საქართველოს ვინ რას ეკითხებოდა(?!)
საქართველოს ვინ რას ეკითხებოდა(?!)
1921 წლის ყარსის ხელშეკრულება და დაკარგული ქართული მიწები
XX საუკუნე დიდი ქარტეხილების თანხლებით შემოიჭრა საქართველოს სამანებში. ჩრდილოელი მეზობლის "მფარველობის" ქვეშ ქედწახრილი ქართველობა ყველა სხვა "სიკეთესთან" ერთად არც ერთმანეთს ინდობდა, შედეგად კი საქართველოს ნაბიჯ-ნაბიჯ (ვაითუ სამუდამოდ?!) ხელიდან ეცლებოდა წინაპართა თავგანწირვის წყალობით გადარჩენილი მიწა-წყალი...

დადგა 1921 წელიც. სულს ღაფავდა ათასი ჯურის მტრის გარემოცვაში მოქცეული დამოუკიდებელი საქართველო. ჩვენი ქვეყნის საზღვრებს რევოლუციების ტალღაც მოადგა. რუსეთში ბოლშევიკებმა აიღეს ძალაუფლება, თურქეთში ათა-თურქის "კულტურული" გადატრიალება საქართველოსაც უქადდა ჩათრევას (თითქოს კულტურასთან მწყრალად ვყოფილიყავით ოდესმე)... და ყველა ჩვენ მეზობელს მაინცდამაინც ქართული ტერიტორიების ფასად უნდოდა მოძლიერება და განმტკიცება. საქართველო ხომ კავკასიის გასაღები იყო ოდითგან...

1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც ხუთი ქვეყანა იყო ჩართული, მათ შორის - საქართველო. ორი მათგანი - რუსეთი და თურქეთი - ისე გამალებული ვაჭრობდნენ საქართველოს ძირძველ ტერიტორიებზე, თითქოს ვაჭრობის მთავარი ობიექტი არც კი ყოფილიყოს ამ ქვეყანაზე. რა ენაღვლებოდათ? ლენინს ათა-თურქის ჩაურევლობა ჰაერივით სჭირდებოდა ევროპელ მტრებთან გაჩაღებულ ბრძოლაში და ისე უთმობდა ქართულ მიწებს, თითქოს მემკვიდრეობით რგებოდეს. თურქებსაც "მადა ჭამაში მოსდიოდათ"...

ყარსი ქართულ წერილობით წყაროებში ოდითგან კარის სახელითაა მოხსენიებული. X-XI სს-ში იგი სომხური სახელმწიფოს ცენტრი იყო. 1065 წელს ყარსი ბიზანტიელებმა დაიკავეს. 9 წლის შემდეგ მოძალებულმა თურქ-სელჩუკებმა ჩაიგდეს ხელში. თამარის მეფობის დროს ქართველებმა სომხეთის უდიდესი ნაწილი გაათავისუფლეს და ყარსიც უსისხლოდ დაიკავეს. თამარს კარგად ესმოდა ყარსის სტრატეგიულ-ეკონომიკური მნიშვნელობა, ამიტომ სამეფო ქალაქად აქცია და მმართველად ივანე ახალციხელი დანიშნა. მოგვიანებით თავად საქართველოს დაუდგა ავბედითი დღეები და ყარსს მონღოლები დაეპატრონნენ. 1386 წელს სამეფო ქალაქს თემურლენგმა "გადაუარა", XVI ს-დან კი აქ ოსმალები დაემკვიდრნენ. XIX ს-ის დასაწყისში კავკასიაში ფეხშემოდგმულმა რუსებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ ამაოდ. 1855 წელს, 5-თვიანი ალყის შემდეგ, ყარსის გარნიზონი რუსებს დანებდა. 1878 წელს სან-სტეფანოს ხელშეკრულებით ყარსი რუსეთს გადაეცა. 1918 წლის მაისში იგი ხელახლა დაიკავეს ოსმალებმა, მაგრამ თურქეთი I მსოფლიო ომში (1914-18) დამარცხდა და ქალაქი მცირე ხნით სომეხ დაშნაკებს დარჩათ. დადგა 1921 წელიც. გარემოებამ მოიტანა ის, რომ თურქეთმა სამუდამოდ დაისაკუთრა ყარსი...

რა წინაპირობები უძღოდა ყარსის ხელშეკრულებას, რატომ მოხდა, რომ საქართველო უსუსური აღმოჩნდა რუსეთ-თურქეთის გარიგებაში და რა მოიმოქმედა მოგვიანებით ამ ხელშეკრულების შესაცვლელად უკვე დიდი საბჭოთა კავშირის ქართველმა ლიდერმა იოსებ სტალინმა? ამ კითხვებზე საპასუხოდ პროფესორ ალექსანდრე დაუშვილს მივმართეთ:

- ყარსის ხელშეკრულება საფუძვლად დაედო რამდენიმე თვით ადრე მოსკოვში რუსეთსა და თურქეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას. მოგეხსენებათ, თურქეთი დამარცხებული გახლდათ I მსოფლიო ომში და რუსეთის კომუნისტური მთავრობა ფიქრობდა, რომ ათა-თურქი მხარს დაუჭერდა ანტიიმპერიალისტური ფრონტის შექმნაში. ეს ილუზიები თავად ათა-თურქმა შეუქმნა ლენინს და რუსეთმა ბევრი დაუთმო თურქებს. ათა-თურქი მარჯვედ იყენებდა შექმნილ მდგომარეობას და ცდილობდა, სამხედრო-ეკონომიკური დახმარება მიეღო რუსეთისგან, რასაც ერთი ხანობა აღწევდა კიდეც. თავად განსაჯეთ: მაშინ რუსეთს შიმშილით სული სძვრებოდა, მაგრამ "შორსმჭვრეტელი" ლენინი ოქროთი ეხმარებოდა თურქებს. ცოტა ხანში დღის წესრიგში დადგა 1877-78 წლებში რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების საკითხი, რომლებსაც თურქები არასოდეს თვლიდნენ რუსების საკუთრებად. ათა-თურქი მიხვდა - ლენინი დათმობების "გუნებაზე" იყო და ეს ტერიტორიები მოითხოვა. ცხადია, ამ მიწების დათმობა არც ქართველებს სურდათ, მაგრამ რუსეთი სულაც არ აპირებდა ქართველებისთვის საჩუქრის მირთმევას. მოსკოვი გავლენისა და ჰეგემონობისთვის იბრძოდა და ნაკლებად აინტერესებდა ქართული პრეტენზიები. ყარსის ხელშეკრულება მოსკოვის შეთანხმების საფუძველზე გაფორმდა რამდენიმე პარაგრაფის მიმატებით, რომლებიც ითვალისწინებდა მოსაზღვრე ზონის მცხოვრებთათვის საზღვრის გადაკვეთის გაიოლებასა და მათთვის მეორე მხარეს საძოვრებით სარგებლობის უფლების მინიჭებას (მუხლები 7 და 8), აგრეთვე სავაჭრო ურთიერთობების დაწესებისა და ეკონომიკურ-ფინანსური და სხვა საკითხების დასარეგულირებლად კომისიის შექმნას (მუხლი 18). ხელშეკრულების გაფორმებაში რუსეთ-თურქეთთან ერთად საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანიც მონაწილეობდნენ.

- შესრულდა თუ არა ხელშეკრულება?

- მხარეები 1921-22 წლებში მეტ-ნაკლებად იცავდნენ ხელშეკრულებას. შემდეგ გაირკვა, რომ თურქეთმა ანტირუსული პოზიცია დაიჭირა. მოსკოვმა მაშინვე გააკეთა საპასუხო სვლა და საზღვრები მკაცრად ჩაკეტა, თუმცა 1930 წლამდე ჯერ კიდევ ჰქონდათ ქართველებს ნათესავებთან შედარებით იოლად გადასვლა-გადმოსვლის შესაძლებლობა. მე ნანახი მაქვს ბერიას ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ აჭარის მთიან სოფლებში, სადაც მაჰმადიანი ქართველები სჭარბობდნენ, გაძლიერდა თურქეთში გადასვლის ტენდენცია. მას შემდეგ კი, რაც კომუნისტებმა ათეისტური პროპაგანდა წამოიწყეს, იქ 1927-28 წლებში აჯანყებაც კი მოხდა. მოგვიანებით საბჭოთა კავშირმა მტკიცედ ჩაკეტა საზღვრები...

- საქართველოს სამუდამოდ დაეკარგა ეს დიდებული მხარე?

- საქართველოს ვინ რას ეკითხებოდა! რუსეთმა XIX ს-ში თავად წაართვა თურქეთს ის მიწები და საქართველოს კი არა, საკუთარ იმპერიას მიუერთა. ამდენად, ის ყოველთვის თავის საკუთრებად მიიჩნევდა ამ ტერიტორიებს. იმავეს ფიქრობდა თურქეთიც, რომელიც ყველაფერთან ერთად იმითაც სარგებლობდა, რომ იქ მუსლიმანი მოსახლეობა სჭარბობდა და ამ ფაქტორის სათავისოდ გამოყენებას ცდილობდა. თურქეთმა რეფერენდუმიც კი ჩაატარა აჭარაში. მათ აქვთ დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დემოკრატიული რეფერენდუმით თურქეთთან ურთიერთობას არჩევდა. აჭარაში ძლიერი პროთურქული განწყობა სუფევდა. იქ სამი ძირითადი დაჯგუფება არსებობდა: პროთურქული, პრორუსული და პროქართული. ყველა თავისი გავლენის გატარებას ცდილობდა. როდესაც 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგების რევიზიაზე მიდგა საქმე, ბუნებრივია, რუსეთი ჩვენ არაფერს შეგვეკითხებოდა.

- მაგრამ მაშინ სტალინი საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო და ძნელი დასაჯერებელია, რუსეთის ხარჯზე დაეთმო თურქეთისთვის ისტორიული მიწები. ქართულმა მხარემ ეს ფაქტორი როგორ გამოიყენა?

- ვერანაირად(!), ჩვენ ეს ტერიტორიები უკვე დათმობილი გვქონდა. ქართველი კომუნისტებიც, ბუნებრივია, ლენინის მხარეზე იდგნენ. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით სტალინი ამბობდა, რომ ეს იყო დიდი შეცდომა და თითქოს მისი ავადმყოფობით ისარგებლა ტროცკიმ და თურქეთს დაუთმო ის მხარე. სხვათა შორის, 1946 წელს სტალინს ჰქონდა ამ მიწების დაბრუნების მცდელობა. მას ქართველი მეცნიერებიც ეხმარებოდნენ, მაგრამ თურქეთს ამერიკა უჭერდა მხარს, რომელსაც უკვე გააჩნდა ატომური ბომბი და სტალინმა, ვიდრე საბჭოთა კავშირიც შექმნიდა იარაღის ამ სახეობას, უკან დახევა არჩია. სტალინამდე, 1921 წელს, ქართველ მენშევიკებს არ დაუყენებიათ ეს საკითხი, ლენინის წინადადება ულაპარაკოდ მიიღეს.

- დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ჩვენთვის რაიმე სასიკეთო ძვრების იმედი ვიქონიოთ ამ ტერიტორიების თაობაზე?

- ალბათ დამეთანხმებით, რომ დღევანდელ მსოფლიოში სულ სხვა ვითარებაა. ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენება უსისხლოდ არ ჩაივლის, რაც დიდ შეტაკებებს და არეულობას გამოიწვევს დღეს არსებულ მსოფლიო ბალანსში. ამდენად, ამ ვითარებაში შეუძლებლად მოჩანს ჩვენი მიწების დაბრუნება. ერთადერთი სანუგეშო ის არის, რომ ყარსის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული არ არის. 80 წელიწადი გავიდა, რომელი ხელშეკრულება ძლებს ამდენს?..

P.შ. ჩვენდა სანუგეშოდ, რამდენიმე წლ-ის წინ, ღვთის შეწევნითა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნებით, შეიქმნა ლაზეთის, ტაო-კლარჯეთისა და ახალციხის ეპარქია (მთავარეპისკოპოსი - თეოდორე ჭუაძე), რომელმაც აღადგინა სულიერი ერთობა ისტორიულ საქართველოსთან. გახშირდა ქართველ მომლოცველთა ჩასვლა ტაო-კლარჯეთში. თვით კათოლიკოს-პატრიარქმაც სამღვდელოებასთან ერთად მოილოცა ჩვენს ტკივილად ქცეული ქართული სიწმინდეები - ოშკი თუ ხახული, იშხანი თუ ოპიზა...

სულიერი სამანები ვერ დაარღვია ნებამ "ძლიერთა ამა ქვეყნისათა".

მოამზადა
ზვიად სეხნიაშვილმა
ბეჭდვა
1კ1