მღვდლობა იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ტკივილი გტკიოდეს და სიხარული გიხაროდეს. თუ ამას არ აკეთებ, მაშ, აღარც ღმერთს ემსახურები
მღვდლობა იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ტკივილი გტკიოდეს და სიხარული გიხაროდეს. თუ ამას არ აკეთებ, მაშ, აღარც ღმერთს ემსახურები
ჭეშმარიტი მოძღვარი ყოველთვის თანაუგრძნობს მრევლს. ერთმა მოძღვარმა თავისი ტკივილი ასე გამოხატა: "მთელი არსებით თანავუგრძნობ აღსარებაზე მოსულს. მტკივა მასთან ერთად. მტკივა და ვტირი. წმინდა დავითს ვევედრები, რომ აღსარების შემდეგ დამავიწყოს, რაც ზედმეტია და დამამახსოვრდეს მხოლოდ ის, რისთვისაც უნდა ვილოცო. ვლოცულობ მონანულისთვის, მაწუხებს მისი ბედი და ველი მის ხელმეორედ გამოჩენას".

მღვდელმსახურება უდიდესი მადლია, რომელსაც მოკვდავის გონება ვერ მისწვდება. თუნდაც მხოლოდ ის რამდენს ნიშნავს, რომ მღვდელი უფლებამოსილია, ცოდვები შეუნდოს უდიდეს ბოროტმოქმედს და სააღმსარებლოდან განსპეტაკებული გაუშვას.

ჩვენი სტუმარია საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი იოსები (გოგოლაძე), რომელიც უკვე ცხრა წელიწადია ემსახურება უფალსა და მრევლს და, როგორც თავად ამბობს, მღვდლობა მისთვის იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ტკივილი გტკიოდეს და სიხარული გიხაროდეს.

- მამა იოსებ, როგორ დაიწყო ეკლესიასთან თქვენი ურთიერთობა?

- ბებია, მამაჩემის დედა, რომელიც წარმოშობით უკრაინელი იყო, მორწმუნე, აღმსარებელი და მაზიარებელი ქალი გახლდათ. ბებია ლაგოდეხში ცხოვრობდა, მე კი ბორჯომში ვიზრდებოდი, ამიტომ მასთან მხოლოდ ზაფხულს ვატარებდი ხოლმე, მაგრამ ამ ხნის განმავლობაშიც ბევრს ვსწავლობდი მისგან. ჯერ კიდევ პატარას მასწავლიდა პირჯვრის გამოსახვას, მის მნიშვნელობას. ვატარებდი ჯვარსაც, რომელიც ერთხელ მასწავლებელმა მომახსნევინა და ტარება ამიკრძალა. მაშინ ბავშვი გახლდით და ბოლომდე არ მესმოდა ჯვრის ტარების აუცილებლობა, ამიტომაც წინააღმდეგობა არ გამიწევია...

ეკლესიაში კი ჯარიდან დაბრუნების შემდეგ მივედი. ჩემი მეზობლები არიან მამა ვახტანგი (სტეფნაძე), რომელიც ამჟამად დეკანოზია და დიდუბის ეკლესიაში მსახურობს და მისი ძმა ნუგზარი. სწორედ მათი გავლენით მოვექეცი.

- როგორ შეცვალა ეკლესიამ თქვენი მსოფლმხედველობა და დამოკიდებულება სამყაროსა და საკუთარი თავის მიმართ? საერთოდ, როგორ იცვლება ადამიანი ეკლესიური მადლის ზემოქმედების შედეგად?

- ეკლესიური ცხოვრება, რა თქმა უნდა, რადიკალურად ცვლის ადამიანის მსოფლმხედველობას. სხვაგვარად ფიქრობ, ხედავ, აფასებ, ერთი სიტყვით, სულ სხვა კაცი ხდები. უფრო სწორად, ეკლესიის წყალობით იქცევი კაცად და გიჩნდება სიყვარულის დიდი ძალა. სიყვარული, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ის სიყვარული, რომელიც აუცილებელია ღმერთთან მისაახლებლად, სწორედ ეკლესიური ცხოვრების შედეგად გიჩნდება. ამ სიყვარულს ვერ შევადარებთ იმ გრძნობას, რომელიც არაეკლესიურ ადამიანებს ამოძრავებს.

- სასულიერო პირობა როგორ გადაწყვიტეთ?

- ეს აზრი სასულიერო სემინარიაში სწავლისას მომწიფდა ჩემში. სემინარია 1993 წელს დავამთავრე, ერთხანს სიონში ვმსახურობდი სტიქაროსნად, სამი წლის შემდეგ კი დიაკვნად მაკურთხეს.

- გვიამბეთ თქვენს ოჯახზე. საზოგადოდ, როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი?

- ჩემი მეუღლე, ხათუნა მხატვრიშვილი, საპატრიარქოში გავიცანი. მე იქ ვმუშაობდი, ჩემი მეუღლე კი - ჟურნალ "ჯვარი ვაზისას" რედაქციაში. ექვსი შვილი მყავს: ნინო, ალექსანდრე, ლუკა, ანასტასია, ვაჩე და დავითი. უფროსი ათი წლისა, უმცროსი - 9 თვის.

ქრისტიანულ ოჯახზე ბევრი წმინდა მამის სწავლება არსებობს. თანამედროვე მამებიც გვასწავლიან ამის შესახებ. ოჯახში პირველ რიგში უნდა იყოს სიყვარული, სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა. ბავშვი ჩვილობიდანვე უნდა მიეჩვიოს სიყვარულს, ეკლესიასა და მღვდელთან ურთიერთობას.

- რა თვისებებს იძენენ ბავშვები მრავალშვილიან ოჯახებში?

- მე ვიტყოდი, რომ ასეთ ოჯახებში ბავშვები უფრო მოსიყვარულენი არიან, უფრო მშვიდები. უფრო მეტად აფასებენ ერთმანეთს, უკეთ იციან მშობლების პატივისცემა, სიმშვიდის ფასიც და მშობლების მხარში ამოდგომაც. მაგალითად, მე და ჩემს მეუღლეს უფროსი შვილები გვეხმარებიან პატარების გაზრდაში და ამით გამოცდილებასაც იძენენ სამომავლოდ.

- ჩვენს ქვეყანაში ძნელია რამდენიმე შვილის ყოლა...

- მე ვფიქრობ, ეს მხოლოდ საბაბია, რათა ადამიანებმა დემოგრაფიული პრობლემის მიმართ თავიანთი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება გაამართლონ. ბევრი მრავალშვილიანი ოჯახი ვიცი, როგორც სასულიერო პირთა, ასევე ერისკაცთა. სირთულეები, რა თქმა უნდა, ყველას აქვს, მაგრამ... ხომ გახსოვთ: "მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ". ყველა ქრისტიანის დამოკიდებულება ასეთი უნდა იყოს. როგორც იქნები განწყობილი უფლის მიმართ, მისი ნებელობის მიმართ, იმის მიხედვითვე შეძლებ ან ვერ შეძლებ შენი ტვირთის ზიდვას. თავიდათავი ღვთის რწმენაა, მისდამი უდრტვინველი მორჩილება. ჩვენ საკუთარ თავს უფრო მეტად ვენდობით, ვიდრე უფალს...

- მღვდლის ცხოვრება იოლი არ არის, მაგრამ მას ამ მძიმე ჯვრის ტარებაში უფალი ეხმარება. რა არის თქვენთვის უდიდესი ნუგეში?

- ჩემი აზრით, მღვდლობა იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ტკივილი გტკიოდეს და სიხარული გიხაროდეს. თუ ამას არ აკეთებ, მაშ, აღარც ღმერთს ემსახურები. ჩემი სულიერი ნუგეში, პირველ ყოვლისა, ის არის, რომ ექვსი შვილი მყავს. მღვდელს, აგრეთვე, ანუგეშებს ის, რომ ჰყავს მრევლი, რომელიც მას მხარში უდგას ქრისტიანული ცხოვრებითა და აზროვნებით, წიგნიერებით. როდესაც მრევლი ცდილობს, მოიპოვოს სულიერი წარმატება, - ყველაზე მეტად ეს არის მღვდლის ტვირთის შემსუბუქება.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ მრევლთან?

- მრევლთან ჩემი ურთიერთობა მხოლოდ აღსარებით არ შემოიფარგლება. ეს არის საკმაოდ ინტენსიური, ცოცხალი და მჭიდრო ურთიერთობა. გვაქვს ასეთი ტრადიცია: ყოველ ოთხშაბათს ვიკრიბებით, მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მცირე ქადაგებები. ჩვენი ეკლესიის გვერდით, სამლოცველო ოთახში, დგას ტრაპეზი, რომელიც ნაკურთხია წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელზე; აქ ვატარებთ წირვას. გიმნაზიას, რა თქმა უნდა, ცოცხალი ურთიერთობა აქვს ტაძართან. ბავშვების უმრავლესობა ჩვენი ეკლესიის მრევლია, თუმცა, სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებიც არაეკლესიური ოჯახებიდან არიან და მოძღვარი არ ჰყავთ.

- ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. თქვენ, როგორც მოძღვარმა, უკეთ იცით, რა აწუხებს დღევანდელ ადამიანს. რაში ხედავთ გამოსავალს?

- ასეთი დრო, ჩემი აზრით, ყოველთვის იყო. პრობლემებს ჩვენ თვითონ ვიქმნით და თვითონვე ვიმძიმებთ ცხოვრებას ჩვენი უსიყვარულობით, არაეკლესიურობით, თორემ ჭეშმარიტი მორწმუნისთვის პრობლემა არ არსებობს! ასეთი ადამიანი ნებისმიერ განსაცდელს იღებს როგორც ღვთისგან მოვლენილს და ამისათვის მადლობას სწირავს უფალს. ჩვენ, სამწუხაროდ, ამდენი რწმენა არ გაგვაჩნია და პატარა განსაცდელსაც პრობლემას ვეძახით. როცა ადამიანი არ ცდილობს, მიმართოს უფალს და შეწევნა სთხოვოს, ვერასოდეს დააღწევს თავს ამ გასაჭირს. სამწუხაროა, რომ ასეთი ხალხი ძალიან ბევრია.

- თუმცა ხშირად ადამიანი სწორედ განსაცდელს მიჰყავს ღმერთთან...

- წმინდა წერილი ბრძანებს: "გამოუკვლეველ არიან გზანი უფლისანი"... არავინ იცის, ვინ როგორ მიდის ღმერთთან. ეკლესიისკენ მიმავალი ათასი გზა არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, როცა გვიჭირს, მაშინ უფრო გვახსოვს ღმერთი, "კარგად ყოფნის" ჟამს კი ვივიწყებთ.

- საქართველოში უამრავი ეკლესია ამოქმედდა, მრევლი გამრავლდა, მაგრამ ზნეობრივი ღირებულებები გაუფასურდა, ეთიკური იდეალები გაფერმკრთალდა...

- ამ ძვირფას სიტყვას - "ზნეობას" - თანამედროვე ადამიანებმა სახელი შევუცვალეთ და "კომპლექსი" დავარქვით. უკომპლექსობა დღეს კარგ ტონად მიიჩნევა. ვინც ცდილობს, ზნეობის საზღვრებს არ გადავიდეს, ჩამორჩენილს უწოდებენ, უზნეოს კი განვითარებულ, პროგრესულ ადამიანად მიიჩნევენ. ბევრი რამ გადაფასდა ამ ხნის განმავლობაში. რაც მუდამ მისაღები და ფასეული იყო, გაუფასურდა, ხოლო რაც მიუღებელი იყო, მისაღები გახდა. ამაში, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს მეტ-ნაკლები ბრალი მიუძღვის.

რაც შეეხება მრევლის გამრავლებას, გეტყვით, რომ ბევრს არასწორად ესმის ცნება "ეკლესიურობა". ეკლესიური ცხოვრების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და არსი ცოტამ თუ იცის. ბევრი ეკლესიურობას არქმევს ტაძარში შესვლასა და სანთლის დანთებას ან წელიწადში ერთხელ აღსარების თქმასა და ზიარებას...

თანამედროვე ადამიანს გასული საუკუნეების ზნეობრივი კრიტერიუმებით ვერ მივუდგებით, ის შეიცვალა, თუმცა თუ წავიკითხავთ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებებს ან წმინდა ილია მართლის პუბლიკაციებსა და სტატიებს, ანდა გასული საუკუნის წმინდა მამათა გამონათქვამებს, განსხვავებას მაინცდამაინც ვერ დავინახავთ. მათი წუხილი და გულისტკივილი დღევანდელობისთვის საოცრად ნაცნობია.

- დაგეთანხმებით, მაგრამ თუნდაც ამ ერთი საუკუნის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. არნახული სიჩქარით განვითარდა ტექნიკური ცივილიზაცია. ადამიანი სულისთვის თითქმის ვეღარ იცლის. ჭეშმარიტი კულტურა ფსევდოკულტურამ განდევნა, ტელევიზიამ შეცვალა წიგნი... როგორ აღვუდგეთ წინ ამ ყოველივეს?

- მართალი ბრძანდებით, ტექნიკური ცივილიზაციის განვითარებამ გააუხეშა კულტურა და ადამიანი უფრო მეტად დააშორა ღმერთს. ზნეობრივი ნორმები, რომლებსაც ტელევიზია უშურველად გვთავაზობს, ადამიანის სულისთვის გამხრწნელი და დამღუპველია. განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება უცხოეთიდან შემოტანილ რეალითი შოუზე, რომელიც, რამდენადაც ვიცი, უამრავ მაყურებელს იზიდავს. ასეთი შოუ ადამიანს სხვისი გამუდმებული მზერის ქვეშ ცხოვრებას აჩვევს. ჩვენ ხომ ფაქტობრივად უკვე ვცხოვრობთ ასეთი ცხოვრებით: ჩვენ გვიყურებენ, გვამოწმებენ, ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ. მართალია, ჯერ ბოლომდე ვერა, მაგრამ მსოფლიო პოლიტიკა იქით მიდის, რომ დაწესდეს ერთიანი მსოფლიო კონტროლი ყველა ადამიანზე. გარდა ამისა, ამ პროექტების ავტორები ქადაგებენ იდეოლოგიას, რომლითაც თაობების აღზრდას აპირებენ. მისი მორალი ასეთია: გადარჩი, თავი დაიმკვიდრე და ამისთვის ნებისმიერი საშუალება გამოიყენე; თუ საჭიროა, ჩაძირე, დააბეზღე სხვა ადამიანი, თუნდაც შენი მეგობარი იყოს. ასეთი ზნეობრივი ნორმების პროპაგანდა, გასაგებია, საიდანაც მოდის. ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა და ვისაც სურს, მას წინ აღდგეს, ყოველგვარი ხრიკით გაამართლებს თავის ქმედებას. ხალხის უმრავლესობისთვის ახლა ჭეშმარიტება გახდა "ფული" და "მე". სიმდიდრისკენ ლტოლვა და უზნეობაა დღეს "ჭეშმარიტება".

- დღეს ბევრისგან გაიგონებთ, რომ ეკლესიას რეფორმა და მოდერნიზაცია სჭირდება. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

- ეს ძალიან აქტუალური კითხვაა. ეკლესიაში, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველანაირი რეფორმა და მოდერნიზაცია. უფალი ამას არ გვაპატიებს. ფსალმუნში ვკითხულობთ: "ათასი წელი წინაშე უფლისა, ვითარცა გუშინდელი დღე". წმინდა თეოფანე დაყუდებული ბრძანებს, რომ ქრისტიანობაში დროის სულისკვეთების მიხედვით არაფერი უნდა შეიცვალოს. აი ნაწყვეტი მისი ქადაგებიდან: "ჩემს ყურამდე მოაღწია ხმებმა, თითქოს ჩემი სწავლებანი ძალზე მკაცრად მიგიჩნევიათ და ფიქრობთ, რომ დღევანდელ დღეს ასე აზროვნება და ასე ცხოვრება არ შეიძლება. და ალბათ, აღარც ასე სწავლება შეიძლება, რადგან ის დრო წავიდა. როგორ გავიხარე ამის გამგონემ! ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყურადღებით მისმენთ და არა მარტო მისმენთ, არამედ მოსმენილის შესრულებაც მოგინდომებიათ. მეტი რაღა შეგვიძლია ვისურვოთ ჩვენ, ვინც იმას ვქადაგებთ, რაც გვამცნეს! მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს მოსაზრებას მაინც ვერაფრით დავეთანხმები. მისი დაძრახვა და შესწორება ჩემს მოვალეობად მიმაჩნია... ეს აზრი ბოროტი სათავიდან მოდის... შეუძლებელია, ქრისტიანობა თავის დოგმატებს, წესებს და მაკურთხებელ მოქმედებას დროის სულისკვეთების მიხედვით ცვლიდეს, შეუძლებელია, ამ სოფლის ძეთა მერყევი ხასიათის გათვალისწინებით ამ მოძღვრებას რამე მიემატოს ან დააკლდეს. ეს ასე არ არის. ქრისტიანობა მარადის ხელუხლებლად უნდა რჩებოდეს - დროის სულისგან დამოუკიდებელი და განუგებელი; პირიქით, თავად არის მმართველად და მბრძანებლად დადგენილი მასზე".

ეს ამონარიდი, ალბათ, პირდაპირი პასუხია თქვენს კითხვაზე. ყველა მღვდელი იმას უნდა ცდილობდეს და იმისთვის იღვწოდეს, რომ ყველაფერი, რაც დღემდე მოუტანია ეკლესიას, ურყევად დაიცვას: არც მიუმატოს რამე და არც გამოაკლოს. დღევანდელი მღვდელმსახურისთვის ეს არის ყველაზე სათუთი და მოსაფრთხილებელი.

- რას უსურვებდით "კარიბჭის" მკითხველებსა და თანამშრომლებს?

- რედაქციას, პირველ ყოვლისა, იმას, რომ თქვენს ჟურნალში ყოველთვის აქტუალური და სასიკეთო თემები ყოფილიყოს გაშუქებული, მკითხველს კი ვუსურვებ, რაც შეიძლება მეტი იკითხოს და ისწავლოს, რათა შეძლოს კეთილისა და ბოროტის ერთმანეთისგან გარჩევა. შეგეწიოთ უფალი!
ბეჭდვა
1კ1