მოხუც მეფეს კრწანისის ომში 3 000 მეომარი მოუვიდა მხოლოდ, მაშინ როცა მის ცხედარს თელავიდან მცხეთისკენ 30 000 მხედარი მიაცილებდა
მოხუც მეფეს კრწანისის ომში 3 000 მეომარი მოუვიდა მხოლოდ, მაშინ როცა მის ცხედარს თელავიდან მცხეთისკენ 30 000 მხედარი მიაცილებდა
ორას წელზე მეტი გავიდა კრწანისის შემაძრწუნებელი ტრაგედიიდან და ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან. ეს დღე ქართველი ერისათვის უსაზღვრო გლოვის, მწუხარების, გულის სიღრმეში შემწყვდეული მამულიშვილური გრძნობების მოჭარბების დღე იყო. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მოხუც მეფეს კრწანისის ომში 3 000 მეომარი მოუვიდა მხოლოდ, მაშინ როცა მის ცხედარს თელავიდან მცხეთისკენ 30 000 მხედარი მიაცილებდა.

საყურადღებოა ილია ჭავჭავაძის წერილი "ასი წლის თავი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან". მასში ილია, თავისი პირუთვნელი და მკაცრი სიტყვით, სასტიკად ამხელს თბილისის იმდროინდელ მესვეურებს, რომელთაგან ერეკლეს სულის მოსახსენებელ წირვა-ლოცვაზე არცერთმა არ ინება მობრძანება. ესეც ერთ-ერთ შავბნელ ფურცლად დარჩა ისტორიაში ჩვენი ერისა, რომელიც უკვე წყვდიადისაკენ მიექანებოდა. სწორუპოვარი გმირების მოხსენიების დღე იყო და არის ყველა ერისთვის უდიდესი ეროვნული ზეიმის დამტევი დღე. მეტადრე ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიც ქართველი ერია. მაგრამ იმ ყიამეთ დროშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მავნედ "მოღვაწეობდნენ", ძალასა და ღონეს არ იშურებდნენ იმისათვის, რომ პატარა ეროვნებათა ისტორია მიეჩქმალათ, სძულდათ ყოველივე ქართული. ილია დაუძინებლად ებრძოდა ასეთ ანტიეროვნულ ელემენტებს, რომლებიც ერეკლე მეფისა და სრულიად საქართველოს მტრებიც იყვნენ. დამპყრობლებისადმი მორჩილებისა და კომპრომისის შხამით გულგაჟღენთილნი, "ძმობა, ერთობა, თავისუფლების" იდეებს ამოფარებულნი, ქალაქის "მამები", შიშისგან ძრწოდნენ; მათ თავზარს სცემდათ ერთი რამ - ეროვნული გმირების ხსოვნისადმი პატივის მიგება ქართველ ხალხს მამულიშვილურ გრძნობებს უფრო მეტად გაუღვივებდა. ეს მღელვარება კი ეროვნულ პროტესტში და ვინ იცის, იქნებ სახალხო მღელვარებაშიც კი გადაზრდილიყო. ამავე წერილში მოყვანილია პოეტ გრიგოლ ორბელიანის სიტყვები, რომელიც მან მეფე ერეკლეს მიმართ გამოთქვა: "დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს". საქართველოს დიდება უწინარესად მისი ისტორიის აღდგენაა. საქართველო მაშინ აღდგება, როცა ჩვენი ერი თავის ღვაწლმოსილ მამულიშვილებს ღირსეულ პატივს მიაგებს, თავისი გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით ისულდგმულებს. ერთ-ერთ წერილში ილია წერს: "ისტორია ის დიდებული ტაძარია, სადაც ერის ერთიან სულს უწირავს, სადაც თავის დიდებულ და დიდბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი აღუმართავს და მათზე, ვით საშვილიშვილო ანდერძი, დიდთა საქმეთა მოთხრობანი წარუწერია. ერი, რომელსაც ახსოვს ეს თავისი ერთიანი სულის წირვა, თავისი დიდბუნებოვანნი კაცნი, დიდთა საქმეთა ამბავნი, კეთდება, მხნევდება, გულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირსა თუ ლხინში. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარ ზედმოსულ უბედურებასა და განსაცდელს. იგი გულგაუტეხელად იბრძვის და იღვწის, თავისი მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძით გამხნევებული".

მოგვყავს ფრაგმენტი ამ წერილიდან:

"ასი წლისთავი ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან"
ტფილისი, 12 იანვარი, 1898
11 იანვარს, როგორც მოეხსენებათ ჩვენს მკითხველებს, წირვა და პანაშვიდი იქმნა გარდახდილი საქართველოს მეფის ერეკლეს მოსახსენებლად ლოცვითა და კურთხევითა. დიდძალი ხალხი მიაწყდა ამ დღეს სიონის სობოროს, ასე რომ შიგ ეკლესიაში ტევა არ იყო. გარეთ მთელი სიონის ქუჩა ორპირად დაჭერილი იყო ხალხითა და პოლიცია ძლივს ამაგრებდა, რადგანაც ყველა ეკლესიაში შესასვლელად იწევდა და ეკლესიაში კი ადგილი არ იყო. ამ საუკუნოდ სახსენებელ დღეს მეფე ერეკლეს მიცვალებისას დაესწრნენ მისი ბრწყინვალება მთავარ-მართებელი თავადი გოლიცინი, ტფილისის გუბერნატორი, ვიცე-გუბერნატორი, გუბერნიის მარშლის მოადგილე, მარშლები, ჩვენი დიდკაცობა, ქალი თუ კაცი, ქართველთა დაწესებულებათას წევრნი და თითო-ოროლა რუსთა მოხელეობის წარმომადგენლები და მრავალნი სხვანი.

ამ სახით, ამ ქართველებისთვის ღირს-სახსოვარს დღეს მეფე ერეკლეს გარდაცვალებისას პატივი სცეს მისმა ბრწყინვალებამ მთავარმართებელმა თავადმა გოლოცინმა და უმაღლეს მოხელეობის წარმომადგენელთა, დიდი და პატარა ქართველობისა მოვიდა, რომ ლოცვა-კურთხევით მოიხსენოს განსვენებული მეფე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული ჰპატრონობდა და თავგამომეტებით, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ინახავდა ყველა მილეთის და თესლის კაცს, ვინც კი შემოკედლებულნი იყვნენ მისს საფარველ ქვეშ, რომელმაც ზედ შეაკლა ტფილისს თვისნი შვილნი, თვისნი ქართველნი, რომ ტფილელნი გადაერჩინა ძარცვა-ტაცებასა და ტყვეობისაგან, რომელმაც თუმც უკანასკნელ დროს ვერ იხსნა ტფილისი წახდენისაგან, მაგრამ თავისი უკეთესი ძალ-ღონე ხომ შეალია, უკეთესი მამულიშვილნი ხომ შეაკლა და მტლად დაუდო. სხვა არა იყოს-რა, ერეკლე ბრწყინვალე მეფე იყო საქართველოსი და ტფილისი მისი სატახტო ქალაქი!..

რით გადაუხადა ესეთი ღვაწლი ტფილისმა მართლა-და მისთვის ღვაწლითმოსილ მეფეს იმ დღეს, როცა ქართველობამ მისდა საოხად და სახსენებლად წირვა-ლოცვა გადაიხადა? მით, რომ ტფილისის საბჭომ და გამგეობამ არც კი იკადრა წირვასა და პანაშვიდზედ დასწრებოდა. თუ მთელი კრებული საბჭოსი და გამგეობისა მეტის-მეტი პატივი იქნებოდა, მათის გაკადნიერებული აღმატებულობის ფიქრით, ერთი ორი წევრი მაინც გამოეგზავნათ!.. ვთქვათ, არც ეს იკადრეს და არ დაიმდაბლეს აღვირაშვებული თავი, თვით ქალაქის მოურავის მოადგილემ რატომ არ დაინახა საჭიროდ, რომ ამისთანა დღეს პატივი ეცა ქართველებისთვის და მობრძანებულიყო ეკლესიაში! რას შეუფრთხა? ნუთუ მომავლინებელთა თვისთა? მოვლინებულმა არ უღალატა განა თვისთა მომავლინებელთა და მათის უმართებულობის წინაშე დაივიწყა მოვალეობა ქალაქის მოურავის თანამდებობისა!..

ეხლა ვკითხოთ იმათ, ვინც ყურები გამოგვიჭედა ძმობისა და ერთობის ქადაგებითა და ღაღადით: რის მომასწავებელია ასეთი უმართებულო საქციელი მთელის იმ წყობისა, რომელთაც დღეს ხელთ უჭირავს პატრონობა ჩვენის ქალაქისა? ნუთუ ეს დღე იმისთანა დღე იყო, რომ ასე ყურები გამოიჭედეს ბამბითა და სამარცხვინოდ თვალი დაიხუჭეს, მითამ და აქ არაფერიაო? ნუთუ ამას იქითაც იტყვით, რომ ეხლანდელი "მამანი ქალაქისა" მართლა ქალაქის წარმომადგენელნი არიან და მისის სურვილების გამომეტყველნი და არა მარტო ერთგვარ წყობისა, რომელსაც მეორე ნაწილთან, ქართველობასთან არავითარი კავშირი და ერთობა არა აქვს, და არც სურს რომ ჰქონდეს? განა ესე ექცევიან ძმები ერთმანეთს? განა ერთის ძმის სადიდებელი მეორისთვის პატივსაცემელი მაინც არ უნდა იყოს, სადიდებელს ნუღარ ვიტყვით? სიტყვით რომ ძმობას იძახით, საქმით რათა ხართ ეგრე შორს? ძმობა განა ჭირისა და ლხინის გაზიარება არ არის? ესეც თქვენი მოწონებული და მრავალთათვის თვალებასაფარებელი "კლასსოვაია ბარბა"-ა? ნუთი აქაც ეგ "ბარბა" ჰლაპარაკობს, და არა გულჩახვეული, უტყვი ავგულობა იმათ მიმართ, ვინც ძმობასა და ერთობას ეგრე ებღაუჭებიან და ვის სადიდებელის და ღირს-სახსოვარს დღეს ეგრე უკადრისად, უმართებულოდ და უზრდელად ექცევიან!.. ვისაც გქონან ყურნი სმენად, ისმინეთ!..

კიდევ ერთი დიდი ქართველი მინდა გავიხსენო - ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც საქართველოს ეკლესიამ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცად შერაცხა. Aამ ორ დიდ ქართველს სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულთან ერთად აერთიანებთ ტრაგიკული ხვედრი. ასეთი ადამიანების წინაშე ლაკმუსივით ვლინდება ხოლმე ჩვენი ეროვნული ღირსება".


ღვთისკაცი
1921 წელს, კომუნისტების მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში, საფრანგეთში წავიდა. გახიზნულმა მთავრობამ საქართველოს განძის დიდი ნაწილი თან წაიღო: თბილისის მუზეუმში დაცული ძვირფასეულობა, უნიკალური ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისისა და ბორჯომის სასახლეების განძეულობა და სხვა მრავალი. ამ დროს, ექვთიმე თაყაიშვილი-თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, საქართველოს ეთნოგრაფიის ფუძემდებელი, არქეოლოგი, ისტორიკოსი, რუსთველოლოგი და დიდი საზოგადო მოღვაწე - ბევრი სხვა ქართველის მსგავსად, გადაწყვეტს პარიზში წასვლას. მაგრამ მისი მიზანი არა ემიგრაცია, არამედ, უცხოეთში ქართული საგანძურის დაცვა იყო. "ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან", - წერდა ექვთიმე.

საფრანგეთში, ქართული საგანძურის დასაკუთრებას ბევრი ცდილობდა. თავიდან, ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის მუზეუმებს სურდათ მთლიანად კოლექციის შესყიდვა. ადგილობრივი მთავრობა კი მოითხოვდა განძის საფრანგეთისათვის გადაცემას. მეორე მსოფლიო ომის დროს, უკვე გერმანელებმა მოინდომეს, ქართული განძის ხელში ჩაგდება. განძეულს, ოკუპირებული პარიზიდან ვერ გაიტანდნენ, ამიტომ, ექვთიმემ და რამდენიმე ქართველმა, ძვირფასეულობა სარდაფში ჩაიტანეს და ყუთებს ზემოდან სამშენებლო ნაგავი დააყარეს. "გერმანელების მიერ საფრანგეთის აღების შემდეგ, მუდმივ შიშსა და ტერორში ვიყავი. აღარც საარსებო მქონდა. ასეთი გაჭირვების მიუხედავად, არამც თუ სახელმწიფო ნივთი, არამედ ჩემი საკუთარი ისტორიული ნივთებიც არ გამიყიდია... თუმცა, მქონდა ისეთი ნუმიზმატიკური ერთეულები, რომ შემეძლო გავმდიდრებულიყავი... დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველი, რომელიც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა". ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს ერთი თხა ჰყავდათ, ხშირად მხოლოდ მისი რძით კმაყოფილდებოდნენ, რადგან პურის ფულიც კი არ ჰქონდათ. 1931 წელს, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მისი ყველაზე ახლო მეგობარი და ნუგეში ემიგრაციაში, მეუღლე, ნინო პოლტარაცკაია გარდაიცვალა.

1944 წლიდან საფრანგეთის დროებითი მთავრობის სათავეში დეგოლის მოსვლისთანავე საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობა აღდგა. დეგოლის ბრძანებით, ქართულ განძს ყადაღა მოეხსნა და მისი საქართველოში დაბრუნება გახდა შესაძლებელი. უკვე ღრმად მოხუცი ექვთიმე თაყაიშვილი, 1945 წლის 11 აპრილს, უკლებლივ ყველა ექსპონატთან ერთად, საქართველოში დაბრუნდა. თავიდან, მას დაუფასეს ღვაწლი და ჩამოსვლისთანავე, უკვე საბჭოთა კავშირის აკადემიის წევრობა და პროფესორობა მიანიჭეს.

ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ვერაზე, ვაშლოვანის ქუჩაზე, თავისი ცოლისძმის, ივანე პოლტარაცკისა და მისი მეუღლის, ლიდას (რომელიც ექვთიმეს ძმისშვილი იყო), სახლში დასახლდა. ის ცალკე ოთახში დაბინავდა. ექვთიმეს კარის მეზობელი გავაშელების ოჯახი ყოფილა. ქალბატონი ცაცა ყურაშვილი სწორედ გავაშელების ოჯახის წევრია. ის კარგად იცნობდა ექვთიმე თაყაიშვილს და ცხოვრების უკანასკნელ წუთებში მის გვერდით იყო. "როდესაც ბატონი ექვთიმე ჩვენს მეზობლად დასახლდა, უკვე ღრმად მოხუცი გახლდათ. მე, მაშინ ახალგაზრდა ქალს, მისმა ნათესავებმა მთხოვეს, დავხმარებოდი. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო და სიამოვნებით დავთანხმდი. ბატონ ექვთიმეს ფეხი სტკიოდა და შინიდან ნაკლებად გადიოდა. სახლს დიდი აივანი ჰქონდა და ჰაერზე იქ გადიოდა ხოლმე. მე ვეგზავნებოდი ბევრ საქმეზე, მაშინ ტელეფონები სახლში იშვიათობა იყო და ამიტომ ხშირად წერილები მიმქონდა სხვადასხვა ხალხთან... ხშირად მეცნიერებათა აკადემიაში მიხდებოდა სიარული, ხელფასიც მე მომქონდა. ყოველდღე, ნასაუზმებს, უნდა შევსულიყავი და მისთვის გაზეთები წამეკითხა... დილის 10 საათზე საუზმობდა. ორი მოხარშული კვერცხი, ორცხობილა და რძიანი ყავა... ეს იყო მისი საუზმე. სადილობდა 2 საათზე. ნასადილევს საწერ მაგიდასთან ჯდებოდა და მუშაობდა... ცოტა გადამეტებულად მეჩვენება იმის ლაპარაკი, თითქოს გაჭირვებაში და სიდუხჭირეში ცხოვრობდა. ის ოჯახი ძალიან უვლიდა და დიდ პატივს სცემდა. მოახლეც კი ჰყავდა... საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ბატონ ექვთიმესთან ურთიერთობის მსურველი ძალიან ბევრი იყო, მაგრამ თვითონ ცოტას თუ იკარებდა. 3 კაცი მახსოვს ყველაზე კარგად, ვინც მას ხშირად სტუმრობდა. იროდიონ სონღულაშვილი, გოგი ლომთათიძე და სოსო მეგრელიძე. იროდიონ სონღულაშვილზე შეიძლება ითქვას, რომ მისი ოჯახის წევრი იყო. ვერ გეტყვით, ურთიერთობაში ძალიან გახსნილი და თბილი იყო-მეთქი, პირიქით, მკაცრი და მომთხოვნი გახლდათ. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ამბობდნენ, ასეთი სიტყვაძუნწი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გახდაო. არ უყვარდა, საქმიანის გარდა, რამეს თუ შეეკითხებოდი. მის ოთახში დიდი საწერი მაგიდა, საწოლი და წიგნების კარადა იდგა... თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მშვიდად ცხოვრობდა, მუშაობდა...

1953 წლის თებერვალი იყო. ჩვენს სახლთან მანქანა გაჩერდა, რამდენიმე კაცი გადმოვიდა და ბატონი ექვთიმეს ოთახისაკენ გაემართა, ისინი კა-გე-ბეს თანამშრომლები იყვნენ... რამდენიმე საათში უკან უკვე საკაცით მოიყვანეს. არავინ იცის, რა უქნეს იმ ჯოჯოხეთში, ამის წარმოდგენაც კი მიჭირს... ყოველ შემთხვევაში, ამის მერე, ექვთიმე ლოგინად ჩავარდა, მეტყველების უნარი დაკარგა და მალევე გარდაიცვალა. რა მეთოდით და როგორ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ექვთიმე კა-გე-ბემ მოკლა. ყველაზე მძიმე კი ის გახლავთ, რომ თუ მანამდე მისი მონახულების მსურველი ბევრი იყო, ავადმყოფობის დროს აღარავინ გამოჩენილა... ეს, რა თქმა უნდა, მის უახლოეს გარემოცვას არ ეხება... შემზარავი იყო მისი დაკრძალვაც, რას იზამ, ეშინოდა ხალხს, დრო იყო ასეთი, მაგრამ ეს უდიდესი ქართველი, რომელმაც თავის ქვეყანას მთელი სიცოცხლე შესწირა, ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცდაჩვიდმეტი კაცის თანდასწრებით დაკრძალეს"...

1963 წელს, ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 100 წლისთავზე, მისი ნეშტი ვაკიდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს, იქვე გადმოასვენეს მისი საფრანგეთში გარდაცვლილი მეუღლე, ნინო პოლტარაცკაია.

2002 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და მას "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი" უწოდა.

ბეჭდვა
1კ1