ვნების შვიდეული
ვნების შვიდეული
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს

თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა.
ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ეკლესიაში აღესრულება პირველშეწირულის ლიტურგია. იკითხება ოთხივე სახარება. ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.
დიდი ორშაბათი
დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს უნაყოფო ლეღვის გახმობას. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესია დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.
ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისაგან განდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილი სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცხოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების ჩვენებით ეკლესია მორწმუნეებს მოუწოდებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისაკენ, სულგრძელობისაკენ, სიმშვიდისაკენ, მოთმინებისაკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისაკენ და მაცხოვრის მიერ სახარების მთელ ქვეყანაზე გავრცელებითა და რჩეულთათვის განსაცდელთა შეწყვეტის აღთქმით ანუგეშებს მათ (მთ. 24,14-22).

ბეჭდვა
1კ1