აი, რას მოგვითხრობს "ქართლის ცხოვრება"
აი, რას მოგვითხრობს "ქართლის ცხოვრება"
ღმერთმა ანგელოზთა მეშვიდე დასს ("მთავრობანი და ხელმწიფებანი") მიაბარა მთავრობა ბუნების სტიქიებზე: წყალზე, ცეცხლზე, ქარზე, ცხოველებზე, მცენარეებსა და საერთოდ ყველა ხილულ საგანზე. "სოფლის შემოქმედმა და აღმშენებელმა ღმერთმა, - წერს ქრისტიანი მოძღვარი ათენაგორე, - ზოგიერთი ანგელოზი დაადგინა სტიქიებზე, ცასა და ქვეყანაზე, და იმაზე, რაც მასშია, და მათ მოწყობაზე". ჭექა-ქუხილს, ელვას, ქარიშხალს... ყოველივე ამას მართავენ მთავრობანი და წარმართავენ, როგორც სათნოა უფლისთვის.

ჩვენს ისტორიაში ღვთის ხელის მონაწილეობა და მზრუნველობა ხშირად იმით მჟღავნდებოდა, რომ უფალი "სამხილებლად უსჯულოებათა ჩვენთასა" გვიგზავნიდა განსაცდელებს, სტიქიურ უბედურებებს. ეს იყო ჩვენს გამოსასწორებლად და მოსაქცევად გამოგზავნილი სასჯელი ანუ მხსნელი სიკეთე, რადგან, როგორც წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებს: "ისტორიის არსი ადამიანების ღმერთთან დამოკიდებულების განსაზღვრაა. ყველა დანარჩენი მხოლოდ მთავარის ეპიზოდი და ფრაგმენტია. ისტორიული პერიოდები ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის მოქცევასა და მიქცევას გამოხატავენ". აი, რას მოგვითხრობს "ქართლის ცხოვრება":

ჟამთააღმწერელი 1275წლის მიწისძვრის შესახებ საქართველოში:
"მოახლოვდა ვნების კვირა და დიდ ოთხშაბათს მძაფრად შეიძრა მიწა "სამხილებად უსჯულოებათა ჩვენთათვის". ხუთშაბათსაც იყო მცირე რყევა და არავინ გულისხმაყო, რათა "წყალობად აღეძრა ღმერთი შემნდობელი", და როდესაც მოიწია ვნების პარასკევი, ისევ შეიძრა მიწა. მერე უცებ ყველაფერი მიწყნარდა. დიდ შაბათს, ჩვეულებისამებრ, ხალხი დიდ სიხარულს მოელოდა აღდგომის დღესასწაულის მოახლოების გამო. სწორედ ამ დღეს მოხდა საშინელი მიწისძვრა: "ესოდენ რისხვით მოხედნა ღმერთმან ქვეყანასა და შეძრწუნდა". დაინგრა საყდრები და მონასტრები, ეკლესიები და ციხეები. მთები და ბორცვები ჩამოიშალა, კლდეები გაცამტვერდა. მიწა გაიპო და იქიდან კუპრივით შავმა წყალმა ამოხეთქა. მაღალი ხეები წაიქცა და ქვეშ მოიყოლა აწყურის საყდარი.

აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ლიტანიობის დროს ტაძარში იყო შესვენებული და საყდრის შუაში დაბრძანებული. მიწისძვრის დროს გუმბათი ჩამოიქცა და როგორც ქუდი, ისე დაეხურა ხატს თავზე და "დარჩა უვნებლად ძლიერებითავე მისითა".

მცხეთის საყდარიც დაინგრა, უამრავი ადამიანი დაიღუპა, სამცხეში არც ერთი საყდარი, ეკლესია და ციხე არ დარჩა დაუნგრეველი. "იქმნა გლოვა და ტირილი უზომო".

ჟამთააღმწერელი ქართლში გამეფებული შიმშილობის შესახებ:
ქართლის ქვეყანა შფოთს მოეცვა: "არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და არცა შენება ყოვლადვე". განრისხდა ღმერთი. პირველად განვიცადეთ მწარე ტყვეობა, მეორედ - ბარბაროსთა მიერ მოსრვა და ხოცვა, ხოლო მესამედ - გვეწვია უსასტიკესი განსაცდელი: პური მოაკლდა ქვეყანას. არსად იშოვებოდა და დიდ ფასადაც არ იყიდებოდა. "ესოდენ განძვირდა შიმშილი, მძორსა არაწმიდასა ურიდად ჭამდეს". ქუჩები, უბნები, გზები, მინდვრები, ქალაქები თუ სოფლები მკვდრებით იყო სავსე. ბავშვები მკვდარი დედის ძუძუს წოვდნენ.

წმინდა დავით აღმაშენებლის გამეფებამდე, გიორგი II-ის დროს:
მძიმე ჟამი იდგა ქვეყანაში. "არცა რაი იქმნა ლხინება კაცთა უკეთურებისათვის მკვიდრთა მისთასა", რადგან "ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა", წრფელი გზიდან გადაუხვიეს და უკეთურების გზაზე იწყეს სვლა. "ბუნებით მოწყალე და სახიერი" ღმერთი ისე განარისხეს, სანამ არ იწვნიეს საკუთარ თავზე "განჩინება რისხვისა", რომელიც უსჯულო ადამიანებზე ვრცელდება და რომლის შესახებაც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "ვაი ნათესავსა ცოდვილსა! ერი, რომელიც სავსეა უსჯულოებით, თხემიდან ტერფამდე არ არის მასში სიცოცხლე, არც ერთი ჭრილობა არ არის მრთელი". ამისთვის "თქვენი ქვეყანა აოხრდება, ქალაქები ცეცხლით დაიბუგება, სოფლებს უცხო-თესლები გადაჭამენ და უცხოტომელებისგან დაიქცევა". ეს ყველაფერი ჩვენ თავს დაგვატყდა და ნათქვამზე მეტი ვიხილეთ ჩვენივე თვალით. ვის შეუძლია წარმოთქვას და აღწეროს ის ჭირი, რაც ჩვენ თავს დაგვატყდა! და ამის მერეც "არავე დასცხრა გულისწყრომა უფლისა ჩვენზედა". რადგანაც არ შევინანეთ, არ გულისხმავყავით, სათანადოდ არ მოვიქეცით უფლის ბრძანებათა აღსასრულებლად, ამიტომაც სხვა "ზეგარდამო საშინელებანი - ღვთივმოვლენილი გვემანი მოიწივნეს ქვეყანასა ზედა ჩვენსა" და იმისთვის, რომ მცოდველ ადამიანებს არ ეფიქრათ: ეს საშინელებები ჩვენი ცოდვებისთვის კი არ მოხდა და ღვთის მიერ კი არ დაიშვა, არამედ "ჟამთა შეცვალებისთვის" ან უბრალო დამთხვევის გამოო, უფალმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეს, როდესაც ხალხს სულიერი სიხარულით უნდა ეხარა, რისხვით მოხედა ქვეყანას და შეძრა მიწა საფუძვლიანად, ეკლესიები დაინგრა, დაქცეული სახლების ქვეშ მოყვნენ ადამიანები. სახლები მათ საფლავად ექცათ. დაინგრა თმოგვის ციხეც და შიგ მოიყოლა ნიანიას ძე კახაბერი ცოლითურთ. მიწის რყევა წელიწადის განმავლობაში გრძელდებოდა. უამრავი ადამიანი დაიღუპა. მაშინ "რისხვასა შინა მოიხსენა წყალობა მან, რომელი სწავლის ყოველსა შვილსა, რომელიც უყვარს, მოაკვდინებს და აცხოვნებს". უფალი მუდამ მზად არის წყალობის მოსაღებად, რადგანაც: "არა თუმცა უფალმან დამიტევა ჩვენ თესლი, ვითარცა სოდომცა შევიქმნენით და გომორელთა მივემსგავსენით".

***
უფლის სასჯელი ყველა უსამართლო ადამიანზე ვრცელდება. "ქართლის ცხოვრებაში" მრავლადაა ჩვენი მტრების დასჯის ფაქტებიც.

ჟამთააღმწერელი "ასწლოვან მატიანეში" მოგვითხრობს XIII საუკუნეში ოპიზის უდაბნოში მომხდარი სასწაულის შესახებ. აქ იყო ყველა წინასწარმეტყველსა და წმინდანზე უპირატესის, "ყოველთა ნაშობთა დედათასა უმეტესის" - წმინდა იოანე ნათლისმცემლის ქვედა ყბა, რომელიც დაუდუმებლად აქებდა კაცობრიობის ხსნისთვის განკაცებულ უფალს, ამხელდა ჰეროდეს უსჯულოებას. მონასტერი შემკული და გამშვენებული იყო პატიოსანი თვლებით მოოჭვილი ხატებით, აღსავსე იყო ძვირფასი ჭურჭლით. მტერმა მოიწადინა სავანის გაძარცვა და განძეულობის წაღება. მტერი მთის გზას გამოუყვა და მონასტერს ასაოხრებლად მოადგა. მაშინ "არა დაიდუმა მსჯავრმან ზენამან, რამეთუ ეგოდენნი წმიდანნი მამანი, რომელნი ჟამსა შინა ჰბრწყინვიდეს ოპიზას, სასწაულთა ნიშთა მიერ განბრწყინვებულნი და მინდობილნი წინამორბედისა იოანესნი, და ხორხი იგი დაუდუმებელი ღმრთისა ქადაგი, არა უპატიო ჰყო ღმერთმან". ღმერთმა დაიცვა ეს წმინდა ადგილი და ისეთი ნისლი და სიბნელე მოავლინა, რომ მტერი გზას ვეღარ იგნებდა. უსჯულოები უდაბნოს მიუახლოვდნენ და დადგნენ მთის ძირას, რომელსაც ეწოდება ძეგლი. აქ იყო წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც ოპიზასა და მიძნაძორს შორის მდებარეობდა. "მაშინ მოხედნა წყალობით სამკვიდრებელსა თვისსა იოანე ნათლისმცემელმან... და მოავლინა ქარი სასტიკი და ხოშკაკალა, სეტყვა და წვიმა მძაფრი... და აღდგეს ღელვანი, ვითარცა შუა ზღვასა და წარმოეცა წყალი მძაფრი და იქნა მდინარე დიდი... წყალმა წარღვნა თათარნი, სრულიად კაცი და ცხენი". გადარჩა მხოლოდ ერთი კაცი, რომელსაც თვისტომეულთათვის იობის ღაღადისივით უნდა ემცნო: "სახლი ღვთისა არს ადგილი იგი, საყოფი მონათა ღვთისა. ერიდენით მუნ მისვლად".

უცნობი ავტორი, "დავით და კონსტანტინეს წამება":
"ხოლო ეწია რისხვა ღვთისა ერსა". "აბაშთა ნათესავი" მდინარის პირას იყოს დაბანაკებული. ხოლო ცხენები და ეტლები - იმ მდინარის პირას, რომელსაც მაშინ ცხენისწყალი ერქვა. ღმერთმა მოავლინა "ზეგარდმო სასწაული": ქუხილი და ელვა, სეტყვა და მძაფრი და სასტიკი წვიმა. მიწამ პირი დააღო და ამოხეთქა წყალთა სიმრავლემ. ხმელეთი ზღვად გადაიქცა. მდინარე აბაშა საზღვრებს გადასცდა და "წარღვნა ყოველი ნათესავი აბაშთა". სწორედ ამ დღიდან დაერქვა მდინარეს "აბაშა". მდინარე ცხენისწყალმა კი წარღვნა ცხენები და ეტლები და ამ დღიდან ეწოდა მას სახელი "ცხენისწყალი".
ბეჭდვა
1კ1