გაცრეცილ-გაყვითლებული ფოტოებიდან მომზირალ სახეებთან შეხვედრა
გაცრეცილ-გაყვითლებული ფოტოებიდან მომზირალ სახეებთან შეხვედრა
"საქართველოში შეგნება "ჯიშისა" - ღრმა და ნამდვილი - ძვალსა და რბილში ჰონდათ გამჯდარი, რის მოწმობასაც გვაძლევს ჩვენი გენიალური ენა. ვაგინებთ ვინმეს - ვეტყვით: "შე უჯიშო!.." ამაზე უფრო მეტყველი მოწმობა შეიძლება კიდევ?.. ჯიში ამგვარად რჩეულობაა. რჩეულობა კი ყველგან და ყოველთვის თავისებურია: ნაირ-ნაირი, ხოლო თანაბარ ღირსეული, ფასეული" (გრ. რობაქიძე). დიახ, ჩვენ ვშენდებით ჩვენს წინაპრებზე. რაღაც ამოუხსნელი და დაუძლეველი სურვილი გვეუფლება, ვცდილობთ, ჩავწვდეთ მათი სულის შეუცნობელ სიღრმეებს, გზა გავიკვლიოთ ლაბირინთებში, წავიკითხოთ ჩვენი სისხლი, რათა შევიტყოთ: რანი ვიყავით? რანი ვართ? ხან მათი გაცრეცილ-გაყვითლებული ფოტოებიდან მომზირალ სახეებს შევცქერით. რა სტკიოდათ? რა უხაროდათ? გვეჩვენება, რომ ისინი ჩვენ გვიხმობენ და ჩვენ მათ ვუახლოვდებით. ასე ერთიანდება სისხლის ყივილი, გარდაცვლილი წინაპრების მონატრება და ჭეშმარიტი ნათესაური გრძნობა - ყოველივე ამას კი ერთი სახელი აქვს - სიყვარული, სიყვარული, რომელსაც რა აღარ შეუძლია!

ქალბატონ ციალა გოშუასთან შეხვედრამ, მისმა მოგონებებმა არ შეიძლება გულგრილი დატოვოს ადამიანი. იგი იმ დიდებული გვარის წარმომადგენელია, რომელიც XIII საუკუნიდან იღებს დასაბამს და იმ მადლიანი ოჯახის მემკვიდრეა, რომელიც ასოცი წელი ემსახურა უფალს, დედაეკლესიას და მრევლს.

KARIBCHEქალბატონი ციალას წინაპართა სამი თაობა მღვდელმსახური იყო. XIX-XX საუკუნეში მოღვაწეობდნენ და ეპოქის თანამდევი ყველა ქარტეხილი საკუთარი მხრებით გადაიტანეს. ქალბატონ ციალას მხოლოდ ბაბუა ახსოვს - მოძღვარი აკაკი გოშუა, რომელსაც ბავშვობაში ყველგან თან დაჰყვებოდა. როდესაც ბაბუა მალულად აღასრულებდა ეკლესიურ საიდუმლოებებს, პატარა ციალა ამ დროს "მამაო ჩვენოს" კითხულობდა. უფრო შორეული წინაპრების ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი იცოდა. "ხანმა უნდობარმა" ყველაფერი გაანადგურა, მათ შორის გოშუების საგვარეულო ისტორიაც. წინაპართა ღვაწლის შესწავლისა და ჯეროვანი წარმოჩენის განხორციელება იმ დროს შეუძლებელი გახლდათ. ბაბუის საფლავზე გასვლისაც კი ეშინოდა. უშიშროების კომიტეტი აკონტროლებდა მათ ოჯახს. ქალბატონი ციალას მამა - თომა გოშუა არაერთხელ გამხდარა კომუნისტების დევნის ობიექტი. დედა - ლეოლინა (ლენა) გოშუა-ეგუტია ღრმად მორწმუნე, უმშვენიერესი სულის ქალბატონი გახლდათ. მათ სახლში ღვთისმოსავური ატმოსფერო იყო. სწამდათ, ლოცულობდნენ, ოღონდ სანთლებისა და ხატების გარეშე.

KARIBCHEსწორედ ღვთისადმი უსაზღვრო და უანგარო რწმენამ გადაარჩინა თომა სიკვდილს სამამულო ომში. ფაშისტებს ჩავარდნია ტყვედ. მისი დახვრეტა გადაუწყვეტიათ. როცა გერმანელმა ჯარისკაცმა თოფი დაუმიზნა, თომამ პირჯვარი გადაიწერა. თოფმა იქუხა... თომა ცოცხალი გადარჩა. დაინახა, გერმანელმა ჯიბიდან ჯვარი ამოიღო, ემთხვია და შეინახა. მერე ტყვეს ანიშნა, - გაიქეციო. როგორც ჩანს, მორწმუნე ჯარისკაცმა პირჯვრის გადამწერი კაცი სასიკვდილოდ ვეღარ გაიმეტა. ომიდან დაბრუნებული მამისთვის ერთ-ერთ შვილს უკითხავს: სიკვდილის წინ ღმერთს რას სთხოვდიო? ვიცოდი, ჩემს ცხედარს ყვავ-ყორნები შეჭამდნენ, მაგრამ მინდოდა, ჩემი სული საქართველოს ზეცაში მოხვედრილიყო და ამას ვევედრებოდიო. ასეთი სიყვარული ჰქონდა თომა გოშუას ღვთისა და მამულისა.

ჩვენს ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დამსხვრევის შემდეგ ქალბატონმა ციალამ მოიძია და აღადგინა ამ ღირსსახსოვარ ადამიანთა ცხოვრების დაკარგული, მივიწყებული ფურცლები. რადგანაც "ისტორია არა მარტო ხსოვნაა წარსულისა, იგი ქმედითი მონაწილეა მომავლისა", იმედი გვაქვს, ქალბატონი ციალას მონათხრობი მომავალი თაობებისთვის იქცევა მაგალითად ზნეობრიობისა, თავგანწირულობისა, ვაჟკაცობისა.

დეკანოზი თომა გოშუა
სამეგრელოს წარჩინებული გვარისშვილის, უთუ გოშუას ერთ-ერთი მემკვიდრე, დეკანოზი თომა გოშუა დაიბადა ყოფილი ზუგდიდის მაზრის (ახლანდელი ჩხოროწყუს რაიონი) სოფელ კირცხში. იყო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. განგებამ მას მიანიჭა დიდი მადლი ტრაპეზთან მიახლებისა და "სოფლის ცისკრად" წოდებისა. საარქივო მასალები ღაღადებენ მის უმწიკვლო სამსახურზე, სათნოებაზე, მეტადრე კვერექსების წარმოთქმაზე და სახარების საგანგებო კითხვაზე.

10 წლისა ეზიარა ეკლესიურ ცხოვრებას. ეკლესიაშივე მიიღო ცოდნა-განათლება. ღვთაებრივ მცნებაზე დაფუძნებით ჩამოყალიბდა ხატი მომავალი მოძღვრისა. საეკლესიო დოკუმენტებში თომა გოშუა 1840 წლიდან იხსენიება. 1869 წელს ხდება კირცხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ბლაღოჩინ-დეკანოზი. 1887 წელს მისი დიაკვანი გამხდარა მისი ხორციელი შვილი სოლომონ გოშუა.

დეკანოზ თომას მეუღლე გახლდათ თათია სვიმონის ასული გოშუა. შვილები კი: ნინო, პეტრე, სალომე, მაკრინე, სოლომონი, დავითი.

1848 წლიდან 1893 წლამდე დეკანოზი თომა ღვთაებრივი კრძალვით ემსახურებოდა საეკლესიო საქმეს და თავის მრევლს იმდროინდელი პოლიტიკური ვნებათაღელვის, ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვისა და რუსიფიკატორული რეჟიმის გავლენისგან იცავდა.

თომა გოშუას საეკლესიო მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლები რუსი ეგზარქოსები იყვნენ, მეფის რუსეთი "ხალხთა საპყრობილედ" იყო ქცეული. სასულიერო სემინარიაში რუსულ ენაზე სურდათ სწავლების დამკვიდრება, რათა ქართველ მღვდელმსახურთ ქართული ეკლესიის ისტორია არ ესწავლათ და ამ გზით თანდათან აღმოფხვრილიყო ქართული ცნობიერება. იყო მცდელობაც, რომ სამეგრელოში წირვა-ლოცვა აღვლენილიყო მეგრულ ენაზე. რასაკვირველია, რუსთ ხელმწიფეს და საეკლესიო მამებს ამ მცდელობისთვის არ მიუმართავს მეგრული ენის პატივისცემის გამო. რუსული პოლიტიკის მიზანი "გათიშე და იბატონე", ანუ ერებსა და ეთნოსებს შორის მტრობისა და სიძულვილის გაღვიძება იყო.

რა თქმა უნდა, ვერც კირცხელი მღვდელმსახურნი აცდებოდნენ რუსული მმართველობის წესსა და რიგს. მაგრამ მამა თომა წირვა-ლოცვას მხოლოდ ქართულ ენაზე ატარებდა. მისი ქადაგების მთავარი შინაარსი ღმერთი და მისი სიყვარული იყო.

მამა თომა აღესრულა 1893 წელს, 60 წლის ასაკში. მიაბარეს სათემო ტაძრის კურთხეულ მიწას. დღემდეა შემორჩენილი საფლავის ქვა წარწერით, რომელიც გვაუწყებს, რომ ლოდი დაუდგამს სამეგრელოს მთავრის ძეს ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს, ნიშნად დიდი პატივისცემისა.

დეკანოზი პეტრე გოშუა
პეტრემ მამის გზა აირჩია. თუმცა სოლომონიც (პეტრეს ძმა) ეკლესიის მსახური იყო, მაგრამ პეტრე იერარქიით მამის ტოლი გახდა.

მართალია, XIX საუკუნის I ნახევარში რუსული ეკლესიის ვერაგულ პოლიტიკას წინააღმდეგობას ვერ უწევდა ქართული ეკლესია, მაგრამ მოგვიანებით სასულიერო ანტირეჟიმულ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე).

კიდევ ერთ ვერაგობას ჰქონდა ადგილი ეკლესიაში. ეს გახლდათ სეპარატიზმი, რომელმაც, რუსთა გავლენით, თავი იჩინა სამეგრელოსა და სამცხეში.

საბედნიეროდ, არც თომა და არც პეტრე მისი გავლენის ქვეშ არ მოქცეულან და არც მისი მსხვერპლნი გამხდარან.

დეკანოზი პეტრე ყოველმხრივ ცდილობდა, ზუგდიდის მაზრაში წირვა-ლოცვა მშობლიურ ენაზე აღვლენილიყო. მას არასოდეს უცდია ქართული ეკლესიის სულიერების შებღალვა და ფარულად მტრის სამსახურში ჩადგომა.

საეკლესიო მატრიკული, რომელიც საარქივო ფონდშია დაცული, პეტრეს 1874 წლამდე "პრისეჩნიკად" მოიხსენიებს. 1875 წელს, 21 წლის ასაკში, იგი მღვდლად ეკურთხა. 1893 წლის მაისიდან იწოდება "ბლაღოჩინად". 1919 წლიდან სიკვდილამდე იწოდება ბლაღოჩინ-დეკანოზად.

ახლობლები მას იგონებენ, როგორც უაღრესად კეთილშობილ პიროვნებას. წირვის მერე, როდესაც სატრაპეზოდ გავიდოდა, უპირველესად მოიკითხავდა თავისი ოჯახის წევრებსა და შინამოსამსახურეებს, ყველას მიმართ იყო გულისხმიერი, ლმობიერი, სხვისი ტკივილის გულთან ახლოს მიმტანი, მოწყალე, თავდაუზოგავი.

მამა პეტრეს და მისი ძმის - სოლომონის გამზრდელი (მორდუ) იყო გუტა კვირტიას ოჯახი.

მისი მამისეული სახლის ყვავილებით დამშვენებულ, საგულდაგულოდ მოვლილ ეზოში უზარმაზარი უნაბის ხე მდგარა, რომლის ძირში ზაფხულობით ორმოცდაათი კაცისთვის სამყოფი სუფრა იშლებოდა. სტუმრიანი და ხალხმრავალი ყოფილა პეტრეს ოჯახი დღენიადაგ.

პეტრეს ჰყოლია შესანიშნავი მეუღლე - ციცინო ზურაბის ასული ელიავა, ერთადერთი ვაჟი - აკაკი და ქალიშვილები: დომენიკა და ქრისტინე.

პეტრე გოშუა 37 წელი ემსახურებოდა საეკლესიო საქმეს. 1915 წელს მისი ხელმძღვანელობით აშენდა ხის ეკლესია, რომელიც სულ მალე კომუნისტებმა სოფლის კლუბად გადააკეთეს. მოგვიანებით, 1988 წელს, კლუბად გადაკეთებული ტაძარი დაანგრიეს, ფიცრები დაიტაცეს, თომა და პეტრე გოშუების საფლავები ათხარეს. ტაძრის ნაცვლად ამ ადგილას დადგეს ერთსართულიანი ფიცრული, რომელსაც რატომღაც "მკვდრის სახლი" დაარქვეს...

დეკანოზი აკაკი გოშუა
"აკაკი პეტრეს ძე გოშუა დაიბადა 1885 წლის 20 იანვარს. მიმრქმელია თავადი მიხეილ ტარიელის ძე დადიანი", - იუწყება ერთი საარქივო დოკუმენტი. კირცხის წმინდა გიორგის ტაძარი გახდა მამა აკაკის პატიოსან მღვდლად ჩამოყალიბების ადგილი. იგი პატარაობიდანვე ეზიარა ეკლესიურ ცხოვრებას, განიმსჭვალა მისადმი სიყვარულითა და ერთგულებით.

აკაკი გამორჩეულად უყვარდა მამას. 19 წლის ყმაწვილმა ჯვარი დაიწერა მშვენიერ ელისაბედზე. ეს სიყვარული, ჯვრისწერა და ქორწილი იმდენად შთამბეჭდავი და საუცხოო იყო, რომ მისი მომსწრენი მას ხშირად იხსენებდნენ.

KARIBCHEმამა აკაკი მღვდლად ეკურთხა 1914 წელს კირცხის ეკლესიაში. ის იყო ამ ტაძრის მოძღვარი, პატიოსანი, უფლის მოშიში, მოსიყვარულე და მადიდებელი. მას ღვთისნიერ და სათნო მღვდლად მოიხსენიებდნენ.

მამა აკაკისა და ელისაბედს შეეძინათ 4 შვილი: თომა, ბაბილინა, გუგული და მამია (ვალერიანი).

მამა აკაკი ასრულებდა საეკლესიო საიდუმლოებებს, აღავლენდა წირვა-ლოცვას, ღმერთს ავედრებდა საქრისტიანოს, ერს, მამულს, მრევლს; პატივს მიაგებდა წინაპრებს; უყვარდა მოყვასი, ოჯახი...

მერე დამყარდა ბოლშევიზმის დიქტატურა. მისი მთავარი დევიზი იყო: "არ არის ღმერთი!" დაიწყო დევნა, დაპატიმრებები, პატივის აყრა, შეურაცხყოფა... "უშჯულოება მოძალებული იყო საქრისტიანოსა ზედა".

სოფელში ხმა დაირხა, მამა აკაკის "გაკრეჭვა" უნდათო. ეს იყო მღვდლის მიმართ ყველაზე დიდი მკრეხელობის გამოვლენა, რითაც თავს იწონებდნენ კომუნისტები. "ჯილდოდ" კი იღებდნენ თანამდებობებს, ამსოფლიურ პრივილეგიებს.

მამა აკაკი იძულებული შეიქნა, ამ უზნეო, შავრაზმელთა ბრბოს განრიდებოდა. ჩუმად მიადგა თავისი მორდუს - დათა კვირტიას სახლს და იქ დაიდო ბინა.

უღმერთო იდეოლოგიით დაბრმავებული სადამსჯელო რაზმები არბევდნენ, აწიოკებდნენ ყველას და ყველაფერს, რაც ღმერთთან, რწმენასთან, ღვთის სახლთან, ღვთისმსახურებასთან... იყო დაკავშირებული. მიაგნეს მამა აკაკისაც და დაიწყეს იმ ოჯახის დარბევა, სადაც თავს აფარებდა.

დათას ოჯახი ვერაფრით შეურიგდებოდა მამა აკაკის შეურაცხყოფასა და ხელყოფას. ვერაფერს რომ ვერ გახდა, მორდუმ თავისი შვილიშვილი - ჩვილი ბავშვი აკვნიდან ამოიყვანა, კომუნისტებს ხელში შეაჩეჩა და შესძახა: - აი, ეს ჩვილი წაიყვანეთ, გიცვლით მამა აკაკიზეო! დათას გული უკვდებოდა, როდესაც უყურებდა, როგორ წარბშეუხრელად გადასცემდნენ ერთმანეთს ხელიდან ხელში უმწეო ღუღუნი კვირტიას ჩეკისტები. არ გაჭრა არაფერმა. ბოლშევიკები შეიჭრნენ სახლში. მამა აკაკის ფეხებში თოკი გამოაბეს და ასე ნახევრად გაკოჭილი, აიძულეს, ხოხვით მისულიყო ჭასთან. უნდოდათ ჭაში თავქვე გადაეშვათ.

ეს საშინელი სანახაობა იყო. პატიოსანი მღვდელი, სოფლის ქომაგი და მლოცველი ავაზაკივით გაკოჭილი მოჰყავდათ. ბავშვის დედა, დათას რძალი, დატრიალდა, ელვის სისწრაფით თავი მოუყარა ქალებს, წრე შეკრეს, მამა აკაკი მტარვალებს ხელიდან გამოსტაცეს და საგულდაგულოდ გადამალეს გვირაბში.

არ ცხრებოდა ეგზეკუცია. ნაბრძანები იყო, მამა აკაკი საბჭოთა მილიციას ჩაბარებოდა. კვირტიების საგვარეულო შეიკრიბა, რათა დაეთანხმებინათ იგი რეაქციონერების წინადადებაზე, რაც გულისხმობდა საქვეყნოდ უარის თქმას ღვთისმსახურების ყველა შინაგან და გარეგან ფორმაზე, წვერის გაკრეჭას. ეს კი უნდა გაეკეთებინა მის გამზრდელს - დათა კვირტიას. მხოლოდ ამ შემთხვევაში გადარჩებოდა მამა აკაკი.

მძიმე იყო არჩევანი... მამა აკაკი იძულებული გახდა, თავისი სურვილის წინააღმდეგ წასულიყო.

იჯდა ქვადქცეული მოძღვარი, მოძღვრობაჩამორთმეული, დამცირებული და პატივაყრილი. გულათრთოლებული, ხელაკანკალებული კრეჭდა მორდუ, რათა სიკვდილისგან ეხსნა გაზრდილი.

გაკრეჭილი მამა აკაკი ზუგდიდის მაზრაში ჩააბრძანეს, "ჭკუა ასწავლეს" და შინ დააბრუნეს.

სულ მალე მთელი ქონება ჩამოართვეს და დარჩა ბედის ანაბარა. მაგრამ მამა აკაკის არ დავიწყებია უფალი, მას ავედრებდა თავისი და თავისი შვილების, მოყვასისა თუ მტრის სულს. მტრისას, რომელმაც "არა იცოდა, რას იქმოდა". შეიწყალა და გააძლიერა იგი ამისთვის უზენაესმა. ძველი ფიცრებით შეაკოწიწა ოროთახიანი მიწური...

სიღარიბე და გაჭირვება ისე არ აწუხებდა, როგორც შვილებისა და შვილიშვილების მომავალი. "ხალხის მტრის", "კონტრრევოლუციონერის", "საბჭოთა წყობის ხელის შემშლელის" იარლიყით კომუნისტები განაგრძობდნენ ადამიანთა დევნას და რეპრესიებს. მამა აკაკიმაც იწვნია ამ იდეოლოგიის მესვეურთა ბოროტი და მსახვრალი ხელი. ერთი შვილი დაუხვრიტეს, მეორე - სასწავლებლიდან გარიცხეს...

მძვინვარებდა ომი, შიმშილი, სიცივე, საშიშროება... სოფელს თავადაც ძალიან უჭირდა და მამა აკაკის, აბა, როგორღა დაეხმარებოდა?! მოძღვარი ფარულად ნათლავდა ხალხს სრულიად უსასყიდლოდ. იმჟამინდელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) ჩუმად უგზავნიდა მირონს.

ერთხელ მამა აკაკისთვის ახლობელს უთქვამს: "რადგან ასე გიჭირს, ამოვთხაროთ მამაშენის, პეტრეს საფლავი. მას თითზე საუცხოო ძვირფასთვლიანი ბეჭედი უკეთია. მოხსენი, გაყიდე და ლუკმაპურის ფული გექნებაო". ძალიან ეწყინა თურმე აკაკის: "შიმშილით სიკვდილს შევეგებები, მაგრამ შიმშილისთვის ამას ნამდვილად არ ვიზამო".

დამთავრდა ომი. ქვეყანამ სული მოითქვა. მამა აკაკის კი ისევ ძველებურად უჭირდა, მაგრამ არავის კარს არ მისდგომია, არავინ შეუწუხებია, არ უწუწუნია.

ითმენდა ღვთის მსახური და გულში იხვევდა ჯავრს, რომელიც მუდამ თან სდევდა. მარტო დარჩენილი უხმოდ დასტიროდა უდანაშაულოდ მოკლულ შვილს - მამია გოშუას, რომელზე ხმის ამოღებაც კი არ შეიძლებოდა.

მამა აკაკი გარდაიცვალა 1962 წლის 14 თებერვალს. დაასაფლავეს მამის (მამა პეტრეს) გვერდით, რაზედაც იგი ოცნებობდა.

მამია გოშუა
მამია გოშუა დაიბადა 1918 წელს. შინაგანი სიწმინდე, პატიოსნება და ჭეშმარიტებისკენ ლტოლვა მემკვიდრეობით მისცა განგებამ.

1942 წელს დააპატიმრეს. არავინ იცის, რატომ. სასამართლოც არ შემდგარა. "ალბათ ასე იყო საჭირო!" - პასუხობდა იდუმალი, შიშის მომგვრელი ხმა.

მამია თბილისის ციხეში გამოკეტეს. რის ვაი-ვაგლახით დისთვის, გუგულისთვის მოახერხა წერილის მიწერა - ეგებ ნახევარი კილო პური შემომიგზავნო ციხეშიო. ქალისთვის ეს იყო მეხის დაცემა. მეუღლე ომში ჰყავდა, ორი პატარა - ხელში. გაეგზავნა ძმისთვის პური და - როგორც "ხალხის მტრის" ხელშემწყობს, აუცილებლად დააპატიმრებდნენ, არ გაეგზავნა - რა გული მოუთმენდა. უსასტიკესი არჩევანის წინაშე იდგა. მაინც დედამ სძლია დას...

ღვთისმოსავი და სიყვარულით აღზრდილი ჭაბუკი უთუოდ მიუტევებდა დას. დახვრიტეს 24 წლის მამია გოშუა, უდანაშაულო ინტელიგენტი... შემდეგ კი რეაბილიტირებულთა სიაში მოახვედრეს.

ჩუმი ნაღველი, დაუვიწყარი მოგონება და გაუნელებელი სიყვარული დაუტოვა მამიამ თავის რჩეულს, თამარს, რომელიც აღფრთოვანებული იყო მისი კეთილშობილებით, ინტელექტით. მამია რომანტიკული ბუნების მეტად საინტერესო ადამიანი იყო. შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე, მღეროდა კლასიკურ სიმღერებს, იცოდა რამდენიმე ენა. მამია და თამარი ჯვრის დაწერას აპირებდნენ...

თამარი მამიას ერთგული დარჩა. მამიას სურათი, მასზე მოგონება შეადგენდა ქალბატონი თამარის დარჩენილი ცხოვრების აზრს.

ქალბატონი ციალასთვის უთქვამს: - ბედნიერი ვარ, რომ ასე დავრჩი მამიას სურათის შემყურე. მწამს, რომ იმქვეყნად ნამდვილად პირნათლად შევხვდები ჩემს პირველ და მარადიულ სიყვარულსო.

KARIBCHEაღდგენილი ტაძარი
1999 წლის 9 სექტემბერს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში ძველი საყდრის ნაფუძარზე საძირკველი ჩაეყარა ახალი ეკლესიის მშენებლობას. ეს საშვილიშვილო საქმე ითავა ქალბატონი ციალას ძმამ - შალვა თომას ძე გოშუამ. ბატონმა შალვამ თითოეული აგური თავისი ხელით დადო. მას მხარში ამოუდგა მამა აკაკის შვილთაშვილი, კანადაში მცხოვრები ბიზნესმენი მიხეილ მირონის ძე ჩხარტიშვილი-გოშუა. დიდი შრომისა და ღვაწლის, უამრავი სიძნელისა და დაბრკოლების გადალახვის შედეგად დასრულდა ულამაზესი ვარდისფერგუმბათიანი, ქვით ნაგები ეკლესია, რომელიც 2007 წლის 20 ნოემბერს აკურთხა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსმა შიომ (მუჯირი). ტაძარი მრევლს ვერ იტევდა. ჩხოროწყუს რაიონის მოსახლეობამ ეკლესიას უამრავი ხატი შესწირა. ძვირფასი ხატები მოაბრძანეს ასევე გოშუების საგვარეულოს წარმომადგენლებმა, რომელთათვისაც განსაკუთრებით შთამბეჭდავი და სასიხარულო იყო ამ ეკლესიის ამოქმედება. ბატონმა შალვამ გოშუების საფლავებს ერთმანეთის გვერდით მიუჩინა ადგილი და წარწერიანი ქვაც დაადო.

90 წლის შემდეგ კვლავ აგუგუნდა ტაძარი, კვლავ გაისმა ჟრუანტელისმომგვრელი ქართული მრავალხმიანი გალობა, კვლავ გაიჟღინთა ჰაერი სანთელ-საკმევლის სურნელით... მართლაც "რა დააბერებს ღვთის სიყვარულს, ცის ჭაბუკობას", "განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი". ეს იყო წინაპართა სულის ზეიმი, ჭეშმარიტების აღდგომა და გამარჯვება. იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც მარადიულია და რომლის მიმდევართაც შეუძლიათ ამ სიტყვებით დაუპირისპირდნენ მტრებს:

"დაანგრევთ კედლებს, მაგრამ დარჩება და ამ ნგრევით უფრო გამაგრდება ტაძარი ჩვენს გულში, რადგან სიცრუეა მნგრეველი და ჭეშმარიტება - მშენებელი. საფლავს აღმოფხვრით მიწაზე, მაგრამ ჩვენ მის ძეგლად გადავაქცევთ ცას, რომელსაც თქვენ ვერ მიწვდებით!" (პოლიკარპე კაკაბაძე).
ბეჭდვა
1კ1