წითელი კვერცხი და არტოსი
წითელი კვერცხი და არტოსი
სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: "ქრისტე აღსდგა". ეს ჩვეულება ძალიან ძველია. წითელი კვერცხის ტრადიცია უკავშირდება წმინდა მენელსაცხებლე დედის, მარიამ მაგდალინელის სახელს. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა წმინდა დიმიტრი როსტოველის ქადაგება: "აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადმოცემები გვატყობინებენ, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს გამოცხადებიდან მის ამაღლებამდე და შემდეგაც მარიამ მაგდალინელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და მოციქულებთან იმყოფებოდა. იგი აქტიურად მონაწილეობდა იერუსალიმში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების საქმეში. განსაკუთრებული მონდომება და თავდადებული სიყვარული გამოიჩინა სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებისას. ყველგან, სადაც კი გამოჩნდებოდა, ზეციური წყალობა, სიხარული და ხსნის იმედი შეჰქონდა. მარიამი იტალიასაც ესტუმრა, მონახა შესაძლებლობა, რათა წარმდგარიყო იტალიის იმპერატორ ტიბერიუს პირველის წინაშე, აღმოსავლეთში გავრცელებული ჩვეულების თანახმად, მისთვის წითლად შეღებილი კვერცხი მიერთმია და ეთქვა: "ქრისტე აღსდგა!"

იმპერატორს არ გაჰკვირვებია წმინდა მარიამ მაგდალინელის მიერ მირთმეული ძღვენი. მან კარგად იცოდა უძველესი ჩვეულება: საერთოდ, აღმოსავლეთში, აგრეთვე იუდეაში, როცა უმაღლეს პირთან პირველად ცხადდებოდნენ, პატივისცემის ნიშნად ისეთი საჩუქარი უნდა მიერთმიათ, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა. ასეთსავე საჩუქარს უძღვნიდნენ ისინი დღესასწაულის დღეებში ნაცნობ-მეგობრებს. ამის მაგალითებს ვხვდებით იუდეველთა ძველი აღთქმის ისტორიაში.

ტიბერიუს პირველი ხედავს უცნაურ, მანამდე არნახულ საჩუქარს, ესმის მანამდე უცნობი სიტყვები: "ქრისტე აღსდგა!"

ეჭვიანი იმპერატორის გულს ცნობისმოყვარეობა ეუფლება, აინტერესებს, რას ნიშნავს ყოველივე ეს და მარიამ მაგდალინელიც უხსნის, მხურვალე ქადაგებით ამცნობს მას ქრისტეს მოძღვრებას; დიდი შთაგონებითა და დამაჯერებლობით უყვება იმპერატორს ქრისტეს ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და აღდგომაზე, უყვება იერუსალიმის სინედრიონის გაბოროტებული წევრების ულმობლობაზე, იუდეველების რომაელი მმართველის პონტოელ პილატეს სულმოკლეობაზე.

დიდი აღშფოთება და მრისხანება ეუფლება ამ ამბის გაგონებაზე ტიბერიუს პირველს და იგი პილატეს სასამართლოს წარუდგენს, რომელიც მას ხელისუფლების გამგებლობას ართმევს და გზავნის ქალაქ ვიენაში, სადაც, ერთი გადმოცემის თანახმად, საკუთარი სინდისით განაწამები, სასოწარკვეთილი პილატე თავს იკლავს. არსებობს სხვა გადმოცემებიც, რომელთა მიხედვით, სასამართლოს მიერ სიკვდილმისჯილი პილატე ცოდვებს ინანიებს და ქრისტესგან პატიებას ითხოვს. ნიშნად ამისა, თავის მოკვეთის შემდეგ მას ანგელოზები იღებენ თავისთან. გადმოცემაზე დაყრდნობით, წმინდა მოციქულთასწორ მარიამ მაგდალინელთან ერთად იტალიაში ჩავიდნენ ლაზარეს დები - მართა და მარიამი. როცა ამის შესახებ პილატემ გაიგო, შეეშინდა, არ გამოაშკარავებულიყო მისი უკანონო საქციელი ქრისტეს მიმართ და თვითონვე გაუგზავნა იმპერატორს პატაკი (მოხსენება) იესო ქრისტეს შესახებ, რომელშიც აღწერდა მაცხოვრის ღვთისმოსავურ ცხოვრებას, მის სასწაულთმოქმედებებს, მის მიერ ადამიანების სენისაგან განკურნებას, მკვდრეთით აღდგომას და ა.შ. პილატე აღიარებდა, რომ მან ვერ დაინახა იესოში რაიმე დანაშაული, ბევრს ეცადა, გაეთავისუფლებინა იგი იუდეველთა ხელისაგან, მაგრამ ვერაფერს მიაღწია და ბოლოს ნება მისცა მათ, როგორც სურდათ, ისე მოქცეულიყვნენ. ამით მან თავი დაიზღვია იუდეველთა ბრალდებისა და გაბოროტებული ბრბოს შემოტევისაგან. პილატე არც იმას ფარავდა, რომ ჯვარცმისას მოხდა საშინელი მოვლენა, რაც ბუნებაში შესაბამისი ნიშნებით გამოიხატა. წერდა, რომ ჯვარცმიდან მესამე დღეს, როცა მკვდრეთით აღდგა იესო ქრისტე, მრავალი მიცვალებული გაცოცხლდა... და უდიდესი შიშით შეპყრობილმა, საკუთარი თვალით ყოველივე ამის მხილველმა პილატემ ნანახი კეისარს შეატყობინა. ერთი მხრივ, ებრაელთა რომაელი მმართველის მიერ მირთმეულმა პატაკმა, ცალკე ქრისტეს თაყვანისმცემელთა ქადაგებამ ისეთი ძალით იმოქმედა იმპერატორ ტიბერიუს პირველზე, რომ მან, გადმოცემის თანახმად, თვითონვე ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, მისი სასწაულთმოქმედებანი და მაცხოვრის რომაელ ღმერთებთან თანაშერაცხვა მოინდომა.Aამის შესახებ მოახსენა სენატს. მაგრამ სენატმა უარყო მისი წინადადება. ტიბერიუს პირველი დასჯით ემუქრებოდა ყველას, ვინც გაბედავდა და შეურაცხყოფდა ქრისტეს თაყვანისმცემლებს. ამგვარად, თავგამოდებული და შეუპოვარი ქადაგებით მარიამ მაგდალინელმა, სხვა ღვთისმოსავ ქრისტიანებთან ერთად, იუდეველების წარმართი გამგებელი აიძულა, წერილობით დაემოწმებინა ქრისტეს აღდგომის მსოფლიო მოვლენა წარმართთა სამყაროს წინაშე, ხოლო თვით რომის იმპერიის წარმართ იმპერატორს მაცხოვარი ქრისტეს ღვთიური დიდება და ყოვლისშემძლეობა შეაცნობინა. ამით მან ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას.

დაინახეს და გაიგეს რა მაშინდელი დროის ქრისტიანებმა, თუ რა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მარიამ მაგდალინელმა ტიბერიუს პირველზე წითლად შეღებილი კვერცხის ბოძებით და სიტყვებით: "ქრისტე აღსდგა!", თვითონაც დაიწყეს მიბაძვა ქრისტეს აღდგომის მოსაგონებლად. ისინი წითლად შეღებილ კვერცხებს გადასცემდნენ ერთმანეთს სიტყვებით: "ქრისტე აღსდგა!" "ჭეშმარიტად აღსდგა!" ასე თანდათან გავრცელდა ეს ჩვეულება ყველგან და მთელი მსოფლიოს ქრისტიანების საყოველთაოდ მიღებულ წესად გადაიქცა. კვერცხი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოს წარმოადგენს. იგი ნიშანია აგრეთვე მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომისა და მომავალ ცხოვრებაში ჩვენი აღდგომა-გაცოცხლებისა. ისევე როგორც კვერცხიდან გამოსული ბარტყი თავისუფლდება ნაჭუჭიდან და იწყებს ახალ ცხოვრებას მთელი სისავსით, ასევე ჩვენც, დედამიწაზე ქრისტეს მეორედ მოსვლისას განვთავისუფლდებით რა მიწიერი, ხრწნადი სხეულისგან, ქრისტეს აღდგომის ძალით სულ სხვა, უფრო ამაღლებული, მარადიული, უკვდავი ცხოვრებით აღვდგებით და ავღორძინდებით. სააღდგომო კვერცხის წითელი ფერი შეგვახსენებს, რომ კაცობრიობის გამოსყიდვა და ჩვენი მომავალი ახალი ცხოვრება მოპოვებულია ჯვარცმული ქრისტე მაცხოვრის მიერ დაღვრილი უწმინდესი სისხლით. ასე და ამგვარად, წითელი კვერცხი ნიშანია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოგმატისა ჩვენს ღვთიურ სარწმუნოებაში".

არსებობს ასევე გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილას გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმინდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღსდგა". იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: "როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო". სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

აღდგომის ერთ-ერთ ტრადიციას განეკუთვნება არტოსის კურთხევა - პატივად და დიდებად და მოსახსენებლად დიდებული აღდგომისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. "არტოსი" ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს.

KARIBCHE


არტოსის კურთხევის ტრადიცია მოციქულების ეპოქას უკავშირდება: უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და მათთან ერთად ტრაპეზობდა (საქმე 10,41). მისი ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებს მარად ახსოვდათ მაცხოვრის სიტყვები: "აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა" (მთ. 28,20) და თავიანთ შეკრებებზე ცხოველი რწმენით შეიგრძნობდნენ მის სიახლოვეს. მაგრამ რამდენადაც ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, ტრაპეზისას მაგიდასთან ცარიელ ადგილს ტოვებდნენ იქ, სადაც ადრე მაცხოვარი იჯდა, ხოლო მის პირდაპირ, მაგიდის შუაგულში, დებდნენ პურის ნაწილს, რომელიც იესოსთვის იყო განკუთვნილი. აქ უხილავად სუფევდა თავად უფალი. ტრაპეზის დასასრულს მოციქულები მადლობას სწირავდნენ ღმერთს, იღებდნენ ამ პურს, აღამაღლებდნენ და ამბობდნენ: "ქრისტე აღსდგა". როცა სახარების საქადაგებლად ისინი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ამ ტრადიციის შენარჩუნებას.

ეკლესიის წმინდა მამებმა ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე, მოწაფეთა შორის მისი გამოცხადებების აღსანიშნავად დაადგინეს, რომ ტაძარში პური ანუ არტოსი დაედოთ. არტოსზე გამოსახულია ან ჯვარი ეკლის გვირგვინით, ოღონდ ჯვარცმულის გარეშე - ქრისტეს მიერ სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად, ანდა ქრისტეს აღდგომა. ტაძრებში ეს პური მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ღია ტრაპეზის შუაგულში ასვენია. არტოსის მომზადებით წმინდა ეკლესია მოციქულებს მიემსგავსება და ამ წმინდა პურით მოგვაგონებს, რომ მკვდრეთით აღდგომილი იესო ქრისტე გახდა ჩვენთვის ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა, რაც მისი კურთხევის ლოცვებშიც კარგად მოჩანს. ამ ლოცვებში მღვდელი ღვთისაგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვს და შესთხოვს, რომ განკურნოს სნეულნი და ჯანმრთელობა მიანიჭოს იმათ, ვინც მას რწმენით იგემებს. არტოსის კურთხევა აღდგომის პირველ დღეს ლიტურგიის შემდეგ სრულდება, მორწმუნეებს კი იგი ბრწყინვალე შაბათს, წირვის შემდეგ ურიგდებათ. ქრისტიანები ფიზიკური თუ სულიერი უძლურების შემთხვევაში მას უზმოზე, ლოცვების წარმოთქმის შემდეგ იღებენ.

ბოლო დროს ჩვენში წესად დამკვიდრდა სასაფლაოზე ზუსტად აღდგომა დღეს - კვირას გასვლა. ეს მართებული არ არის, რადგან ამ დროს ადამიანს გლოვა არ შეშვენის. ქრისტიანი აუცილებლად ტაძარში უნდა შეეგებოს ამ დღესასწაულს და საფლავზე მეორე დღეს გავიდეს, რათა მიცვალებულებსაც ახაროს ქრისტეს აღდგომა და ამის ნიშნად საფლავზე წითელი კვერცხი გადააგოროს.

მორწმუნეები ამბობენ, ვინც აღდგომას ან ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვლება, პირდაპირ სასუფეველში ხვდება. აღდგომისას დახშულია ჯოჯოხეთის კარი, სამაგიეროდ, ყველასთვის გახსნილია კარი სამოთხისა. თუ უფალი ამ დღეებში ვინმეს გარდაცვალებას ინებებს, გიხაროდეთ, რადგან მათია სასუფეველი ცათა.

აღდგომასა და ბრწყინვალე შვიდეულში ეკლესიებში აღსავლის კარი არ იკეტება, რათა ყველამ იცოდეს, რომ სასუფეველი არასდროს არის ასე ახლოს ჩვენთან, როგორც ამ დღეებში.
ბეჭდვა
1კ1