წმინდანთა წოდებები
წმინდანთა წოდებები
ღვთისგან გამორჩეული ადამიანები შემოქმედს სხვადასხვა გზით სათნო ეყოფიან. უფალი თითოეულს საჭირო ზომით აძლევს ტალანტს და თითოეულისგან შრომის მიხედვით იღებს. ეკლესია ღმერთის სათნომყოფელებს სხვადასხვა ხარისხში განადიდებს.

წინასწარმეტყველები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ღვთისგან მომავლის განჭვრეტის ნიჭი მიიღეს, რათა ქვეყნისთვის ღვთის განგება ემცნოთ. კაცთა შორის ყველაზე განდიდებული წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემელია.

მოციქულები არიან უფალი ჩვენი იესო ქრიტეს მოწაფეები, რომლებიც მას ახლდნენ ამქვეყნიური მოღვაწეობის დროს, შემდგომ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქრისტიანობა გაავრცელეს.

მოციქულთასწორები ის წმინდანები არიან, რომლებმაც მოციქულების მსგავსად იღვაწეს, რათა ქვეყნები და ხალხები ქრისტიანობაზე მოექციათ. ასეთია საქართველოს განმანათლებელი წმინდა ნინო.

მღვდელმთავრები - პატრიარქები, მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები და ეპისკოპოსები, რომლებმაც წმინდანობას თავის სამწყსოზე დაუღალავი ზრუნვით მიაღწიეს. მათ მართლმადიდებლობა ერეტიკოსებისა და მწვალებლებისგან დაიცვეს. მათი დიდი გუნდიდან ჩვენში განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ წმინდა ნიკოლოზს, წმინდა ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველს და იოანე ოქროპირს.

ღირსნი (ღმერთთან მიმსგავსებულნი) - წმინდანები, რომლებიც მონაზვნური ღვაწლით განიდიდნენ. მარხვით, ლოცვით, შრომით სათნოებები მოიხვეჭეს - სიმდაბლე, უბიწოება, სიმშვიდე. საქართველოში განსაკუთრებით პატივს მივაგებთ წმინდა გრიგოლ ხანძთელს, წმინდა სერაფიმე საროველს და ა. შ. ღირსი დედებიდან მეტად განდიდებულია მარიამ ეგვიპტელი.

მოწამენი - წმინდანთა შორის უმრავლესობა ეწამა და მოკვდა ქრისტეს სახელით ჭეშმარიტი რწმენისთვის. ვინც განსაკუთრებული, სასტიკი ტანჯვა განიცადა, მათ დიდმოწამეებს უწოდებენ. მათ რიცხვში არიან: პანტელეიმონ მკურნალი, წმინდა გიორგი, წმინდა ბარბარე, წმინდა ეკატერინე. მღვდელმოწამეებმა სიკვდილი სამღვდლო ხარისხში მიიღეს, ხოლო ღირსმოწამეებმა - მონაზვნად აღკვეცილებმა.

აღმსარებლებს ეკლესია უწოდებს მათ, ვინც ქრისტესთვის ბევრი იტანჯა, მაგრამ მოწამებრივი სიკვდილი არ დაუთმენია. ასეთია, მაგალითად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია).

კეთილმორწმუნე მეფეები და მთავრები
არიან ისინი, ვინც მთელი შეგნებული ცხოვრება ღვთის დიდებასა და ქვეყნის სამსახურში გალიეს. მათ შორის არიან: წმინდა თამარ მეფე, წმინდა დავით აღმაშენებელი, წმინდა ვახტანგ გორგასალი და მრავალი სხვა.

უვერცხლონი, რომელთაც კურნების ნიჭი ჰქონდათ და მას უანგაროდ იყენებდნენ. ასეთი მკურნალები იყვნენ კოზმა და დამიანე.

სალოსები (ღვთის გლახები) - რომლებიც თავს გიჟად აჩვენებდნენ და გარშემომყოფთა შეურაცხყოფას იტანდნენ, ხალხის მანკიერებას ამხელდნენ.

წმინდანები, რომლებიც ერში ცხოვრობდნენ, იდიდებიან, როგორც მართალნი. ასე უწოდებს ეკლესია წმინდანებს - იოაკიმესა და ანას, ზაქარიასა და ელისაბედს...

ბეჭდვა
1კ1