ჩვენ გმირები გავზარდეთ... ტყუილად არ დაღვრილა ჩვენი შვილების სისხლი
ჩვენ გმირები გავზარდეთ... ტყუილად არ დაღვრილა ჩვენი შვილების სისხლი
"რჯულისა და ერისთვის სიკვდილი მწყურია..."
ბრძოლის წინ
გასული საუკუნის ოციანი წლები. ბედმა ისევ მწარედ დასცინა ჩვენს სამშობლოს. 117-წლიანი მონობის შემდეგ მხოლოდ სამი წელი არგუნა თავისუფლება, მერე კი კვლავ რუსის ჩექმა და მათრახი მოუვლინა. ქრისტიანული რუსეთის "მფარველობის" ქვეშ ხომ "ნეტარებაში" ვიყავით და რუსული ბოლშევიზმის დაცემული ანგელოზები რა დღეში ჩააგდებდნენ უპატრონოდ მიტოვებულ ქვეყანას! მენშევიკური ხელისუფლების უმეტესმა ნაწილმა თავს გაქცევით უშველა. დადგა ჟამი, როცა ქვეყანაში ეროვნული ძალები უნდა გააქტიურებულიყვნენ. საქართველოში დარჩენილიყო ქართული ჯარის ოფიცერთა კორპუსის დიდი ნაწილი, ინტელიგენცია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ყველას, და განსაკუთრებით უბრალო ხალხს, თავისუფლებისთვის ბრძოლა სწყუროდა. თითქოს თავსაც იდანაშაულებდნენ, ასე იოლად რომ დათმეს ნანატრი თავისუფლება. მოკლედ, საჭირო იყო ეროვნული ძალის კონსოლიდაცია, სწორი ხელმძღვანელობა, ორგანიზება. ქართველ სამხედროთა ნაწილში მომწიფდა აზრი, რომ გამარჯვების შემთხვევაში აღდგენილიყო საქართველოში მეფის ხელისუფლება, ბაგრატიონთა დინასტია. ამას ოცნებობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ეროვნულ-დემოკრატი კოტე აფხაზი. ედპ-ს დაუშვებლად მიაჩნდა მენშევიკური ხელისუფლების რეანიმაცია. კარგად ახსოვდათ ყველა ის შეცდომა და დანაშაული, რაც ამ მთავრობამ ჩაიდინა. ეროვნულ-დემოკრატები ფიქრობდნენ დროებითი მთავრობის შექმნას. ემიგრირებულ მენშევიკურ ხელისუფლებას არც დროებითი მთავრობა ეჭაშნიკებოდა, არც ეროვნულ ძალთა გაერთიანება და, მით უმეტეს, მონარქიის აღდგენა. ამიტომაც დააჩქარეს თავიანთი წარმომადგენლობის გამოგზავნა, "რათა მონარქისტულ იდეებს ხორცშესხმა არ ღირსებოდა" (შ. ამირეჯიბი). აი, ასეთი განწყობით აპირებდნენ ქართველები ბრძოლის გაგრძელებას. 1922 წლის მარტში საყოველთაო აჯანყების მოსამზადებლად ჩამოყალიბდა "სამხედრო ცენტრი", გენერალ კოტე აფხაზის თავმჯდომარეობით. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, პოლკოვნიკი გიგო ხიმშიაშვილი, გენერალი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი და სხვანი. ცენტრმა პარტიზანული რაზმების მეთაურობა დაავალა კახეთში პოლკოვნიკ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს, ხოლო ქართლში - მიხეილ ლაშქარაშვილს. ამავე წლის ზაფხულში შეიქმნა საქართველოს "დამოუკიდებლობის კომიტეტი", რომლის შემადგენლობაში პარიტეტულ საწყისებზე ხუთი პარტია შედიოდა, მას ყოველთვის სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა.

"სამხედრო ცენტრის" ქართველი პატრიოტების დიდი ნაწილი მოწამებრივად აღესრულა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

კონსტანტინე აფხაზი, წმინდა ილია მართლის დისწული, 55 წლის გახლდათ. ჰქონდა სამხედრო განათლება. 1910 წელს აირჩიეს აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურობის მარშლად და მერე აღარავის შეუცვლია. იყო მრავალი ეროვნული საქმის მოთავე და მონაწილე. 1915 წელს აირჩიეს სახელმწიფო საბჭოს წევრად და ჩააბარეს კავკასიის სამხედრო სამრეწველო კომიტეტის მეთაურობა. 1918 წელს თავად-აზნაურთა ბანკის ქონება ქართველ ერს გადასცა. იგი ილიას სულიერი მემკვიდრეც გახლდათ - ეროვნული სულის ადამიანი, ამიტომაც სოციალ-დემოკრატებისთვის მიუღებლად ითვლებოდა. 1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკები შემოესივნენ საქართველოს, კოტე აფხაზს (ის ედპ-ს ხელმძღვანელი გახლდათ) პარტიულმა ამხანაგებმა სთხოვეს მათთან ერთად ტფილისის დატოვება. ცივი უარით უპასუხა: - ტფილისი საქართველოა და ვინც ტფილისს ტოვებს, ის ტოვებს საქართველოსო. აჯანყების ჩაშლის შემდეგ ბოლშევიკური რეპრესიები გამწვავდა. კოტეს რამდენჯერმე შესთავაზეს, ევროპაში წასულიყო მეტად სერიოზული დავალებით. მას ცოლ-შვილი ევროპაში ჰყავდა გაშვებული. მაინც არ დათანხმდა, უთქვამს: "დიდად მადლობელი ვარ კომიტეტისა მზრუნველობისთვის, მაგრამ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ვერ მივატოვებ ამ ბრძოლის და გაჭირვების ხანაში... მე ვრჩები და დავრჩები ბოლომდე, რათა დავეხმარო საქართველოს მებრძოლ ბანაკს მის გათავისუფლებაში... ვერ წავალ, მე უნდა მომკლან მათ". ერთი ამბავიც გავიხსენოთ, რომელიც უკეთ დაგვანახებს მის პიროვნებას: სტამბოლში მყოფი ედპ-ს კომიტეტის წევრი შალვა ქარუმიძე მოლაპარაკებას აწარმოებდა ოსმალეთის მთავრობის ერთ-ერთ წარმომადგენელთან. ოსმალები საქართველოს ჯარით და იარაღით დაეხმარებოდნენ რუსების გაყრაში იმ პირობით, თუ ბათუმს თავისუფალ ქალაქად, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებს ოსმალეთის საკუთრებად გამოაცხადებდნენ და სხვა.

"ქართველი ხალხისთვის ამნაირი პირობების შესრულება მიუღებელია, - უთქვამს კოტე აფხაზს, - ამიტომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ჯერჯერობით საკუთარ ძალებს დავეყრდნობით. თუ თურქები საქართველოს დამოუკიდებლობას აფასებენ და მეგობრობა სურთ, მათ დღეს უპირობოდ უნდა გაგვიწიონ დახმარება". ამავე შეხედულებით უარყო ოსმალეთის წინადადება მთელმა პარტიამ.

"სამხედრო ცენტრის" ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო 57 წლის გენერალი ვარდენ წულუკიძე. იგი გახლდათ შვილიშვილი თვალსაჩინო მოღვაწის, დიდი სიმონ წულიკიძისა. მშობელი ერის სიყვარული მას ოჯახიდან მოსდევდა. მოსკოვის სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ კასპიისპირეთში გაამწესეს. რუსის თვითმპყრობელობა განზრახ ცდილობდა, ქართველი ოფიცერი სამშობლოსთვის მოეშორებინა და გადაეგვარებინა. ვარდენს არ შეუწყვეტია სამშობლოსთან კავშირი - იწერდა ქართულ წიგნებს, ჟურნალ-გაზეთებს. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნებული ჭაღარა გენერალი, 28 წლით მოწყვეტილი თავის ქვეყანას, მშვენიერი ლიტერატურული ქართულით მიმართავდა ჯარს.

როგორც სამხედრო პირმა, ვარდენ წულიკიძემ გაიარა ყველა საფეხური დივიზიის უფროსამდე ჯერ კიდევ რუსეთის არმიაში. მსოფლიო ომის დროს შემახიის ლეგიონს სარდლობდა და დიდად ისახელა თავი, მიიღო წმინდა გიორგის მედალი და დაჯილდოვდა ოქროს ხმლით. 1916 წელს კავკავში გადაიყვანეს მსროლელთა ბრიგადის უფროსად. 1918 წელს ბოლშევიკებს გამორიდებული ფეხით ბრუნდება სამშობლოში. ვარდენ წულუკიძე ქართული ჯარის მოწყობის გეგმით სუნთქავდა. მაგრამ ის არ იყო რევოლუციონერი და სოციალისტი, ამიტომაც ვერ დაიმსახურა მმართველი წრეების ნდობა და ამხელა გამოცდილების გენერალი სამხედრო კანცელარიაში მოაქციეს. ერთი წლის შემდეგ დაინიშნა მეორე მსროლელთა დივიზიის უფროსად. ამ დივიზიით მარტში, დიდ თოვლში, დაიკავა არტაანი, ართვინი, გადავიდა ბათომის ოლქში. ვარდენს დიდი იმედები ჰქონდა: "ჩვენ გვყავს კარგი ოფიცრობა, - ამბობდა იგი, - მათი რიცხვი 12000 კაცს აღემატება, ჩვენ გვყავს 200000-ზე მეტი მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლში გამოვლილი ჯარისკაცი... შეგვიძლია ძლიერ კარგი და მტკიცე ჯარი შევქმნათ სულ მოკლე ხანში. ომიანობის დროს 200000 კაცის გამოყვანა შეგვეძლება. ასეთი ძალა კი სამუდამოდ უზრუნველყოფს დამოუკიდებელ არსებობას". ბოლშევიკების შემოსევისას ვარდენი ზურგის ჯარის სარდლად დაინიშნა. მან მართლაც გაუგზავნა დამხმარე ძალები თბილისის და სოხუმის ფრონტებს, მაგრამ სამხედრო მინისტრი - ექიმი-გინეკოლოგი ჭიჭინაძე და სხვები მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ბოლშევიკების გაბატონების შემდეგ ვარდენს სანაპირო ჯარების უფროსად ნიშნავენ და მალევე ათავისუფლებენ - შეურიგებელი ნაციონალისტი ხარო.

გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი
გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა მსოფლიო ომში კარიერა კორპუსის შტაბის უფროსობით და კორპუსის სარდლობით დაამთავრა. იყო წმინდა გიორგის და სხვა მრავალი ორდენის კავალერი. 1918 წელს, როცა საქართველოში დაარსდა გენერალური შტაბი, მის უფროსად სამშობლოში ახალდაბრუნებული გენერალი დაინიშნა.

ბედნიერება იყო მასთან სამსახური. თავდაჭერილი, მტკიცე და შეურყეველი, არამც თუ ჩვენი მხედრობის (თანაც ასე მცირე), არამედ უდიდესი სახელმწიფოების სამხედრო საქმის მეთაურობა მიენდობოდაო, ამბობენ თანამედროვენი. ვინაიდან ჯარის მოწყობის საქმეში რევოლუციისა და სოციალიზმის ხათრით პოზიციების დათმობას არ აპირებდა, მალე გადააყენეს გენშტაბის უფროსობიდან და სამხედრო სკოლა ჩააბარეს. მერე ისიც ჩამოართვეს და სამხედრო მინისტრთან მინდობილობის გენერლად დაინიშნა, ეს კი სამხედრო საქმიდან მის სრულ ჩამოშორებას ნიშნავდა. 1921 წელს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მისი ნიჭი და თავდადება, როცა ერთი მუჭა იუნკრებით კოჯრის ფრონტს ამაგრებდა. იგი ამბობდა: "ქართველ ხალხს სასაყვედუროს ვერას ვეტყვით, ქების ღირსია, მთელი ერი ერთსულოვნად გამოვიდა სამშობლოს დასაცავად. ძნელად თუ რომელიმე სხვა უფრო დაწინაურებული და მოწყობილი ერი ასეთ შეგნებულ პატრიოტიზმს და თავდადებას იჩენს ომის დროს. მშიერ-მწყურვალნი, უტანისამოსოდ იდგნენ თოვლიან სანგრებში ჩვენი ჯარისკაცები. მუდმივ ბრძოლაში ჩართულნი, დასვენებას მოკლებულნი. მიუხედავად ამისა, ჯარისკაცების სიმტკიცე სრულიად არ შერყეულა, სანამ მთელს საქართველოში არ გამეფდა ევაკუაციისა და გაქცევის ფსიქოზი. ეს საშინელი ფსიქოზი კი სათავედან დაიწყო". ბოლშევიკების დროს ის ერთხანს წითელი ჯარების სარდალიც იყო. შემდეგ სამხედრო სკოლაში დანიშნეს მასწავლებლად.

პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი
1922 წლის მაისში ბოლშევიკებმა პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი დაიბარეს და დაავალეს, მთავრობის სახელით ჩოლოყაშვილთან წასულიყო მოსალაპარაკებლად, რათა მას რაზმი დაეშალა და შერიგებოდა მთავრობას, მაგრამ წასვლის წინა ღამეს დაატუსაღეს და ერთი წლის შემდეგ სხვებთან ერთად დახვრიტეს. ვის არ ახსოვდა იგი დამოუკიდებლობის დღეებში, ლამაზი მამაცი ოფიცერი, მონაწილე ყველა ჩვენი ომისა. ასეთივე დარჩა ის ბოლშევიკების ოკუპაციის დროსაც. ბოლშევიკებმა ის "სამხედრო ცენტრის" წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს.

ელიზბარ გულისაშვილი
პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი საგარეჯოელი შაქრო მღვდლის შვილი იყო. ახოვანი, დინჯი. 30 წლისაც არ იყო, როცა სიცოცხლეს გამოასალმეს. მამამისი ზაქარია გულისაშვილი მთელ გარეკახეთში დაფასებული ადამიანი იყო, გახლდათ "ივერიის" თანამშრომელი. მისმა შვილებმა ბრწყინვალედ იცოდნენ ქართული ენა და ლიტერატურა. ხელმოკლეობის გამო ელიზბარი უმაღლეს სასწავლებელში ვერ შევიდა და იძულებული გახდა, სამხედრო სასწავლებელი დაემთავრებინა. ის ერთგულად ემსახურებოდა საქართველოს. რუსეთთან უკანასკნელ ომში ელიზბარი ედპ-ს მთავარი კომიტეტმა რაზმის ხელმძღვანელად მიიწვია. მონდომებით შეუდგა საქმეს და რაზმის წევრებს არა მარტო იარაღის გამოყენებას, სამხედრო თეორიასაც კი ასწავლიდა.

პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი
პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი გენერალური შტაბის წევრი გახლდათ. ბოლშევიკების ოკუპაციისას საქართველო არ დაუტოვებია, წითელ არმიაში შევიდა იმ მიზნით, რომ მეტი საშუალება ჰქონოდა, აჯანყებულთ დახმარებოდა. შემდგომში ყველა დატუსაღებულზე მეტი საპასუხისმგებლო თანამდებობა ებარა - იყო წითელი არმიის ქართული დივიზიის შტაბის უფროსი. მასაც ბრალდებად წაუყენეს "სამხედრო ცენტრის" წევრობა.

ერთ-ერთი პარტიზანული რაზმის ხელმძღვანელზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილზე ბევრი ითქვა, ამიტომაც მხოლოდ ერთ ამბავს გავიხსენებთ. ბოლშევიკურ მთავრობას მისთვის უფროსი ძმა შაქრო და ბიძინა ჩოლოყაშვილი მიუგზავნია - შენი რაზმით საზღვარგარეთ წადი და ფულს, რამდენსაც მოითხოვ, მიიღებო. ქაქუცას ძმისთვის უსაყვედურია: ამისთანა წინადადებით ჩემთან მეტად აღარ მოხვიდე, ჩვენ პატრიოტები ვართ. ჩვენთვის საქართველოს თავისუფლება და მისი სიდიადე არის ძვირფასი და არა ფული. იმათნაირი ავანტიურისტები და სამშობლოს მოღალატენი არა ვართ, რომლებმაც გაყიდეს საქართველოს ჭირითა და ვაგლახით მოპოვებული დამოუკიდებლობა და თუ კიდევ შერჩენიათ ერთი ბეწო რაიმე ქართული, როგორც შემოუძღვნენ რუსებს, ისევე მოახერხონ მათი თავიდან მოშორება. ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მანამ შევძლებთ და თუ ვერ შევძელით ამ დიდი საქმის აღსრულება, მომავალი თაობა გააგრძელებს საქმესო.

აი, ასეთი გმირები (და არა მარტო ისინი!) იყვნენ აჯანყების სათავეში, რომელსაც ჩაშლა ეწერა.

როგორ ჩაიშალა აჯანყება
როსტომ მუსხელიშვილის თაოსნობით "სამხედრო ცენტრში" შემუშავდა აჯანყების გეგმა, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად დუშეთში ბრძოლას იწყებდა ქაქუცა, ჩაითრევდა თბილისიდან მისკენ გაგზავნილ რუსის ჯარს და მათ მიამწყვდევდა ხევებში. რუსის ჯარს ზურგში დამკვრელი რაზმი უნდა ჩასაფრებოდა. როცა რუსის ჯარი ჩოლოყაშვილს შეუტევდა, ეს დამკვრელი რაზმი ზურგიდან დაეცემოდა დაშლილ ბოლშევიკურ ნაწილებს და გაანადგურებდა. იქიდან კი ერთი სწრაფი დარტყმით აიღებდნენ დედაქალაქს. თბილისის აღებას და რუსეთის ჯარის განადგურებას საქართველოს და უკვე უჯარო ამიერკავკასიის გათავისუფლება უნდა მოჰყოლოდა. "საბჭოთა ჯარი კავკასიაში დღეს მცირეა და სუსტი, ამიერკავკასიაში 19000 ჯარისკაცია, ამდენივე - ჩრდილოეთ კავკასიაში, - ეუბნებოდა როსტომი ედპ-ს აქტივისტს დავით ვაჩნაძეს, - მოსკოვი მათ ვერ დაეხმარება, დაითანხმეთ პარტიათა კომიტეტი, დაარწმუნეთ, ნუ გაუშვებენ ხელიდან ხელსაყრელ დროს და პირობებს, თორემ მერე გვიან იქნება. რამდენიმე წელში ბოლშევიკური რუსეთი გაძლიერდება კავკასიაში და მის მორევას საქართველო და კავკასია კარგა ხანს ვერ ეღირსება". როგორც ვთქვით, მუსხელიშვილის ხელში იყო რუსის ჯარის "გადაწევ-გადმოწევის" აპარატი ამიერკავკასიაში და ამიტომ ეს გეგმა სავსებით რეალური გახლდათ. ის ხომ მტრის ბანაკში შტაბის უფროსი იყო, სპეციალურად იმ მიზნისთვის შესული, რომ თავისი სამშობლო რუსეთისგან საბოლოოდ გაეთავისუფლებინა. როსტომი წუხდა, როცა მენშევიკთა გაუბედავ პოლიტიკას ხედავდა, რომ ჟორდანიას მთავრობა და ადგილობრივი "დამკომიც" არაფრით ეხმარებოდნენ ჩოლოყაშვილს. ქართველთა შეუთანხმებლობა ტრაგედია იყო მისთვის. "ყველანი უნდა შეთანხმდეთ, - ეუბნებოდა ვაჩნაძეს, - ვინც ჩახედულია სინამდვილეში, გვერდში უნდა ამოვუდგეთ მებრძოლ ქართველ ხალხს. თუ დავმარცხდებით, ქართულ ისტორიას პატიოსანი ეროვნული ბრძოლის კვალს ხომ დავუტოვებთ".

ძალზე მარტივი და სწორად მოფიქრებული იყო ეს გეგმა, მაგრამ მის შესასრულებლად ერთი საშიშროება იკვეთებოდა - დროზე ადრე არ დაწყებულიყო აჯანყება. "დამკომი" ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. არც ედპ იწონებდა დროზე აჯანყების დაწყებას, მაგრამ თუ მაინც დაიწყებოდა, მათი აზრით, სხვა გზა არ რჩებოდათ, გვერდით უნდა დადგომოდნენ. კოტე აფხაზმა ედპ-ს გენერალური კომიტეტის საგანგებო კრება მოიწვია. სწორედ ამ დროს კახეთიდან დაბრუნებულმა გიორგი წინამძღვრიშვილმა მრავალი დამარწმუნებელი ცნობა ჩამოიტანა აჯანყების დღის მოახლოებისა: "ხალხი ღელავს, ნამეტნავად - მთიულები. სთხოვენ ჩოლოყაშვილს: მოთმინების ფიალა აგვევსო. ბოლშევიკების სიმხეცეს ვეღარ ვიტანთ. შენს შენახვასაც დღითიდღე გვიძნელებენ. გაგვიძეხით და მტერს შევუტიოთო. კახეთში ქაქუცას რაზმის გაჩერება გაძნელდა. იგი იძულებული გახდა, მთიან დუშეთში გადასულიყო, სადაც მის გარშემო მთიულებიც შეიკრიბებიან. ეს კი აჯანყების დაწყების მომასწავებელია, რაც, ჩემი დაკვირვებით, ერთ თვეში დაიწყებაო". მალე მდგომარეობა გართულდა. მოვლენები სწრაფად განვითარდა. სამხედრო გზაზე შეიარაღებულ მთიულთა ჯგუფები გაჩნდნენ. ჩოლოყაშვილი თიანეთიდან მოდისო, - ჩურჩულებდნენ თბილისში. იმ დღეებში დავით ვაჩნაძისთვის მეგობარს კათოლიკოს ამბროსი ხელაიას დანაბარები გადაუცია: "ყოვლადსამღვდელო გიგზავნით თავის ლოცვა-კურთხევას და გატყობინებთ: თელავიდან საგანგებო კაცის პირით კათალიკოსს შემოუთვალეს ამბავი, რომ ხალხი დღე-დღეზე აპირებს გამოსვლას. კათალიკოს ამბროსის გადაწყვეტილი აქვს, ხალხის ამ გამოსვლაში მონაწილეობა მიიღოს. აცნობეთ ბატონ ქაქუცა ჩოლოყაშვილს, თუ ეს შესაძლებელია, გამოსვლის დღე ალავერდობის დღეობას (27 სექტემბერს) შეუფარდოს. ამ დღეს კათალიკოსი იქნება ალავერდში და წმინდა ნინოს ჯვრით დალოცავს და აკურთხებს მებრძოლ ქართულ რაზმებს... თვით გაჰყვება ამ ბრძოლაში... უკანასკნელ დროს კათალიკოსი ძალზე აღელვებულია. მუდამ იმეორებს, "რჯულისა და ერისთვის სიკვდილი მწყურია, ვეღარ ვიტან ამ შეგინებულ, ნაძრახ ქართულ სიცოცხლესო".

KARIBCHEაგვისტოს მიწურულს ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით დუშეთის მიდამოებში გაჩნდა. ბოლშევიკებმაც საბარგო მანქანებით 150-კაციანი კომკავშირელთა რაზმი გაუშვეს. ჟინვალთან ბრძოლაში ნახევარზე მეტი კომკავშირელი დაიხოცა. თბილისს პანიკა მოედო, დაიწყეს ჯარების გაგზავნა დუშეთ-თიანეთისკენ. მალე ჩოლოყაშვილის რაზმელები ჩაებნენ რუსების მოწინავე ნაწილებთან ბრძოლაში. ფიქრობდნენ, საცაა მტერს ზურგში დაარტყამს ლაშქარაშვილის რაზმიო. ამ რაზმს სვიმონ მუხრან-ბატონი მეთაურობდა, აქვე იდგა შალვა ფავლენიშვილის რაზმი და შალვა მუსხელიშვილის ბრძანებას ელოდა ფრონტიდან. ამ დროს თბილისიდან ჩამოვიდა სამი კაცი და რაზმელებს მიმართა: - ჩვენ გამოგვგზავნეს თბილისის პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომ შეგაჩეროთ საშინელი ავანტიურისგან. სად მიდიხართ, რისთვის? საერთო გამოსვლის დღე ჯერ არ დამდგარა, ჩოლოყაშვილის მოქმედება კერძოა, ხალხი არ გაჰყვება და უსათუოდ დამარცხდება... თქვენ კი შინ წადით და საერთო გამოსვლის დღეს დაელოდეთო. ამ აგიტაციამ ნაყოფი გამოიღო. სამი დღის განმავლობაში დუშეთის რაზმი განახევრდა. დანარჩენებიც წავიდ-წამოვიდნენ. პოლკოვნიკ მუსხელიშვილის გაგზავნილ შიკრიკს ტყეში შალვა ფავლენიშვილი რამდენიმე კაცითღა დახვდა. რუსების რისხვას ვეღარ გადაურჩა ხევსურეთი, საშინელი ბრძოლების შემდეგ ქაქუცა იძულებული შეიქნა, ეს მხარე დაეტოვებინა... სულთმობრძავ დასთან მისული შალვა ფავლენიშვილი მტერს ცოცხალი არ ჩაუვარდა და თავი მოიკლა.

ჩეკას გოლგოთა
დაიწყო ჩეკას ტერორი. ჩოლოყაშვილთან და აჯანყებასთან კავშირისთვის დახვრიტეს: სოლომონ ანდრონიკაშვილი, ალეკო სუმბათაშვილი (უიარაღონი საკანში შეებრძოლნენ მცველებს და მტერმა ისინი აკეპა), ძმები: დავით, არჩილ და შაქრო ვაჩნაძეები, ბორკილდადებულნი რომ გაიძახოდნენ, საქართველოს გაუმარჯოსო. მოკლეს სიღნაღელი ალექსანდრე გელაშვილი, მფრინავი სტროევი, კონსტანტინე ჩოლოყაშვილი, ლადო ლექვინაძე, გიორგი ფავლენიშვილი, იუნკერი ძამასპიშვილი, რომელსაც მოხუცი მამისთვის ანდერძად მიუწერია: "ინუგეშე თავი იმით, რომ შენი შვილი ღირსეულად ხვდება სამშობლოსთვის სიკვდილსო". უამრავი ხალხი დახოცეს ბოლშევიკებმა ხევსურეთში, მთიულეთში. დაუხვრეტიათ გუდანელი აბიკა და ბარისახოელი ძაღლიკა ჭინჭარაულები, ბესკო და მგელა ქეთელაურები. ბარისახომდე მიმავალი ტუსაღები კლდეზე გადახტნენ...

1923-1924 წლებში ჩეკისტების ტყვიებით ან მოსყიდულ კაცთა ხელით დაუხოცავთ ფშავის ღირსეული შვილებიც, გავიხსენოთ მათი წმინდა სახელები: ჯანგირ ხირჩლაშვილი, ივანე მთიბელაშვილი, გიორგი თანდილაშვილი, გიორგი ხუცურაული, ნიკო ხორნაული, გრიგოლ რაზიკაშვილი, ბეწინტურ ლოსეურაშვილი, ძმები: შიო და იოსებ თურმანაულები, ვაჟა-ფშაველას ვაჟი ლევანი. მაღაროსკარის კომისარს ალექსი მისრიაშვილს საკუთარი საფლავი გაათხრევინეს და დახვრიტეს... ისინი, ვინც გადაურჩა 20-იან წლებს, 30-იანი წლების რეპრესიებს ემსხვერპლნენ.

ვაჟკაცურად იბრძოდნენ და გმირულად დაიხოცნენ
მოღალატე გამოჩნდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რიგებშიც. მთავარი კომიტეტის სტუდენტთა კომისიის წევრის, კალისტრატე მისაბიშვილის დაბეზღებით დაიჭირეს "სამხედრო ცენტრის" ბირთვი, მათ შორის კოტე აფხაზი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო კომისია დაუყოვნებლივ შესდგომია მზადებას დატუსაღებულთა გადასარჩენად. სოლომონ ზალდასტანიშვილს და გიორგი წინამძღვრიშვილს უზრუნიათ და 1923 წლის მაისის დასაწყისში გამოსახსნელი რაზმიც მზად იყო. მას როტმისტრი ვიქტორ ყარანგოზიშვილი მეთაურობდა. ელოდებოდნენ მხოლოდ "დამკომის" გადაწყვეტილებას. მაგრამ "დამკომში" ამას ყველა არ იზიარებდა. ვინმე მოღალატე კანდელაკს დაწვრილებით შეუტყობინებია ყველაფერი ჩეკასთვის. კოტე აფხაზის გადარჩენის გეგმა განუხორციელებელი დარჩა. დაუპატიმრებიათ ვიქტორ ყარანგოზიშვილი. ჩეკა თანახმა იყო, ის გაეთავისუფლებინათ, თუ ყარანგოზიშვილი სიჩუმის ხელწერილს მისცემდა, მაგრამ მას ეს ზიზღით უარუყვია და ბოლოს სუფთა სინდისით გამოვიდა მეტეხის ციხიდან. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ სხვებთან ერთად სოლოვეცის კუნძულზე გადაასახლეს, სადაც პოლიტიკური მოთხოვნით შიმშილობდა და აღესრულა.

სამი თვე მიმდინარეობდა კოტე აფხაზის და მის თანამებრძოლთა საშინელი ტანჯვა-წამება. საბოლოოდ ვერაფერს გახდნენ. თანამშრომლობაზე რომ ვერ დაითანხმეს, ბოლშევიკებმა თხუთმეტი ქართველი პატრიოტი გაიყვანეს ახლანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე და დახვრიტეს 1923 წლის 20 მაისს. სამშობლოს შეეწირნენ: გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (51წ.); გენერალი ვარდენ წულუკიძე (57წ.); გენერალი კონსტანტინე აფხაზი (55წ.); გენერალი როსტომ მუსხელიშვილი (35წ.); პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი (31წ.); პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი (51წ.); პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი (32წ.); პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი (29წ.); როტმისტრი სიმონ მუხრან-ბატონი (27წ.); როტმისტრი ფარნაოზ ყარალაშვილი (24წ.); ლეიტენანტი ლევან კლიმიაშვილი (26წ.); სამხედრო მოხელეები: მიხეილ ზანდუკელი (39წ.); იასონ კერესელიძე (32წ.); სიმონ ჭიაბრიშვილი (42წ.) და ივანე ქუთათელაძე (40წ.).

როგორც ვაჟკაცურად იბრძოდნენ, ისე გმირულად დაიხოცნენ: "მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს", - ასეთი იყო უკანასკნელი სიტყვები კონსტანტინე აფხაზისა. ვაჟკაცური ღიმილით შეხვდა სიკვდილს გენერალი ვარდენ წულუკიძე, მან ჯალათებს მიმართა: "სიკვდილით ვერ შეგვაშინებთ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს გათავისუფლების თავმდებია. იგი დაასალკლდევებს ერის სიმტკიცეს, ერთიათასად განამრავლებს მებრძოლთ". მთელ რუსეთში ცნობილი ჯალათი პანკრატოვიც კი შეძრა მისმა ასეთმა გმირულმა თავდაჭერამ და სიმშვიდემ სიკვდილის წინ და მიმართა: "თქვენ მართლაც გმირულად კვდებით, გინდათ რაიმე გადავცე თქვენიანებს?" წულუკიძეს უთქვამს: "გადაეცით, რომ ჩვენ დავიხოცეთ, ვით ქართველ მამულიშვილებს შეჰფერით". მშვიდმა და ყოველთვის აუღელვებელმა გენერალმა ანდრონიკაშვილმა უთხრა ჯალათებს - პანკრატოვს, პეტროსიანს, აშუკინს: "სახეზე გეტყობათ, რომ გაოცებთ ჩვენი სულის სიმტკიცე - ქართველი ყველა ამისთანა (მიუთითებს ჯალათ კვანტალიანზე) გეგონათ? მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესი ზრდის გულში თქვენდამი სიძულვილს". რაფიელ ერისთავის შვილიშვილს, გიგო ხიმშიაშვილს ლექსები წაუწერია საპატიმროს კედლებზე:

"თავის მოსისხლეს თუ მოსპობს მტერი დედამიწაზე,
თუმც ვერ მოუვლის ჭირისუფალი ცრემლით საფლავზე,
მაინც ვნუგეშობ: ხსოვნა იქნება ერთგულ მხედარზე
და ქუდს მოიხდის მამულიშვილი ჩვენს ხსენებაზე".

ჯალათებს კი უთხრა: "ჩვენ ვიცით, რისთვისაც გვკლავთ. თქვენც კარგად იცით, რომ ბანდიტები არა ვართ, დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს". როსტომ მუსხელიშვილს ერთადერთი შვილისთვის წერილი დაუტოვებია, რომ "იყო მუდამ პატიოსანი ქართველი და კვდება საქართველოსთვის".

"გაუმარჯოს ჩემს სამშობლოს, მშვიდობით, ძმებო! გვხვრეტენ ამაღამ", - ხმამაღლა ყვიროდა სიმონ მუხრან-ბატონი და მის სიტყვებს მოჰყვა იასონ კერესელიძის მძლავრი ხმით "დიდება" (ეროვნული ჰიმნი), რომელსაც აჰყვნენ სხვებიც, - ჰყვება ამის მოწმე, ცოცხლად დარჩენილი. დასახვრეტად გაყვანილმა მიტო ჩრდილელმა მტკიცე და მღელვარე ხმით მიმართა მეგობრებს: "უთხარით მათ, რომ მე დამხვრიტეს, ვკვდები, როგორც შეშვენის ნამდვილ ქართველს". ჯალათებისთვის უთქვამს მიტოს: "რუსეთში დაივიწყეს იდეისთვის თავგანწირულად სიკვდილი, წადით და უთხარით მათ, თუ როგორ იბრძვიან ქართველები სამშობლოსთვის". გაიყვანეს დასახვრეტად. ტყვია კი ესროლეს, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალს მიაყარეს მიწა დიმიტრი ჩრდილელს.

პოლკოვნიკ მაჭავარიანს ჯალათებისთვის მიუმართავს: "ჩვენ არ გიპირებთ შებრალებას და არც თქვენგან მივიღებთ ლმობიერებას, ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა". რუისელ ლევან კლიმიაშვილს კედელზე წაუწერია: "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი".

ერთმა ჩეკისტმა ჰკითხა გულისაშვილს: იცით, საით მიგამგზავრებენო? - "ვიცი, მივდივარ იმისთვის, რომ საქართველოსთვის მოვკვდეო". ყველა სიკვდილმისჯილი ნაწამები იყო. ერთმა მათგანმა, ივანე ქუთათელაძემ, ვერ გაუძლო და შეიშალა, ჩეკისტებს ის მაინც დაუხვრეტიათ. მძიმე ავადმყოფი ნიკო ზანდუკელი უგონოდ, საკაცით წაუყვანიათ დასახვრეტად.

წულუკიძე გაძალიანებულა: "ჯალათებო, ნუ გვიკრავთ ხელებს. კარგად იცით, რომ მონები არა ვართ!" მაინც ყველა გაკოჭეს, დაყარეს ორ საბარგო ავტომობილზე და გაიყვანეს სასაკლაოზე. გზაში აფხაზს და ჩრდილელს მოუხერხებიათ და ხელი გაუხსნიათ ხიმშიაშვილისთვის. იგი წვდა კისერში ერთ-ერთ კომენდანტს, ააგლიჯა რევოლვერი. მაგრამ მანქანიდან გადახტომისას რევოლვერი გაუვარდა, ცხენოსნები დაედევნენ, ფეხებში დაჭრეს, ჯალათებმა - ამიროვმა და აბაზოვმა დაცხრილეს და პირველი ჩააგდეს დასახვრეტთათვის გამზადებულ ორმოში.

"დამკომის" ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ქარცივაძეს მიუმართავს ჩეკისტებისთვის: მეც დამხვრიტეთო. "აუსრულეს" კიდეც მოგვიანებით, 30-იან წლებში.

რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ქართველ გმირებს პანაშვიდს უხდიდნენ, ლევან კლიმიაშვილის დედამ, სოფიო ზაალიშვილმა მიმართა ჭირისუფლებს: "ნუ ტირით, ჩვენ გმირები გავზარდეთ... მოვა დრო და ჯალათები თავისას მიიღებენ... ღმერთი არ მიატოვებს ჩვენს საქართველოს, ტყუილად არ დაღვრილა ჩვენი შვილების სისხლიო".

დასასრულ: ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი თავისი მფარველი ანგელოზის ქრისტიანული მრწამსისთვის წამებული ქაიხოსრო ქართველის ხსენების დღეს გარდაიცვალა. არც ის არის ალბათ შემთხვევითი, რომ კოტე აფხაზის და მის თანამებრძოლთა მოწამებრივი აღსასრულის დღე 20 მაისია (ახ.სტ.). ამ დღეს ეკლესია 13 ასურელ მამას იხსენიებს, რომელთაც ქრისტიანულ რწმენაში განამტკიცეს ქართველები. ამ დღეს ხსენებაა იერუსალიმში ჯვრის გამოჩინებისა. წმინდა კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდგომ გამეფებულა მისი შვილი, არიოზელი კოსტანცი. ამან რწმენა შეურყია იმპერიაში მრავალთ და ამ დროს იერუსალიმის ცაზე გოლგოთიდან ვიდრე ელეონის მთამდე გადაიჭიმა ულამაზესი ჯვარი. ამ სასწაულმა მრავალი ქრისტიანი რწმენაში განამტკიცა და მრავალი წარმართი თუ ურია ქრისტიანობას აზიარა.

თავისუფლებისთვის მებრძოლმა და წამებულმა ქართველებმა კი აქ მიწაზე იტვირთეს და იქ, ზეციური იერუსალიმის ცაზე აღამაღლეს ულამაზესი ჯვარი - საქართველოს ერთგული და თავდადებული მამულიშვილისა.
ბეჭდვა
1კ1