რატომ იკურთხება სააღდგომოდ არტოსი?
რატომ იკურთხება სააღდგომოდ არტოსი?
აღდგომის დღესასწაულისათვის საგანგებოდ აცხობენ პასქის ფორმის საფუვრიან პურს - არტოსს, ჯვრის და ეკლის გვირგვინის ან აღმდგარი მაცხოვრის გამოსახულებით, რომელიც სააღდგომო მსახურებისას იკურთხება - "სადიდებლად და მოსაგონებლად უფალ იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა". აღდგომის სადღესასწაულო მსახურების შემდეგ არტოსს (არტოსი ბერძნული სიტყვაა და პურს ნიშნავს) დააბრძანებენ ღია აღსავლის კარის წინ, მისთვის საგანგებოდ მომზადებულ მაგიდაზე. ასე რჩება მთელი ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში. არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება. კვირაცხოვლობის, თომას კვირის შაბათს - ლოცვის დასრულების შემდეგ იკითხება არტოსის განტეხვის ლოცვა. შემდეგ მას ანაწევრებენ და მორწმუნეებს ურიგებენ, რაც უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. არტოსი უნდა მივიღოთ განსაკუთრებულ შემთხვევაში - სნეულების ან სხვა მძიმე განსაცდელის ჟამს, როგორც სულიერი წამალი.

არტოსი სათავეს მოციქულთა ხანიდან იღებს: ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულები ნუგეშს მაცხოვრის მოგონებასა და გახსენებაში პოულობდნენ, იხსენებდნენ მის სიტყვებს: "მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა", ერთად შეკრებისას ღრმა რწმენით განიცდიდნენ უფლის უხილავად მათთან თანამყოფობას, მაგრამ არ შეეძლოთ ხორციელი თვალით მისი ხილვა, ამიტომ ტრაპეზობისას პირველ ადგილს ყოველთვის უთმობდნენ იქ უხილავად მყოფ მაცხოვარს. იმ ადგილის პირდაპირ კი მაგიდაზე პურის ნაჭერს დებდნენ, რათა ხილული თვალითაც შეეგრძნოთ უფლის მათთან მყოფობა. ტრაპეზის დასრულების შემდეგ, უფლისადმი მადლიერების გამოხატვის ნიშნად, პურის ამ ნაჭერს მაღლა სწევდნენ და ამბობდნენ: "ქრისტე აღსდგა". შემდგომში, როდესაც უფლის მოციქულები ქვეყნის სხვადასხვა მხარეს წავიდნენ სახარების საქადაგებლად, ამ წესს იქაც აღასრულებდნენ.

მოციქულთა მიერ დადგენილი პურის კურთხევის წესი მომდევნო საუკუნეებში წმინდა მამებმა აღდგომის დღესასწაულისათვის გამოიყენეს, რათა ეკლესიაში სამუდამოდ შემონახულიყო მოციქულთა წეს-ჩვეულება. როგორც მოციქულებს მოაგონებდა უფლისათვის განკუთვნილ ადგილზე დადებული პურის ნატეხი აღმდგარ მაცხოვარს, ასევე მოაგონებს მორწმუნეთ აღდგომის დღესასწაულზე მათ თვალწინ მყოფი არტოსი, რომ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი უხილავად ჩვენთან იმყოფება.
ბეჭდვა
1კ1