაზე მშობლიური ქვეყნის ბუნება, გარემო და აღმსარებლობა.

ცხადია, რომ "კეთილად შეზავებული", თბილი კლიმატის პირობებში სუფთა და ჯანსაღ ჰაერზე, ხასიათიც სხვაგვარად ვითარდება.

ბარში მცხოვრებთ სხვაგვარი ბუნება აქვთ, მთაგორიანი ქვეყნების მოსახლეობას - სხვაგვარი. მთის ხალხი დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის, შინაგანად უფრო თავისუფალია. ყოველთვის გამოირჩევა სიმამაცით, მხნეობით, ხალისით, ერთგულებით. მისი გარეგანი თუ შინაგანი ნიშან-თვისებები აშკარად ამჟღავნებს კლიმატის ზეგავლენას. თავისუფლების სიყვარული მათ თითქოს მთის კამკამა ჰაერთან ერთად აქვთ შეთვისებული.

ესპანეთიდან და გერმანიიდან ამერიკაში გადასახლებულნი სავსებით შეიცვალნენ, უფრო ტემპერამენტით, ვიდრე გარეგნულად.

ადამიანის ხასიათისა და ცნობიერების ჩამოყალიბებას, ასევე, ღრმა კვალს აჩნევს სამშობლო, საუკუნოვანი ტრადიციის მქონე რელიგია. ისტორიულადაც დასტურდება იმ ხალხთა ხასიათების სხვადასხვაობა, რომლებიც სხვადასხვა სარწმუნოებას აღიარებენ.

საკმარისია, გავიაზროთ, რა ცვლილებები გამოიწვია ხალხების აზროვნებასა და ქცევაში ქრისტიანულმა სარწმუნოებამ, რომ ამ დებულების სისწორე უმალვე ვირწმუნოთ. ქრისტეს რწმენამ გარდაქმნა ადამიანის გონი, შეცვალა მისი გრძნობები - თვინიერება და ადამიანურობა მიანიჭა მათ, სხვა მიმართულებით წარმართა ნება და სიყვარულზე, როგორც უმაღლეს ღირებულებაზე, დაამყარა ადამიანთა შორის ახალი ურთიერთობანი. მოკლედ, მან სავსებით გარდაქმნა ადამიანი ყოველი მიმართულებით.

უკეთ რომ დავინახოთ ხასიათზე რელიგიის გავლენის მნიშვნელობა, შევადაროთ ორი ადამიანი - ქრისტიანი და მაჰმადიანი. დავუშვათ, რომ ორივე ზუსტად იცავს თავის რწმენას. რა საერთოს აღმოვაჩენთ მათ შორის? ვერავითარს. ხასიათის თვალსაზრისით ისინი ძალზე განსხვავდებიან. ქრისტიანი თვინიერი და მშვიდია, მისი სული და გული მთლიანად უმაღლესი და კეთილშობილური ზრახვებითაა გამსჭვალული. მაჰმადიანი კი სრულიად საპირისპირო გრძნობებსა და მისწრაფებებს ფლობს. ის აღსავსეა ფანატიზმით, ესწრაფვის გრძნობად სიამოვნებას, სხვა რწმენის ადამიანს ცოდვილად მიიჩნევს და სიკეთისა და ბოროტების შესახებ ძალზე განსხვავებული შეხედულებები აქვს. მეტიც - მისი წარმოდგენა ბედისწერაზე ახშობს მის უნარებს, ნებელობით ენერგიას და მეოცნებე არსებად აქცევს.

აი, ასეთი საინტერესო ხედვა აქვს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსს.

ადამიანი აღმსარებლობას ირჩევს, სამშობლოს კი - არა. ქართველებს ღმერთმა მოგვცა ბუნებითა და კლიმატით მშვენიერი, ჭეშმარიტი აღმსარებლობის ქვეყანა. უფალმავე მოგვცეს ძალაც, რათა ღირსეულად ვზიდოთ ეს ჯვარი.

"თანამდებნი მამულისა საქმენი მარადის პირველად აღასრულეთ, ვიდრეღა საკუთარნი საჭირონი საქმენი და სახმარნი და სარგებლობანი... რომელსა უწოდეს დიდ ყოფა და პირველობა, იგი აღირGევს უკანასკნელობასა, ე.ი. მსახურებას ყოველთასა.
მღვდელმონაზონი იონა ხელაშვილი

"სიყვარული მამულისა სხვასა არა რაიმესა ნიშნავს, გარნა მხოლოდ თანხმობასა ყოველთასა კეთილთა საქმეთა... სიყვარული მამულისა უვრცელეს არს, ვიდრე სიყვარული თავისა თვისისა".
მღვდელმონაზონი ფილადელფოს კიკნაძე

საპატრიარქოს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის
ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი

ნინო კანდელაკი
ბეჭდვა
1კ1