არაწმინდა სულების განდევნა
არაწმინდა სულების განდევნა
უფალმა იესო ქრისტემ თავის მიწიერ ცხოვრებაში მრავალი ეშმაკეულისა და შეპყრობილისაგან განასხა არაწმინდა სულები. წმინდა წერილში ორ ასეთ შემთხვევაზე განსაკუთრებითაა ყურადღება გამახვილებული.

გალილეის ქალაქ კაპერნაუმში უფალი ჩვენი იესო ქრისტე შაბათობით სინაგოგაში ასწავლიდა იქ მისულთ. ერთ-ერთ ასეთ შაბათს სინაგოგაში იყო არაწმინდა სულით შეპყრობილი ერთი კაცი. მან დიდი ხმით იბღავლა და იესოს მიმართა: "ეჰა, რა გინდა ჩვენგან შენ, იესო ნაზარეველო? მოხვედი ჩვენს წარსაწყმედად? გიცნობთ შენ, ვინ ხარ, წმინდა ღვთისა". მაცხოვარმა შერისხა, გაუჯავრდა მას და უთხრა: "გაჩუმდი და გადი მაგისგან!" არაწმინდა სულმა ძირს დასცა ის კაცი და გამოვიდა მისგან ისე, რომ არაფერი დაუშავებია მისთვის. ყველანი გაოგნებულები იყვნენ და ერთმანეთში ლაპარაკობდნენ იესოზე, ვინ არის ეს და რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალაუფლებით არაწმინდა სულებსაც უბრძანებს და ემორჩილებიანო.

ოდნავ მოგვიანებით უფალი კიდევ განაცვიფრებს ადამიანებს არაწმინდა სულების დამორჩილებით:

გერგესეველთა მხარეში მისულ მაცხოვარს ნავიდან გადმოსვლისთანავე სამარხებიდან შემოეგება უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელიც საზარელი სანახავი იყო. მის სიახლოვეს გავლისა ყველას ეშინოდა. სამყოფლად სამარხები ჰქონდა და ჯაჭვითაც არავის შეეძლო მისი შეკვრა. მრავალჯერ უცდიათ მისი დაბმა, შეუკრავთ ჯაჭვით და შეუბორკავთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს, ამსხვრევდა ბორკილებს. დღე და ღამ მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს. შეპყრობილმა შორიდან მოჰკრა თუ არა თვალი იესოს, გამოიქცა და თაყვანი სცა. შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო: გაფიცებ შენს ღმერთს, ნუ მტანჯავ მე! ამაზე მაცხოვარმა უპასუხა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან! შემდეგ კი შეპყრობილს ჰკითხა: რა გქვია სახელად? მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ. ეშმაკებმა სთხოვეს იესოს, თუ ამ ადამიანისაგან განდევნიდა, ღორების კოლტში შეეშვა, რომელიც იქვე ახლოს ძოვდა. ნება დართო იესომ უწმინდურებს ღორებში შესვლისა. გამოვიდნენ უწმინდური სულები კაცისაგან და ღორებში შევიდნენ. ღორების მთელი კოლტი, დაახლოებით ორი ათასამდე, კლდიდან ზღვაში გადაეშვა და შთაინთქა.

ამ ამბის შემსწრე მწყემსები გაიქცნენ და ქალაქსა თუ სოფელში ყველას აუწყეს მომხდარის შესახებ. გამოვიდნენ ადამიანები სანახავად და ნახეს მაცხოვართან მჯდომარე ის კაცი, რომელთანაც მანამდე ეშმაკთა ლეგიონი იყო. იგი იჯდა შემოსილი და გონს მოსული. სურდა, იესოს გაჰყოლოდა, მაგრამ უფალმა არ დაანება და უბრძანა, შინ დაბრუნებულიყო და მოეთხრო ყველასთვის, რაც ღმერთმა გაუკეთა. განკურნებული შეპყრობილი კი წავიდა ათქალაქში (დეკაპოლისში) და მთელ ქალაქს ამცნო ყოველივე.

სახარებაში, უფლის მიერ თორმეტი მოციქულის გამორჩევისა და საქადაგებლად წარგზავნის ეპიზოდში, წერია: "და მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ძალაუფლება არაწმინდა სულებზე, რათა განედევნათ ისინი და განეკურნათ ყველა სენი და ყველა უძლურება".

ერთხელ, მათე მახარებელი, ეთიოპიაში ყოფნისას, შემთხვევით გადაეყარა ამ ქვეყნის მმართველის, ფულბიანეს ეშმაკისეულ ცოლსა და ძეს. მოციქულმა ქრისტეს სახელით შერისხა და განდევნა მათში დაბუდებული ბოროტი სულები, რის შემდეგაც სიხარულითა და მადლიერებით აღვსილი განკურნებულები თან გაჰყვნენ წმინდანს. ამგვარი შემთხვევები თითქმის ყველა მოციქულის ცხოვრებაშია აღწერილი.

წმინდა მამათა ცხოვრებებშიც არაერთი ფაქტია მოთხრობილი არაწმინდა სულების განდევნისა.

წმინდა მოციქულთასწორი ამბერკი (იერაპოლის ეპისკოპოსი II საუკუნეში), ქრისტესთვის მარტვილობის სურვილით ანთებული, ქალაქის მოედანზე გავიდა და საჯაროდ ამხილა წარმართთა ცრუსარწმუნოება. ქალაქის მცხოვრები წარმართები გააფთრდნენ და კბილების ღრჭიალით გაიწიეს მისკენ, მაგრამ ამ დროს ბრბოში მდგარმა სამმა ეშმაკეულმა ჭაბუკმა უეცრად საზარელი ღრიალი მორთო. ხალხი დაფრთხა. წმინდა მღვდელმთავარმა კი ლოცვის ძალით ბოროტი სულები განდევნა ყმაწვილებისაგან.

ლოცვით არაწმინდა სულების განდევნის ტრადიცია არსებობს ქრისტიანულ ასკეტიკაშიც. კვეთებულის ლოცვის შესრულებით სასულიერო პირი ებრძვის ადამიანში შესულ არაწმინდა სულებს. ყველას არ აქვს უფლისაგან მინიჭებული არაწმინდა სულების განდევნის მადლი. კვეთებულის ლოცვები ლახვრით იკითხება და ყველა ღვთისმსახურს არ შეუძლია მისი წაკითხვა, მას კითხულობს ბერ-მონაზონი ან რომელიმე მღვდელი, ვისაც კურთხევა აქვს.

ბეჭდვა
1კ1