"სჯობს, ღმერთს უფრო ხშირად ესაუბრო შვილზე, ვიდრე შვილს - ღმერთზე"
"სჯობს, ღმერთს უფრო ხშირად ესაუბრო შვილზე, ვიდრე შვილს - ღმერთზე"
ადამიანს დაბადებიდანვე სდევს თან პირველი ცოდვა. თანდაყოლილია ტემპერამენტიც. იგი ჩვენს თავისუფალ ნებაზე არ არის დამოკიდებული. ხასიათი კი თანდაყოლილი არ გახლავთ, მას უმთავრესად ადამიანის თავისუფალი ნება განსაზღვრავს, თუმცა მის ჩამოყალიბებაზე არანაკლებ მოქმედებს სხვა ფაქტორებიც: კლიმატი, აღზრდა, რელიგია, ქვეყნის პოლიტიკურ-ისტორიული ბედი და სამოქალაქო წყობილება და ა.შ.

***
ჩვილი გარშემომყოფთაგან იღებს პირველ შთაბეჭდილებებს. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ბავშვის გული ჰგავს რბილ ცვილს, რომელზეც იოლად აღიბეჭდება როგორც ღმერთის, ისე ეშმაკის სახე. ამიტომაც ბავშვის აღზრდა ჩვილობიდანვე უნდა დავიწყოთ.

ბერი ფილოთეოსი ასწავლიდა: "მშობელმა შვილს აკვანშივე უნდა დაუწყოს გაზრდა, ასწავლოს ღვთისმოშიშება, აღკვეთოს მისი ცუდი მიდრეკილებანი. ნუ ელოლიავებით ბავშვს, ნუ უსრულებთ უგუნურ სურვილებსა და მოთხოვნებს. ლბილი ცვილის მსგავსად, რომლისგანაც, რაც გინდა, იმას გამოძერწავ, რასაც მოისურვებ, იმას გამოძერწავ ბავშვისგანაც. სუფთა ფურცელზე დაწერილ ასოებს ვერაფერი შლის; ისიც, რასაც ბავშვი აღიქვამს, წარუშლელად რჩება მის მეხსიერებაში. როცა ნორჩ ხეს ქარი სცემს, ის უსათუოდ გადაიხრება, მაგრამ საბჯენს ამოვუყენებთ ხოლმე და გავასწორებთ, თორემ გადახრილი გაიზრდება და მერე, როცა მის გასწორებას შევეცდებით, გადატყდება. შვილებსაც, სანამ პატარები არიან, შთააგონეთ სიწმინდის ზღვარი, რომელსაც ვერ გადავლენ. მერე კი, სათნოებაში რომ მომაგრდებიან, საშიში აღარაფერია".

ადამიანის გამოსწორება მაშინაა ადვილი, როცა უჯერო მიდრეკილებანი ბოროტ ჩვეულებად, ვნებად ჯერ კიდევ არ ქცევია, ბავშვის სათუთი სულიდან ჯერ კიდევ შეიძლება მათი აღმოფხვრა.

ბავშვი ადრეულ ასაკში უნდა მიეჩვიოს ლოცვას, ღვთის სიყვარულს. ნეტარი ავგუსტინე წერს: "ღვთის ქება-დიდება - აი, რა უნდა ყოფილიყო ჩემი ნორჩი გულის საყრდენი, როგორც ჭიგო - ვაზის ლერწისა. მაშინ ხომ ასე ადვილად აღარ მიიტაცებდა ამაოება, როგორც ონავარი ჩიტების გუნდი იტაცებს ყურძნის მარცვლებს".

თუ ქრისტიანულად აღზრდილი ბავშვი გარემოს ზეგავლენის გამო ასცდება ჭეშმარიტ გზას, მისი ხელახალი მოქცევა უფრო ადვილია, ვიდრე იმ მოზარდისა, ვისაც ასე არ ზრდიდნენ. ბავშვები, რომლებიც სიყრმიდანვე ღვთისმოშიშებად იზრდებოდნენ, ცოდვით დაცემისას ხშირად იხსენებენ იმ ლოცვებს, რომლებსაც მათ დედები ასწავლიდნენ, ხოლო როდესაც საკუთარი ბავშვობა ახსენდებათ, უფრო ადვილად იცილებენ ცოდვებს და კვლავ ქრისტიანულ ცხოვრებას უბრუნდებიან.

***
ბავშვისთვის დიდი ბედნიერებაა, როცა მისი დედა მართლმადიდებელი ქრისტიანია. იგი შვილს რწმენასა და ღვთისმოშიშებას უნერგავს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშობლის ლოცვას. ბერი პორფირე მშობლებს არიგებს: "ძალას ნუ ატან ბავშვს. თუ რამის თქმა გინდა, ლოცვით უთხარი. ბავშვი ყურით არ ისმენს. როცა ღვთის მადლი ჩასახლდება მის გულში, მაშინ გაიგებს, რასაც ეუბნები. რის თქმასაც აპირებ ბავშვისთვის, ღვთისმშობელსაც უთხარი და ის ყველაფერს მოაგვარებს. შენი ლოცვა იგივე სულიერი ალერსია, რომელიც ბავშვს იზიდავს. როცა ვეალერსებით, ბავშვი ზოგჯერ წინააღმდეგობას გვიწევს, მაგრამ სულიერ ალერსს არ ეწინააღმდეგება. მშობელი, რომელსაც ძნელად აღსაზრდელი შვილი ჰყავს, მას კი ნუ ადანაშაულებს, არამედ მას დასდოს ბრალი, ვინც მის უკან დგას - ეშმაკს".

ბერი ეპიფანე მშობლებს ურჩევს: "სჯობს, ღმერთს უფრო ხშირად ესაუბრო შვილზე, ვიდრე შვილს - ღმერთზე".

ყმაწვილის სულს თავისუფლება უყვარს, ამიტომ იგი შეგონებებს ძნელად ეგუება. წმინდა მამები ამბობენ, რომ გაუთავებელი ჭკუის სწავლებით თავის მობეზრებასა და ყოველი წვრილმანის გამო ლანძღვას სჯობს, ეს საქმე ქრისტეს, ღვთისმშობელსა და წმინდანებს მივანდოთ და მათ ვთხოვოთ შვილის გამოსწორება. მშობლებს შვილები ისეთნი უნდა უყვარდეთ, როგორებიც არიან და არა ისეთნი, როგორებიც თავად სურთ იყვნენ - მათი ორეულნი.

***
წმინდა იოანე ოქროპირმა გარდატეხის ასაკი ასე დაახასიათა: "როგორები იქნებიან ბავშვები ამ ასაკის შემდეგ, კარგები თუ ცუდები, არავინ იცის ღმერთის გარდა. ეს ყველაზე ძნელი ასაკია ადამიანისთვის".

ჩვილობა შედარებით უსაფრთხოა, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვილი მაინც უმანკოების ხატია, მისთვის უცნობია ცოდვის უსამართლობა.

ქრისტიანული ანთროპოლოგიის თანახმად, ბავშვი აღსარებას შვიდ წლამდე არ აბარებს და არა იმიტომ, რომ იგი სავსებით უცოდველია, არამედ იმიტომ, რომ თავისი ცოდვის გაცნობიერება არ ძალუძს და არც მასთან შებრძოლება შეუძლია, ამიტომაც მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა ჩადენილ ცოდვაზე.

მოზარდი თვითდამკვიდრებას ცდილობს, განსაკუთრებით - ოჯახში, მშობლებთან, ჯიუტობს და მშობლებს ეწინააღმდეგება. ამ დროს დედ-მამას დიდი მოთმინება მართებს. შვილების უხეშობას მათ სიყვარული უნდა დაუპირისპირონ.

***
მოზარდებს განსაკუთრებით იტაცებთ თავშესაქცევი სანახაობები. ეს ყველაფერი გრძნობათა ღელვაზეა დაფუძნებული. გასაგებია, რომ სანახაობათმოყვარეობა ბუნებრივი მისწრაფებაა სიამოვნებისკენ, მაგრამ სიამოვნებასაც ხომ გააჩნია. მავნეა ისეთი სანახაობა, რომელიც აამებს მდაბალ გრძნობებს, აუძლურებს ხასიათსა და ნებისყოფას, ბადებს უწმინდურ წარმოსახვას. დღეს კინო და ტელევიზია ხშირ შემთხვევაში პროპაგანდას უწევს მდარე გემოვნების მასკულტურას, რომელიც, სამწუხაროდ, ზნეობრიობისგან დაცლილია. ის უმწიფარ მოზარდებს ესთეტიკური იდეალების ნაცვლად ხშირად ძალადობას, გარყვნილებას, ქურდობას უქადაგებს. ყმაწვილიც, თავისი სიანცითა და დაუდგრომლობით, ბაძავს უჯერო საქციელის ჩამდენ "გმირებს" და ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია. ასეთ შემთხვევაში ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს წამხედურობა, თანატოლთა გარემოში დამკვიდრებული სტერეოტიპები.

თანატოლთა გარემო
თუკი მოზარდი უკეთური ზნეობრივი ღირებულებების მქონე თანატოლთა გარემოში მოხვდა, ასეთი ურთიერთობები არასასურველ ნაყოფს გამოიღებს. ისო ზირაქის ძე ამბობს: "რომელი შეეხოს ფისსა, გაშავდეს და რომელი ეზიაროს ამპარტავანსა, მიემსგავსოს მას" (13:1).

ცნობილია, რომ ცუდი ჩვევებისა და აღზრდის მქონე ბავშვები ყოველმხრივ ცდილობენ, თავიანთი ბოროტი ზნე ამხანაგებსაც გადასდონ. მათ ეს იმიტომაც სურთ, რომ სირცხვილი აიცილონ თავიდან, რადგან როცა ირგვლივ ყველა მანკიერია, სასირცხვილო თითქოს არაფერი აქვთ. ამ მიზნით ეს წამხდარი მოზარდები სასაცილოდ იგდებენ ყოველივე ამაღლებულსა და წმინდას, ხოლო საკუთარ უზნეობას ამკობენ და საამაყოდ წარმოაჩენენ, თავიანთ სამარცხვინო საქციელს თანატოლებს თავმოსაწონ და მისაბაძ საქმედ უსახავენ. ასე იღვრება დამღუპველი შხამი ბავშვების ჯერ კიდევ განუმტკიცებელ გულებში. ნეტარი ავგუსტინე წერს: "მე სწრაფად მივექანებოდი თავქვე, სულიერი დაცემის გზით, იმდენად თვალდავსილი და დაბრმავებული, რომ მრცხვენოდა ჩემი ტოლებისა, რომლებთან შედარებისას მამა აბრამის ბატკანი მეგონა თავი. რაც უფრო ურცხვნი და აღვირახსნილნი იყვნენ ისინი, მით უფრო მეტად მოჰქონდათ თავი თვიანთი გარყვნილებით. მეც მინდოდა, მათსავით გარყვნილი ვყოფილიყავი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ გარყვნილება მომწონდა, არამედ პატივმოყვარეობის გამო. განა ბიწიერება გმობისა და გაკიცხვის ღირსი არ არის? მე კი, სწორედ გაკიცხვის შიშით, სულ უფრო და უფრო ღრმად ვეფლობოდი ბიწიერების მწვირეში და თუ სინამდვილეში სათაკილო არა ჩამედინა რა, თვითონვე ვიგონებდი საძრახის საქციელს, ოღონდაც ჩემი უბიწოების გამო არ შევზიზღებოდი მათ და მასხარად არ აეგდოთ ჩემი უმანკოება".

რა იყო ასეთი დაცემის მიზეზი? - ამაზე თვითონ ნეტარი ავგუსტინე მოგვიგებს: "ო, მტრულო მეგობრობავ, სულის გონებამიუწვდომელო ცდუნებავ, წყეულო სურვილო, რომელიც იმას მიელტვის, რომ რაიმე ავნოს სხვას, მხოლოდ და მხოლოდ თავშესაქცევად და სალაზღანდაროდ".

აკრძალული ხილის გემო
ბავშვები ქურდობას რამდენიმე მოტივით სჩადიან. არსებობს ისეთი მოტივებიც, როგორებიცაა წამხედურობა, აკრძალული ხილისთვის გემოს გასინჯვის სურვილი და ცოდვის ხიბლი. ნეტარი ავგუსტინე "აღსარებაში" იხსენებს, რომ ბავშვობაში იქურდა (მსხალი მოიპარა) არა საჭმელად, არამედ სამართლიანობის ზიზღით, რაც ცოდვის მოჭარბების შედეგია: "ნაქურდალით როდი ვაპირებდი ტკბობას, არამედ თვით ქურდობა და ცოდვა მომწონდა", - წერს იგი. მისთვის მთელი სიამოვნება აკრძალულის ჩადენა იყო. "მაგრამ რა გემო უნდა ჰქონდეს უსამართლობასა და უკუღმართობას?" - კითხულობს იგი. ქურდობის მოტივი აქ ისევ და ისევ წამხედურობაა. საბოლოოდ ნეტარი ავგუსტინე საკუთარ საქციელს ასე ხსნის: "მე სიამოვნებას მანიჭებდა საკუთრივ ქურდობა, ამფსონებთან და თანამზრახველებთან ერთად ჩადენილი".

სიძულვილისა და სირცხვილის გრძნობა. სინდისი
სიძულვილი ზოგჯერ მედიდურობის შედეგია, ზოგჯერ კი კეთილშობილური გრძნობისაგან წარმოიშობა. ასეთ შემთხვევაში სიძულვილს ასაზრდოებს უკმაყოფილება, რომელიც სულში რაიმე მდაბალი ან უღირსი საქციელის წარმოდგენისაგან ჩნდება. სიძულვილი შეიძლება ჩვენივე თავის მიმართაც დაგვებადოს, საკუთარი საქციელისა შეგვრცხვეს. ზიზღი და სირცხვილი გამოიხატება სინდისის ქენჯნით, რომელიც ხშირად გამოსწორებისა და კეთილზნეობრივი ცხოვრების დასაბამად იქცევა. სირცხვილის ხარისხს აღზრდა, ხასიათი და სხვა ვითარებები განაპირობებს. სირცხვილის გრძნობამ, წესით, უნდა მართოს ჩვენი საქციელი, ამიტომაც არის საჭირო, ადამიანი ბავშვობიდანვე შეეჩვიოს კეთილშობილურ აზრებსა და ქცევებს. ბავშვებს სინდისის გრძნობა მკაფიო აქვთ და მანკიერებებთან ნაცნობობა არ უხშობთ.

"სინდისი არის გულისსიტყვა მხურვალე და განათლებული, - ამბობს ამბა დოროთე, - რომელიც ღმერთმა დათესა ადამიანში. იგი გაანათლებს გონებას და უჩვენებს მას, თუ როგორ განასხვაოს კეთილი ბოროტისგან". ბავშვის სინდისი შედარებით სუფთაა და ჰგავს ანკარა წყალს, რომელიც იმდენად მგრძნობიარეა, რომ ქინძისთავიც რომ ჩააგდო, შეშფოთდება და აიმღვრევა, ხოლო როცა სული გახშირებულ ცოდვას ეჩვევა, ეს წყალი ისე იყინება, რომ მასზე დატვირთული ურემიც კი თავისუფლად გადაივლის.

ჩახშობილი სინდისი ადამიანს აღარ ამხელს.

სწორედ ბავშვის სუფთა სინდისის გამო ამბობს მაცხოვარი: "ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს და ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელთაც ჩემი სწამთ, უჯობს, წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან" (მათე 18:56).
ბეჭდვა
1კ1