თვალწინ თითქოს მთელი წარსული ჩაგივლის და კიდევ და კიდევ, თვით კურთხევის წუთებშიც კი, ფიქრობ, რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებ
თვალწინ თითქოს მთელი წარსული ჩაგივლის და კიდევ და კიდევ, თვით კურთხევის წუთებშიც კი, ფიქრობ, რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებ
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს თავს გუმბათი ადგას. ცოტამ თუ იცის, რომ ადრე იქ ჯვარიც იყო აღმართული და ჩვენი ქვეყნის უდიდესი მეცნიერნი მოწიწებით ქუდმოხდილნი აბიჯებდნენ უნივერსიტეტის ზღურბლს.

თბილისის უნივერსიტეტი, დღიდან დაარსებისა, რწმენისა და ცოდნის ერთიანობის სიმბოლო და ეროვნული ცნობიერების ბურჯი გახლდათ. ამიტომაც იყო, კომუნისტური რეჟიმი ყველაზე მეტად მას რომ ემტერებოდა. იმ ავბედით ჟამს უნივერსიტეტის ტაძარიც გააუქმეს. და აი, თითქმის შვიდი ათეული წლის შემდეგ, 1995 წელს, სასწავლებლის ეზოში დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია გაიხსნა.

ჩვენი რუბრიკა წმინდა მეფის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ ჟორჟიკაშვილს მასპინძლობს.

მამა ბასილს მღვდლად სრულიად ახალგაზრდას დაასხეს ხელი. უკვე ათი წელია, ის პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობით ეზიდება ამ მძიმე, მაგრამ საპატიო ჯვარს.

- უფალს ყველა ჩვენგანი სხვადასხვა გზით მიჰყავს ტაძარში. ზოგჯერ ვაცნობიერებთ მის მფარველობას, ზოგჯერ - ვერა. თქვენ როგორ მიხვედით ტაძრამდე?

- ეკლესიისკენ გზის საპოვნელად ადამიანს ყოველთვის როდი სჭირდება სასწაული. არც მე მივუყვანივარ ტაძარში რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას. დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ჩვეულებრივ, თბილისურ ოჯახში. დედაჩემი დიასახლისი იყო, მამა - ავტოინჟინერი. ოთხი შვილი ვყავდით: სამი ვაჟი და ერთი ქალი. მშობლები მორწმუნენი იყვნენ, თუმცა ეკლესიურობით არ გამოირჩეოდნენ.

მოწაფეობისას აქტიურად ვვარჯიშობდი. შემდეგ ავად გავხდი და ერთხანს სპორტს ჩამოვშორდი. ეს ამბავიც მაშინ მოხდა: ერთ დღეს სიონში შესულს ჩემი ბავშვობის მეგობარი შემხვდა, რომელიც იმხანად უკვე კარგა ხნის მრევლი იყო, და მოძღვართან მისვლა მირჩია. დავუჯერე. ეს იყო პირველი ნაბიჯი, პირველი აქტიური შეხება ეკლესიურ ცხოვრებასთან. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი მოძღვარი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი, ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრად დანიშნეს. იმხანად ქვემო ბეთლემში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელშიც მე და ჩემმა მეგობრებმაც მივიღეთ მონაწილეობა. ასე ნელ-ნელა დავუახლოვდი ეკლესიას. სკოლის დამთავრებისთანავე, 1990 წელს, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. სემინარიის შემდეგ ორი წელიწადი სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდი. პარალელურად ქვემო ბეთლემის ტაძარში ვმსახურობდი მედავითნედ, მგალობლად, სტიქაროსნად. ბოლოს მნათედ მსახურება მომიხდა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც უწმინდესმა დიაკვნად დამასხა ხელი. მალე მღვდლადაც მაკურთხეს და ყაზბეგის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დამნიშნეს. იქ 1997-დან 1999 წლამდე ვიმსახურე. 1999 წლიდან კი უნივერსიტეტის ტაძრის მღვდელმსახური გახლავართ. მყავს მეუღლე - ეკატერინე ჩიკვაიძე, პროფესიით ფილოლოგი, და ოთხი შვილი: სალომე, ანა, ბარბარე და საბა.

- მღვდლობა ერთ-ერთი გამორჩეული საიდუმლოა. ის დიდ პატივია, მაგრამ ღვთისა და ერის წინაშე დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. თქვენ რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც მღვდლად დაგასხეს ხელი?

- მღვდლობა სხვა საიდუმლოთაგან იმით გამოირჩევა, რომ ის, ქორწინების დარად, არ გახლავთ საყოველთაო და სავალდებულო. ცხონებისთვის აუცილებელი არ არის ქორწინება და სასულიერო პირად გახდომა. კაცს მღვდლად თვითონ უფალი გამოარჩევს, მაგრამ ხელდასხმა, რა თქმა უნდა, დაძალებით არ ხდება, ადამიანის ნებაც უნდა დაემთხვეს ღვთისას. თვითონ კურთხევის პროცესი განუმეორებელია: თვალწინ თითქოს მთელი წარსული ჩაგივლის და კიდევ და კიდევ, თვით კურთხევის წუთებშიც კი, ფიქრობ, რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებ. ერთი მხრივ, ამ გზისკენ უფალი მოგიწოდებს და ამიტომ უარის თქმა არ ეგების, მაგრამ, მეორე მხრივ, ზოგიერთი წმინდა მამა, მაგალითად, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, პირველ ხანებში უარს ამბობდნენ ხელდასხმაზე, რადგან მღვდლობა უდიდეს პატივად და ამავე დროს უდიდეს პასუხისმგებლობად მიაჩნდათ. ჩვენ რომ იმ წმინდა მამების მსგავსი სინანული გვქონდეს, ჩვენც ასე მოვიქცეოდით.

მღვდლად კურთხევა განუმეორებელი განცდაა. აქ არის სინანული სიხარულთან ერთად და კიდევ - პასუხისმგებლობა ღვთისა და იმ ხალხის წინაშე, ვისაც უნდა უწინამძღვრო და უფალთან შუამდგომლობა გაუწიო. რეალური აღქმა იმისა, თუ რა არის მღვდლობა, მოდის ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც მრევლთან ურთიერთობას, აღსარებათა მიღებას იწყებ. შენ გაქვს ღვთისგან მოცემული ლოცვა-კურთხევა, შეუნდო ან არ შეუნდო ადამიანს. შორით მაყურებლისთვის მღვდლობა პატივია. მაგრამ, ცხადია, ეს პატივზე გაცილებით მეტია. ეს არის უდიდესი ტვირთი, რომლის მიხედვითაც შენ ცხონდები, რადგან ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. თუ, ღვთის შეწევნით, ამ ჯვარს პატიოსნად ზიდავ, ჯილდოც მეტი იქნება, მაგრამ ძალიან დიდი დაფიქრებაა საჭირო, ამიტომ მღვდლობის მსურველებს ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდნენ.

- რა ნიშნით გამოარჩევენ ადამიანს სასულიერო პირად და როგორი პიროვნული ღირსებების ქონა მოეთხოვება მღვდელს?

- სასულიერო პირად გამორჩევა, ცხადია, შემთხვევით არ ხდება, სასულიერო პირობის კანდიდატს ხშირად რეკომენდაციას უწევს მისი მოძღვარი, რომელიც კარგად იცნობს მას. სასულიერო პირისთვის აუცილებელია სიმდაბლე, სასულიერო განათლება, მოთმინება, მოყვასის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება... მეორე მხრივ, ყველა ჩვენგანს ინდივიდუალური ხასიათი და ნიჭი აქვს. მაგალითად, მოძღვარი უნდა ქადაგებდეს, ეს მისი მოწოდებაა, მაგრამ ყველა იოანე ოქროპირი ხომ ვერ იქნება! ზოგს შეიძლება არ შეეძლოს მჭევრმეტყველება, მაგრამ საქმით ერთიორად მეტს აკეთებდეს.

- რა არის ყველაზე მთავარი მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობაში?

- მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობა მხოლოდ აღსარებით არ უნდა შემოიფარგლოს. ჯერ ერთი, ძნელია, ადამიანი ერთ აღსარებაში ამოიწუროს, მეორეც, არც იქნება მართებული, აღსარებისას ყოველდღიური ცხოვრების მომენტებზე გავამახვილოთ ყურადღება. ასეთ საკითხებზე სასაუბროდ ყველა მოძღვარს ცალკე დრო აქვს დანიშნული. ამ დროს სულიერ შვილს შეუძლია, თავისი პრობლემები გაანდოს და რჩევა-დარიგება სთხოვოს. თუმცა აღსარება, რაღა თქმა უნდა, მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობის ცენტრალური მომენტია. თითოეული ჩვენგანი, მოძღვარიც და მრევლიც, უნდა ვფიქრობდეთ, რომ ტაძარში ღვთის მსახურებისთვის მივდივართ. აქ მთავარი მოქმედი პირი უფალია. მოძღვარსაც შენდობის მადლი ღვთისგან აქვს მონიჭებული. ამიტომ აღმსარებელი უნდა ფიქრობდეს, რომ ის ღვთის წინაშე ინანიებს, რომელმაც ჩვენს შესახებ ისედაც ყველაფერი იცის. აღსარების არსი ის არის, რომ ჩვენი ნებით, ღვთის წინაშე, მოძღვართან გულახდილად ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს და შენდობას ვითხოვთ. ბევრი ამ დროს, უხეშად რომ ვთქვათ, იპრანჭება - ვაი-თუ მოძღვარმა ცუდი რამ იფიქროსო ჩემზე. ჯერ ერთი, მოძღვარიც ადამიანია და არაფერი ადამიანური მისთვის უცხო არ არის, მეორეც, ის უამრავი ხალხისგან იღებს აღსარებას. ამიტომ არ არის საჭირო რამის შელამაზება, ჩვენი თვალთახედვით კორექტირება. მოძღვართან უნდა ვაღიაროთ ის, რაც გვაწუხებს, რაც შეგვეშალა. თუ რამის დაზუსტებას საჭიროდ მიიჩნევს, მოძღვარი თვითონ ჩაგვეკითხება.

- ეკლესიური მადლი ადამიანის ფერისცვალებას იწვევს. როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება და შეხედულებები?

- ბუნებრივია, ადამიანი იცვლება, თუ ცდილობს, იცხოვროს ღვთისთვის სათნოდ, შეცვალოს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში ის, რაც შესაცვლელია და ამას მოსაჩვენებლად კი არა, შეგნებულად აკეთებს. ეკლესიაში მისულმა ადამიანმა იცის, რა არის ცოდვა, მაგრამ ამ ცნების შინაარსი გათავისებული არ აქვს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეგნებულად დაიწყებს ეკლესიურ ცხოვრებას და ღვთიური მადლი მის გულსა და გონებას შეეხება, გააცნობიერებს მის არსს და მისი უარყოფა შინაგან სჯულში გადადის. ეს ფერისცვალების დასაწყისია, სრული ფერისცვალება კი უკვე სასუფეველია, როდესაც ადამიანი მთლიანად განიწმინდება და განეშორება ცოდვას. წუთისოფელი მუდმივი ბრძოლაა, სადაც, სამწუხაროდ, არავინ არის დაზღვეული დაცემისგან. მთავარია, დაცემისას ყოველთვის გვქონდეს ადგომის სურვილი. უფალმა იცის, რა გარემოში გვიხდება ცხოვრება. განსაცდელის დროს, როცა ჯერ ნაბიჯიც კი არ გადაგვიდგამს მის გადასალახავად, ღვთის ყვედრებასა და თავის მართლებას ვიწყებთ: "ნეტავ რა დავაშავე, ეს რომ დამემართა?!" უფალი იმდენს უშვებს, რამდენსაც ავიტანთ. ეს აუცილებელია, რათა ვცხონდეთ. ეს ის ჯვარია, რომელზეც მაცხოვარი ბრძანებს: "აღიღე ჯვარი თვისი და შემომიდექი მე". ეს თითოეული ქრისტიანის გასავლელი გზაა.

- როგორი უნდა იყოს მღვდლის ოჯახი?

- მღვდლის ოჯახიც ჩვეულებრივი ოჯახია, ისეთივე, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ზედაპირზეა და მეტი თვალი ხედავს. თუმცა სხვის დასანახად კი არ უნდა ცდილობდე სწორად ცხოვრებას, არამედ ამის შინაგანი მოთხოვნილება უნდა გქონდეს. ჩვენი მორწმუნეობა პირველ რიგში ჩვენსავე ოჯახში უნდა გამოჩნდეს. თუ შენს სამყაროში, შენს ჭერქვეშ წესრიგი არ სუფევს, მაღალ სულიერებაზე ვეღარ იფიქრებ. მოძღვარს, მით უმეტეს, არ უნდა ჰქონდეს სერიოზული უთანხმოება მეუღლესთან თუ შვილთან, თორემ მრევლის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა გაუჭირდება. თუმცა ყოფითი პრობლემები არც მოძღვრის ოჯახისთვის არის უცხო. თუნდაც ბავშვებთან ურთიერთობა ავიღოთ. მოძღვრის შვილიც ხომ ჩვეულებრივი ბავშვია, ხანდახან ისიც ცელქობს, ზარმაცობს... მაგრამ ამასაც მოევლება. მთავარია, არასოდეს დაგვავიწყდეს პასუხისმგებლობა ღვთისა და ერთმანეთის წინაშე.

- ქრისტიანობა უწინარეს ყოვლისა ადამიანის შინაგანი ცხოვრების მოწესრიგებას გულისხმობს, რაც გარკვეული გარეგნული ფორმით გამოიხატება. მავანნი დღეს ეკლესიას ჩამორჩენილობას უკიჟინებენ. როცა ქალს შარვლის ჩაცმას უკრძალავენ, არის თუ არა ეს ადამიანის უფლებების შეზღუდვა?

- უფალი არაფერს კრძალავს, ის გვასწავლის, გვაჩვენებს. გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ. როდესაც ვამბობთ, ქრისტიანები ვართო, იმას ვგულისხმობთ, რომ ვცდილობთ, ღვთისთვის მოსაწონად ვიცხოვროთ. ვიცხოვროთ ისე, როგორც წმინდა წერილი, ღვთის მცნებები, საეკლესიო კანონი და ტრადიცია გვასწავლის. როგორ უნდა იქცეოდეს ქრისტიანი შინ თუ გარეთ, თუნდაც ტაძარში, ეს სადავო საკითხი არ არის. ეს უფრო შინაგანი პრობლემაა. აქ მთავარი შინაგანი მდგომარეობა გახლავთ, რომელიც გარეგნულად ამგვარად გამოვლინდება. არც ის არის მართებული, თითქოს მაინცდამაინც ეკლესიაში იყოს დაუშვებელი შარვლით ან მოურიდებელი ტანსაცმლით შესვლა. რა მნიშვნელობა აქვს, სად ვართ; უფალი ხომ ყველგან სუფევს. რა თქმა უნდა, ტაძარი გამორჩეულია - ის ღვთის სახლია და მასში შესვლისას განსაკუთრებული მორიდება გვმართებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ტაძრიდან გამოსულებმა, სადაც მოვხვდებით, იქაური ქუდი დავიხუროთ. აკრძალვას სჯობს, ავუხსნათ, რატომ არ არის ეს მისაღები, რა არ არის ამაში სწორი. დაე, მორწმუნემ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. ადამიანისთვის თვით უფალს არ წაურთმევია თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება. ის ქადაგებდა, ასწავლიდა, საკუთარი მაგალითით აჩვენებდა სწორ გზას. ურიცხვი ხალხი ისმენდა მაცხოვრის ქადაგებებს, მაგრამ მას ყველა არ გაჰყოლია. ასეა დღესაც. ეკლესია მოძღვრის პირით მიგვითითებს.

- ყველა ეპოქას თავისი პრობლემები აქვს. დროს თავისი მოაქვს და მიაქვს. ჩვენ გლობალიზაციის, არნახული მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ხანაში მოგვიხდა ცხოვრება. როგორც პატრიარქი ბრძანებს, ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. თუმცა ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ეროვნული კულტურისა და ტრადიციების ბურჯი. თქვენი აზრით, როგორ უნდა შეუთავსდეს ქრისტიანობა თანამედროვეობას?

- გლობალიზაციამ კულტურები და ცივილიზაციები ერთმანეთს ძალიან მჭიდროდ დაუკავშირა. ადრე ქვეყნები უფრო მეტად იყო იზოლირებული და თვითმყოფადობის შენარჩუნება არ ჭირდა, მაგრამ დღეს ერისთვის, რომელსაც თავისი კულტურა და ტრადიცია რამედ უღირს, გლობალიზაციის პროცესში ბევრი რამ შეიძლება მიუღებელი იყოს. თუმცა ეს არამც და არამც არ ეხება ტექნიკურ პროგრესს, რომელიც სავსებით მისაღებია. კომუნისტებმა სცადეს, სამყარო ღვთის გარეშე წარმოედგინათ და ადამიანი ქვეყნიერების ბატონ-პატრონად დაესახათ. თუ ახლაც ასეთი მიმართულება არ გაბატონდა, ტექნიკურ პროგრესში ცუდი არაფერია. კომპიუტერები, საკომუნიკაციო და გადაადგილების საშუალებები - ყოველივე ეს თავისთავად არავითარ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სულიერ ცხოვრებას. საქმე ის არის, რისთვის გამოიყენებ: ღვთის სადიდებლად თუ ღვთის საწინააღმდეგოდ. მაგალითად, გენურ ინჟინერიას შეუძლია, უამრავ ხალხს დაუბრუნოს ჯანმრთელობა, მაგრამ მისი მეშვეობით ადამიანის ხელოვნურად შექმნა სხვა არაფერია, თუ არა შემოქმედთან დაპირისპირება.

- მსოფლიოში მიმდინარე პროცესები კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში: ლიტერატურაში, მუსიკაში, ფერწერაში - აისახება. ხელოვნება ადამიანს სულიერ საზრდოს აწვდიდა. დღეს კი, სამწუხაროდ, მდარე ხარისხის მასკულტურა იკიდებს ფეხს. სად ხედავთ გამოსავალს?

- ის, რასაც ჩვენ კულტურას ვუწოდებთ, მშვენიერია და გარკვეულ საზრდოს უდავოდ აძლევს ადამიანს, თუმცა სულიერი საზრდო სხვა რამაა. ეს არის მადლი ღვთისა. ბუნებრივია, ადამიანი იმას ასახავს, რასაც აუდიტორია ითხოვს და რაც მას შინაგანად აწუხებს. კულტურა იმ ეპოქისა და იმ ადამიანების ანარეკლია, ვინც მას ქმნის. მასკულტურა კი უდავოდ შემაშფოთებელია, მით უფრო, თუ მას აქვს პრეტენზია, იქცეს "სულიერ საზრდოდ". ცდებიან, როცა ამბობენ, ეკლესია მუსიკას, ხელოვნებას ეწინააღმდეგებაო. ეკლესია ეწინააღმდეგება მხოლოდ იმ მდარე კულტურას, რომელიც ადამიანისთვის საზიანოა. თუ განურჩევლად ყველაფერს შეჭამ, გაწყენს. ასევე საშიშია ყოველგვარი კულტურული პროდუქციის გაუფილტრავად მიღება. გამოუცდელმა ახალგაზრდამ კი ეს შეიძლება ვერ განსაზღვროს და არასწორი კრიტერიუმები ჩამოუყალიბდეს. ყველამ კარგად იცის, რომ, მაგალითად, მძიმე როკისა და მეტალის მიმდევრები ხშირად არაჯანსაღ ძალებთან არიან დაკავშირებულნი. არ შეიძლება, ასეთმა მუსიკამ ნორმალურ ადამიანს დადებითი ემოციები აღუძრას. პირიქით, ის აგრესიასა და შინაგან არეულობას იწვევს. რა აუცილებელია ასეთი განცდების გამოწვევა? თუ კულტურა ადამიანის პროგრესს კი არა, რეგრესს ემსახურება, მაშინ რაღა საჭიროა ის?

ლიტერატურა, კულტურა, ხელოვნება ინდიკატორია იმისა, თუ რით ცოცხლობს და აზროვნებს ადამიანი. არსებობს ღირებულებები, რომელთაც დრო-ჟამი ვერაფერს აკლებს.

- თბილისში თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელთან აიგო და მოქმედებს ეკლესია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში არსებული ტაძარი ერთ-ერთი პირველია მათ შორის. რა განსაკუთრებული აზრი აქვს მის არსებობას, გარდა იმისა, რომ იქ ჩვეულებრივ აღესრულება ყველა საეკლესიო საიდუმლო?

- ტაძრის კურთხევამ ერთ ტრადიციას დაუდო სათავე: ყოველი სასწავლო წლის დამდეგს უწმინდესი უნივერსიტეტში მოდის და პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ულოცავს ამ დღეს. უწმინდესი ხშირად ბრძანებს, რომ როცა ის პატრიარქად აკურთხეს, უმთავრეს მიზნად ეკლესიასა და ინტელიგენციას შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა დაისახა. ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს ხუთშაბათობით საპატრიარქოში იკრიბებოდნენ მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, რაც იმხანად დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, და მსჯელობდნენ საქართველოს გასაჭირზე, ეროვნული სულის გაცოცხლებაზე. არავისთვის არის უცხო, რომ ამ იდეის ერთ-ერთი მებაირახტრე უნივერსიტეტი იყო. ჩვენი ტაძრის მრევლიც უმთავრესად, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის პედაგოგებისა და სტუდენტებისგან შედგება. ერთი სიტყვით, ეს არის პატარა მოდელი, სახე ეკლესიასა და მეცნიერებას შორის ურთიერთობისა.

- მამა ბასილ, თქვენ უკვე ათი წელია მოძღვარი ბრძანდებით. უმთავრესად რა აწუხებთ თქვენს სულიერ შვილებს და რას უსურვებდით მათ?

- მადლობა ღმერთს, განსაკუთრებული პრობლემებით ჩემი მრევლი არ გამოირჩევა. ტაძარში ერთსულოვნებაა. ვმსახურობთ ორი მოძღვარი: ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელი (წურწუმია) და მე. გამოყოფა, ღვთის მადლით, არ არის. ორივეს მრევლი ორივე მოძღვართან აბარებს აღსარებას. არ მინდა, ვითარება იდეალურად წარმოვადგინო, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ამ მხრივ მრევლი ერთსულოვანია. ჩვენ ყველანი ქრისტეს მრევლი ვართ.

ჩვენს მრევლს ვუსურვებდი, ვიყოთ ერთნი ქრისტეში და ვიყოთ ერთი მწყემსის ერთიანი სამწყსო. ამინ.
ბეჭდვა
1კ1