უმთავრესი მოყვასის სიყვარულის სწავლაა, რომ ყოველ ადამიანში, როგორც ღვთის ხატებაში, მოყვასი დაინახო
უმთავრესი მოყვასის სიყვარულის სწავლაა, რომ ყოველ ადამიანში, როგორც ღვთის ხატებაში, მოყვასი დაინახო
ადამიანი მუდამ ღმერთთან უნდა იყოს, მთელი შეგნებით, და ამას იძულებით კი არა, სიყვარულით უნდა იქმოდეს
ამჯერად ჩვენი რუბრიკის სტუმარი გახლავთ დეკანოზი ზაქარია გოჩიტაშვილი , რომელიც თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში მსახურობს.

ეკლესიის კარი ბებიამ შემიღო
დავიბადე რუსთავში 1967 წელს. წარმოშობით ბოდბელი ვარ. როგორც გადმოცემით ვიცი, ჩემი წინაპარი მღვდელი ყოფილა. პატარძეულში, ღვთისმშობლის ეკლესიაში გაუგზავნიათ სამოღვაწეოდ. ოჯახით გადასულა პატარძეულში და მეც ბავშვობა იქ გავატარე. მახსოვს, ზაფხულობით სოფელში რომ ჩავიდოდით, ტაძარში ჩემი დიდი წინაპრის საფლავს მოვინახულებდი ხოლმე. ეკლესიური ცხოვრებისკენ სწრაფვა ალბათ მისგან გადმომეცა.

ეკლესიის კარი კი ბებიამ, დედაჩემის დედამ, შემიღო. მისი ნაბოლარა შვილიშვილი ვიყავი და განსაკუთრებულად ზრუნავდა ჩემზე. სწორედ მას სურდა, მღვდელი გავმხდარიყავი. დედულეთში რომ ჩავიდოდი, ბებიას ალავერდში მივყავდი. მახსოვს, ალავერდის წმინდა გიორგის ტაძარში ერთი მღვდელი მსახურობდა, მაგრამ ისეთი რიდი მქონდა, ვერ ვბედავდი, მივსულიყავი და გავსაუბრებოდი. ტაძრის ეზოში შორიდან რომ მოვკრავდი თვალს, ესეც სიხარულით მივსებდა ბავშვურ გულს...

4 წლისა მოვინათლე სიონში. როგორც ჩანს, ნათლობის საიდუმლოს აღსრულებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - დღესაც მახსოვს სამკვეთლოს კარიდან გამოსული მღვდელი და ემბაზის ირგვლივ სამგზის შემოვლა.

როცა წამოვიზარდე, საქართველოს ეკლესიების შესახებ ინფორმაციის მოძიება დავიწყე. მერე საბჭოთა ენციკლოპედიიდან შევიტყვე, რომ საპატრიარქო გაზეთ "ჯვარი ვაზისას" უშვებდა. რუსთავის ფოსტაში მივედი - მისი გამოწერა მინდოდა, მაგრამ შინ გულდაწყვეტილი დავბრუნდი.

ჯვარისმამა
სკოლა 1984 წელს დავამთავრე და თბილისის სასულიერო სემინარიაში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. მაშინ უარი მითხრეს, რადგან ჯერ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა მომეხადა. საკმაოდ შორს მომიწია წასვლა - იაპონიაში გამიშვეს. იქ ორი წელი ვიმსახურე.

რომ დავბრუნდი, მამა ავადმყოფობდა, ამიტომ სასულიერო სემინარიაში მაშინვე ვერ ჩავაბარე, თუმცა წირვა-ლოცვაზე დავდიოდი სიონში. იქ გავიცანი მამა ლავრენტი ბუზიაშვილი, რომელიც მალე ჯვარისმამაში გადაიყვანეს. მამაომ მეც თან წამიყვანა. მასწავლა მედავითნეობა, სტიქარიც ჩამაცვა და 1990 წელს სასულიერო სემინარიაშიც ჩავაბარე.

სწავლის პერიოდში ხშირად მიწევდა სემინარიის პანსიონში დარჩენა - უსახსრობის გამო ჭირდა რუსთავიდან სიარული, თანაც ტრანსპორტიც ცუდად მოძრაობდა. დილით წირვაზე ჩამოსვლას ვერ ვასწრებდი. ხშირად გვიანობამდე ვრჩებოდი ტაძარში. მაშინ ჯვარისმამა ახალი გახსნილი იყო და შემოსავალი არ კმაროდა, სანთლები და სეფისკვერები რომ შეგვეძინა და ტაძარიც შეგვემკო. ამიტომ, მამა ლავრენტის კურთხევით, სანთლებს ჩვენ თვითონ ვამზადებდით, სეფისკვერების ცხობაც ვისწავლე სემინარიის საცხობში და მოგვიანებით, როცა რუსთავში პირველი ტაძარი გაიხსნა, სეფისკვერს მე ვაცხობდი, რადგან ყოველი წირვისთვის თბილისიდან ჩამოტანა ძნელი იყო.

პირველი ზიარებაც ჯვარისმამაში მივიღე. მახსოვს, საკმაოდ დიდხანს ვემზადებოდი პირველი აღსარებისთვის, რომ ცოდვათა აღიარება მხოლოდ სიტყვიერი არ ყოფილიყო, არამედ სინანულით წარვმდგარიყავი ღვთის წინაშე. ჩემს სულიერ მოძღვარს მამა ლავრენტის ხშირად დავყავდი საფარის მამათა მონასტერში, სადაც იმხანად სასულიერო სკოლა ფუნქციონირებდა. იქ ვისწავლე ხეზე ჭრა. მონასტერში მეუფის საყდარი (ეპისკოპოსის სკამი, რომელიც შუა ტაძარში დგას) მე გავაკეთე. რუსთავის წმინდა გიორგის ეკლესიის კანკელიც ჩემი გაკეთებულია. ხეზე ახლაც ვმუშაობ - ძირითადად ანალოღიებს ვაკეთებ. აქ, ჩვენს ტაძარშიც, ჩემი ნაკვეთი ანალოღია დგას.

მონასტერში დარჩენაზეც მიფიქრია, სამი წლის განმავლობაში რეგულარულად დავდიოდი საფარაში, მაგრამ ბოლოს ოჯახის შექმნა გადავწყვიტე.

საპრყობილეში მოღვაწეობა ჩემი დიდი გამოცდაც იყო და აღმოჩენაც
1995 წელს, სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, მშობლიურ ქალაქში - რუსთავში დავბრუნდი. წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ტაძარში დავიწყე სიარული. იქ გავიცანი ჩემი მეუღლეც - მარინე. ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დიმიტრი გორგიძე გახლდათ. მან წარმადგინა უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის წინაშე და იმავე წელს, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნად მაკურთხეს.

რუსთავის წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ტაძარში ვმსახურობდი. 1998 წლის მარტში კი რუსთავის ეპისკოპოსმა მეუფე ათანასემ მღვდლად მაკურთხა და რუსთავის პირველი კოლონიის წმინდა ნინოს ეკლესიაში განმაწესა.

ეს იყო ჩემი დიდი გამოცდაც და აღმოჩენაც. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე პატიმრებისგან. საპყრობილეში მძაფრად ჩანს ადამიანის პიროვნება. მე თვითონ გავიზარდე მათი შემხედვარე. აუცილებელი და სასარგებლოა წიგნიდან მიღებული ინფორმაცია სულიერი ცხოვრების შესახებ, მაგრამ რეალურ სამყაროში მოძიებული სულ სხვა შედეგს იძლევა, მეტად ნაყოფიერს. მუდამ ვცდილობ, ყველასგან ვისწავლო, დავუკვირდე ყოველ ადამიანს, რადგან კაცს გარეგნულად შესაძლოა არც კი ეტყობოდეს ის ღვთაებრივი მისხალი, რომელიც თითოეულ ჩვენგანში დევს. მთავარია, იპოვო და განავითარო, სწორი მიმართულება მისცე. არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ: ერში, მონასტერში თუ საპყრობილეში. უმთავრესი ადამიანის შინაგანი სამყაროა, რომელიც გაჭირვებისას კიდევ უფრო მძაფრად წარმოჩინდება.

საპყრობილეში, უკიდურეს სიდუხჭირეში მცხოვრებნი საოცარ სიმტკიცეს ავლენდნენ. ტაძარში მოსმენილი უფლის სიტყვა მიიღეს, ღრმად ჩაითესეს გულში და მშვენიერი ნაყოფიც გამოიღეს. ძალიან ბევრმა ისწავლა მედავითნეობა, გალობა. ერთ-ერთი მათგანი ბერად აღიკვეცა და იმდენად წარემატა სულიერ ცხოვრებაში, რომ მონასტრის წინამძღვარიც გახდა; მეორე საკმაოდ ცნობილი ხატმწერია; ბევრიც მედავითნეა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

დიდი გამოცდილება შევიძინე ციხეში. სრულიად შევიცვალე. ადვილად ვეღარ გადავუსვამ ხაზს ადამიანს. როცა აღსარებას ვისმენ, ყოველთვის ვცდილობ, როგორმე გავამართლო მონანული ადამიანი, შევუმსუბუქო სასჯელი.

ღმერთმა დამიფაროს, ჩემი მეუღლის ანდერძს ვუღალატო
პატიმრებმა ძალიან განიცადეს ჩემი მეუღლის გარდაცვალება. ღამეებს ათევდნენ, რომ ლოცვით შესწეოდნენ მის სულს. შემდეგ თითქმის მთელი წელი მონასტრული ტიპიკონით ვცხოვრობდით. თვითონ მოინდომეს და შეძლეს კიდეც შუაღამიანის მსახურებების აღვლენა.

მეუღლე 1999 წელს გარდამეცვალა სიმსივნით. უძლიერესი პიროვნება იყო. იცოდა, რომ უკურნებელი სენით იყო ავად, მაგრამ წამითაც არ მისცემია სასოწარკვეთილებას. მხნედ, სულის სიმშვიდით მიიღო სენი. პირიქით - ჩვენ გვამხნევებდა. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. დიდად მორწმუნე ადამიანი იყო და ამიტომ არ ეშინოდა სიკვდილის, ყველაფერს ღვთის წმინდა ნების აღსრულებად იღებდა და ეს მატებდა სიმტკიცეს, ურყეობას.

მაშინ ჩემი ვაჟი გიორგი წლისა და ოთხი თვის იყო. მარინეს მეორე შვილის გაჩენაც უნდოდა, ამიტომ ქიმიოთერაპიაზე უარი თქვა. საუბედუროდ, ვეღარ მოასწრო...

მამა ნაუმმა, რომელიც დიდხანს მარტო მოღვაწეობდა გარეჯში და მომკითხველი ჩემი მეუღლე ჰყავდა, მარინეს ხსოვნას ბროშურა მიუძღვნა.

ღმერთმა დამიფაროს, მეუღლის ანდერძს ვუღალატო. ადამიანად არ უნდა ჩავითვალო, რაიმე არასწორად რომ გავაკეთო. გიორგის ისე ვზრდით, როგორც მას სურდა, აღეზარდა. მარინემ დაგვიტოვა წერილი, რომელშიც აღზრდის მეთოდები აღწერა. შევასრულეთ მისი თხოვნა და გიორგის პირველ კლასში შესვლისას ვაჟა-ფშაველას ლექსი "საშობაო" ვასწავლეთ.

მთავარია, შვილს ადამიანების სიყვარული ვასწავლო
გიორგის დედაჩემი ზრდის. ბედნიერი ვარ, ასეთი მშობლები რომ მყავდა. მამა შარშან გარდამეცვალა. დედა, მადლობა უფალს, მხნედაა.

როცა გიორგიმ ლაპარაკი დაიწყო, დედაჩემმა მთხოვა, დედა აღარ დამეძახა მისთვის, ბავშვს უდედობა რომ არ განეცადა. ყოველ წვრილმანზე ფიქრობს დედაჩემი, გიორგის გული რომ არაფერზე ეტკინოს.

ბავშვის აღზრდისას ჩემი მშობლებისა და განსაკუთრებით ბებიაჩემის მაგალითით ვხელმძღვანელობ. ბებია ძალზე მშვიდი პიროვნება იყო, უთქმელი. ქმედებით გვასწავლიდა, ერჩია, სიტყვა იშვიათად ეთქვა და საქმით მოეცა მაგალითი. მეც ვცდილობ, გიორგის სრული თავისუფლება მივცე, რომ ცხოვრების გზა თვითონ აირჩიოს.

სასულიერო ბაღში დაგვყავდა. ლოცვები იქ ასწავლეს. ახლაც რუსთავის წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ეკლესიის წინამძღვარი, მამა დავითი მეთვალყურეობს.

ჩემი უპირველესი სურვილია, გიორგი კეთილი, კაცთმოყვარე, ნასწავლი და ბეჯითი იყოს. დანარჩენი უფლის ნებაა. შვილს თავისუფალ ნებას არასოდეს წავართმევ. ისევე შევუწყობ ხელს, როგორც მე დამეხმარნენ ჩემი მშობლები. როცა მღვდლობა გადავწყვიტე, მათგან მცირეოდენი დაბრკოლებაც არ შემხვედრია.

მთავარია, გიორგიმ სიყვარულით აკეთოს თავისი საქმე, პროფესიას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უმთავრესი კი ის არის, მოყვასის სიყვარული ისწავლოს და ყოველ ადამიანში, როგორც ღვთის ხატებაში, მოყვასი დაინახოს. მის ქმედებას შედეგი რომ ჰქონდეს, ჯერ პიროვნება უნდა იყოს. ვცდილობ, ეს ვასწავლო. თუმცა, სამწუხაროდ, შვილისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება...

ორი სურვილი
ორი ამოცანა მაქვს დასახული: ერთი - გიორგის თავისუფალ და კაცთმოყვარე ადამიანად აღზრდა და მეორე - ჩემი მეუღლის საფლავთან, რუსთავის სასაფლაოზე, წმინდა მარინეს, მისი მფარველი წმინდანის, ეკლესიის აშენება. ტაძარს ძველი წესით - ქვითა და კირით ვაშენებთ. ამიტომ სამუშაო ძალზე შრომატევადია და ნელა მიიწევს წინ.

2000 წლიდან თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიაში ვმსახურობ. იმდენად დატვირთული ვარ, ჩემი სულიერი მოძღვრის მამა ლავრენტის სანახავად დროც აღარ მრჩება. ამიტომ ამჟამად აღსარებას ტაძრის წინამძღვარს მამა ალექსის ვაბარებ. ჩვენ ერთად გავიზარდეთ ჯვარისმამის ტაძარში. შეიძლება ითქვას, ორივემ იქ ავიდგით ფეხი სულიერ ცხოვრებაში მამა ლავრენტის ხელმძღვანელობით.

ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ ტაძარში ორიოდე საათით წირვა-ლოცვაზე დასწრება არ არის; ადამიანი მუდამ ღმერთთან უნდა იყოს, მთელი შეგნებით, და ამას იძულებით კი არა, სიყვარულით უნდა იქმოდეს.
ბეჭდვა
1კ1