დეკაბრისტ კონდრატე რილეევის უკანასკნელი ბარათი
დეკაბრისტ კონდრატე რილეევის უკანასკნელი ბარათი
ჩემს თაობას, სამწუხაროდ, ისეთ ისტორიას ასწავლიდნენ, როგორსაც მაშინდელი პოლიტიკური კონიუნქტურა მოითხოვდა. გაუკუღმართებული მატიანე კი ხშირად ქცეულა გაუკუღმართებული ცნობიერების თესლად და უგვანი სინამდვილის დასაბამად.

ამ "საბჭოთა" ისტორიის ბრალი იყო, რომ ბევრი დააბრმავა დეკაბრისტული მოძრაობის და მისი ლიდერების "ჰეროიზმმა" და ერთგვარმა "რომანტიზმმაც", სინამდვილეში კი ცოტამ იცოდა, რომ ეს მოძრაობა მირონცხებული მეფის, მართლმადიდებელი ეკლესიისა და რუსეთის იმპერიის მკვიდრი ზოგიერთი ეროვნული უმცირესობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მაგალითად, ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, დეკაბრისტთა ნაწილი, ქართველობის ციმბირში გასახლებას, მათ ნაცვლად კი - რუს კაზაკთა ჩამოსახლებას გეგმავდა... ხსენებული მოძრაობა მასონური ფესვებით საზრდოობდა და, ღვთის შეწევნით, მათი გეგმა ვერ განხორციელდა...

მაგრამ უფალი მოწყალეა და ყველაზე ცოდვილ სულსაც აძლევს განწმენდის საშუალებას...

გთავაზობთ დეკაბრისტთა ერთ-ერთი ლიდერის, სიკვდილით დასჯილი კონდრატე რილეევის დედის მონათხრობს, რომელიც ოპტელმა ბერდიდმა, ბარსანოფიმ შემოგვინახა:

"ჩემი სამიოდ წლის ვაჟი მძიმედ დასნეულდა. სიკვდილს ებრძოდა... ექიმების მტკიცებით, დილამდე ვეღარ გაატანდა... ამას თავადაც ვხვდებოდი, - ბავშვი თვალსა და ხელს შუა მელეოდა... თვალცრემლიანმა გავიფიქრე: "ნუთუ, საშველი მართლა აღარაა?! უფალი მოწყალეა და მისი წმინდა დედის ლოცვით განკურნავს ჩემს პატარას, მაგრამ თუ ასე არ მოხდა? მაშინ კი შემეწიე უფალო, მე უბადრუკს-მეთქი და სასოწარკვეთილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატების წინ დავემხე...

დაღლილს ბავშვის საწოლთან ჩამთვლიმა... უეცრად ვიღაცის უცხო და საამო ხმა მომესმა: "გონს მოდი, უფალს შვილის გადარჩენას ნუ ევედრები... ღმერთს სურს, რომ მომავალ განსაცდელებს აგარიდოთ. შენი ვაჟის მომავალს გიჩვენებ და ნეტავ მაინც ითხოვ პატარის გამოჯანმრთელებას?

დიახ, მე ყველაფერზე დაგთანხმდებით-მეთქი, - აღელვებით შევეპასუხე.

- მაშ, გამომყევი, - მომიწოდა ხმამ...

რაღაც ოთახები გამოჩნდა... პირველ მათგანში ჩემი პატარა იწვა, რომელიც სიკვდილს აღარ ებრძოდა, ტკბილად ეძინა, ღაწვები შეფაკვლოდა და ძილში იღიმებოდა... საწოლთან მისვლა დავაპირე, მაგრამ საოცარი ხმა სხვა ოთახისკენ მიხმობდა, სადაც მხნე და მკვირცხლი ბიჭუნა იმყოფებოდა... ის სწავლის დაწყებას აპირებდა და მაგიდა წიგნებითა და რვეულებით ჰქონდა სავსე...

შემდეგ იგი უკვე ჭაბუკი ვიხილე... ბოლოს წინა ოთახში ვიღაცები ძალიან ხმამაღლა კამათობდნენ, ჩემი ვაჟი კი რაღაცას უმტკიცებდა...

უკანასკნელი ოთახი ფარდით იყო გადატიხრული... უნდა შევსულიყავი, რომ ნაცნობმა ხმამ, ამჯერად უკვე მრისხანემ, მომმართა: "უგუნურო, დაფიქრდი! რადგან როდესაც იმას იხილავ, რაც იმ ოთახში ხდება, გვიან იქნება! სჯობს, ხვედრს დამორჩილდე, ბავშვის სიცოცხლეს ნუღარ გამოითხოვ... ის ხომ ჯერ კიდევ ანგელოზია".

არა, მინდა, რომ იცოცხლოს-მეთქი!..

სული მეხუთებოდა, იმდენად ვჩქარობდი, რომ ოთახში შემეხედა... ფარდა აიხადა და ვიხილე... სახრჩობელა! ხმამაღლა ვიკივლე და გამეღვიძა კიდეც...

შვილისკენ რომ დავიხარე, ჩემდა გასაოცრად პატარას მშვიდად ეძინა, მალევე გამოეღვიძა, პაწია ხელები გამომიწოდა და დამიძახა: "დედიკო!"

გავშეშდი, რადგან ყველაფერი ისე იყო, როგორც სიზმარში... ექიმები კი გაოცებას ვერ მალავდნენ ბავშვის მართლაც სასწაულებრივი გამოჯანმრთელების გამო...

დრო გადიოდა, ჩემი სიზმარი საოცარი სიზუსტით მიხდებოდა... უმცირესი წვრილმანიც კი არ დაკარგულა: - მისი სიყმაწვილე, საიდუმლო შეკრებები... და როდესაც შვილმა ახალი მეგობარი გამაცნო, მყის ვიცანი ის კაცი, რომელიც ბოლოსწინა ოთახში ვიხილე...

შემდეგ კი... თავადვე მიხვდებით: - სახრჩობელა! გეფიცებით, ეს არც ბოდვაა და არც ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი, არამედ სრული სიმართლე"...

რილეევის უკანასკნელი წერილი
1978 წლის 15 დეკემბერს რადიოსადგურ "ბი-ბი-სის" ეთერით გადაიცა:

"ჩვენს ხელთ აღმოჩნდა დღემდე უცნობი ისტორიული დოკუმენტი, რუსი პოეტი-დეკაბრისტის, კონდრატე რილეევის სიკვდილისწინა წერილი, რომელიც 1826 წლის 13 ივლისს, სასჯელის აღსრულების დღეს დაწერა... იგი კონდრატეს მეუღლეს მღვდელმა გადასცა, შემდეგ ნათესავებთან ინახებოდა, რომლებიც საბჭოთა კავშირში არ ცხოვრობდნენ... დედანი ერთ-ერთმა მსმენელმა გადმოგვცა... წერილის ღრმა რელიგიურობა კარგად ახასიათებს ადამიანს, რომელმაც წამყვანი როლი შეასრულა დეკემბრის ამბოხებაში. აქვე გთავაზობთ ტექსტს:

"ღმერთმა და ხელმწიფემ ჩემი ბედი უკვე გადაწყვიტეს: - უნდა მოვკვდე და თანაც სამარცხვინოდ. დაე, აღსრულდეს მისი წმინდა ნება!

ჩემო საყვარელო მეგობარო, შენც მიენდე ყოვლისშემძლე ღვთის ნებას და ის განუგეშებს. ჩემი სულისთვის ილოცე და უფალი შენს ლოცვებს შეისმენს. ნურც ღმერთზე დრტვინავ და ნურც ხელმწიფეზე, რადგან ეს უგუნურებაცაა და დიდი ცოდვაც... ჩვენ უფლის განგებას ვერ ჩავწვდებით. რაც ტუსაღი ვარ, არასოდეს დამიყვედრებია ჩემი მდგომარეობა, რის გამოც სულიწმიდა სასწაულებრივად მანუგეშებდა.

მეგობარო, წარმოიდგინე, როდესაც შენზე და ჩვენს პატარაზე ვფიქრობ, ენით უთქმელი, მანუგეშებელი სიმშვიდე მეუფლება... ვმადლობ ღმერთს, რომ განმანათლა და ქრისტეში ვკვდები. ეს სასწაულებრივი სიმშვიდეა სწორედ იმის მომასწავებელი, რომ ჩვენი გამჩენი არც შენ დაგტოვებს უნუგეშოდ და არც ჩვენს პატარას...

ღვთის გულისათვის, სასოს ნუ წარიკვეთ. ჩვენს მღვდელს ვთხოვე, დროდადრო გინახულოს, ყური უგდე მის რჩევებს და სთხოვე, ჩემი სულისთვის ილოცოს. ჩემი მისდამი პატივისცემის ნიშნად, უფრო ზუსტად კი - სახსოვრად, ერთ-ერთი ოქროს სათუთუნე გადაეცი, რადგან ამ სიკეთისთვის, რაც თავისი საუბრებით გამიკეთა, ოდენ უფალი შეძლებს სამაგიეროს გადახდას...

მინდოდა, შენთან შეხვედრა მეთხოვა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან ეს, ალბათ, უფრო დაგწყვეტს გულს.

უფალს შევავედრებ შენს თავს, ჩემს საბრალო დაიკოს და მთელ ღამეს ლოცვაში განვლევ.

გამთენიისას მღვდელი მოვა, ჩემი მეგობარი და ქველმოქმედი, ისევ მაზიარებს. ჩვენს შვილს გონებით ვლოცავ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატით და ყოველ თქვენგანს ცოცხალი ღმერთის წმინდა მფარველობას მივანდობ.

უწინარესად, გთხოვ, შვილის აღზრდაზე იზრუნო. მინდა, შენს გვერდით იზრდებოდეს. ეცადე, მასში შენი ქრისტიანული გრძნობები შთანერგო და, სიძნელეების მიუხედავად, ბედნიერი იქნება, ხოლო როდესაც ქმარი ეყოლება, ისე გააბედნიერებს, როგორც შენ გამაბედნიერე, ჩემო საყვარელო, კეთილო და ფასდაუდებელო მეგობარო... სიტყვა არ მყოფნის ამ მადლიერების აღმოსათქმელად, ამისათვის თავად უფალი დაგაჯილდოებს...

მშვიდობით! დაე, აღსრულდეს უფლის ნება! შენი გულითადი მეგობარი
კ. რილეევი".

ბეჭდვა
1კ1