აი, რის გამო უწოდა დავითს მადლიერმა ჩამომავლობამ აღმაშენებელი!
აი, რის გამო უწოდა დავითს მადლიერმა ჩამომავლობამ აღმაშენებელი!
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)
მოძღვრება წმიდა დავით აღმაშენებლის დღეს. თქმული ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მოწაფეთადმი

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

ჩვენ შევასრულეთ, ძვირფასნო ყრმანო, საღმრთო წირვა და სავედრებელი პარაკლისი სახსენებლად და სადიდებლად წმინდა დავით აღმაშენებელისა. უეჭველია, გაგონილი გექნებათ თქვენი აღმზრდელებისაგან და გეცოდინებათ, რომ ხსენებული წმიდანი იყო მეფე საქართველოსი. იგი სცხოვრობდა შორეულს დროს - რვაასი წლით უწინარეს ჩვენსა. ადვილი და სასუბუქო როდია, სულიერო შვილებო, სავსებით, ცხოველად და ნათლად გათვალისწინება იმ სატირალი მდგომარეობისა, იმ განადგურებისა და მიწასთან გასწორებისა, რომელშიაც იმყოფებოდა ჩვენი სამშობლო დავით აღმაშენებელის ტახტზედ ასვლის დროს.

ეხლა სულ პატარა ბავშვებსაც გაგონილი აქვთ თურქების სახელი და ბევრმა თქვენგანმა იცის, რა თვისების ხალხია იგი. ასე არ იყო ძველად, დავით აღმაშენებელის წინათ ნაკლებად იცნობდა ვინმე თურქებს, ისინი მხოლოდ მაშინ გამოჩნდნენ ისტორიაში და თავიანთი ვერაგობით, გაუკითხავობით და ბარბაროსობით შიშისა და ძრწოლის ზარსა ჰსცემდნენ ყველას. მათ დაიპყრეს საქართველოს მეზობელი სახელმწიფონი. სისწრაფით უახლოვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და, ბოლოს, დავით აღმაშენებელის მამის დროს, საშინელი გრიგალივით გადაუარეს საქართველოს, გალეწეს და ამოაგდეს ძირიანად ყველაფერი, რაც კი რამ შეხვდათ მათ გზაზედ: დაწვეს, დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს სოფლები და ქალაქები, ამოაგდეს, გაატიალეს ყანები და მინდვრები. გაჩეხეს და გაანადგურეს ვენახები, გაჟლიტეს და მუსრი გაავლეს მცხოვრებლებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს შორეულ მთებში გახიზვნა. ან შეუვალ ციხე-კოშკებში ჩაკეტვა. ადვილად წარმოიდგინეთ, რა ძნელი მოსანელებელი იქნებოდა ამ გახიზნულების მდგომარეობა. რა გაუნელებელ ცეცხლს უნდა ეტრიალა მუდამ-დღე მათ გულში იმ აზრის წარმოდგენაზედ, რომ იქ, ბარში, მტერი ანგრევდა, იკლებდა, შეურაცხებას აყენებდა მათ სალოცავებს, რომ ბინძური ხელი ურწმუნოსი ჰბღალავღა მამა-პაპათა სამარეს და მათ კუბოს ფიცარს. ცრემლი, - ეს გულის საკირის გამანელებელი ცვარი, - ესეც კი ამოეშრიტა და დაეკარგა მათ. ტანჯული ხელების ზე-აპყრობა და გულით, სიტყვების წარმოუთქმელად, მხურვალე ვედრება ღვთისადმი, რომ მოხედოს განწირულთა, - აი, რაღა დარჩენოდათ ამ საცოდავებს საღსრად და რა მიაჩნდათ ერთადერთ ფარხმალად ამ საშინელ გაჭირვებაში!

მაგრამ მოიგონეთ, საყვარელნო, რომ ღმერთმა არ იცის მის მავედრებელთა სრულებით გაწირვა და სამუდამო დავიწყება. გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილან ამგვარსავე გაჭირვებაში, ამისთანა განსაცდელში ებრაელები და, როდესაც გულით შევედრებიან უფალს, დაუყოვნებლივ მოვლინებიათ მისგან მტრის შემმუსვრელნი მძლავრნი, გონიერნი და სიმართლით აღვსილნი კაცნი, ასევე შეიბრალა და შეიწყალა ყოვლად მოწყალე უფალმა განწირულებაში მყოფი ქართველები ღა თურქთაგან ანუ ძველებურად სარკინოზთაგან გამომხსნელად აღუდგინა მათ ღვთის მოსავი, აღვსილი სიმძლავრითა და აღჭურვილი ნათელ-მოსილი გონებით მეფე დავითი.

მე არ შეგაწუხებთ და არ დაგიღლით ყურადღებას ამ მეფის ცხოვრების დაწვრილებითი აღწერით. აღვნიშავ მოკლედ, რომ ტახტზე ასვლისავე უმალ მეფემ მიმართა გახიზნულ ხალხს გულითადის თხოვნით და მამობრივის ხვეწნით, რომ გამოსულიყო სამალავებიდან, დაჰბრუნებოდა თავის გაცივებულ კერას, ხელი მოეკიდა მტრისაგან განადგურებული მამულისათვის და ღვთის სახელის ხსენებით შესდგომოდა ვაჟკაცურ ცხოვრებას. გმირული ხმა მეფისა ღრმად ჩასწვდა ხალხის გულს, გაუღვიძა მას მხნეობა, შთაბერა გულადობა და ხალხმაც ნელ-ნელა იწყო მთა-ღრედან გამოსვლა, გახიზნულები დაუბრუნდნენ გაოხრებულ ოჯახებს, ხელი მოჰკიდეს კვლავ გუთანს და შრომა-მხნეობის მოძრაობა-ხმაურობით გამოაღვიძეს უდაბნოდ ქცეული ქვეყანა. ღმერთმა ხელი მოუმართა მეფეს და ჩქარა სრულებით გააძევა თავის სამფლობელოდან სარკინოზნი, ამის შემდეგ ალაგმა და დაამშვიდა შინაური მტრები, შემოიერთა ქართლი, კახეთი, იმერეთი და აფხაზეთი, განსდევნა და განკვეთა თანამდებობიდან უღირსნი მღვდელთ-მთავარნი და ხუცესნი, განაახლა, განამშვენა და აღადგინა დანგრეული ტაძრები, აღაშენა იმისთანა დიდებული ძეგლი, როგორიც არის გელათის ტაძარი, და დააარსა ეკლესიებთან დაბალი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებელნი, მოიწვია ყოველი მხრიდან სწავლულნი და ბრძენნი ხალხში მეცნიერების მოსაფენად. აღაგო სიმრავლით გლახაკთათვის სასტუმრონი და საავადმყოფონი, ერთი სიტყვით, განაძლიერა, აღამაღლა, აღაყვავა და იმგვარად დააყენა სამეფო ამ ღვთივ ცხონებულმა მეფემ, რომ თვითოეული ქართველი უშიშრად და ლაღად განისვენებდა "ქვეშე ვენახსა თვისსა და ქვეშე კერძო ლეღვისა თვისისა".

აი, რის გამო უწოდა დავითს მადლიერმა ჩამომავლობამ აღმაშენებელი! აი, რის გულისათვის შერაცხა იგი დავალებულმა ეკლესიამ წმიდათა შორის! ან კი როგორ შეიძლებოდა არ ეღიარებინათ სიცოცხლეშივე წმიდად ის, რომლის სიცოცხლესაც ყველასათვის ცხადად და მისახვედრად ინახავდა მარჯვენე ღვთისა. ერთხელ მტრებმა შიგ გულში სტყორცნეს ისარი, მაგრამ არ გასწირა უფალმა სათნო მონა თვისი და არა ევნო რა მას, რადგანაც ისარი მოხვდა მაცხოვრის ოქროს ხატს. რომელსაც დავითი არას დროს არ იშორებდა მკერდიდან. ერთხელ კიდევ წმინდა მეფე გადმოვარდა გელათის ტაძრის მაღალი კედლიდან და, კაცებრივი ანგარიშის მიხედვით, რომ მტვრად უნდა ქცეულიყო, თითქმის არც კი რამ უტკენია.

სახელი და საუკუნო პატივი მათ, ვინც თქვენ სასწავლებელთან დააწესა ღარიბ მოსწავლეთა დამხმარებელი ძმობა ამ წმინდა მეფის სახელობაზედ და მით დიდებული სახელი მეფე აღმაშენებელისა უფრო დაუვიწყარი და განუშორებელი გახადეს თქვენი გონება-გულისათვის. იცოდეთ, მეგობრებო, რომ თქვენ დაკავშირებულნი ხართ წმინდა დავით აღმაშენებელთან იმ მეცნიერების მხრით, რომელსაც იძენთ ამ სასწავლებელში, თქვენ გაახლოვებთ დავითის წმიდა სულთან შესწავლა და შეთვისება ღვთის სიტყვისა, რომლითაც იწვრთიდა ხსენებული წმიდა გონებას ყოველ მარჯვე წამს და რომელ სწავლასაც ჰსთვლიდა ყოველ სწავლაზე უძვირფასესად.

მის ხელს არ შორდებოდა საღმრთო წერილის წიგნი, თუ კი მოცლილი იყო სამეფო საქმეებისაგან. მისი ცხოვრება აღნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში დავითს წაუკითხავს სამოციქულო ოც-და-ოთხჯერ. "ესოდენ შეიყვარა (დავითმა) და შეითვისნა საღმრთო წერილის წიგნებიო", ვკითხულობთ ამავე ცხოვრებაში, "რომელ ჰსთქვამცა თუ მათ შინა ცხოველ არს და მათ შინა იძვრის. იგინი იყვნეს მისდა საზრდელ ყოველთა გემოვან და სასმელ ტკბილ და საწადელ, იგინი შვება და განცხრომა, საწვრთნელი და სარგებელი დღე და ღამე"... წიგნების კითხვას ვერ სთმობდა მოგზაურობისა და ნადირობის დროსაც კი, წიგნებს იმძღვანიებდა წინ აქლემებით და ჯორებით ლაშქრობისათვის გამოწყობის დროს! აჰა, თქვენთვის აღმაფრთოვანებელი, გამამხნევებელი და ბეჯითობის შემძენი დიდებული მაგალითი. იქონიეთ იგი განუშორებელ მნათობად გონებრივი თვალის მხედველობის წინ, შეიყვარეთ ეკლესიური განათლება, გულით შეითვისეთ ღვთის სიტყვა, ბეჯითად იკითხეთ სასარგებლო წიგნები, და გწამდეთ, რომ ამითი დაიმსახურებთ წმინდა დავითის მფარველობას.

წმიდაო კეთილ-მსახურო მეფეო დავით! მოხედე მოსიყვარულე გულით სულიერთა ძეთა ამათ შენთა და შენი მხურვალე მეოხებით წინაშე ღვთისა გამოუთხოვე მათ მამისაგან ნათლისა სული სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სული მეცნიერებისა და ღვთის მსახურებისა, სული შიშისა ღვთისა. ამინ.

ბეჭდვა
1კ1