ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, სხვისი ჭირი გავითავისოთ, გულთან ახლოს მივიტანოთ
ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, სხვისი ჭირი გავითავისოთ, გულთან ახლოს მივიტანოთ
მღვდელმსახურება უფლის უდიდესი კეთილმოქმედებაა ადამიანების მიმართ. მღვდელი მარადისობის გზის მაჩვენებელია. ანაფორის ტარება უდიდესი მადლია და უდიდესი პასუხისმგებლობაც. ერთი მოძღვარი ამბობდა: "ანაფორას იმიტომ ვიცვამთ, რომ ნათელს ვაზიაროთ ჩვენი სული. მაგრამ საჭიროა დიდი ყურადღება, ვინაიდან ამქვეყნიურ პატივს, სახელსა და ეგოიზმს შეუძლია ისე შეატრიალოს საქმე, რომ სულის ხსნის მაგივრად, სული დავკარგოთ". მღვდელი მშვიდი და გულით მდაბალი წარმომადგენელია ქრისტესი ამქვეყნად.

ჩვენი სტუმარია ანჩისხატის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი (ჩახვაშვილი). მამა გიორგი რუსთავის მიტროპოლიტის, მეუფე ათანასეს ვაჟიშვილი გახლავთ.

- თქვენმა ბავშვობამ ეკლესიის წიაღში გაიარა. ამიტომ გადაწყვიტეთ, მღვდელი გამხდარიყავით?

- გაჩენის დღიდან, რაც თავი მახსოვს, სულ ეკლესიაში ვიყავი. ბევრჯერ მთელი ოჯახი წავსულვართ ღამისთევით. ბავშვობაში ეკლესიაში დამიძინია კიდეც. თანაც სხვადასხვა ტაძარში დავდიოდით. ამან, რა თქმა უნდა, ძალიან იმოქმედა ჩემს შეხედულებებზე. ამიტომ გადავწყვიტე, სკოლის დამთავრებისთანავე ჩამებარებინა სასულიერო სემინარიაში. პრაქტიკას გავდიოდი კახეთში. თელავის ღვთაების ეკლესიაში მაკურთხეს დიაკვნად. რამდენიმე ხნის შემდეგ კახეთში მომიწია მსახურება, შვიდი წელი რუსთავის ეპარქიაში, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ვიმსახურე, ოთხი წელია, რაც ანჩისხატის ეკლესიაში ვარ.

- როგორც სასულიერო პირის შვილს, რაიმე დაბრკოლება ხომ არ შეგხვედრიათ სკოლის პერიოდში ან ოდესმე სხვა ხელობაზე ხომ არ გიოცნებიათ?

- სკოლაში იცოდნენ, ვისი შვილი ვიყავი, როგორ ოჯახში ვიზრდებოდი. სკოლასთან ახლოს ვცხოვრობდი და ჩემს ოჯახს ყველა იცნობდა. მაშინ უკვე სუსტდებოდა კომუნისტური რეჟიმი. სხვათა შორის, ჩემი მასწავლებლები მორწმუნეები იყვნენ. ჩუმ-ჩუმად ჯვრებიც მიმქონდა მათთან და საეკლესიო ლიტერატურაც. რამდენიმეს "ახალი აღთქმაც" ვაჩუქე. ასე რომ, არანაირი დაბრკოლება არ მქონია ამ მხრივ.

ბავშვობაში არ ყოფილა შემთხვევა, ტაძარში წასვლა დამზარებოდეს. დიდ სიხარულს მანიჭებდა მორწმუნე ხალხთან ურთიერთობა, საუბარი. ისინი მომითხრობდნენ ამბებს ეკლესიის შესახებ, სასწაულებზე, გამოცხადებებზე. იმდენად იმოქმედა ჩემზე მათთან ურთიერთობამ და იმდენად ტკბილ მოგონებად დამრჩა ეს ყველაფერი, რომ სურვილი გამიჩნდა, სულ ეკლესიაში ვყოფილიყავი, ღვთისთვის მემსახურა. თუმცა სკოლაში ბეჯითად ვსწავლობდი და შემეძლო, ნებისმიერი სხვა პროფესია ამერჩია. გარდა ამისა, მამამაც მირჩია - კარგი იქნება, თუ ჩვენს ტრადიციულ გზას დაადგებიო.

- თქვენს ოჯახზეც გვესაუბრეთ. რა ღირსებების მატარებელი უნდა იყოს ზოგადად ქრისტიანული ოჯახი?

- ოჯახი 19 წლისამ შევქმენი. ჩემს მეუღლეს თეა ჰქვია. მყავს ორი შვილი: ხატია და საბა. უფროსი VI კლასში სწავლობს, უმცროსი IV-შია.

ქრისტიანული ოჯახი აუცილებლად უნდა იყოს სტუმართმოყვარე, მოწყალე. მოწყალებაშია სწორედ დიდი ქრისტიანობა. ქრისტიანულმა ოჯახმა მშიერს უნდა აჭამოს, შიშველს ჩააცვას; უნდა იაროს ტაძარში, ილოცოს, ეზიაროს, ევედროს უფალს; მადლობა უნდა შესწიროს ღმერთს თავისი ცხოვრებისათვის, სამსახურისათვის, ოჯახისათვის, ჯანმრთელობისათვის და ა.შ. არ შეიძლება, მართლმადიდებელი ოჯახი კვირაში ერთხელ მაინც არ წავიდეს ეკლესიაში და არ დაესწროს წირვა-ლოცვას. ეს უპირატესია. შემდგომ შვილთან, მეუღლესთან ურთიერთობა უნდა მოაგვაროს. ეკლესიური თვალსაზრისით, ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი, თავისი კანონი აქვს. ყველა კანონის შესრულება შეიძლება ვერ შევძლოთ, მაგრამ მეტ-ნაკლებად უნდა ვეცადოთ ათი მცნების შესრულებას.

- ზოგი მშობელი მეტისმეტად ლმობიერად ეპყრობა შვილებს, ზოგი კი მეტისმეტ სიმკაცრეს იჩენს. ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ მაინც, სად არის "ოქროს კვეთი"?

- პირადად მე ასეთი მიდგომა მაქვს: ტელევიზორის ყურება ხშირად აზიანებს ბავშვის სულს. მაგრამ ყურებას მკაცრად კი არ ვუკრძალავ ჩემს შვილებს, რადგან ხშირად "აკრძალული ხილი" უფრო საინტერესო ხდება ხოლმე, არამედ ვუკითხავ ლიტერატურას, სტატიებს, სადაც წერია იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს მართლმადიდებელმა ბავშვმა, რა უნდა უყვარდეს და რა - არა. მე ნაკლებად მიწევს შინ ყოფნა. კატეგორიულად რომ ავუკრძალო თუნდ ტელევიზორის ყურება, შეუძლიათ ჩემი შინ არყოფნისას გააკეთონ ეს. ყველანაირად ვცდილობ, ბავშვები დავაინტერესო წიგნებით, მსოფლიო ლიტერატურით, სასარგებლო საქმეებით. ჩემს შვილებს განსაკუთრებით უყვართ საეკლესიო ლიტერატურის კითხვა. შეიძლება ითქვას, ჩვეულებრივი ქართული მორწმუნე ოჯახი გვაქვს - ვლოცულობთ, ვშრომობთ...

- რა გრძნობა დაგეუფლათ მღვდლად კურთხევისას?

- ძალიან გამიჭირდა. დიაკვნად რომ მაკურთხეს, საკუთარ თავს ჩავაგონე, ჩემი ნაბიჯი გადაიდგა-მეთქი. ერისკაცს შეუძლია შეიცვალოს პროფესია, მაგრამ სამღვდელო პირისათვის უკან დასახევი გზა არ არსებობს. ვიცოდი კიდეც, რას ნიშნავდა ეს, იმიტომ, რომ სულ მღვდლების გარემოცვაში ვტრიალებდი; ვუყურებდი, რას აკეთებდნენ, როგორ ცხოვრობდნენ, რაზე ამბობდნენ უარს და ეს ყველაფერი გათავისებული მქონდა, მაგრამ მღვდლად კურთხევისას მაინც საშინელი ბრძოლა დამეწყო. შიშის გრძნობა დამეუფლა - ვაითუ ღვთის საკადრისად ვერ შევასრულო რამე და ან მე, ან ჩემი ოჯახი დაისაჯოს-მეთქი. შემდგომ ისევ და ისევ ლოცვით დავძლიე დაბრკოლება. ახლა ამაზე იმდენად აღარ ვფიქრობ, რადგან მივხვდი, რომ ყოველთვის მართალი ვერც მღვდელი და ვერც ვერავინ ვერ იქნება. მეტ-ნაკლებად ალბათ ყველას აქვს რაიმე ცოდვა, მაგრამ ღმერთი მოწყალეა - "სადაცა გამრავლდეს ცოდვა, მუნ გარდაემეტოს მადლი".

- რა გეხმარებათ ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში?

- ლოცვა და მარხვა. მარხვით ადამიანი შინაგანად ძლიერდება, იწმინდება. თუნდაც უფრო მეტ ლოცვებს კითხულობს. აღდგომის მარხვაში ყოველდღიური მსახურებებია. მღვდელს ოჯახმაც უნდა შეუწყოს ხელი. ამ მხრივ ჩემს ოჯახში შესანიშნავი ატმოსფეროა. ამ ყველაფერთან ერთად ტვირთის სიმძიმე იოლად გადამაქვს, არა იმიტომ, რომ იგი ადვილია, არამედ დახმარებას ვგრძნობ. მღვდლები, რომლებიც ერთად ვმსახურობთ ეკლესიაში, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გასაჭირს, ვლოცულობთ, ვიხსენიებთ ლოცვებში და ვუადვილებთ ერთმანეთს ჯვრის ტარების სიძნელეს.

- როგორი ურთიერთობაა თქვენსა და მრევლს შორის? ხშირად ადამიანებს უჭირთ მოძღვართან გულახდილი საუბარი. როგორი უნდა იყოს, ზოგადად, მოძღვრის დამოკიდებულება მრევლის მიმართ?

- მოძღვარსა და მრევლს შორის აუცილებლად უნდა იყოს მამაშვილური ურთიერთობა. მრევლს არ უნდა ეშინოდეს სულიერი მოძღვრისა, მათ შორის არ უნდა იყოს ისეთი დისტანცია, რომ რაც აწუხებს, ვერ უთხრას მოძღვარს. ვფიქრობ, მე და ჩემს მრევლს ძალიან თბილი და ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. ყველა თემაზე შეგვიძლია საუბარი. თუ რაიმე გასაჭირი და პრობლემები აქვთ პირად ცხოვრებაში, ოჯახსა თუ სამსახურში, ყველაფერს გულახდილად მიყვებიან და მეც ვურჩევ, რა სჯობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ სიტუაციაში. გარდა ამისა, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და დასაახლოებლად, დავდივართ მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მოვლილი გვაქვს მთელი კახეთი. მეტად მორჩილი მრევლი მყავს, მადლობელი ვარ მათი, ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი ადამიანები არიან.

- მამაო, რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ სათნოებად?

- გაჭირვებულის დახმარება. მოწყალე ადამიანი არ შეიძლება ცუდი იყოს. ვინც გულით მოწყალეა, ვისაც ყველა ცოცხალი არსება ებრალება, ბოროტი ვერ იქნება და ღვთის წინაშე ალბათ პირველ საფეხურზე დგას, რადგან თავად უფალი ბრძანებს: ვინც დაეხმარება ჩემს ძმათაგანს, ის მე მეხმარებაო. "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" - ასეთი დიდი ძალა აქვს მოწყალებას.

- საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ძალიან უჭირს. თქვენ უკეთ უწყით მათი სატკივარი. მშრომელი და ნიჭიერი ადამიანები საზღვარგარეთ მიდიან. რა მიგაჩნიათ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად ჩვენი ერისთვის და სად ხედავთ გამოსავალს?

- ცნობილი პრობლემებიდან ყველაზე მტკივნეული უმუშევრობაა. ყველა სხვა სატკივარი მას უკავშირდება და მისგან გამომდინარეობს. ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ჩვენი საზოგადოება უფრო გაღიზიანებულია. სხვის ქონებაზე ჩვენს ხალხს თვალი არ უჭირავს; მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ იშრომონ და შრომის საზღაური მიიღონ. რომ ამბობენ, ქართველი ხალხი გაზარმაცდაო, არ არის მართალი. უბრალოდ, სამსახური არ არის ფიზიკურად. სხვა მხრივ, ქართველი კაცი ცოტა ამაყი და ქედმაღალია და არ უნდა სხვისგან დახმარების მიღება. პირიქით, აქეთ დაეხმარება სხვას, ოღონდ ამისი საშუალება ჰქონდეს. ჩემი აზრით, ამ პრობლემის მოგვარებით ყველაფერი მეტ-ნაკლებად მოგვარდება.

არავის უნდა საზღვარგარეთ წასვლა, ოჯახს მოწყვეტა. იმიტომ მიდიან, რომ იმედი აქვთ, იშრომებენ, ოჯახს არჩენენ. მცირეოდენ თანხას მოუყრიან თავს და ჩამოვლენ, პატარა საწარმოს აამუშავებენ, აღარ შეეშინდებათ ხვალინდელი დღის. ბევრისგან გამიგია, რომ იძულებული იყო, ბოლო რაღაც გაეყიდა და საზღვარგარეთ წასულიყო, რათა ოჯახს რაღაცით დახმარებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მათ აქ ცოტა ხელფასი ურჩევნიათ, მაგრამ ის ცოტაც არა აქვთ...

- ეს ყველაფერი ჩვენს ზნეობაზეც აისახება. დღეს ღირებულებების ჩანაცვლება ხდება. განსაკუთრებით უჭირს ახალგაზრდობას. მათ ხომ ჯერ კიდევ გამყარებული არა აქვთ ზნეობრივი ფასეულობები და ორიენტირები...

- ყველაფერი თითქოს ჯაჭვური რეაქციით ხდება. ბავშვი როცა წამოიზრდება, სკოლას ამთავრებს და სტუდენტი ხდება, უყურებს გვერდით მჯდომ თანატოლს, რომელიც მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახიდანაა და მასაც უჩნდება ბევრი რამის ქონის სურვილი. მშობელს ადანაშაულებს ხელმოკლეობისთვის. მერე მშობლებსა და შვილებს შორის ხდება გაუგებრობა, გაუცხოება (ხშირად - კონფლიქტი): სხვები თუკი შოულობენ ფულს, თქვენც იშოვეთო, - საყვედურობენ. მშობელმაც რა ქნას, ხომ ვერ იქურდებს? შემდეგ ახალგაზრდა თვითონ ცდილობს რამე გზას დაადგეს ფულის საშოვნელად და სწავლაზე ნაკლებად ფიქრობს - ამისი დრო და საშუალება აღარა აქვს. სამწუხაროდ, ახალგაზრდები, წამხედურობით, უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ჩაცმა-დახურვას, ვიდრე სწავლა-განათლებას. უმრავლესობა სწავლასაც სკეპტიკურად უყურებს - სამსახურს მაინც ვერ ვიშოვითო. არც ერთის დადანაშაულება არ მინდა, არც შვილის და არც მშობლის. მეტ-ნაკლებად ყველანი ვართ დამნაშავენი, მთელი საზოგადოება, ერიც და ბერიც. ისეთი ცხოვრება დადგა, რომ ადამიანებს სხვისი ჭირი ნაკლებად ანაღვლებთ. თითქოს ყველა თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი. ჭეშმარიტად მორწმუნე არც ისე ბევრია. ვფიქრობ, საზოგადოება ერთად უნდა იყოს. მაგალითად, თუკი ვინმე ცუდად არის, მარტო მე არ უნდა დავიწყო ყვირილი - ეს კაცი ცუდად არის, დახმარება სჭირდება-მეთქი. ამას არავინ გაიგონებს. ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, სხვისი ჭირი გავითავისოთ, გულთან ახლოს მივიტანოთ. სხვანაირად არ გამოვა ეს ცხოვრება. რომ ვთქვი, სტუდენტები სხვადასხვა გზას პოულობენ-მეთქი, სამწუხაროდ, ზოგი მათგანი ნარკომანიის გზას პოულობს და ამგვარად ცდილობს გაექცეს პრობლემებს; ზოგიც პროსტიტუციის გზას ადგება... ეს ჩვენი ერისთვის მძიმე ლოდია.

- რა შეუძლია ლოცვის ძალას?

- აუცილებლად უნდა გვჯეროდეს ღვთის უსაზღვრო სახიერებისა და მოწყალებისა. უფალი ბრძანებს: ვინც ჩემს გვერდით იქნება, მეც მის გვერდით ვიქნებიო. უფლის გვერდით დგომა ადამიანს აძლიერებს. სარწმუნოება გადაარჩენს ადამიანს. როდესაც ადამიანზე უფლის მადლი გადმოდის, ის უკეთ ხედავს გზას, გამოსავალს. ბევრს უთქვამს ჩემთვის, საიდან და როგორ ვიშოვე სამსახური, თვითონაც არ ვიციო. შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი უფლის ხელშია. ერთადერთი გზა რწმენაა.

ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. ღვთის განგება იმდენად დიდია, რომ ლოცვას ყველაფრის გარდატეხა შეუძლია. ღვთისაგან მონიჭებული ძალით და ლოცვით ბევრი ადამიანი განკურნებულა ისეთი ავადმყოფობისგანაც კი, რომელსაც დღევანდელი მედიცინა ვერ შველის. ყოფილა შემთხვევები, რომ თუნდაც მოძღვრის ლოცვით მრავალი სასწაული აღსრულებულა. წმინდანთა ლოცვაზე დგას სამყარო. ჩვენ თუ ლოცვის ძალისა არ გვჯერა, მაშინ ამაოდ დავდივართ ეკლესიაში.

- ანჩისხატის სახელობის ეკლესია ერთ-ერთი უძველესია თბილისში. თითქმის ყველას რაღაც განსაკუთრებული მოწიწების გრძნობა ეუფლება ამ ტაძარში შესვლისას.

- ძალიან დიდი მადლი აქვს ამ ტაძარს. აქ არის სამეფო ტახტი, რომელზეც წმინდა ვახტანგ გორგასალი დაბრძანდებოდა და უსმენდა ლოცვებს. ამ ადგილთან გავლა, ცოტა არ იყოს, შემზარავს ხოლმე, ამიტომ შორიდან ვუვლი, ვეკრძალები. სხვაგვარი გრძნობა გეუფლება, როცა იცი, რომ აქ ამდენი წმინდა მამა, კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენდა წირვას. თავის დროზე ეს ტაძარი საკათედრო იყო. რუსთავიდან რომ უნდა გადმოვსულიყავი თბილისში, სხვათა შორის, შემომთავაზეს რამდენიმე ტაძარში მსახურება და მე ანჩისხატი ავირჩიე. ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა იგი და ადრეც ხშირად დავდიოდი. ასევე, აქ არის წმინდა ევდემოზ კათოლიკოსის საფლავი, რომელიც ქრისტესთვის აწამეს.

- საქართველოში ბოლო დროს ბევრი ტაძარი აშენდა. ზოგჯერ ამბობენ, ახლის აშენებას ძველის აღდგენა სჯობსო. თქვენ რას იტყვით ამაზე?

- მიხარია, რომ ეკლესიების რიცხვი მრავლდება. საქართველოში ადრე გაცილებით მეტი ეკლესია იყო. ჩვენი ერი ისეთი მორწმუნეა, რომ ომიანობის დროს საზრდოც მოჰყავდა, შრომობდა, თან იბრძოდა - მტერს იგერიებდა და მაინც ამხელა ტაძრებს აშენებდა. ჩვენ ისეთი წინაპრების შთამომავლები ვართ, რომლებიც ყველაფერს ასწრებდნენ. ეს საოცარი ფაქტია. რაკი დღეს ტაძრებს ვაშენებთ, ეს მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ცოცხლობს ჩვენში წინაპართა რწმენა, მხნეობა.

მე პირადად მირჩევნია, ჯერ ძველი ტაძრები აღვადგინოთ, განვაახლოთ და მერე ახლები ავაშენოთ.

- დაბოლოს, მამაო, რას უსურვებდით "კარიბჭის" მკითხველს, ქართველ ხალხს. როგორ დალოცავდით მათ?

- ქართველ ხალხს ვუსურვებ სულიერ ძლიერებას, რწმენას, სიკეთეს. იყვნენ მორჩილნი, უყვარდეთ უფალი; უყვარდეთ მოყვასი, მშობლები, შვილები. უყვარდეთ ყველა, მტერიც კი. და ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გადარჩება.

დავლოცავ ამ ჟურნალის მკითხველს, სრულიად საქართველოს! ღმერთმა დაგლოცოთ და არ მოგაკლოთ ჯანმრთელობა, სიკეთე, სიხარული, დღეგრძელობა და ყველაზე მთავარი - ღვთის შიში, რადგან "შიში არს დასაბამი ყოვლისა სიბრძნისა". ამის გარეშე ადამიანი მორწმუნე ვერ იქნება.
ბეჭდვა
1კ1