მოძღვრის კურთხევა
მოძღვრის კურთხევა
ხშირად გვინახავს: მღვდელმთავრის (მიტროპოლიტი, პატრიარქი) შეხვედრა მაღალი თანამდებობის პირთან. მისალმება, ღიმილი და… საერო პირი ხელის ჩამოსართმევად მარჯვენას უწვდის სასულიერო პირს.

მეორე სიტუაცია: ცისკარი, მოძღვარი ამბიონზე დგას და ხმამაღლა ამბობს: ,,კურთხევა უფლისა თქვენზედა" და მრევლს პირჯვარს გადასახავს. ზოგი ამ დროს ლოცვით ხელისგულებს აერთებს და გულში იხუტებს, თითქოს უხილავ რიტუალს ასრულებს.

როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში საერო პირმა არ იცის, როგორ მოიქცეს, ან რა არის მოძღვრის კურთხევა. კურთხევას ბევრნაირი მნიშვნელობა აქვს. უპირველესად, ეს მისალმებაა. მოძღვართან ხელით მისალმება მხოლოდ მის თანასწორს შეუძლია, დანარჩენები, დიაკვანიც კი, მისგან კურთხევას იღებენ. ამისთვის ხელისზურგებს ერთმანეთზე დებენ, მარჯვენას მარცხენის ზემოთ და პატივისცემის ნიშნად ღვთისმსახურს ხელზე ემთხვევიან. "ხელის ზურგების ერთმანეთზე დადებას არავითარი დატვირთვა არ აქვს, მათზე მადლი არ გარდამოდის", როგორც ზოგიერთს ჰგონია.

მოძღვრისგან კურთხევის აღება შეიძლება არა მარტო ეკლესიაში, არამედ ქუჩაშიც და საზოგადოებრივ ადგილებშიც. ოღონდ ეკლესიის გარეთ შეუმოსავ მღვდელთან მისვლა კურთხევის ასაღებად უხერხულია.

ერის კაცები (ქალები) მოძღვარს ზუსტად ასევე ემშვიდობებიან. თუ რამდენიმე მღვდელი გვერდიგვერდ დგას, თქვენ კი ყველასგან გსურთ კურთხევის აღება, მაშინ ჯერ ხარისხით უფროსთან უნდა მიხვიდეთ.

კურთხევას ნებართვის მნიშვნელობაც აქვს, ის შეიძლება იყოს დალოცვა მნიშვნელოვანი საქმის დაწყების წინ, გზის დალოცვა მგზავრობის წინ. ნებისმიერ მძიმე გარემოებაში შეგვიძლია ვთხოვოთ მოძღვარს რჩევა, კურთხევა და ხელზე ვემთხვიოთ.

დაბოლოს, კურთხევა ხდება ეკლესიაში მსახურების დროს, როდესაც მოძღვარი წარმოთქვამს ,,მშვიდობა ყოველთა", ,,კურთხევა უფლისა თქვენზედა"… და მლოცველებს ჯვარს გადასახავს. პასუხად ჩვენ მორჩილებით თავს ვხრით, ოღონდ ხელებს ერთმანეთზე აღარ ვიწყობთ, რადგან მაკურთხევლის მარჯვენაზე მთხვევა შეუძლებელია.

თუ მოძღვარი ჯვარს წმინდა საგნით გადაგვსახავს: ჯვრით, სახარებით, ბარძიმით, ხატით, მაშინ ჩვენ ჯერ გადავისახავთ და მერე მეტანიას ვაკეთებთ.

კურთხევის ასაღებად მისვლა არ შეიძლება უდროოდ, როცა მღვდელი აზიარებს, აკმევს, ზეთს სცხებს. შეიძლება აღსარებისა და წირვის შემდეგ, ჯვარზე მთხვევის დროს.

ბეჭდვა
1კ1