ვინ იყო სუჯი დედოფალი
ვინ იყო სუჯი დედოფალი
წმინდა ნინომ სუჯი დედოფლის დახმარებით გააქრისტიანა კუხეთი

კუხეთი — ისტორიული მხარეა აღმოსავლეთ საქართველოში. ტერიტორიულად მოიცავდა მდინარეების არაგვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჟინვალიდან გარეჯის უდაბნომდე. მეოთხე საუკუნეში აქ კუხთა და სუჯთა წარმართული ტომები სახლობდნენ.

"წმინდა ნინოს ცხოვრების" არსენი ბერისეული XII საუკუნის რედაქციაში ვკითხულობთ: აი, ნინოც "მიეახლა კუხეთს, დაბასა ბუდისას, დაყვნა მუნ დღენი რაოდენიმე და მოვიდოდეს მისსა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიარებდეს სწავლასა მისსა სიმრავლე ერისა".

სწორედ კუხეთის დაბა "ბოდისში" დაასრულა მოციქულებრივი მოღვაწეობა წმინდა ნინომ. აქ მისი ქადაგებით მოინათლა დედოფალი სუჯი, მისი მთავრები, მხედრები და მონა-მხევალნი.

წმინდა ნინომ სუჯი დედოფლის დახმარებით გააქრისტიანა კუხეთი და კახეთი. სიკვდილის წინ წმინდა ნინომ სუჯი დედოფალს გაატანა წერილი მცხეთაში მეფე მირიანთან.

მეტად საინტერესოა სუჯი დედოფალთან დაკავშირებული კიდევ ერთი ამბავი:
სუჯი მხლებლებით წავიდა მცხეთაში და მთელი გზა ფეხშიშველმა გაიარა. როდესაც სვეტიცხოვლის პირისპირ მიიწივნენ, ვერვინ გაბედა უზომოდ ადიდებულ არაგვში შესვლა. დედოფალმა ილოცა, პირჯვარი გამოისახა და სახედრით შევიდა მდინარეში. მდინარე შუაზე გაიპო და დედოფალი უვნებლად გავიდა ნაპირზე.

წმინდა ნინო მირიან მეფეს სწერს: "ხსენებულმცა არს საუკუნოდ კეთილთა დედოფალი სუჯი, რამეთუ მოვიდა ჭეშმარიტსა ქრისტესა სარწმუნობასა და მოსრნა კერპნი და მოუძღვა და მოიყვანნა ერნი ღმრთისანი, ღმრთის მსახურებად". ქრისტიანობის მიღების შემდეგ კახეთის დედოფალი სუჯი მცხეთაში ჩავიდა და სვეტიცხოველს შესწირა მთელი მისი ავლა-დიდება და "დაბაჲ დიდი ბუდისი". 



ბეჭდვა
1კ1