ტაძარი და ჩვენ
ტაძარი და ჩვენ
წმინდა ტრაპეზი
ტრაპეზი ეწოდება საკურთხევლის შუაგულში მდგარ ქვის ან ხის ოთხკუთხა მაგიდას. წმინდა ტრაპეზი განასახიერებს ღვთის ტახტს, რომელზეც იესო ქრისტე უხილავადაა დაბრძანებული და ასევე მის საფლავს. ტრაპეზი იმიტომ ეწოდება, რომ აქედან სულიერი საზრდო მოგვეწოდება, მასზე სრულდება ზიარების საიდუმლო. ეკლესიის მამა, სვიმეონ სოლონელი ამბობს, რომ წმინდა ტრაპეზი არის განსახიერება ზეციურისა და მის მიღმა არსებული სივრცისა, სადაც დაბრძანებულია უხილავი ღმერთის ტახტი; პირველ რიგში კი ის არის ადგილი, რომელზეც ხდება მსხვერპლშეწირვა. შეწირული მსხვერპლი (იესო ქრისტე, მისი სისხლი და ხორცი) ნაწილდება მორწმუნეთა შორის, რის შემდეგაც ვხდებით თანაზიარნი უკვდავი და მარადიული ღმერთისა. ტრაპეზი ასევე არის ადგილი, საიდანაც გვესმის უფლის სიტყვა. მასთან მიახლება მხოლოდ ღვთისმსახურებისთვისაა დასაშვები.

ტრაპეზი რამდენჯერმე იცვლის მნიშვნელობას
ტრაპეზი ლიტურგიის განმავლობაში (იესოს ცხოვრების გახსენებისას) სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. პირველ რიგში ტრაპეზი არის ის ადგილი, საიდანაც ქრისტე თავის მიმდევრებს უნაწილებს საკუთარ სისხლსა და ხორცს. წმინდა გერმანე წერს, რომ ტრაპეზი არის განსახიერება ქრისტეს საფლავისა, თუმცა ამავე დროს არის განსახიერება მისი წამებისა, რადგან ამავე ტრაპეზზე აღესრულება მსხვერპლად შეწირვა მაცხოვრისა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა ტრაპეზს უწოდებენ მხოლოდ ტრაპეზის ზემოთა ნაწილს, დაფას, რომელიც სვეტებზე დგას. იმ შემთხვევაში, თუ ტრაპეზი განასახიერებს იესოს განსასვენებელ ქვას (კუბოს), მაშინ სიმბოლურად საკურთხეველი არის აკლდამა.

ტრაპეზის მნიშვნელობა იცვლება იმის მიხედვით, თუ იესოს ცხოვრების რომელ პერიოდს იხსენებენ ლიტურგიაზე.

არა მხოლოდ ტრაპეზი იცვლის მნიშვნელობას ლიტურგიის განმავლობაში, არამედ თითქმის ყველა საეკლესიო ნივთი, მაგალითად: ლახვარი, ვარსკვლავი, ეპისკოპოსის, მღვდლის და დიაკვნის ყველა შესამოსელი. მიზეზი მარტივია: იმის გამო, რომ ხდება იესოს ცხოვრების განმეორება, საჭიროა მასთან დაკავშირებული მრავალი ნივთის ქონა და გამოყენება; საკურთხეველში კი არ არის იმდენი ადგილი, რომ ბევრი ნივთი დაეტიოს, ამიტომ ერთი და იგივე ნივთი გახდა რამდენიმე შინაარსის მატარებელი.

წმინდა ტრაპეზი ყოველთვის ოთხკუთხედია და ამაღლებული
ამას თავისი მიზეზი აქვს: 1) ოთხკუთხედია, რადგან "იესო შეიწირება დედამიწის ოთხივე მხარეს მყოფთათვის" (სვიმეონ სოლონელი) და საჭიროა, მას ყველა ხედავდეს და იღებდეს. მაღალი უნდა იყოს იმიტომ, რომ მასზე სრულდება ამაღლებული და ზეციური საიდუმლო. 2) ტრაპეზი დგას ერთ ან ოთხ ბოძზე ან კიდობანზე. ერთი ბოძი აღნიშნავს ლერწმით გვემულ მაცხოვარს და იმ ლერწმის კვერთხს, რომლითაც ქრისტემ შემუსრა გველის (ბოროტის) თავი. ოთხი ბოძი აღნიშნავს ოთხ მახარებელს, მოციქულებს. კიდობანი წარმოადგენს ხის, ქვის, ვერცხლის და სხვა მასალისაგან შეერთებულ კედლებს და მოგვაგონებს მოწამეთა საფლავს, რომელზეც პირველი ტრაპეზი აღიმართებოდა.

ძველად ტრაპეზის გარშემო აკეთებდნენ კიბეებს, რომლებზეც ადიოდნენ ღვთისმსახურნი მსხვერპლის შესაწირად. ასეთი საფეხურები იყო გაკეთებული აია სოფიას ტაძარში (კონსტანტინოპოლში).

***
ტრაპეზის ქვეშ ყოველთვის კეთდება ერთგვარი კიდობანი, სადაც ალაგებენ წმინდანთა ნაწილებს. ამგვარად, რადგან წმინდა ტრაპეზი სიმბოლოა ქრისტეს საფლავისა, ითვლება, რომ წმინდანები მასთან ერთად განისვენებენ და ქრისტეს აღდგომით და დიდებით ისინიც განიდიდებიან.

წმინდა ტრაპეზზე აუცილებლად ასვენია: სახარება, ჯვარი, ილიტონში გახვეული ოდიკი და სანაწილე.

სახარება წმინდა ტრაპეზზეKARIBCHE
ტრაპეზზე დებენ უფლის დაწერილ სიტყვას ანუ სახარებას, რადგან ამ ამაღლებული ადგილიდან იგი ყველასთვის ადვილად დასანახი იყოს. სვიმეონ სოლონელი ამბობს, რომ სახარება, რომელიც ამ შემთხვევაში იესოს განსახიერებაა, დევს ტრაპეზზე, რათა ყველა უყურებდეს მას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ეკლესიაში იკითხება. წმინდა ტრაპეზი ასევე განასახიერებს იმ ადგილს, საიდანაც სიკვდილის შემდეგ შევიტყობთ გადაწყვეტილებას ჩვენი საბოლოო სამყოფლის შესახებ. ამრიგად, სახარება ტრაპეზზე ნიშნავს თვითონ იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტების მასწავლებელს.

ჯვარი წმინდა ტრაპეზზე
ჯვარი ტრაპეზზე ასევე ნიშნავს ჯვარცმულ და ვნებულ იესო ქრისტეს. იქ, სადაც იწირება უფალი მსხვერპლად, აუცილებლად უნდა იყოს შეწირვის იარაღი - ჯვარი. ჯვარი ამავე დროს სიმბოლოა სამებისა: ზედა ნაწილი განასახიერებს მამა ღმერთს, გადამკვეთი ხაზი კი სიმბოლოა ძისა და სულიწმინდისა.

ოდიკი
ოდიკი (ანტიმინსი), წმინდა ბარძიმის ქვესაფენი ტრაპეზზე, სელის ან აბრეშუმის ნაჭერია, რომელზეც კუბოში მდებარე მაცხოვარია გამოხატული, აგრეთვე - ოთხი მახარებელი და იესო ქრისტეს წამების იარაღები. ოდიკში წმინდანთა ნაწილებია. ოდიკის გარეშე, რომელიც მღვდელმთავრის მიერ უნდა იყოს ნაკურთხი, წირვის შესრულება არ შეიძლება. იგი ნახევრად იხსნება მრჩობლი, ხოლო სრულიად - კათაკმეველთა კვერექსისას და იკეცება ზიარების შემდგომ სამადლობელი კვერექსისას. წმინდა ნაწილების ჩადება ოდიკში გაგვახსენებს იმას, რომ პირველი ქრისტიანები თავს იყრიდნენ მოწამეთა საფლავზე და ეზიარებოდნენ (წირვასაც ასრულებდნენ). სწორედ წმინდა მოწამეებით დაწესდა და დამკვიდრდა ქრისტეს ეკლესია. ზოგიერთ შემთხვევაში ოდიკი ასრულებს ტრაპეზის მაგივრობას და მასზე სრულდება ლიტურგია. ოდიკის დასაცავად მას შეახვევენ სხვა აბრეშუმის ქსოვილში, რომელსაც ილიტონი ეწოდება. იგი მოგვაგონებს უფლის კვართს.

სანაწილე
სანაწილე არის ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელი წმინდა ნაწილების შესანახად, რომელიც გამოიყენება სნეულების საზიარებლად და პირველშეწირულის წირვისათვის. ის გვახსენებს იესო ქრისტეს საფლავსაც და ძველი აღთქმის კოლოფსაც, რომელშიც ზეციური მანანა იყო შენახული.
ბეჭდვა
1კ1