მაზიარებელი არასოდეს არის მარტო
მაზიარებელი არასოდეს არის მარტო
ერთი ღვთივგანბრწყინებული მოძღვარი წერს: "ჩემს გულს მხოლოდ შესასვლელი აქვს, გამოსასვლელი კი - არა. ვინც შემოვა, რჩება და რაც გინდა ჩაიდინოს, ისეთი მიყვარს, როგორიც შევიყვარე. ვლოცულობ მისთვის და ვეძებ მის ხსნას. მე არავის ვუხმობ, არავის ვაკავებ, არც არავის ვაგდებ. ვისაც უნდა, მოვა, დარჩება. ვისაც უნდა, წავა. მე არავის ვთვლი ჩემს მიმდევრად და მომხრედ". ერთი ძლიერი საშუალება, რომლითაც ღმერთი ადამიანს ეხმარება, არის ის, რომ ზოგჯერ მიუვლენს მოძღვარს, რომელიც მას რჩევა-დარიგებით გაანათლებს, კეთილ ზრახვას შთააგონებს და ღვთიური სასოებით განმსჭვალავს.

ჩვენი სტუმარია თბილისის წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (ყიფშიძე). მამა გიორგი ახალგაზრდა მღვდელია. მცირე სამღვდელო გამოცდილების მიუხედავად, დიდი სიყვარული და თავმდაბლობა არ აკლია და უშურველად ეხმარება ხოლმე თავის სულიერ შვილებს.

- ყოველი კაცი საკუთარი გზით მიდის უფლისკენ. ზოგი ქრისტიანული ღირებულებების გარემოში იზრდება, ზოგი კი გვიან, შეგნებულ ასაკში იწყებს ჭეშმარიტების ძიებას. თქვენ როგორ მიხვედით რწმენამდე, ეკლესიამდე?

- ღმერთი ბავშვობიდანვე მწამდა, მაგრამ აღმსარებელი და მაზიარებელი სკოლის დამთავრების შემდეგ გავხდი. ტაძარში მეგობარმა მიმიყვანა. პირველ ხანებში არ მესმოდა, რა საჭირო იყო ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე დასწრება, მაგრამ შემდეგ ყოველივე ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

- რას საქმიანობდით ერისკაცობაში?

- ერისკაცობაში მხატვარი ვიყავი. ვსწავლობდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მონაწილეობა მაქვს მიღებული მრავალ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენაში - ქუთაისში, თბილისში, მოსკოვში, პარიზში. 1993 წელს მოსკოვში ჩემი ორი პერსონალური გამოფენა მოეწყო, გამოიცა იქ გამოფენილი ნამუშევრების კატალოგი.

დაოჯახების შემდეგ ხატწერას მივყევი. ამაში მეუღლემაც შემიწყო ხელი - ის ჩემზე კარგა ხნით ადრე მუშაობდა ხატწერაში. მოხატული მაქვს რამდენიმე ტაძრის საკურთხეველი. მათ შორის - ჩვენი, წმინდა მოწამეების კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრისაც.

ჩემი შემოქმედებით კიდევ უფრო დავუახლოვდი ეკლესიას, მღვდელმსახურების სურვილიც გამიჩნდა.

- ეკლესიურ მადლთან შეხების შედეგად იცვლება ადამიანის აზროვნება და ცხოვრება, დამოკიდებულება გარესამყაროსთან და ადამიანებთან. თქვენში რა შეიცვალა?

- რა თქმა უნდა, ტაძარში მოსვლამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში, ჩემს შემოქმედებაზეც იქონია გავლენა. იმატა რელიგიურ თემებზე შესრულებულმა ნამუშევრებმა.

- როდის შექმენით ოჯახი? თუ საიდუმლო არ არის, რა ნიშნით გამოარჩიეთ მეუღლე და, საერთოდ, რას უნდა მიექცეს მთავარი ყურადღება ცხოვრების მომავალი თანამგზავრის არჩევისას?

- ოჯახი ოცდაორი წლისამ შევქმენი. უკვე მრევლთაგანი ვიყავი და მინდოდა, მეუღლეც ეკლესიური მყოლოდა. მომავალი მეუღლე ტაძარში გავიცანი, შობის დღესასწაულზე. ადამიანის ცხოვრებაში ქორწინება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩემი აზრით, ქრისტიანული ოჯახის შექმნა ერისკაცისთვის ისეთივე მსახურებაა, როგორიც ბერ-მონაზვნისთვის - უფლის მსახურება. სახარებაში ოჯახი ხომ მცირე ეკლესიად მოიხსენიება და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მეუღლის არჩევის დროს ადამიანმა მის ეკლესიურობას მიაქციოს ყურადღება. აგრეთვე გასათვალისწინებელია საერთო ინტერესები, ფასეულობები, შეხედულებები და, რაღა თქმა უნდა, სიყვარული. სიყვარულში მეორე ადამიანისთვის თავდადების და მსახურების უნარს ვგულისხმობ.

- რამდენი შვილი გყავთ და რამე დაბრკოლება ხომ არ გხვდებათ ბავშვების აღზრდისას?

- მყავს სამი შვილი: გიორგი, მარიამი და ნიკოლოზი. უფროსი შვიდი წლისაა და უმცროსი - ხუთის, ამიტომ ჯერჯერობით სერიოზულ პრობლემებს არ ვაწყდები. თუმცა დღესდღეობით ზნეობრივად ჯანსაღი ადამიანის აღზრდა ადვილი არ არის, რადგან ამას ბევრი გარეშე ფაქტორიც უშლის ხელს.

- სად და როდის გაკურთხეს მღვდლად?

- მღვდლად ხელი დამასხა მისმა უწმინდესობამ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, სიონის საკათედრო ტაძარში, დიდმარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე. ეს იყო ყველაზე დიდი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში. ძნელია კონკრეტულად თქვა, რას განიცდი ამ დროს.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ მრევლთან?

- სულ ორი წელია, რაც ჩემი ხელდასხმა მოხდა. ჩვენი ტაძარიც ჩემი იქ მისვლის შემდეგ იკურთხა. მრევლიც ახალბედაა. ჩვენი ურთიერთობა თანდათან ყალიბდება. თითქმის ყოველ კვირას, წირვის შემდეგ, დავდივართ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში, არასრულწლოვანთა კოლონიებში, ეკლესია-მონასტრების მოსალოცად. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მრევლის ოჯახებში დაბრძანდება ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის ორი ხატი: "მოულოდნელი სიხარულისა" და "ღირს არსად" წოდებული, რაც მრევლს ძალიან აერთიანებს.

- თბილისში, ალბათ, ეს ერთადერთი ტაძარია, რომელიც წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას სახელს ატარებს.

- დიახ, ჩვენი ტაძარი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს და ამიტომაც აიგო ბავშვების მფარველი წმინდანების: კვირიკესა და ივლიტას სახელზე. ძველ ქართულ კალენდარში ივლისის თვეს კვირიკობისთვე ეწოდება, რაც იმაზე მიუთითებს, თუ როგორ ფართოდ იყო გავრცელებული ამ წმინდანების თაყვანისცემა ჩვენს ხალხში.

- წმინდა მამები ამბობენ, რომ მორჩილება ყველაზე დიდი სათნოებაა, ადამიანთა უმრავლესობამ კი არც ვიცით მისი ნამდვილი არსი. თანამედროვე ადამიანს უჭირს მოძღვრის მორჩილება, რადგან არ ენდობა მის სულიერებას...

- თანამედროვე ადამიანს რწმენისა და ეკლესიური ცხოვრების შინაარსიც კი არ ესმის სწორად.

კომუნისტურმა წყობამ მძიმე დაღი დაასვა ჩვენი ქვეყნის სულიერ და მატერიალურ ყოფას. დღეს ეკლესიისკენ ხალხის შემობრუნებაც დიდი მიღწევაა და ვფიქრობ, მომავალში არა მარტო ურჩობას, არამედ სხვა პრობლემებსაც მოევლება. რა თქმა უნდა, მრევლი უნდა ემორჩილებოდეს მოძღვარს და ორივე ერთად - უფალ იესო ქრისტეს, მაშინ არანაირი დაბრკოლება აღარ იქნება.

- რა უნდა ვიღონოთ იმ პრობლემებისგან თავის დასაცავად, რომლებიც აწუხებს მრევლს, დღევანდელ ჩვენს საზოგადოებას?

- ჩვენი საზოგადოება მართლაც ბევრი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. მე ბავშვების სანაგვეზე გადაყრით დავიწყებდი, რაც, უპირველესად, მიუთითებს, რომ დღევანდელ საზოგადოებაში სიცოცხლე და პიროვნება გაუფასურდა. პრობლემები ცალ-ცალკე არ წარმოიქმნება. ჩემი აზრით, ყველაფერი თავისუფლებისა და ბედნიერების ცნებების არასწორად გაგების გამო ხდება. ფაქტობრივად, ნარკომანიაც იგივე პრობლემაა, მაგრამ აქ ადამიანი არა მარტო სხვის სიცოცხლეს, არამედ საკუთარ თავსაც არ უფრთხილდება. ნარკომანი ვერასოდეს იქნება ვერც თავისუფალი, რადგან ის ნარკოტიკზეა მიჯაჭვული, და ვერც ბედნიერი, რადგან მისი სიამოვნება და ბედნიერება, პირდაპირი მნიშვნელობით, მოჩვენებითია. მაშინ რა უბიძგებს ახალგაზრდას აქეთკენ? სასოწარკვეთილებასთან მიახლოებული მდგომარეობა, უიმედობა! დღეს ადამიანს თავს ახვევენ ბევრ ცრუ ღირებულებებს. ის არ იცნობს ქრისტეს, არ მიისწრაფვის მისკენ. ეკლესიურ ადამიანს მუდამ ღვთის, მისი მოწყალების იმედი აქვს. მაზიარებელი არასოდეს არის მარტო. ჩემი აზრით, ყველა პრობლემის თავიდათავი ადამიანის არაეკლესიურობაა. ბედნიერება მხოლოდ სწორი ცხოვრების წესით მიიღწევა.

- ჩვენი ახალგაზრდობის ერთ ნაწილში პროტესტს იწვევს ის გარემოება, რომ მამაკაცის სამოსლით ჩაცმულ ქალს ეკრძალება ეკლესიაში შესვლა. ეს დღეს ჩამორჩენილობად აღიქმება.

- იმერეთის ეპისკოპოსი, წმინდა გაბრიელ ქიქოძე, ქადაგებაში, რომელიც წარმოთქვა ხარების დღესასწაულზე, ამბობს: "მივაქციოთ გული და გონება ჩვენი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისადმი. როგორ ცხოვრებას ატარებდა იგი: მშვიდსა, დაფარულსა, თავმდაბალსა. სამკაულნი, ძვირფასი ტანსაცმელი უყვარდა მას თუ არა? - სრულიად არა! წმიდანი მამანი მოგვითხრობენ ჩვენ, რომ ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისგან დარჩა ერთი მისი საკუთარი სარტყელი, იგი იყო უბრალო, იაფი და მისი ხელით ნაქსოვი. უყვარდა მას თუ არა უქმად ჯდომა, ჭორი და განკითხვა? - სრულიად არა! იგი ანუ ლოცულობდა, ანუ ქსოვდა მატყლსა, ანუ სხვა ხელსაქმეს აკეთებდა. კვართი ძისა მისისა იესო ქრისტესი, რომლისა გაყოფა დაეზარათ და წილი ჰყარეს მას ზედა მისთა ჯვარის მცმელთა, იყო მისი დედის ხელით ნაქსოვი. აღარ ვიტყვი მისსა სიწმიდესა, უმანკოებასა. ეს ყოველი საკმაოდ ვიცით. აჰა, სახე და მაგალითი, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ყოველი ქალი!"

ეს ქადაგება წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა წარმოთქვა დაახლოებით ასი წლის წინ. იგი ხედავდა ცვლილებას ქალის გუნება-ხასიათში ძველ დროსთან შედარებით და ხშირად ეხებოდა ამ პრობლემას თავის ქადაგებებში.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ქართველ ქალს თავს მოახვევდნენ უცხოეთიდან შემოტანილ რეკლამებს, მდარე სერიალებს, ჟურნალ-გაზეთებს, ათასგვარ უზნეობას. აღარას ვამბობ სახის მეტისმეტ მორთვაზე, პირველობის სურვილზე და, ბოლოს, შვილებზე, რომელთა ამქვეყნად მოვლინებაზეც საკუთარი ნებით თქვეს უარი. აღარ განიცდიან უხერხულობას ქუჩაში შარვლით გამოსვლისას, არ ერიდებათ წელის გამოჩენაც. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ასეთები მრევლშიც არიან, მარხულობენ, ლოცულობენ და წმინდა ზიარებასთან მიახლებასაც ითხოვენ. ისევ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს მინდა დავესესხო: "ჩვენ უნდა მივაქციოთ გონება და გული ჩვენი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, რომელიც იყო სრული სახე და მაგალითი ქრისტიანობრივი ქალის ცხოვრებისა: მას ვევედრნეთ, რათა მისცეს კეთილი სურვილი გულისა და განუმტკიცოს ნება ქალთა კეთილსა ცხოვრებასა შინა. ამინ".

- დაბოლოს, რას უსურვებდით საქართველოს ეკლესიის მრევლს?

- ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ქართველი ერი ქრისტეს სიყვარულში. ვუსურვებდი, გვქონოდეს მაცხოვნებელი სარწმუნოება, რათა არ დავკარგოთ საუკუნო სასუფეველი.
ბეჭდვა
1კ1