ხსენება კონსტანტინოპოლის ენკენიისა (+330) - 11 (24) მაისი
ხსენება კონსტანტინოპოლის ენკენიისა (+330) - 11 (24) მაისი

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

ასეთ მოთხოვნილებებს კი პატარა ქალაქი ბიზანტია აკმაყოფილებდა. ბიზანტიას შეეძლო გაეკონტროლებინა საზღვაოსნო გზები შავი ზღვიდან ეგეოსის ზღვამდე. 324 წლის 8 ნოემბერს ახალი დედაქალაქის ადგილი აკურთხეს, გარდამოცემით, დედაქალაქის საზღვრები თვით კონსტანტინე დიდმა შემოხაზა თავისი მახვილით. როცა კარისკაცები გაოცდნენ ახალი ქალაქის მასშტაბით და იმპერატორს ჰკითხეს, როდის შეჩერდებოდა, მან უთხრა: "იქამდე ვივლი, ვიდრე ჩემ წინ მიმავალი არ შემაჩერებსო". მაშინ კი მიხვდნენ, რომ იმპერატორს ღვთაებრივი ძალა ხელმძღვანელობდა. შენობებს საძირკველი 325 წელს ჩაეყარა. 330 წელს ქალაქი უკვე იმ მდგომარეობაში იყო, რომ კონსტანტინემ მისი კურთხევა შეძლო. 330 წლის 11 მაისს ბიზანტია იმპერიის დედაქალაქად გამოცხადდა. იმპერიის ახალი დედაქალაქი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გახდა. ბოსფორის პირას, ევროპისა და აზიის გასაყარზე დაარსებული "ახალი რომი" იყო ბუნებრივი დამაკავშირებელი აღმოსავლური და დასავლური კულტურისა. ახალ დედაქალაქს მოგვიანებით მისი დამაარსებლის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი ეწოდა. კონსტანტინოპოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, როგორც წარმართული რომის საპირისპიროდ დაარსებულ ქრისტიანულ დედაქალაქს.

1453 წლის 29 მაისს, ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთმა ცნობილმა სულთანმა, მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყა. სულთან მეჰმედის წინაპრებს არაერთი მცდელობა ჰქონდათ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის აღებისა, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს აღარ გაუმართლა და ოსმალებმა მისი აღება მოახერხეს. ეს იყო ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება. კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, ბიზანტიის იმპერია საბოლოოდ გაქრა რუკიდან, ხოლო ოსმალეთის სასულთნო ოსმალეთის იმპერიად ჩამოყალიბდა. ოსმალებმა უწოდეს მას სახელი "სტამბოლი" და დედაქალაქად გამოაცხადეს. ის ამ სტატუსს ოსმალეთის დაშლამდე, 1922 წლამდე ინარჩუნებდა და დღესაც არის თურქეთის რესპუბლიკის უდიდესი ქალაქი.

 

ბეჭდვა
1კ1