უნდა მივხვდეთ, რომ ღმერთია ყველაფერი, სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია მხოლოდ უფალშია
უნდა მივხვდეთ, რომ ღმერთია ყველაფერი, სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია მხოლოდ უფალშია
სახარებიდან ვიცით, რომ მაცხოვარმა თაბორის მთაზე იცვალა ფერი. უფალი თავისი ზეციური დიდებით გამობრწყინდა და გამოუთქმელი ნათელი გადმოღვარა მის სხეულზე. ამ სასწაულის მოწმედ ღმერთმა სამი მოციქული გამოარჩია: პეტრე, იაკობი და იოანე. მათ თვალწინ ორი დიდი წინასწარმეტყველი, მოსე და ელია, მაცხოვარს ესაუბრებოდა წამებაზე, რომელიც მას იერუსალიმში უნდა ეგემა. ამან მოციქულებს ენით გამოუთქმელი აღფრთოვანება მოჰგვარა. უჩვეულო ხილვით შეძრულმა პეტრემ უფალს უთხრა: "კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფა. გავმართოთ სამი კარავი: ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთი ელიასთვისო".

თაბორის მთაზე იესოს საკვირველი დიდების პატივსაცემად და მოსაგონებლად თბილისში, თაბორის მთაზე, ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტერი აიგო. აქედან მთელი ქალაქი ხელისგულივით მოჩანს. ბერული ცხოვრების ასკეტიზმსა და ტკივილს განუწმენდია და აღუმაღლებია ეს მონასტერი ამქვეყნიურ შფოთსა და აურზაურზე. ქალაქის ხმაური აქამდე ვერ აღწევს. მონასტერი თავისი ჩვეული რიტმით ცხოვრობს და ადამიანებს სულიერი სამყაროს ფერისცვალებისკენ უხმობს.

კომპლექსის ცენტრალური ტაძარი ფერისცვალების სახელზეა აგებული. ორი მცირე საყდარიც ფერისცვალების მოვლენებს შეგვახსენებს. მათგან ერთი მოსე და ელია წინასწარმეტყველების სახელობისაა, მეორე კი მოციქულების: პეტრესი, იაკობისა და იოანესი.

ჩვენი რუბრიკის სტუმარია მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ბართლომე (ფირცხალაიშვილი). მამა ბართლომეს აზრით, მონასტრული ცხოვრების პირობები საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანმა უერთგულოს სახარების მცნებებს, მსხვერპლი გაიღოს მოყვასისთვის. უფლის აღთქმათა სიყვარულით ბერი თმობს წუთისოფლის ყველა სიამოვნებას და საკუთარ ნებას. ის უფლის მიმართ თავისი ლოცვით უფრო მეტად შეეწევა სოფელს, ვიდრე ეს ერისკაცს ადამიანური ძალისხმევით შეუძლია.

- მამა ბართლომე, როგორ გაღვივდა თქვენში სარწმუნოება და როგორ დაუკავშირდით ეკლესიას?

- ჩემს დაბადებამდე ერთი წლით ადრე დედაჩემს დაეღუპა შვილი - ჩემი ძმა. როცა მეორედ დაორსულდა, უფალს შეევედრა, ოღონდ ეს შვილი გადამირჩინე და ყელზე შებმული მავთულის უღლით ვივლიო და აღთქმა დადო, რომ ყოველწლიურად ჩემს სახელზე მამალს შესწირავდა.

ჩემს სოფელში, თერჯოლის რაიონში, მთავარანგელოზის გორაზე, ტაძრის ნანგრევი იყო, სადაც თითქმის ყოველდღე ადიოდნენ მორწმუნენი და შესაწირავი მიჰქონდათ. დედაჩემიც იქ ასრულებდა თავის აღთქმას, ასე რომ, იმ ნანგრევებთან სულ მქონდა შეხება.

ტაძარიც იყო ჩემს სოფელში, მაგრამ უმოქმედო.

ეკლესიისკენ ყოველთვის მიმიწევდა გული. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, ეკლესიასთან მისასვლელი გზაც უფრო გამოჩნდა. ჩვენი სოფლის საყდარიც აღდგა. ერთხელ იქ მორწმუნენი ამოვიდნენ და იგალობეს. მათთან გასაუბრების შემდეგ მივედი იმ ტაძარში და დავრჩი და დავრჩი...

- სასულიერო პირობაზე ფიქრი როდის დაიწყეთ ან როგორ გადაწყვიტეთ ბერობა?

- რაც ეკლესიაში მივედი, მას შემდეგ სულ ვფიქრობდი ღვთის სამსახურზე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ბერობა და ერის მღვდლობა, მაგრამ უფრო ღრმად რომ ჩავუკვირდი, დავინახე, რომ ბერს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია თავისი ერისა და ქვეყნისთვის და ბერად აღკვეცის სურვილი გამიჩნდა. ოჯახის წევრებისგან დიდ წინააღმდეგობას წავაწყდი - მიაჩნდათ, რომ რაკი ერთადერთი ვაჟი ვიყავი, გვარი უნდა გამეგრძელებინა, მაგრამ ჩემი სურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა... ღვთის მადლით, ისე მოხდა, რომ სვეტიცხოვლის ტაძარში აღმკვეცეს ბერად. ეს მოხდა 1996 წლის 24 ივნისს. მაშინ სასულიერო აკადემიის სტუდენტი გახლდით. 4 წელიწადი ვიყავი კაბით შემოსილი მორჩილი, 2 წელი კი - ბერი. 1998 წლის 8 ივნისს წმინდა სამების ტაძარში (საჯარო ბიბლიოთეკის უკან) მისმა უწმინდესობამ დიაკვნად მაკურთხა, ხოლო 1999 წლის 12 ივნისს ჭიათურის მაშინდელმა მიტროპოლიტმა აბრაამმა საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, აღდგომის სახელობის ტაძარში, მღვდლად დამასხა ხელი. საჩხერეში 4 წელიწადი ვიმსახურე, მონასტერიც კი ავაშენეთ, ხოლო 2003 წლის 7 სექტემბერს, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, დავინიშნე ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად.

- ახლა მხოლოდ ამ მონასტერში მოღვაწეობთ?

- ამჟამად გვაქვს რამდენიმე მონასტერი: მარტყოფში, ყოველთა წმინდათა სახელობის მამათა მონასტერი; მცხეთაში უწმინდესმა თავისი კუთვნილი სახლი შესწირა ეკლესიას და დღეს იქ მონასტერია, ამჟამად ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს. გვინდა, კოჯორში დავაარსოთ დედათა მონასტერი, რისთვისაც სამუშაოები უკვე დაწყებულია. გვაქვს დედათა მონასტერი წალკაში. წალკის რაიონის სოფელ გუნიაკალაში, წმინდა ელენესა და წმინდა კონსტანტინეს ტაძართან, არის მამათა მონასტერი. ვცდილობთ, ამ მონასტრებში მცხოვრებთათვის დავიხარჯოთ და შევუქმნათ პირობები, რათა ღმერთთან ახლოს მივიდნენ, სულიერებას ეზიარონ. ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ცხოვრების მთავარი მიზანი სრულყოფილების მიღწევაა, რასაც სულის სისუფთავე, სულიერი ცხოვრება შობს. ვცდილობთ, ამაში დავეხმაროთ მათ.

- ბევრს მიაჩნია, რომ მონაზვნობა სულის ცხონების ერთადერთი გზაა...

- "მონაზონი" ნიშნავს განცალკევებით მყოფს, რომელიც ზრუნავს თავის სულზე და არამარტო მასზე... ბერს არ ჰყავს ცოლ-შვილი, ამიტომაც მისი შინაგანი ენერგია უფრო მეტად იხარჯება საზოგადოებაზე. პავლე მოციქული ამბობს, ვისაც ცოლი ჰყავს, ცოლისთვის ზრუნავს, ვისაც არა - ეკლესიისა და ხალხისთვისო. ჩემი დამოკიდებულებაც ალბათ ასეთი იყო; მინდოდა, რაც შეიძლება მეტი ხალხი დამეყენებინა სიკეთის გზაზე... რა თქმა უნდა, ბერობა სულის ცხონებისა და გადარჩენის ერთადერთი გზა არ არის, მაგრამ მე მაინც ის ავირჩიე.

- თუმცა ამ გზაზე შედგომა ყველას არ ხელეწიფება...

- "მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი - რჩეულ". ბერად აღკვეცა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი უკვე სრულყოფილია. ბერობა გასაღებია იმ რთული გზისა, რომელსაც ქრისტესთან თანამყოფობა ჰქვია, ადამიანმა რომ ბერული აღთქმანი გაამართლოს, ისე უნდა იღვაწოს, როგორც მოითხოვს მისგან ეკლესია: როცა აღსაკვეცი აღთქმებს დებს, აღმკვეცი მას შეახსენებს, ეს გზა შრომით, ტკივილითა და რუდუნებით განესრულებისო. დიახ, ეს არ არის ია-ვარდით მოფენილი გზა. ტკივილის გარეშე ბერობა არ არსებობს, იმიტომ, რომ ბერმა მსხვერპლი უნდა გაიღოს, სხვისთვის თავი უნდა დადოს.

- რითი გამოირჩევა თქვენი მონასტერი, რა საქმიანობას ეწევით?

- მონასტერში გვაქვს მცირე სახელოსნო, სადაც ჩვენი ბერები ტიხრული მინანქრის ხელოვნებას ეუფლებიან. ბერ-დიაკონმა, მამა სამუელმა, უკვე იცის ტიხრული მინანქარი და სხვებიც ცდილობენ, ისწავლონ. გარდა ამისა, გვყავს ერთი მორჩილი, რომელიც ხატწერას სწავლობს და უკვე რამდენიმე ხატიც აქვს დაწერილი. უმთავრესი კი ის არის, რომ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ეგიდით, ჩვენს მონასტერში გაიხსნა ნარკოლოგიურ-ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ამ საშინელი სენით დაავადებულთა სულიერ-ფსიქოლოგიურ მკურნალობას ითვალისწინებს. ამ ხალხს დახმარება სჭირდება, ისინი ჩვენთან მოდიან და ჩვენც, სასულიერო პირები, ფსიქოლოგებთან ერთად შეძლებისამებრ ვიღვწით, რათა მათი გადარჩენა შესაძლებელი გახდეს. ამ დაავადებასთან გამკლავება ადვილი არ არის, მაგრამ იმედი არ უნდა გადავიწუროთ. ერთი ადამიანიც რომ გადარჩეს, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვებსაც აქვთ ამ უბედურებისგან თავის დახსნის შანსი.

- კონკრეტულად რას სთავაზობთ ამ სენით დაავადებულებს?

- წესით, ჩვენთან უნდა მოვიდნენ დეტოქსირებული პირები, რომელთაც ჩატარებული აქვთ მკურნალობა და მოხსნილი აქვთ აბსტინენციური სინდრომი ("ლომკა"). მათ ვთავაზობთ სამიდან ექვს თვემდე მკურნალობას. ამ ხნის მანძილზე ისინი ჩვენთან ცხოვრობენ, მაგრამ სამონასტრო ტიბიკონის დაცვას მაინცდამაინც არ ვთხოვთ. დადიან მოძღვართან, აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან, ლოცულობენ, მარხულობენ. თქვენ იცით, რომ არსებობს შრომითი თერაპია. მინანქრისა და ხატწერის სახელოსნოები ნაწილობრივ ამ მიზანსაც ემსახურება - ჩვენთან დახმარების სათხოვნელად მოსულნი რეაბილიტაციის პერიოდში იქ მუშაობენ. ახლა მოვიტანეთ დანადგარები, რათა სადურგლო სახელოსნოც ავამუშაოთ.

- გამოიღო თუ არა თქვენმა მუშაობამ შედეგი?

- ორი წელია, ამ მონასტერში ვარ და ამ მოკლე ხნის განმავლობაში უკვე რვა კაცმა დაანება თავი წამლის კეთებას, ჯანსაღ ცხოვრებას დაუბრუნდა, ეს კი ცოტა არ არის. ადამიანს, რომელიც ჩვენთან მოვა, აუცილებლად თვითონვე უნდა სურდეს გამოჯანმრთელება, უნდა შეიგნოს, რომ ეს სენი მისთვის დამღუპველია. ვერც ერთი ნარკომანი, რომელიც მხოლოდ მშობლის ან თუნდაც მეუღლის ხათრით მოდის აქ, ვერ იკურნება. ჩვენ, ქრისტიანები, როცა ტაძარში შევდივართ, ღმერთს ვთხოვთ: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე", - გვახსოვს, რომ ცოდვილები ვართ. ასევე უნდა ახსოვდეს ნარკომანსაც, რომ ის ქრონიკული ავადმყოფია და ამან შეაძრწუნოს, რათა შემდგომში აღარ წასძლიოს სულმა.

- მამაო, თქვენი აზრით, რა პრობლემების წინაშე დგას თანამედროვე ადამიანი და სად ხედავთ გამოსავალს?

- თანამედროვე ადამიანი თავისუფლებას ეძებს და ჰგონია, ყველაფრის უფლება აქვს. სინამდვილეში თავისუფლება საკუთარი თავის დამორჩილების უნარია, როცა შეგიძლია, სხეული სულის მეშვეობით მართო. თავისუფლებადაკარგული ადამიანია ნარკომანიც - მონა ნივთიერებისა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეუძლია. მონობაა ვერცხლისმოყვარეობა, ნაყროვანება, ლოთობაც. გამოდის, რომ ადამიანი თავისუფლებას მონობაზე ცვლის. თანამედროვე ადამიანმა ღმერთი დაივიწყა, მის ნებას საკუთარი ურჩევნია - ჰგონია, ის უკეთესია. ამიტომაც არის, ღმერთი ამდენ განსაცდელს რომ უგზავნის ქვეყნიერებას. ადამიანი ერთ რამეს უნდა მიხვდეს: რაც უნდა წინ წავიდეს მისი განვითარება, არსებობს მასზე უფრო დიდი ძალა, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი სხვაგვარად წარმართოს. თუ კაცი თავის თავში ამპარტავნებას სძლევს და ღვთაებრივს წამოსწევს წინ, ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

უფალი ამბობს: "არათუ მსხვერპლთა შენთათვის გამხილო შენ, რამეთუ საკვერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის... რამეთუ ჩემი არს ყოველი მხეცი ველისა, ნადირი მთათა და ყოველი პირუტყვი... შეთუმემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსება მისი... შესწირე ღმერთსა მსხვერპლი ქებისა და მიუსრულენ მაღალსა აღნათქვამნი შენნი" (ფს. 49). ნათლობის დროს ღმერთს აღთქმას ვაძლევთ, რომ განვეშორებით ეშმაკისაგან, განვაგდებთ სატანას და შევუდგებით ქრისტეს. ეს აღთქმა უფალს უნდა შევუსრულოთ. უნდა მივხვდეთ, რომ ღმერთია ყველაფერი, სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია მხოლოდ უფალშია. მხოლოდ ის ანიჭებს ადამიანს ჭეშმარიტ ბედნიერებას. სულში სიმშვიდე ისადგურებს მაშინ, როცა ღვთისა და ადამიანის ნება ერთმანეთს ხვდება.

უფალს ადამიანისთვის განვითარება არ დაუშლია. შემოქმედების ნიჭი სწორედ ღვთისგან ბოძებული ჯილდოა, მისი "ხატებისა და მსგავსების" გამოვლენა. ღმერთმა კაცს მომადლა ნიჭი - იზრდებოდეს, ვითარდებოდეს. მთავარია, როგორ გამოიყენებს ადამიანი ამ ნიჭს.

- რა იგულისხმება სიტყვებში: "მონასტერი არის სასუფეველი დედამიწაზე და ბერული ცხოვრება არის ანგელოზური ცხოვრება"?

- ბერი თავისი ცხოვრების სიწმინდით უნდა ჰგავდეს ანგელოზს. მონასტერი ის ადგილია, სადაც ადამიანი განწმენდას აღწევს; სადაც მხოლოდ უფლის ხსენებაა; სადაც კაცნი ღვთის სიყვარულით არიან გაერთიანებულნი. ეს არის ადგილი, სადაც სასუფევლისთვის იღვწიან, თუმცა უფალი გვეუბნება, სასუფეველს ნურსად ნუ ეძებთ, ის თითოეული თქვენგანის გულშიაო. რომ ვთქვა, მონასტერში სრული ჰარმონიაა-მეთქი, სიცრუე იქნება; ადამიანი ისე როგორ იქნება, ან გული არ მოუვიდეს, ან თავად არ გაანაწყენოს სხვა... მთავარია, მიტევება შეგვეძლოს, გულის მოსვლა მრისხანებასა და ავსიტყვაობაში არ გადაგვეზარდოს. ვნებებისგან თავისუფალი მხოლოდ წმინდანნი არიან.

მონასტერში ლოცვა და შრომა ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს. სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკვდარიაო, ამბობს იაკობ მოციქული. ერთხელ ანტონი დიდმა უფალს სთხოვა, გამომიცხადე, როგორ ვცხონდეო. პასუხად იხილა ანგელოზი, რომელიც ადგებოდა, ლოცულობდა, დაჯდებოდა და კალათებს წნავდა. შრომისა და ლოცვის მონაცვლეობა საწინდარია იმისა, რომ სრულყოფილებას მივაღწიოთ. კაცი მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ უნდა შრომობდეს. არც ერისკაცი და, მით უმეტეს, არც მონაზონი გულხელდაკრეფილი არ უნდა იჯდეს. ხშირად გვეხმარებიან, შესაწირავებს გვიგზავნიან, მაგრამ მონაზონიც შეძლებისდაგვარად უნდა იღვწოდეს, რათა გლახაკი დააპუროს, შიშველი შემოსოს... შრომისა და ლოცვის მონაცვლეობა მონაზვნური ცხოვრების ძირითადი წესია.

- ყველა მსურველს იღებენ მონასტერში?

- უფალი ამბობს: ვინც ჩემკენ მომავალს დააბრკოლებს, ურჩევნია, წისქვილის ქვა მოიბას ყელზე და წყალში გადავარდესო. ჩვენ არ ვიცით, რა პოტენციალია თითოეულ მომსვლელში, ამას დრო გვიჩვენებს, ამიტომ შანსს ყველას ვაძლევთ.

- დაბოლოს, რას უსურვებდით ჩვენს ხალხს, ჩვენი ჟურნალის მკითხველებს?

- ქართველ ხალხს ვუსურვებდი სულიერ მხნეობას, მარადის ღვთის იმედის ქონას, იმიტომ რომ ჩვენს დროში ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები სასოწარკვეთილებას ეძლევიან. მინდა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს ღვთის სასოება, მოყვასის სიყვარული. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთმანეთის დახმარების სურვილი. ადამიანები არ უნდა დავყოთ კატეგორიებად, რომ ის ცოდვილია და ის მართალია. ყველას რაღაც გვეშლება, მაგრამ უნდა გვქონდეს იმის უნარი, რომ ჩვენი თავი იმ ცოდვით დამძიმებული ადამიანის ადგილას დავაყენოთ, რათა დავინახოთ მისი ტკივილი და შევძლოთ დახმარება.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
ბეჭდვა
1კ1