ტაძარი და ჩვენ
ტაძარი და ჩვენ
ეპიტიმია
უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: "არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაი, არამედ მოქცევაი და ცხოვრებაი მისი". სწორედ ეს სახარებისეული ჭეშმარიტება დაედო საფუძვლად ქრისტიანულ მოძღვრებას და, შესაბამისად, საეკლესიო სამართალს სასჯელის შესახებ. საინტერესო ცნობებს გვაწვდის სასჯელთა ისტორიის შესახებ თხზულების "კანონნი შეცოდებულთანის" ავტორი იოანე მმარხველი. ის აღნიშნავს, რომ პირველი სასჯელი, რომელიც ღმერთმა ადამიანთა მიმართ გამოიყენა, იყო ექსორია ანუ გაძევება. მან მცნების დარღვევისთვის სამოთხიდან განდევნა ადამი და ევა. შემდეგი სასჯელი იყო წარღვნა და სოდომისა და გომორის განადგურება, რომელთა მიზანი უკეთურების მოსპობა და კაცობრიობის განახლება გახლდათ.

მას შემდეგ, რაც ადამის მოდგმამ ცოდვა არ მოიშალა, ღმერთმა კაცობრიობას მოსეს რჯულის სახით ხორციელი ტანჯვა დაუდგინა, "რაითამცა შიშითა მით ტანჯვისაითა დასცხრეს უკეთურება კაცთა და ცოდვისა მიმართ წარმდებობაი". როგორც ცნობილია, ებრაული სამართალი ანუ მეორე რჯული მოსეს ხუთწიგნეულისა შეცოდებათათვის ფიზიკურ სასჯელს და ზოგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯასაც კი აწესებდა. ასეთი მდგომარეობა იყო ღმრთის სიტყვის განხორციელებამდე...

შემდგომში ქრისტეს ეკლესიამ კაცთა შეცოდებისთვის დააწესა უზიარებლობა სხვადასხვა დროით. საეკლესიო პრაქტიკაში დაწესდა ეპიტიმიები. ეპიტიმიაში იგულისხმება აკრძალვა ან დასჯა (2კორ. 2,6), რომელსაც ეკლესიის კანონების შესაბამისად მღვდელმსახური, როგორც სასულიერო პირი, განუსაზღვრავს ზოგ მონანულ ქრისტიანს ზნეობრივ სენთაგან განსაკურნებლად. ეპიტიმიები სასჯელის ხასიათისაა, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით. ეს არის გამოსასწორებელი, აღმზრდელობითი ქმედებანი. მათი მიზანია, გააღრმაოს წუხილი ჩადენილ ცოდვათა გამო და დაეხმაროს ადამიანს გამოსწორებაში. საეკლესიო კრებათა და წმინდა მამათა კანონები ადასტურებენ, რომ ძველად ეპიტიმიები სულიერი კურნების საშუალებად ითვლებოდა. ძველი მწყემსები მისი დადებისას იმაზე არ ზრუნავდნენ, რომ თითოეული ცოდვილი თავისი დანაშაულის ხარისხის შესაბამისად მეტ-ნაკლებად სამართლიანად დაესაჯათ, რათა ჩადენილი ცოდვისთვის საღვთო სამართალი ჯეროვნად დაკმაყოფილებულიყო; მამები ითვალისწინებდნენ შესაფერისი სახით დადებული სასჯელის კეთილისმყოფელ გავლენას ცოდვილზე, საჭიროების მიხედვით ამცირებდნენ მას, ამოკლებდნენ აკრძალვის დროს ან სავსებით ხსნიდნენ.

ეპიტიმიების მაგალითებია: განსაკუთრებით მკაცრი მარხვა, სინანულის ლოცვები მეტანიების გარკვეულ რაოდენობასთან ერთად და სხვა. როგორც უკვე აღვნიშნე, ძველი ეკლესიის პრაქტიკაში ეპიტიმიის ძირითადი სახე იყო გარკვეული დროით წმინდა საიდუმლოთა ზიარებისაგან განყენება. ძველ ეკლესიაში არსებობდა საზოგადო სინანულის წესი "დაცემულთათვის", რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს რწმენა დევნის დროს. ამ წესის თანახმად, მონანულები ოთხ ჯგუფად ნაწილდებოდნენ:

* მოტირალნი
- მათ არ ჰქონდათ საზოგადო ღვთისმსახურებაზე დასწრების უფლება და ეკლესიის კარიბჭესთან გართხმულნი ტირილით ევედრებოდნენ ტაძარში შემსვლელებს - მათზე ელოცათ;

* მსმენელნი
- მათ ნება ეძლეოდათ, კათაკმეველთა ლიტურგიის დასრულებამდე ტაძრის სტოაში მდგარიყვნენ;

* მუხლმოდრეკილნი (შევრდომილნი)
- ისინი შედიოდნენ საკუთრივ ტაძარში, მაგრამ ასევე არ მონაწილეობდნენ მართალთა ლიტურგიაში. წირვის შემდგომ მუხლმოდრეკით იღებდნენ მღვდელმსახურის დალოცვას.

* თანამდომნი
- ისინი იდგნენ მართლებთან ერთად მთელი ლიტურგიის მანძილზე, მაგრამ არ შეეძლოთ წმინდა საიდუმლოს ზიარება.

ეპიტიმია ენიშნება მხოლოდ ზოგ მონანულ ქრისტიანს და არა ყველას. მათ, ვისაც ცოდვათა სიმძიმისა თუ სინანულის თავისებურებათა გამო ეს სულიერი საშუალებანი ესაჭიროება. ასეთი ხასიათის აკრძალვა დაადო პავლე მოციქულმა კორინთოს ქრისტიანთა შორის გამოჩენილ სისხლის აღმრევს, როდესაც მის გამოსასწორებლად ბრძანა მისი განგდება ეკლესიიდან და აუკრძალა მორწმუნეებთან ურთიერთობა: "მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკთა სატანჯველად ხორცთა" (1 კორ. 5,1-5). მისი გულწრფელი სინანულის შემდგომ ბრძანა, ისევ მიეღოთ საეკლესიო ერთობაში (2 კორ. 6-8).
ბეჭდვა
1კ1