თითოეულს მოგვეცა საშუალება ცხონებისა, ოღონდ ეს თავად უნდა გვინდოდეს
თითოეულს მოგვეცა საშუალება ცხონებისა, ოღონდ ეს თავად უნდა გვინდოდეს
ჩვენი რუბრიკის სტუმარი გახლავთ თბილისის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური ზურაბ მჭედლიშვილი.

ჩემი დიდი პაპა - მღვდელი სამსონ მჭედლიშვილი საქართველოს გასაბჭოებამდე კაპელანი გახლდათ. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ქართული ჯარის გაუქმებისა და ეკლესიის შევიწროების გამო გაუქმდა კაპელანობაც. მამა სამსონი განუმოსავთ და სიცოცხლის ბოლომდე საგარეჯოს სკოლაში ასწავლიდა რუსულ ენას. მღვდლის შვილი იყო ბებიაჩემიც - ზინაიდა ქურხული. ასე რომ, ჩემს ოჯახში ეკლესიასა და რელიგიაზე საუბარი უცხო არ იყო, მაგრამ ეკლესიური ცხოვრებით არ გამოვირჩეოდით. 90-იან წლებში პირველმა დედაჩემმა შეიცვალა ცხოვრების წესი და აქედან დაიწყო ჩვენი ოჯახის ტაძრისკენ შემობრუნება. პირადად ჩემზე დიდად იმოქმედა სამოქალაქო ომისა და აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ. დავიწყე ღვთის ძიება, ბევრს ვკითხულობდი. განსაკუთრებით მაინტერესებდა სხვადასხვა ეპოქის მოაზროვნეთა დამოკიდებულება უფალთან. ამან არ დამაკმაყოფილა და ეკლესიაში მოვედი.

* პირველი აღსარებისა და ზიარების შემდეგ კარგად მახსოვს განცდა დიდი მადლიერებისა. თანდათან გამიჩნდა სურვილი, მადლიერება ყოველდღიური ცხოვრებით გამომეხატა. დავიწყე მუშაობა ეკლესიის აღდგენით სამუშაოებზე.

ეკლესიაში მოსვლა სრულიად არ ნიშნავს ტაძარში შესვლას. პირველ რიგში, უნდა გქონდეს სურვილი უფალთან მიახლებისა. სარწმუნოებასთან სწორი დამოკიდებულება ცვლის ადამიანს, მის ურთიერთობას გარე სამყაროსთან. ადამიანი მეტად აფასებს ღვთისგან ბოძებული ცხოვრების თითოეულ წუთს, უჩნდება მადლიერების განცდა; ამასთანავე - სინანული განვლილი ცხოვრების, არარელიგიური აზროვნების გამო. იწყებ ფიქრს სულის ცხონებაზე, ნელ-ნელა იშორებ ვნებებს, საჭიროების დონემდე დაგყავს მიწიერი მოთხოვნილებები და უარს ამბობ იმაზე, რაც ხელს გიშლის ცხონების გზაზე. ცდილობ, ჩაიხედო საკუთარ თავში, ხვდები შენს უძლურებას, აღარ გიჩნდება სხვათა განკითხვის სურვილი, ხდები დამთმობი, თავმდაბალი, მიმტევებელი...

* ეკლესიური ცხოვრების დაწყებიდან სულ მალე თავად მომინდა, გამევრცელებინა ქრისტეს სარწმუნოება. ამისთვის საჭირო იყო მაქსიმალურად მეტი ცოდნა შემეძინა, მეურთიერთა ისეთ ადამიანებთან, ვისაც თეორიულ ცოდნასთან ერთად რელიგიური ცხოვრების დიდი გამოცდილება ექნებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სასულიერო აკადემიაში ჩაბარება. აქ ყოველდღე ვხვდებოდი მცოდნე და გამოცდილ მოძღვრებს. ესენი იყვნენ: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, დეკანოზები მიქაელ ბოტკოველი და გიორგი ზვიადაძე, იღუმენი დოსითეოზ ბოგვერაძე, რომელიც მაშინ ერისკაცი იყო, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი, ბატონები: ედიშერ ჭელიძე და ზურაბ ცხოვრებაძე.

2004 წლის 15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე, სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესმა დიაკვნად დამასხა ხელი. შემდგომ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განმაწესეს, სადაც წელიწად-ნახევარი ვმსახურობდი დიაკვნად. 2005 წლის 17 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში მღვდლად მაკურთხა.

მეტად რთული გადმოსაცემია ის, რასაც მღვდლად კურთხევისას განვიცდიდი. ხელდასხმისას პატრიარქი ამბობს: "იკურთხება მღვდელი (სახელი), საიდუმლოდ შენ მიერ გამორჩეული..." ერთი მხრივ, ეს ღირსების განცდაა - ხარ ღვთისაგან გამორჩეული და მეორე მხრივ, უდიდესი პასუხისმგებლობა წინაშე ღვთისა და ერისა.

ახალნაკურთხი მღვდელმსახური დაბა კოჯრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მიმავლინეს. ეს პირველი მოქმედი ტაძარი იყო კოჯრელთათვის. დაბამ გულთბილად მიმიღო, რაშიც დიდი წვლილი შეიტანეს ტაძრის ქტიტორებმა - დავით ბერუაშვილმა და ირაკლი მაჭავარიანმა. მათ ბევრი რამ გააკეთეს და დღესაც აკეთებენ ტაძრის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

* მღვდლის ჯვარი მეტად მძიმეა. მოძღვარი არა მარტო სიტყვით უნდა იყოს ქრისტიანობის მქადაგებელი, უპირველესად - ცხოვრებით. მრავალთათვის შენი ყოველდღიურობა ეკლესიაში მოსვლის მიზეზი უნდა გახდეს, სხვათათვის - რწმენაში განმამტკიცებელი. ამიტომ ყოველ წუთს უნდა ადევნებდე თვალყურს შენს შინაგან მდგომარეობას, რათა არ მოგივიდეს ისეთი შეცდომა, რამაც, შესაძლოა, სხვას შეუშალოს ხელი ეკლესიამდე მოსვლაში. უფალი გვასწავლის: "რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაი, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა" (მათე 18,6).

* დღეს უმრავლესობა ნაკლებად მორწმუნეა, რის გამოც ხშირია განსაცდელი. ადამიანი არ უფიქრდება იმას, რომ ეს მისითაა გამოწვეული და უფალს არავითარი ბრალი არ მიუძღვის მის თავს დატეხილ უბედურებაში. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა დიდ ენერგიას, ძალმოსილებას, მოთმინებასა და სიყვარულს მოითხოვს. თითოეულ მათგანს პიროვნულად უნდა მიუდგე, ანუგეშო, მისცე ის სითბო და სიყვარული, რასაც მისთვის დღევანდელი გარემო არ იმეტებს. ეს რომ შეძლო, თავად უნდა იყო ასეთი.

* დღეს ეკლესიაში მოსულთა შორის რამდენიმე კატეგორია გამოირჩევა. ბევრი ჩვევის გამო დადის ეკლესიაში. არიან ისეთებიც, ვისაც მერკანტილური დამოკიდებულება აქვს ღვთისადმი. მაგალითად, იმარხულებს ამქვეყნიური წარმატების წილ. მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. გასაკვირი არცაა, რადგან დღეს ეკლესიის მტვრისგან აღდგენა ხდება. ბრძოლა ეკლესიასა და ათეიზმს შორის ყველაზე მძაფრად სწორედ ხალხზე აისახება. ამიტომ ხშირად გავიგონებთ, როგორც შევძლებ, ისე ვიცხოვრებ ეკლესიურადო. ეს მცდარი შეხედულებაა. ქრისტიანობა უფალთან ერთად ცხოვრებაა. მაცხოვარმა თავისი აღდგომით ადამიანი სამარადჟამოდ დაამკვიდრა ცათა სასუფეველში. თითოეულს მოგვეცა საშუალება ცხონებისა, ოღონდ ეს თავად უნდა გვინდოდეს. უფალთან ყოფნის თუ არყოფნის სურვილი აქვე, ამსოფლად უნდა გამოვხატოთ, მხოლოდ დღეს შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი, დღეიდან უნდა დავიწყოთ ცხონება. ჩვენი სურვილი განსაზღვრავს სამარადჟამო ყოფას. უარმყოფელი ეკლესიისა, რომელიც ზეცას წარმოადგენს დედამიწაზე, თავისივე ნებით უარს ამბობს უფლის წიაღში ყოფნაზე, რაც არის კიდეც მარადიული ტანჯვა. ამიტომ ადამიანი ყოველდღიურად მუდმივი სინანულით უნდა წარემატებოდეს უფლისკენ მიმავალ გზაზე, როგორც წმინდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: "მარადის საკუთარ თავზე მაღლა".

* ტექნიკურმა პროგრესმა ადამიანს ფუფუნებისა და კეთილდღეობის სურვილი გაუჩინა. სულზე საზრუნავად დრო აღარ რჩება. დღევანდელი იდეოლოგია, მსოფლმხედველობა მატერიალისტურია, რომელიც მხოლოდ აწმყოს ცნობს და მიღმურ ცხოვრებას, რასაც ქრისტიანობა ქადაგებს, გამორიცხავს. დღევანდელი მეცნიერება, ნაცვლად იმისა, რომ იყოს ობიექტური, კიდევ უფრო მეტად ცდილობს დაამტკიცოს სამყაროს თავისთავადი წარმომავლობა, თუმცა ეს ოდენ მეცნიერულ ვერსიებად რჩება და ბევრ წინააღმდეგობას აწყდება. აქედან გამომდინარე, ცხოვრების ასეთი აღქმა მიწიერია. ღირებულებათა ცვლასთან ერთად იწყება ადამიანის გაორება. ასეთ ვითარებაში თავისუფალ არჩევანს უკავშირებენ შეცვლილ ფასეულობებს, რათა ამ გზით გადაფარონ მისი არსი და სიმცდარე. მეძავობა, რომელსაც უძველეს პროფესიად მოიაზრებენ და გამორიცხავენ ზნეობრივ სფეროს, ანდა მამათმავლობა, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციად რომ საღდება, სინამდვილეში სულიერი გაუკუღმართება და უზნეობაა. ამ დროს გვეუბნებიან, რომ ადამიანს აქვს უფლება, სურვილისამებრ იცხოვროს და მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. თუმცა ერთია არჩევანი და მეორეა, რამდენად სწორია გადაწყვეტილება. ადამიანი ხატებაა ღვთისა, მისთვის არსებითია სიყვარული, სამართლიანობა, ზნეობა. ბუნების საწინააღმდეგო არჩევანი ღირსებას შეულახავს ადამიანს და იგი რჩება პატივაყრილი, თუმცა შესაძლოა თავად ასე არ თვლიდეს. ავაზაკი, ნარკომანი, მეძავი, მკვლელი, მამათმავალი, აზარტულად მოთამაშე არ არის ღირსების აღმნიშვნელი სიტყვები. დამცირებულნი და ღირსებაშელახულნი კი თავისუფალნი ვერ იქნებიან. დოსტოევსკი ერთ თავის პერსონაჟს ათქმევინებს: "თუკი ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი დასაშვებია". დღეს, სამწუხაროდ, სწორედ ეს იდეოლოგია ხორციელდება. ასეთ აზროვნებას შველა და მკურნალობა სჭირდება. ამგვარი ადამიანი სამარადჟამო ტანჯვისთვისაა განწირული. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, რათა ეკლესიას დავუბრუნოთ დაკარგული ცხოვარი.

* დღეს ქართველი ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ უბრუნდება ქრისტიანულ ცხოვრებას, ჭეშმარიტ სარწმუნოებას. იმის გამო, რომ ჩვენი საუკუნე დიდი გამოცდილების მქონე ქრისტიანების ნაკლებობას განიცდის, ამიტომ ჩვენ, მოძღვრები, მრევლთან ერთად, მათთან ურთიერთობაში ვსწავლობთ ბევრ რამეს. ადამიანი პიროვნებაა, ამიტომ ყველა მათგანი თავისებურად ფიქრობს ღმერთზე, თავისი შეხედულებისდამიხედვით ცხოვრობს. ზოგს შენი დარიგების გააზრება სურს, მაგრამ მაინც გადასძლევს საკუთარი აზრი. ჯერ ჩვენი ეკლესიის მრევლი "რძით იკვებება, მცირედნი ხორცითაც". ქრისტიანული ცხოვრების გასაცოცხლებლად ბევრი მუშაობა და დიდი ენერგიის დახარჯვაა საჭირო. ღვთის შეწევნით, მჯერა, რომ გვექნება, ღვთისა და ურთიერთის სიყვარულზე დამყარებული ცოცხალი სარწმუნოება.

* ადამიანი არ უნდა შემოიფარგლოს ცხოვრებისადმი უფლებრივი და სამართლებრივი დამოკიდებულებით. თუ იგი მოკლებულია ზნეობასა და რელიგიურ მცნებებს, მაშინ ხდება მისი დეგრადაცია. ქართული კულტურა და ტრადიცია მთლიანად ქრისტიანობაზეა დამყარებული. დეგრადირებული ადამიანი ამ გარემოში თავს უცხოდ გრძნობს. სამწუხაროდ, ეს ერთეული შემთხვევა არ გახლავთ, ლამის მთელ ერზე ვრცელდება და ამიტომაა, რომ ჩვენ ნელ-ნელა ამორფულ სახეს ვიღებთ და სულ უფრო მეტად ვემსგავსებით ბრბოს, რომელსაც არავითარი კულტურული, ისტორიული, შემეცნებითი ფასეულობები აღარ გააჩნია. აქ ისე მიდის ცხოვრება, როგორც გარემოება მოითხოვს და ბოლომდე დამოკიდებულია უცხო აზრსა და კულტურაზე, უფრო ზუსტად, უკულტურობაზე, რომელიც ერს პირდაპირ გადმოაქვს. თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, მალე ქართველობა თავისთავადობას დაკარგავს. კარგად უნდა გავაანალიზოთ, რას ვკარგავთ და რას ვიძენთ, გავაცნობიეროთ, რას ვესწაფვით. თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ეს სწრაფვა წარმავალი ცხოვრებით ტკბობაა, რომელიც ღირებულს არაფერს ტოვებს. ერი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს თავის ღირებულებებს, რადგან ყოველი ღირებულება უფლითაა ნასაზრდოები და ჭეშმარიტებასთან მივყავართ.

* წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძარში 2005 წლის მიწურულიდან ვმსახურობ. ძალზე დიდი მრევლი დამხვდა, რაც ტაძრის წინამძღვრის - დეკანოზ გიორგი ყიფშიძის დამსახურებაა. წმინდა დედა-შვილის ცხოვრება და მოწამებრივი ხვედრი თანამედროვე დედებს მოუწოდებს, შვილები ქრისტიანულად აღზარდონ. დღეს, როცა მათ შვილებს სხვაგვარი დევნა ემუქრებათ ნარკომანიის, ბანდიტობის, გარყვნილების სახით, სწორედ წმინდა ივლიტას მსგავსი სულისკვეთება და ძლიერებაა საჭირო, რომ ისინი არ მოსწყდნენ ეკლესიის წიაღს და ბოროტებამ მსხვერპლად არ შეიწიროს.

* მოზარდებში გახშირებულ ძალადობას მრავალი საფუძველი აქვს. ეს თაობა სამოქალაქო და აფხაზეთის ომების პირმშოა. რეალურ ყოფაში მრავალი სახის ძალადობას შეჯახებიან, რასაც ტელეეკრანიდან მომდინარე აგრესიაც ემატება. ამგვარი ურთიერთობა მათთვის ჩვეულებრივი გახდა. ბავშვის ცნობიერებაში განმტკიცდა აზრი, რომ მოასწროს სხვისი დაჩაგვრა, რათა თავად არ აღმოჩნდეს დაჩაგრული. ასეთ ასაკში თავისი საქციელის შედეგს ნაკლებად აანალიზებენ. ამ დროს შეუძლებელია მათთან პოლიციის ენით საუბარი, დაშინებით დამორჩილება. შიში ხშირად სამაგიეროს გადახდის სურვილს აჩენს და სიძულვილს თესავს. ყმაწვილი უკეთურ სურვილს მაშინვე განახორციელებს, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა. ამ თაობის მდგომარეობიდან გამოსაყვანად დიდი სიყვარულია საჭირო. მოზარდმა რომ სიყვარული ისწავლოს, ამას უნდა გრძნობდეს, უპირველესად, მშობლებისგან, ოჯახის წევრებისგან, ნათესავებისგან, მეზობლებისგან, მასწავლებლებისგან, რაც, სამწუხაროდ, დღეს ნაკლებად ჩანს.

* დღეს ბევრი მიზეზის გამო საქართველოში ოჯახები ნაკლებად იქმნება. ერთ-ერთი - მატერიალური ხელმოკლეობაა. ადამიანი გარკვეულწილად ეგოცენტრული გახდა და არ სურს მყუდროებისა და კომფორტის დარღვევა, პასუხისმგებლობასაც გაურბის. და თუ იქმნება ოჯახები, გამრავლებას ხელოვნური საშუალებებით აჩერებენ, რაც უდიდესი დანაშაული და არაეკლესიური ცხოვრების შედეგია. როცა ადამიანს სწორი დამოკიდებულება აქვს სარწმუნოებასთან, იგი ამგვარ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან საკუთარ თავზე მეტად სხვაზე ზრუნავს, სხვისთვის უფრო მეტ სიყვარულს იმეტებს. ასე რომ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მოგვარებას ეკლესიასთან და უფალთან მივყავართ.
ბეჭდვა
1კ1