არის თუ არა ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?!
არის თუ არა ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?!
ბოლო რამდენიმე წელია, არაეკლესიური საზოგადოების ერთმა ნაწილმა "აღმოაჩინა" რომ 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის ხსენების დღეა. საქართველოში 14 თებერვლის როგორც "სიყვარულის დღის" აღნიშვნის ტრადიციას სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასის" "სიყვარულის საღამოებმა" დაუდო სათავე. მომდევნო წლებში "შეყვარებულთა დღის" აღსანიშნავად (უფრო მეტად კი კომერციული მიზნებით) 14 თებერვალს დაიწყო გრანდიოზული კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა, რომელთაც მასმედია განსაკუთრებულ "პრომოუშენს" უკეთებს ხოლმე. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია 14 თებერვალს წმინდა ვალენტინს სრულებით არ მოიხსენიებს და ეს უცხოური ტრადიციაა, მაგრამ წამხედურობით ცნობილ ქართველთა ერთ ნაწილს (განსაკუთრებით თინეიჯერებს) ისე "გაუსწორდა" ეს დღესასწაული, რომ არც ეკლესიის პოზიცია აღელვებთ და არც ქართული ტრადიციები. ალბათ ამიტომაც აღნიშნა მწერალმა ზაალ სამადაშვილმა: "ეს უბრალო წამხედურობაა, სხვა თუ არაფერი. საქართველოში, მგონია, ვალენტინი არავის რქმევიაო". ეს "წამხედურობა" ზოგჯერ იქამდეც კი მიდის, რომ ზოგიერთი შეყვარბული წყვილი 14 თებერვალს ეკლესიებში წმინდა ვალენტინის ხატს ეძებს ხოლმე სანთლის დასანთებად, ხოლო უფრო "გამბედავები" არც ეკლესიაში ხვევნა-კოცნაზე ამბობენ უარს (ყოველ შემთხვევაში, ერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა). აქედან ნათლად ჩანს, რომ უმრავლესობას არც კი ესმის, რას აღნიშნავს - მთავარი ხომ მათთვის გართობა და "დროის გატარებაა". ალბათ ამიტომაც იყო, გასული წლის 14 თებერვალს ერთ-ერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემების წამყვანმა ირონიულად რომ განაცხადა: მთელი მსოფლიო დღეს სიყვარულის დღეს ზეიმობს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი მიცვალებულებს იხსენიებსო. ეკლესიის მიმართ "კეთილგანწყობილ" ჟურნალისტს ალბათ "გაუხარდება", როცა გაიგებს, რომ წელს მიცვალებულთა ხსენების დღე ვალენტინობას "არ ემთხვევა" და ეს "წვრილმანი" მას დისკომფორტს აღარ შეუქმნის.

რაც შეეხება თავად ვალენტინობის წარმომავლობას, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია და მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ეს დღესასწაული III ს-ში მცხოვრებ წმინდა ვალენტინს უკავშირდება. ლეგენდის მიხედვით, ვალენტინი რომის ერთ-ერთ ციხეში სასჯელს ელოდებოდა, როცა ზედამხედველის უსინათლო ქალიშვილი შეუყვარდა და სასწაულებრივად განკურნა სიბრმავისგან. მეორე ვერსიით, ეს დღესასწაული სხვა წმინდა ვალენტინს უკავშირდება, რომელიც მღვდელი იყო და იმპერატორ კლავდიუს II-ის დროს ცხოვრობდა. იმპერატორმა კლავდიუსმა რომაელ ჯარისკაცებს დაქორწინება აუკრძალა, რადგან მიაჩნდა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ, იმპერატორის ბრძანების მიუხედავად, მღვდელი ვალენტინი შეყვარებულ წყვილებს ფარულად სწერდა ჯვარს. ამის გამო იგი შეიპყრეს, 14 თებერვალს კი თავი მოჰკვეთეს. სხვათა შორის, არსებობს ერთი ძველი ლეგენდაც, რომლის მიხედვით 14 თებერვალს ფრინველებიც წყვილდებოდნენ.

წმინდა ვალენტინის სასიყვარულო ურთიერთობებთან კავშირს კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიის ისტორიკოსებიც უარყოფენ და მის წარმართულ წარმოშობაზე მიუთითებენ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 14 თებერვლის ვალენტინობას რომაული წარმართული ფესვები უნდა ჰქონდეს. არც თვით წმინდა ვალენტინის ცხოვრებაში მოიპოვება რაიმე ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი შეყვარებულთა მფარველი იყო (E.A. Livingstone, Oxford Eoncise Dictionary of the christian church, 2000 p.601).

მართლმადიდებელი ეკლესია 14 თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანს. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრმა ჯერ კიდევ 2001 წლის თებერვალში გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: "14 თებერვლის "სიყვარულის დღესასწაულს" შეცდომით უკავშირებენ კათოლიკური ეკლესიის წმინდანის სახელს: ეკლესიის ისტორია იცნობს რამდენიმე ვალენტინს, რომელთაგან არც ერთის ცხოვრება არ უკავშირდება სასიყვარულო ურთიერთობებს... 14 თებერვლის ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები აქვს. ამ დღეს ძველ რომში ქალღმერთ იუნონას დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რომელსაც რომაელები ქალებისა და ოჯახის მფარველად თვლიდნენ. 15 თებერვალს იმართებოდა ნაყოფიერების დღესასწაული ლუპერკალიები.

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცხოა ეს დღესასწაული. მისი წარმართული და მოგვიანებით დასავლეთში შექმნილი ლეგენდარული ისტორიის გამო ვალენტინობა ევროპულ ხალხურ დღესასწაულად ითვლება. იგი არც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღინიშნება, რაც დაგვიდასტურა ვატიკანის საელჩომ საქართველოში".
ბეჭდვა
1კ1