სიკვდილის ლხინი ასპინძის ველზე
სიკვდილის ლხინი ასპინძის ველზე
1770 წლის 20 აპრილს ქართველებმა უმაგალითო ბრძოლა მოიგეს რიცხვმრავალ მტერთან
XVIII საუკუნის II ნახევარი. აზია-ევროპის გზაკვეთილზე მზესავით ელავს ქართული ხმალი. მის ღირსეულ პატრონს კარგად იცნობენ იმდროინდელი დიდი თუ პატარა ქვეყნების საჭეთმპყრობელნი. ყველამ იცის, რომ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს - ქართლ-კახეთს - მტკიცე ხელით მართავს პატარა კახი - გმირი მეფე ერეკლე II. ყველამ იცის, რომ მასთან მეგობრობა სჯობს ხმლების ჯვარედინში გასვლას, რადგან არა არს ძალა, რომელსაც ხელეწიფება ერეკლეს ლაშქართან ტოლ-სწორად ბრძოლა. მაინც მოდიან, მაინც ესხმიან თავს მაჰმადიანურ რკალში მოქცეულ ჯიუტ ქრისტიან ქვეყანას. იმედიანად არის ქართველობა, ვიდრე ზეობს აღმოსავლეთის ლომად წოდებული ერეკლე მეფე.

"რუსული სულით და ქართული ხორცით"
1769 წელი. გადამწყვეტი და იქნებ საბედისწეროც საქართველოს მრავალტანჯულ ისტორიაში. ქვეყნის სამანებში შემოდის ერთმორწმუნე რუსეთის ჯარი. მიზანი ნათელი და მკაფიოა - დიდი რუსეთი და პატარა საქართველო ერთობლივი ძალებითა და ერთი რწმენით გამოდიან მოძალებული მუსლიმების წინააღმდეგ. ამ იმედითა და მზადყოფნით ხვდება ერეკლე ახალი, მძლავრი მეკავშირის გამოჩენას. ის კი ჯერ არ უწყის, რომ საქართველოში შემოსული უცხო ჯარის სარდალს ჯიბეში უდევს რუსეთის საიმპერატორო კარის ბრძანება, სადაც შავით თეთრზე წერია: "იმოქმედეთ რუსული სულით და ქართული ხორცით!.." არ იცის და გულწრფელი სიხარულით ეგებება ერთმორწმუნე რუსეთის წყალობას - ემფარველოს საქართველოს...

აიშალა მუსლიმანური სამყარო. მუქარა ვერ შეჰბედეს და ჯერ ფრთხილი შემოვლით მოსინჯეს ერეკლეს გულისნადები, უომრობასა და მარადიულ მშვიდობას ჰპირდებოდნენ, ქვეყნიდან რუსთა გაყვანას სთხოვდნენ. იცოდა მეფემ, რომ მუსლიმანთა ეს მოიარებითი თხოვნა მალე საომარ ყიჟინად გადაიქცეოდა, მაგრამ ეიმედებოდა - უთვალავ მტერთან ბრძოლაში რუსეთი დიდ ძალას შემომაშველებსო...

იშლებოდა და ირღვეოდა ერეკლეს უმაგალითო ძალისხმევით დაბალანსებული ძალთა სასწორი საქართველოს ირგვლივ. სრულიად ახალ სტრატეგიას ამზადებდა ქართველთა ხელმწიფე კავკასიის მრავალეროვან ფრონტზე, ამზადებდა ერთმორწმუნე ხალხის თანადგომის იმედით...

"დარჩა ერეკლე რუსთაგან მიტოვებული"
1770 წლის 17 მარტს ერეკლემ 7 ათასი მეომარი შეყარა და რუსის ჯართან ერთად თურქთა შესამუსრავად დაიძრა. გულზე ეკლად ესობოდა გერმანელ გრაფთა უნიჭო შთამომავალს - ტოტლებენს - ერეკლეს პირველკაცობა და შეუპოვრობა...

სადგერს მიადგნენ მოკავშირეთა ჯარები. ერეკლეს პირდაპირ ახალციხეზე უნდოდა იერიშის მიტანა - ახალციხის დაცემა თურქების გატეხვას და საბოლოო განადგურებას უდრიდა. მოულოდნელად გაკერპდა ტოტლებენი - ქართველთა ჯარის ნახევარი სადგერის ციხესთან დავტოვოთ და ისე წავიდეთ ახალციხისაკენო, - შესთავაზა ერეკლეს. გაუკვირდა პატარა კახს ტოტლებენის "გამოხტომა", მკაცრად დაუსაბუთა ასეთი გეგმის უაზრობა, მაგრამ ვერაფერი შეასმინა... ისევ ქართული ძალებით უნდა დატაკებოდა ახალციხეს, ვიდრე თურქებს მაშველი მოუვიდოდათ.

აწყურისაკენ მალიად გაეშურა ერეკლე, ტოტლებენმა თავისი ჯარის ნახევარი სადგერის ციხეს შემოაწყო, მეორე ნახევრით კი "წყალობა" გაიღო და აწყურისაკენ გაიყოლა სულ სხვა გზითა და ბილიკებით. აწყურამდე მაინც შეერთდნენ მეკავშირეები. აქედან ახალციხისკენ ბევრი აღარც იყო სავალი, მაგრამ ისევ გაჯიქდა ტოტლებენი - ჯერ აწყური უნდა ავიღოთო და თავისი პოლკებით ალყა შემოარტყა ციხეს. ალყა ერქვა, თორემ მეორე დღეს ახალციხიდან აწყურის საშველად მოსულმა ორი ათასმა ოსმალომ ისე შეაღწია ციხეში, წვეთი სისხლიც არ დაუკარგავს...

ჯერ კიდევ არ იყო გვიან ახალციხისკენ გალაშქრება...

მაგრამ სრულიად მოულოდნელად, ალყის მესამე დღეს, ტოტლებენმა თავისი ჯარის აყრა და უკან გაბრუნება ბრძანა. სახტად დარჩა მტერიც და მოყვარეც. როცა რუსთა სხვა სარდლობის თხოვნამ არ გაჭრა, თვით ერეკლე მივიდა ტოტლებენთან და ევედრა "ვითარცა ერთი მისისა და კამანდისა აფიცერი". ვერავინ ვერაფერი შეასმინა დაყრუებულ გენერალს...

დარჩა ერეკლე მარტო. სადარდელი დაემატა - თურქებმა არ ისარგებლონ და არ ამოჟლიტონ რუსის ჯარიო. მანამდე იდგა აწყურთან ქართველთა მხედრობა, ვიდრე რუსები სამშვიდობოს არ დაიგულა მეფემ, მერე ტფილისისკენ გამოეშურა გაწბილებული. ახლა ისღა ჰქონდა საფიქრალი, მშვიდობით გამოეყვანა ჯარი ბორჯომის ხეობიდან...

ერეკლეს დაძვრა იყო და - გამოიშალა თურქთა ჯარი ციხიდან. ცხენოსნები შეუტრიალა მტერს პატარა კახმა და მიაყოლა დაუნდობელი ჩეხვით. თურქებმა ხუთასამდე მკვდარი დატოვეს და ციხეში ძლივს შეასწრეს. გამობრუნდნენ ქართველები, ასპინძის გზას გამოუყვნენ, მაგრამ არ დაანებეს უბრძოლველად გაცლა თურქებმა. ხერთვისიდან წამოსული ათასხუთასკაციანი ჯარი გადაეღობა ქართველთა მეწინავეებს.

დაეტაკა ერეკლე მტერს, საშინელი ხმალთაკვეთებით მიაწვა, ადიდებულ მტკვართან მირეკა და შიგ გადაყარა თურქთა ათასეული. დანარჩენები თავპირისმტვრევით გაექცნენ ქართველთა მახვილს.

ისევ გამობრუნდა ქართველთა ჯარი, მაგრამ ასპინძასთან, მტკვრის მეორე ნაპირზე, მტრის მთავარი ძალები გამოჩნდნენ. 8 ათასი თურქი და ლეკი გამოეგზავნა ქართველთა ამოსაწყვეტად ახალციხის ფაშას. ერეკლემ საომრად დააწყო ლაშქარი. სამი ათასი მხედარი მეწინავედ დააყენა, დანარჩენი ზურგში დატოვა და მტრის გადმოსვლას დაელოდა. საღამოჟამს თურქთა და ლეკთა ჯარი ხიდზე უკლებლივ გადმოთქარუნდა და იქვე დაბანაკდა. 20 აპრილი თენდებოდა, ქართველთა სახელოვანი გმირობის ისტორიული დღე დგებოდა ქართულ მიწაზე...

დასრულებულიყო "სიკვდილის ლხინი"
აღაბაბა ერისთავი, სვიმონ მუხრან-ბატონი და ხუდია ბორჩალელი იწვია კარავში ერეკლემ, ეთათბირა, რამდენიმე ვაჟკაცი აარჩევინა და ხიდისკენ გაუშვა. დილაბნელზე მიეპარნენ გუშაგებს, უხმაუროდ "მოხსნეს" და მტკვარს გაატანეს. მერე ხიდს დაეტაკნენ, ფიცარ-ფიცარ აყარეს და უვნებლად მობრუნდნენ ბანაკში...

მტრის მაშველ ჯარს გზა მოჭრილი ჰქონდა...

სისხამზე საომრად დაეწყო ერეკლეს სპა. ლაღი ნავარდით, ხმალამოწვდილმა პატარა კახმა ქართველობა საბრძოლველად აანთო, სისხლი აუდუღა და აუღელვა მეომრებს: "გულოვანნო, მხნენო ქართველნო, ჩემო განუყრელო ძმანო! ეს ამისთანა გაჭირვებული ომი ჩვენს თავზე პირველი არ არის. კარგად გაარჩიეთ და დაინახეთ, რა სიკვდილის ლხინი არის დღეს! ვიომოთ სიკვდილამდის, რომ ჩვენი ზურგი მტერმა ვერ იხილოს: ეს ხომ ჯაბანთა წესია. დღეს ან უნდა გავიმარჯვოთ, ან გამოვესალმოთ ჩვენს თავს და აქ გავწყდეთ. ჩვენს ცოლ-შვილთან ხომ სირცხვილია დამარცხებით მისვლა. მერე რა პირს დაგვინახავენ ის ჩვენი კარგი დედაკაცნი? - შავსა, დამარცხებულ პირსა! და თან გვეტყვიან: აბა, ჯაბნებო, წადით, დაიკარგენით ჩვენგნითაო... გვიჯობს ჩვენს წმინდა სიკვდილზე თმები ვაწეწინოთ იმათ, ჩვენს დაქცეულ სისხლზედა, ჩვენი მამულისთვის. მაშ, ან გავიმარჯვოთ, ან გავწყდეთ, ქართველებო, მეც ხომ აქა ვარ, თქვენ გენაცვალოთ თქვენი ერეკლე!.. ხმალი მაგ წუნკლებს!.."

მტრისაკენ გაფრინდა პატარა კახი და მიჰყვა გულანთებული მხედრობა. შემოეგება თურქ-ლეკთა ჯარი. დაეძგერა ერეკლე მტრის შუაგულს და შეანგრია სქლად შეკრული მეწინავენი, მამაცი ხევსურნი - მეფის უპირველესი ამალისანი - შეჰყვნენ ჩეხვით და ხმალთა წივილით...

მოეშალა მტერს ფლანგები, მხოლოდ ლეკები მაგრობდნენ ცენტრში და მათკენ აიღო გეზი ერეკლემ. ამ დროს გამოვარდა ლეკთა ბელადი კოხტა მალაჩილა. ერეკლე გამოითხოვა საომარ დავლურში დაღესტნის გმირმა. დაუხვდა პატარა კახი და ელვასავით სწყვიტა ხმალი, სწყვიტა და თავი გააგდებინა. დაზაფრული შეტრიალდა ლეკთა ჯარი, მტკვარს მიეტანა გასაქცევად, მაგრამ ხიდი აყრილი დახვდა. მოდიდებულ მდინარეში გადაეშვნენ ერეკლეს ხმალს თავდახსნილნი. ოთხი ათასამდე კაცი ემსხვერპლა აზვირთებული მდინარის ტალღებს. მხოლოდ თითო-ოროლამ გააღწია მეორე ნაპირს.

ასპინძის ველზე აჩეხილი დარჩა ყველა მათი სარდალი - არტანბეგი, გოლა ფაშა, უსუფ ბელადი, ჰაჯი მამედი, ჰაჯი გაჰრაი, კოხტა ბელადი...

ქართველებს მხოლოდ 25(!) კაცი დაჰკარგოდათ!..

დასრულებულიყო ასპინძის ბრძოლა - ქართველთა გმირობის სამარადჟამო სიმბოლოდ...

კიდევ ერთხელ (მერამდენედ!) "მოკავშირეთა" გარეშე ემძლავრა ქართველთა სიმამაცეს და ვაჟკაცობას...

პატარა კახის იღბლიანი ხმლის ნაკვალევი წარუშლელ ანაბეჭდად შერჩენოდა სისხლით გაპოხილ ასპინძის მიწას!..

მოამზადა
ზვიად სეხნიაშვილმა
ბეჭდვა
1კ1