მეფობა ღვთივდადგენილია
მეფობა ღვთივდადგენილია
ნეტავ კი ყველა ხალხი ჩასწვდებოდეს მეფის ზეციურ ღირსებას
"უთხრა უფალმა... დაუდგინე მათ მეფე"
(1 მეფეთა 8,22)
"ხალხთა მართვის საქმე - ყველაზე რთული საქმეა. თვით ღმერთი, მეუფე უფლებათა და მეფე მეფეთა, განამტკიცებს მეფის უმაღლეს ძალაუფლებას. მხოლოდ ღმერთს შეუძლია, რჩეული ადამიანი უფლებამოსილი გახადოს მეფობაზე და უბოძოს მას თვითმპყრობელური ძალაუფლება, შემოსოს დიდებითა და ძალით".
წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი

მეფე - ცოცხალი ხატი ღვთისა
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა".
ღირსი მაქსიმე ბერძენი

"მართლმადიდებელი ეკლესია თავისი წმინდანების პირით ყოველთვის შეუცვლელად ასწავლიდა, რომ "ქრისტიანი მეფის სახე და წოდება (ღირსება) დედამიწაზე ცოცხალი ხატი და მსგავსებაა ქრისტე მეუფისა, რომელი არს ცათა შინა. რამეთუ რამდენადაც ადამიანი სულით თვისით ხატი და მსგავსია ღვთისა, ესრეთ ცხებული ღვთისა თავისი სამეფო წოდებით ხატი და მსგავსია უფალი ქრისტესი: ქრისტე მეუფე ცათა შინა მედღესასწაულე ეკლესიაში უპირატესია; მეფე ცხებული ქუეყანასა ზედა, მადლითა და წყალობითა ზეციური ქრისტესი, უპირატესია მებრძოლ ეკლესიაში".
წმინდა დიმიტრი როსტოველი

მიწიერი სამეფოს ზეციური ღირსება
"რწმენა აკურთხევს მიწიერ ხელისუფლებას, წარმოაჩენს მათ ზეციურ წარმომავლობას".
წმინდა ფილარეტ მოსკოველი

"ოჰ, ნეტავ კი ყველა ხალხი ჩასწვდებოდეს მეფის ზეციურ ღირსებასა და მიწიერი სამეფოს წყობილებას ზეციურისდა მიხედვით და გამუდმებით გამოისახავდნენ თავიანთ თავში იმავე ხატებას - კეთილმოკრძალებითა და სიყვარულით მეფისადმი, მისთა კანონთა და განკარგულებათა მიმართ თავმდაბალი მორჩილებით, ურთიერთთანხმობითა და ერთსულოვნებით, და განიშორებდნენ ყოველივეს, რასაც არა აქვს მსგავსება ზეცაში - თავის ამაღლებას, განხეთქილებას, თავნებობას, ანგარებასა და ყოველგვარ ბოროტ აზრს, განზრახვასა და ქმედებას! მაშინ ყველა მიწიერი სამეფო იქნებოდა ღირსეული წინკარი ზეციური სასუფევლისა".
ფილარეტ განმანათლებელი

ერთმმართველობა და თვითმმართველობა
"ღმერთმა უბრძანა მეფეებს, იმეფონ და მართონ ქვეყანა, ამადაც იწერებიან ტიტულებში თვითმპყრობელებად".
ღირსნი სერგი და გერმანე ვალაამელები

"მართლმადიდებელმა ეკლესიამ ისტორიულად წარმოშვა მართლმადიდებელი მეფე და უზრუნველყო იგი ერთმმართველობით, ხოლო მეფე პატრონობდა და იცავდა მას, მოჰქონდა მისთვის შინაგანი მეუფება და გარეგანი დიდება. თვითმპყრობელ ცხებულში მართლმადიდებლობა ერწყმოდა ხალხს".
იოანე კრონშტადტელი

ხელმწიფების სიმფონია
"ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიმადლა - მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად".
ღირსი თეოდორე სტუდიელი

"ღვთივგვირგვინოსანი მეფე თავის ხალხთან შედის საღვთო-საიდუმლო კავშირში სულიწმინდით ცხებულობისას. ამგვარად, მეფე და ხალხი თითქოს ერთ მძლავრ სულიერ-ზნეობრივ კავშირში ერწყმის ერთმანეთს, როგორც იდეალურ ქრისტიანულ ოჯახში, სადაც წარმოუდგენელია განყოფა, დაუშვებელია უნდობლობა, სხვაგვარი დამოკიდებულება, გარდა ურთიერთსიყვარულისა, ერთგულებისა, თავგანწირვისა და მზრუნვლობისა".
წმინდა ახალმოწამე მამა იოანე ვოსტორგოვი

"ვხედავთ, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში ორგვარი ხელისუფლებაა - სამოქალაქო და სასულიერო. სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს, სასულიერო ხელისუფლება კი თვალყურს ადევნებს იმას, რაც ეხება შინაგან სულიერ მდგომარეობას. სამოქალაქო - მართავს სამოქალაქო კანონებით, სასულიერო - ღვთის სიტყვით და არაკეთილგონიერად მცხოვრებთ ქრისტიანული საზოგადოებიდან დროებით განყენებით ათვინიერებს. ორივე ხელისუფლების, სამოქალაქოსა და სასულიეროს, საბოლოო მიზანი სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა თავის ქვეშევრდომთა კეთილდღეობა და ღვთის სახელის დიდება".
წმინდა ტიხონ ვორონეჟელი

ამონარიდები წიგნიდან
"სახელმწიფოებრივი კატეხიზმო"
ბეჭდვა
1კ1