ნეტავ იმათ სიკვდილს, ვინც სამშობლოს შეეწირება და უკვდავყოფს თავის სახელს
 ნეტავ იმათ სიკვდილს, ვინც სამშობლოს შეეწირება და უკვდავყოფს თავის სახელს
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს. გიგია ჩეკისტებს მოუკლავთ, მიხასაც იგივე ბედი ელის. ამ ბარათით კი არა მარტო პარასკოს ამხნევებს, არამედ ჩვენი დროის ქრისტიანებსაც. შეიძლება ახლა აშკარად არავინ გვაწამებს, მაგრამ ხომ გვტანჯავს საკუთარი ვნებები, ადამიანური უძლურებანი. უკვდავების სურვილით კი ყველა მტრის ძლევა შეგვიძლია.

"ნუ იფიქრებ, რომ შენი ძმა მოკვდა და აღარ არის, მოკლეს და დაიკარგა. არა! ის არც მკვდარია და არც დაკარგული. ერთი კი არა, არამედ მრავალი ვაჟკაცი შეეწირა თავის სამშობლო საქართველოს მსხვერპლად. ზოგი თვეობით ყელამდე წყალში ჰყავდათ ჩეკას სარდაფებში, ზოგი გზაზე დახვრიტეს, ზოგიც სახლში მოკლეს, ზოგიც ბრძოლაში. ჩვენი სისხლით და ხორცით მორწყეს მთელი საქართველო. მრავალმა ვაჟკაცმა გადადო ნებით საკუთარი თავი სამშობლოსთვის და თავისი სიცოცხლე მწარე სიკვდილს მისცა პირში. განა ეს ამდენი სამშობლოსათვის დახოცილი და დასჯილი ხალხი დაკარგულა? არა! იმათი სახელები მქუხარებს და ზეობს სამშობლოსათვის! იმათი სახელი მთელ საქართველოს ეძახის: "მოდით უშიშრად, მტერმა და დასჯამ არ შეგაშინოთ! დღევანდელ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობიაო". საქართველოს ერიც იმათი საფლავის წინ მუხლს იყრის და როგორც ვაჟა-ფშაველამ დაწერა: "გმირთა სამარეს, როგორც ხატს, სამთხვევლად დავეღირები, აცხონოს, რომ არ წაიღეს ლაფით მოსვრილი პირებიო". აი, ამ გმირთა, ვაჟკაცთა ღირსება და სახელი ბევრი ცოცხლის ღირსებასა და სახელს სჯობია. ისინი უკვდავნი არიან, საქართველოს არსებობამდის დაუვიწყარნი. აი, შენი ძმა იმ ვაჟკაცებში ითვლება, რომლებიც ცოცხლებს მკვდრები სჯობიან. ამისთვის არ უნდა იდარდო. ბევრ ცოცხალს შენი მკვდარი ძმის სახელი სჯობია. კაცი ადრე თუ გვიან სიკვდილს ვერ დაემალება. მაშასადამე, სჯობია, რომ სახელით მოკვდეს ძროხასავით უსახელო სიკვდილს. ნეტავ იმათ სიკვდილს, ვინც სამშობლოს შეეწირება და უკვდავყოფს თავის სახელს".
ბეჭდვა
1კ1