რა არის მეტანია, როგორია მისი შესრულების წესი
რა არის მეტანია, როგორია მისი შესრულების წესი
მეტანია – ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს სინანულს, საკუთარი უღირსების შეგრძნებით ღვთის წინაშე თაყვანისცემას – მუხლდრეკას.

დიდი მეტანია სრულდება შემდეგნაირად: ვიწერთ პირჯვარს, ვასრულებთ მუხლთმოყრას და შუბლით ვეხებით მიწას, რის შემდეგაც კვლავ ვდგებით ფეხზე.

მცირე მეტანიის დროს ვიწერთ პირჯვარს, ვიდრეკთ თავს, წელში ღრმად ვიხრებით და კვლავ ვიმართებით.

ლოცვის დროს, პირჯვრის გამოსახვის შემდეგ, თავს ვიდრეკთ, რაც არის პირჯვრისწერის დასასრული ნაწილი, რომლითაც ღვთის თაყვანისცემას გამოვხატავთ.

მეტანიით ლოცვის დროს გამოვხატავთ ღვთის წინაშე, როგორც ჩვენს კრძალულებას, ასევე უღირსებისა და სინანულის გრძნობებს.

დიდი მეტანიების შესრულება მიუღებელია საყოველთაო სულიერი სიხარულის დღეებში, როგორიც არის: კვირა დღეები და დიდი დღესასწაულები ასევე, დიდი მეტანია არ სრულდება ზიარების მიღების შემდეგ მთელი იმ დღის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით დიდმარხვაში ეფრემ ასურის ლოცვის მეტანიებს.

მუხლდრეკა არ სრულდება შაბათ საღამოს მწუხრის ლოცვიდან კვირა საღამოს მწუხრის ლოცვამდე (იხ. დიდი სჯულის კანონი, I მსოფლიო კრების მე-20, VI მსოფლიო კრების 90-ე და წმ. პეტრე ალექსანდრიელის მე-15 კანონები), რადგან კვირა არის აღდგომის დღე და ჩვენი ფეხზე დგომით მივანიშნებთ დაცემული ადამიანური ბუნების აღდგინებას, აღმართებას მაცხოვრის მიერ. გარდა კვირა დღეებისა, მუხლდრეკა აგრეთვე არ სრულდება შემდეგ დღეებში: ქრისტეს შობის დღესასწაულიდან ნათლისღების დღესასწაულამდე, აღდგომიდან უფლის ამაღლების დღესასწაულამდე, და ფერიცსვალების დღესასწაულზე.
ბეჭდვა
1კ1