შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო
შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო
ახალციხელი ძმები სულითაც ძლიერნი იყვნენ
ჩაებმებოდნენ ქართველნი ფერხულში და "შავლეგოს" სიმღერას დასძახებდნენ: "შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო, შავად გაგიხამებია, შავლეგო"... მარტო ფერხულში კი არა, საფიხვნოში, სუფრაზე, ლხინსა თუ ჭირში ისმოდა შალვა ახალციხელის ამბავი. დედაც აკვანზე დამღეროდა თავის პატარას და შავლეგოს გმირობის ამბავს უყვებოდა: როგორც ბრძანებს ანტონ კათოლიკოსი წმინდა შალვას მარტვილობის აღწერისას: "წიაღსავე შინა დედისასა ყოფისა დროსა" მესმოდა მისი ქება, სიყრმეშიც, მერეც, სანამ მონაზვნად აღვიკვეცებოდი და მას შემდეგაც, რაც მწიგნობარი ვიქმენ, აღტაცებული ვარ მისი თავმდაბლობითო. უკვე ამდენი საუკუნე გავიდა. იფიქრებ, ნუთუ შალვაზე მამაცი მებრძოლი სხვა ქართველი არა ყოფილა? განა ნაკლები ვაჟკაცი იყო დავით სოსლანი, მაგრამ ერმა მაინც შავლეგოზე იმღერა...

შალვა და მისი ძმა, ივანე, თორის ხეობიდან ყოფილან. ახალციხელებად მოიხსენიებიან მას შემდეგ, რაც მათ წმინდა თამარ მეფემ ახალციხე უბოძა. მრავალ ბრძოლაში ისახელეს თავი ძმებმა, ხმალდახმალ გაივლ-გამოივლიდნენ ხოლმე მტრის ლაშქარში, ჩაჰკაფავდნენ და შეამცირებდნენ ხოლმე ურჯულოთ. "შავლეგ იყო კაი კაცი, კაი და გვარათ აგებულიო," - გვეუბნება ვინმე მელექსე. "შავლეგ ცხენსა მოაფრინდა, როგორც რომ ნიავქარიო", - ამატებს მეორე. ჟამთააღმწერელნი კი შამქორსა თუ ბასიანში მისი ვაჟკაცობის ამბავს ჰყვებიან. 1195 წელს შამქორთან აბუ-ბექრ ათაბაგი დაამარცხეს ქართველებმა და აურაცხელი განძი დარჩათ. შალვა ახალციხელმა კი ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ ხახულის მონასტერში ღვთისმშობლის ხატს შესწირა. მისი დიდი წინაპარიც ხომ ასე მოიქცა - დიდგორის ბრძოლიდან გაქცეული დორბეზე სადაყის ძის ქედიდან მოძარცვული პატიოსანი თვლებით შემკული ოქროს მანიაკი გაუგზავნა ხახულის ღვთისმშობელს.

შემდგომში, როცა საქართველოზე რუქნადინმა გამოილაშქრა, თამარმა ჯარის წინამძღოლად, ზაქარია მხარგრძელთან ერთად, შალვა და ივანე ახალციხელნი ჰყო და სხვა თორელნიც. თვითონ მეფე კი ოძრხეში იოანე შავთელთან და ევლოგი სალოსთან ერთად დღედაღამ ლოცულობდა ქართველთა გამარჯვებისთვის. ბასიანთან, იმ ადგილას, რომელსაც ბოლოსციხეს ეძახდენ, საშინელი ბრძოლა გაიმართა. გაგრძელდა დიდხანს და ორივე მხრიდან მრავალი მოწყდა. ცხენი მოუკლეს ივანე მსახურთუხუცესს, ზაქარია გაგელს, შალვასა და ივანე ახალციხელებს, თაყაი თმოგველს და სხვა მრავალთ. "ქვეითად დარჩეს რაზმსა შინა მხნენი საქართველოსანი". ეს რომ ლაშქარმა იხილა, "გაწირნეს თავნი სიკვდილად", ჩამოხტნენ ცხენებიდან და შეერკინნენ მტერს. ღვთის წყალობით, თამარ მეფის ცრემლებითა და ლოცვით მტერი იძლია და განადგურდა.

თამარის გარდაცვალებისა და ლაშას სიკვდილის შემდეგ ჩაესვენა მზე საქართველოსი. 1225 წელს ქვეყანას ხვარაზმელნი შემოესივნენ. რუსუდანმა მოუწოდა ივანე ათაბაგს, რომელიც ამ დროს მოხუცებული იყო, ჩააბარა სეფედროშა და ჯარს უწინამძღვრა. მტერი გარნისთან იყო დაბანაკებული, ჯალალ ედ-დინი ქართველთა დანახვაზე საბრძოლველად მოემზადა. აქეთ ივანე ათაბაგმა განალაგა ჯარი და თორელებთან ერთად შალვა და ივანე ახალციხელნი უწინამძღვრა. მიეახლა ქართველთა ნაწილი მტრის ჯარს, მაგრამ ივანე ათაბაგი, დანარჩენი ქართველებით, ფეხს არ იცვლიდა. ორჯერ გაუგზავნეს მალემსრბოლი თორელებმა და ახალციხელებმა ათაბაგს - სულთანს ვუახლოვდებით. ძალზე ცოტანი ვართ და ძლიერი ომი წინ გვიძევს. მოგვეშველეთო. მაგრამ ივანე ათაბაგი არას მიუგებდა. ზოგი მის მოხუცებულობას აბრალებს, ზოგიც ამბობს, შეშურდა შალვას და ივანეს ვაჟკაცობისო. ახალციხელი ძმები და თორელი ქართველნი სულითაც ძლიერნი იყვნენ, "არღარა რიდეს სიმრავლესა სულთნისა სპათასა", ვითა მხეცნი ზედა მიეტივნენ. აღტყდა საშინელი ბრძოლა, ორივე მხრიდან ბევრი იხოცებოდა. ივანე ათაბაგი და სხვა ქართველნი ამას შორიდან უყურებდნენ და შველას არ აპირებდნენ. გაგრძელდა ბრძოლა. შალვას და ივანეს ცხენები დაუხოცეს. ხალხური მელექსე ამბობს: "შავლეგს ცხენი წამოექცა ნაკვალევსა გუთნისასაო". თორელები ჩახოცეს, შალვას და ივანეს ხმლები გადაუტყდათ მტრის ჩაბალახზე. ივლტოდნენ ქართველნი. შალვა იქვე შეიპყრო მტერმა, გაქცეული ივანე კი გარნისის ერთ კლდესთან ზემოდან ნასროლი ქვით მოკლეს...

შალვა ჯალალ ედ-დინის წინაშე წარადგინეს. იცნო მტერმა მათი მომსვრელი. მოახსენეს სულთანს მისი ამბავი. ჯალალ ედ-დინს მოეწონა გმირი ქართველი. არ მოკლა, "თვისთა თანა იპყრა პატივითა და მიანიჭნა ქალაქნი ადარბადაგანისანი", მაგრამ სანაცვლოდ რწმენის დატევებას ითხოვდა. თითქოს აცლიდა, ამქვეყნიური პატივით "გონს რომ მოსულიყო". მაგრამ შალვა არ ცხრებოდა, თავისიანებს წერილებს უგზავნიდა და მტრის მოძრაობას ატყობინებდა. გაბრაზდა სულთანი, შეაპყრობინა ახალციხელი, "აიძულებდა, უარყავი ქრისტეო", ხან ქონებას შეჰპირდა და ხან სიკვდილს. მაგრამ შავლეგო "მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა ზედა". მრავალფერი ტანჯვის დათმენის შემდეგ სული თვისი ჩააბარა საყვარელ მაცხოვარს. სახელი შალვასი კი, ვითარცა ხელიხელ საგოგმანები განძი, თაობიდან თაობას გადაეცემა.

ერთი ამბავი გამახსენდა: 1989 წლის 7 აპრილის შუაღამეა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დავიძარით და პირობისამებრ უნივერსიტეტის I კორპუსთან შევიკრიბეთ, რათა მთავრობის სახლის წინ მომიტინგე და მოშიმშილე ქართველებს შევერთებოდით. მელიქიშვილის ქუჩაზე გაიშალა ახალგაზრდობა, ახალუხლები - გოგონები და ვაჟები. "შეხე, დედილავ, ამ განწირულ ყმაწვილკაცობას, ისე მიდიან სასიკვდილოდ, როგორც დღეობას", - ამბობს ილია და ჩვენც ბედნიერნი, ამაყნი, საბრძოლოდ შემართულნი მივდიოდით. ფანჯრებიდან, სახლებიდან დედები სიხარულის ცრემლებს გვაპკურებდნენ, ჯვარს გვსახავდნენ. წინ სეფედროშამომარჯვებული შავჩოხა ვაჟკაცი მიგვიძღოდა. სიმღერ-სიმღერით მივუყვებოდით ქუჩას, უფრო ხშირად კი "შავლეგოს" ვმღეროდით და ეს შავჩოხა ბიჭიც თითქოს წმინდა შალვა ახალციხელად გვესახებოდა. ღმერთო, დააბრუნე ის ეროვნული აღტკინება ჩემს სამშობლოში...
ბეჭდვა
1კ1