დადიოდა ეს ნათელი კაცი გალის ქუჩებში და თან დიდი სულიერება დაჰქონდა
დადიოდა ეს ნათელი კაცი გალის ქუჩებში და თან დიდი სულიერება დაჰქონდა
დილაა, წვიმს... მაღალი, თხლად ჩაცმული კაცი აჩქარებული მიუყვება ქუჩას, თვალებზე ჩამოფხატული თექის ქუდიდან წურწურით ჩამომავალი წვიმის წვეთები გულმკერდს უსველებს. მის წინ ხან ერთი მანქანა ჩერდება, ხანაც - მეორე:

- ილიკო ბატონო, მანქანაში ჩაბრძანდით... ილორამდე სულ დასველდებით.

ეს ამბავი საბჭოთა პერიოდში ხდებოდა. ის კაცი ილიკო ბაგათელია იყო, სამურზაყანოში (გალის რაიონი) ცნობილი პიროვნება, მორწმუნე ქრისტიანი, რომელიც "ბედავდა" ეკლესიური ცხოვრებით ეცხოვრა, ეურთიერთა მღვდლებთან, ბერებთან, ყოველ საეკლესიო დღესასწაულზე, ყველანაირ ამინდში, ფეხით წასულიყო ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოსალოცად (გალიდან იქამდე კარგა შორსაა) და მოელოცა იქაურობა. დიდმარხვაში კი, გარდა ჩვეული ეკლესიური ცხოვრებისა, მოძღვრის კურთხევით ცდილობდა, განსაკუთრებით გაეძლიერებინა ლოცვითი კანონი.

ილიკო ბაგათელია ქრისტეს სიყვარულის, ზნეობის მაგალითს აძლევდა საზოგადოებას, აფხიზლებდა ძალით, ხიშტით მინავლებულ რწმენას.

...ილიკო ბაგათელია 1895 წელს დაიბადა სოფ. ნაბაკევში (გალის რ-ნი). დაამთავრა სოფლის ოთხწლიანი რუსული სკოლა. იგონებდა თურმე, - 11-12 წლის ბავშვები ერთ გრძელ, ვიწრო სკამზე ერთმანეთზე მიკრულნი ვისხედით და ვცდილობდით რუსი მასწავლებლის ნათქვამი დაგვემახსოვრებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში გავიროზგებოდითო.

მამამისი - ბახვა ბაგათელია აღებ-მიცემობას ეწეოდა და ცხადია, მდიდარი იყო, ბლომად ჰყავდა ცხენი და ხარ-კამეჩი.

დედამისი - ნადე ანჯაფარიძე მორწმუნე ქალი გახლდათ და შვილებსაც ღვთის შიშსა და მორჩილებას უნერგავდა.

...ახალგაზრდა ილიკოს მთავარი გატაცება მამის ცხენები, ჯირითი და თავგადასავლების ძიება იყო. ხშირად ტრიალებდა ჩხუბში, გაწევ-გამოწევაში, სისხლიან გარჩევებშიც კი. რუსი მოხელეების დატერორებაც ეხერხებოდა. თუმცა ერთმა შემთხვევამ მთლიანად შეცვალა ილიკოს ცხოვრების წესი.

სწორედ მაშინ გაჩნდა მათ ოჯახში ბიბლია, ლოცვები, სახატე... შეიცვალა მეგობრებიც - იმ ადამიანებს დაუახლოვდა, რომლებიც ეკლესიური ცხოვრების გზას აჩვენებდნენ, მრწამსში აძლიერებდნენ.

ხშირად დადიოდა აფხაზეთისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრების, ქუთაისის, გელათის მოსალოცად, მოწამეთაში მოწიწებით ეხებოდა კონსტანტინესა და დავითის საფლავებს.

ახალმა სისტემამ ყველაფერი წაართვა მის ოჯახს...

იმ არეულ წლებში შექმნა ოჯახი, გალში გადასახლდა. მერე ფოტოგრაფობას მოჰკიდა ხელი. ეს ხელობა ხელოვნებად რომ ექცია, ფოტოში თავის სულსა და გულს დებდა. ეს კარგად ჩანს მის მიერ გადაღებულ, რელიკვიად ქცეულ ფოტოებში.

ილიკო ღვთის შიშითა და მოკრძალებით ცხოვრებას აგრძელებდა.

მისი მეუღლე ლეონინაც მორწმუნე ქალი იყო. ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი აღზარდეს. ბორმანი, ლივთერი, გვიდონი, რობინზონი (ანდრო) და როზა ბავშვობიდანვე წესიერებით, ურთიერთსიყვარულით იყვნენ გამორჩეულნი. მამა შვილებს ქრისტეს მრწამსს თავს არ ახვევდა. თუ სურვილი გაქვთ, მიიღეთ, მაგრამ მის წინააღმდეგ გამოსვლას არ გაპატიებთო. შვილებისთვის არც კომკავშირსა და პარტიაში შესვლა დაუშლია, - საერთო წესს დაემორჩილეთო. რწმენა ისაა, რაც შენშია; ღმერთი ყველაშია და ყველაფერს ხედავსო.

კომუნისტებმა, როგორც სხვაგან, სამურზაყანოშიც ბევრი ეკლესია დაანგრიეს, ბევრიც გააუქმეს, მაგრამ რწმენის საბოლოო ჩახშობა მაინც ვერ მოახერხეს. აქა-იქ შემორჩენილ ეკლესია-მონასტრებში მორწმუნეები კვლავ იკრიბებოდნენ, კვლავ მიდიოდა ღვთისმსახურება.

ილიკოს მათთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. ჩემს სულიერ ძმებთან მივდივარო, იტყოდა და მარტვილის, ხობის, ქუთაისის ღვთის სახლებს მიაშურებდა. ფეხით უყვარდა გელათსა და მოწამეთაში ასვლა. მოილოცავდა და დავით აღმაშენებლის საფლავთან დაიჩოქებდა.

სულიერი ძმებიდან გამორჩევით უყვარდა ცოლისძმა ნეოფიტე-შერბი გულაია. ის თურმე ბავშვობიდანვე ღვთისმოსაობით იყო გამორჩეული. ქალაქში ვაჭრობის შესასწავლად გაგზავნეს და უკან გამობრუნებულა - ეს ჩემი საქმე არ არისო. 21 წლისა ბერად აღკვეცილა. 40 წლისა ბედიის მონასტერში გარდაცვლილა. გამორჩევით ჰყვარებია იესო ქრისტეს ლოცვა. ლამაზად წერდა, თითქოს ხატავდა ქართულ ასოებსო, - იგონებდნენ ნათესავები. მისი საფლავი მიკვლეული არ არის.

ილიკოს ასევე გამორჩეულად უყვარდა სენაკის მთავარანგელოზის სახელობის მონასტრის მღვდელი კონსტანტინე ქვარაია, რომელიც არ ეპუებოდა კომუნისტებს და საღვთო მოღვაწეობას ეწეოდა.

KARIBCHEბაგათელიებს ზოგჯერ სტუმრობდა ილორელი ბერი გიორგი (ანდრო) ბულისკერია. საღამო ხანს სტუმარ-მასპინძელი სამლოცველო ოთახში შედიოდა და ერთად იწყებდნენ ლოცვას. გიორგი ბულისკერიამ წმინდა ცხოვრებით იცხოვრა და ხანდაზმული წავიდა ამ ქვეყნიდან.

მხოლოდ ილიკოსთან ჰქონდა ურთიერთობა ვასილ ნაყოფიასაც, რომელიც ბოლშევიკების გაბატონების შემდეგ შინიდან ფეხს არ დგამდა - მაშინ გამოვალ, როცა ისინი აღარ იქნებიანო.

ილიკო ბაგათელია ხალხს უყვარდა, პატივს სცემდნენ, რჩევას ეკითხებოდნენ, დალოცვას სთხოვდნენ. იგი უანგაროდ ეხმარებოდა ყველას, რითაც შეეძლო ხელს უმართავდა ღარიბებს, ინვალიდებს. დადიოდა ეს ნათელი კაცი გალის ქუჩებში და თან დიდი სულიერება დაჰქონდა. განცდაც თავისებური იცოდა. განსაკუთრებულ სულიერ ტკივილს საყვარელი და ახლობელი ადამიანების ამ ქვეყნიდან უდროო წასვლა აყენებდა. მეუღლის გარდაცვალებამ (1984 წ.) სულიერად გატეხა.

თვითონ 1985 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. საღი გონება ბოლომდე შერჩა, სიკვდილის წინ დალოცა ოჯახი, პირჯვარი გადაიწერა, ყველას გამოეთხოვა და მშვიდად დალია სული.

დიდი მონაგარი დარჩა - შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები. გალში ისინი ერთ ქუჩაზე გვერდიგვერდ ცხოვრობენ. აფხაზეთის საბედისწერო ომის დროს, როგორც ათასობით სხვა, ისინიც მოძალადეს გამოექცნენ და რამდენიმე წელი ენგურს გაღმა გაატარეს. ცოტა რომ მიწყნარდა იქაურობა, უფროსები დაბრუნდნენ. დაქცეული, გავერანებული ეზო-კარი მიალაგ-მოალაგეს, მამის ნაქონი საეკლესიო ნივთები ძველ ადგილზე დააბრუნეს.

მამაზე მოსაგონარი ბევრი აქვთ.

- არაჩვეულებრივი მამა იყო. თავისუფალი არჩევანის უფლებას ყოველთვის გვაძლევდა. დაძალება არ იცოდა. თავისი ქრისტიანული ცხოვრებით წესიერების მაგალითს გვაძლევდა. პირჯვრის გადაუწერლად და ლოცვის გარეშე ლუკმას არ გატეხდა. მარხვაში ხორცს კბილს არ დაადგამდა. კარგად იცოდა რუსული ლიტერატურა: მახსოვს, მასწავლებელმა საზეპიროდ მოგვცა პუშკინის "კავკასია". სახელმძღვანელო არ გვქონდა. მამამ ლექსი ჯერ ზეპირად გვითხრა, შემდეგ კი გვასწავლა, - იხსენებს ილიკოს უმცროსი ვაჟი ანდრო.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ილიკოს უფროსი სტუდენტი შვილისთვის ჩაუკითხავს თბილისში და უთხოვია, ხელოვნების მუზეუმში წამიყვანე, იქ დაცულ იესო ქრისტეს ნამდვილ სახეს - ხატს უნდა ვემთხვიოო. წასულან. ოქროს ფონდში, სადაც ხატი იყო დაცული, არ შეუშვიათ. მუზეუმის დირექტორთან შესულა. მისგან ნებართვა მიუღია, ხატთან დიდხანს ულოცია და იქიდან სახეგაბრწყინებული გამოსულა.

- თავმდაბალი, თავაზიანი ადამიანი იყო. ავი სიტყვა არ წამოსცდებოდა. არ დაიწყევლოთ, რადგან წყევლა მაწყევარს უბრუნდებაო. ცუდი არ აკადროთ ვინმეს. სხვის საქციელს ნუ განსჯით, მას ღმერთი განსჯის. თუ რაიმე ნახოთ, პატრონს დაუბრუნეთო. ერთხელ ქუჩაში ოქროს ბეჭედი უპოვია და მილიციისთვის ჩაუბარებია, - იგონებს ილიკოს რძალი, ქალბატონი ნარგიზა.

- შვილიშვილების მონათვლას ეშურებოდა. მანამდე ხელს არ კიდებდა, ქრისტიანები არ არიანო. მონათვლის შემდეგ მკითხავდა, - ბავშვები ჯვარს ხომ ატარებენო, - მეუბნება ანდროს მეუღლე ციცო.

KARIBCHE
ილიკო სამეგრელოში მოღვაწე ბერ-მონაზვნებთან ერთად

ახლო ურთიერთობა ჰქონდა უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-სთან, როცა იგი აფხაზეთში მოღვაწეობდა. სიხარულით მიართვა ლივთერის მიერ ხისგან გამოთლილი ჯვარი.

საოცრად სჯეროდა უწმინდესისა. ერთხელ სამი თვის მოუნათლავი შვილიშვილი ცუდად გახდომია. სასწრაფოდ სოხუმში წაუყვანიათ. მედიკოსებს გადარჩენის იმედი არ მიუციათ. ილიკო მეორე დღეს უწმინდესთან მისულა, მდგომარეობა აუხსნია და უთქვამს, ბავშვი მოუნათლავიაო. უწმინდესს დაურიგებია, როგორ მოქცეულიყო. ილიკო დარიგებისამებრ მოქცეულა. ბავშვი გადარჩა.

შვილები სიამაყით იხსენებენ, რომ მამის დაკრძალვაზე უწმინდესი ილია II მობრძანებულა და პატივი მიუგია ილიკოს ხსოვნისთვის.

- მამის მიერ დალოცვილები ვართ. განსაკუთრებით ამას ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებში ვხედავთ. მათ ჩვენზე მეტი რწმენა აქვთ. ილიკო ბაგათელიას დათესილ სიკეთეს შთამომავლობა იმკის. საეკლესიო წიგნები არ გაციებულა, იქიდან ისევ ნათელი მოდის. სანთელ-საკმეველმა თავისი გზა არ დაკარგა, - სიხარულით მეუბნება ბორმანი.

ამ წერილში შეუძლებელია არაფერი ვთქვათ გალზე, სადაც ნათლით მოსილი კაცი დადიოდა. დღეს გალი გლახაკსა ჰგავს, დანგრეული, ხალხი - დაბეჩავებული. მათთვის არც ეკლესიაა და არც მონასტერი. 1990-91 წლებში ბოსლად ქცეული ჭუბურხინჯის ეკლესია მორწმუნეებმა გაწმინდეს, ხატებიც მოაბრძანეს, სანთელიც აინთო, მაგრამ არც მაშინ და, მით უმეტეს, ახლა, მოქმედი არ არის. ომამდე უწმინდესი ილია II ეწვია გალს. მაშინ გადაწყდა ნაეკლესიარზე, სასტუმროს გვერდით, ახალი ეკლესიის აშენება. სამწუხაროდ, ომმა ეს შეუძლებელი გახადა. მომრავლდა სექტები. განსაკუთრებით ე.წ. იეღოვას მოწმეების სიმრავლე შეიმჩნევა...

მაგრამ იმედი მაინც არ უნდა დავკარგოთ! აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ილიკო ბაგათელიას მსგავსი წმინდა კაცები ზეციდანაც გაუწვდიან ხელს თავიანთ ხალხს.

მოამზადა
მიმოზა გადელიამ
ბეჭდვა
1კ1