წმინდა მეფე
წმინდა მეფე
ქართველ ხალხში თამარზე და მის საფლავზე დღემდე უძველესი მითებია შემორჩენილი
ჟურნალ "კარიბჭის" მე-10-11-12 ნომრებში სრულად შემოგთავაზეთ 1990 წლის 20 ივლისის გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" გამოქვეყნებული ირაკლი აბაშიძის პუბლიკაცია "ერთი სურათის გამო, ანუ ვისია ის საფლავი?" რომელშიც მოთხრობილი იყო იერუსალიმის ჯვრის მონასტერში თამარ მეფის სავარაუდო სამარხის შესახებ.

ბატონი ირაკლი აბაშიძე წერილში აღნიშნავდა: "თბილისის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერმა, ხმელთაშუა ზღვის ქართული რეალობის მკვლევარმა, ავთანდილ მიქაბერიძემ შემატყობინა, რომ მან 1980 წელს ათენში გაიცნო ბერძენი არქეოლოგი ათანასიოს იკონოპულოსი, რომელიც 1976 წლმდე ჯვრის მონასტერში არქეოლოგიურ და სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. გამაგებინა ისიც, რომ ამ მეცნიერს ჯვრის მონასტრის მთავარი ეკლესიის იატაკქვეშ აღმოუჩენია ძველი ნეკროპოლი, სადაც სხვა საფლავთა შორის, ზედ საკურთხეველთან, მარცხენა სვეტის ქვემოთ (მარჯვენა სვეტზე შოთა რუსთაველის პორტრეტია - ი.ა.), დაკრძალულია ორი დიდებული მანდილოსანი".

ჩვენ დავუკავშირდით ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორს, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ "კავკასიის" დამფუძნებელს, საბერძნეთის სახელმწიფო რადიომაუწყებლობის ქართულენოვანი რადიო "ივერიის" ხელმძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ავთანდილ მიქაბერიძეს.

- ბატონო ავთანდილ, როგორია თქვენი, როგორც მეცნიერის პოზიცია წმინდა თამარ მეფის საფლავთან დაკავშირებით, რომელიც ათანასიოს იკონოპულოსის ვარაუდით, იერუსალიმის ჯვრის მონასტერში უნდა იყოს დაკრძალული?

- ვფიქრობ, ეს ძალიან ჰგავს სიმართლეს. სავარაუდოა, რომ თამარ მეფის საფლავი ჯვრის მონასტერში იყოს, ამ მოსაზრებას იზიარებდა ბერძენი მეცნიერი ათანასიოს იკონოპულოსი, რომელიც კარგა ხანია, რაც გარდაიცვალა. პრობლემა ის არის, რომ ამ თემის ასე ღიად წამოწევა ძალზე სახიფათოა საქართველოში, რადგან ქართველ ხალხში თამარზე და მის საფლავზე დღემდე უძველესი მითებია შემორჩენილი. ჩვენ ცოტა სხვანაირი ერი ვართ, გვინდა ყველაფერი ლამაზ მითებად და ლეგენდებად დარჩეს და როცა რეალურად დაანახვებ ხალხს სინამდვილეს, ამ მითის დამსხვრევას, ასე უცებ არავინ გაპატიებს. ალბათ, გემახსოვრებათ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ამ სენსაციურმა ცნობამ მოიცვა იმდროინდელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ჯერ კიდევ ჯუმბერ პატიაშვილის დროს, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, ამ თემას სპეციალური გადაცემა მიეძღვნება, მეც მიმიწვიეს თემის განხილვაში. თითქმის ერთ საათზე მეტხანს ვიყავი პირდაპირ ეთერში. შევეცადე, ძალიან თავშეკავებულად გამომეთქვა ჩემი აზრი, რადგან ასე მოულოდნელად ტელემაყურებელი ვერ ირწმუნებდა ჩემს განსხვავებულ შეხედულებას ამ საკითხზე და ვერც მოსთხოვ ვინმეს ამის ერთმნიშვნელოვნად მიღებას, მით უმეტეს, თუ მყარი მტკიცებულება არ გაგაჩნდა. მე მესმის, ბატონი ირაკლის აღტკინება, მას კეთილი მიზნები ამოძრავებდა, როდესაც საზოგადოების სამსჯავროზე ასეთი რამ გამოჰქონდა, მეც მინდოდა, რასაკვირველია, დამერწმუნებინა მსმენელი ჩემეული ვერსიის სისწორეში, მაგრამ შევეცადე, თავი შემეკავებინა და, ქართული აუდიტორიის თავისებურების გათვალისწინებით, ჩემი პოზიციის გამოსახატავად ბევრი კითხვა დავტოვე თამარის საფლავის იერუსალიმის კვალზე.

ბეჭდვა
1კ1